ბრძანება N 6395

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.04.2025
№ დოკუმენტი 6395
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6395

03 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---)

2025 წლის 10 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 10 მარტის №94514/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 თებერვლის №048-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ ნაწილობრივ აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება, კერძოდ, გაითვალისწინა შპს „----“-ის მიერ კომპანიაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მხოლოდ დღგ-ის ჩათვლების მიზნებისთვის, ხოლო საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხით არ შეამცირა სალაროს ნაშთი, არ ჩათვალა საწარმოს ხარჯად.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ----) 2025 წლის 10 მარტის №94514/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 თებერვლის №048-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ ნაწილობრივ აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება, კერძოდ, გაითვალისწინა შპს „---“-ის მიერ კომპანიაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მხოლოდ დღგ-ის ჩათვლების მიზნებისთვის, ხოლო საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხით არ შეამცირა სალაროს ნაშთი, არ ჩათვალა საწარმოს ხარჯად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №18204 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 14 ივლისის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 აგვისტოს №18204 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 25 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 10 531 ლარით, მათ შორის, გადასახადი 10 294 ლარით და ჯარიმა 237 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 27 თებერვლის №048-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

„კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისა და საბავშვო ბაღებისთვის საკვები პროდუქტების (ძირითადად ხორცის) მიწოდება. კომპანია ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით იძენდა ხორცპროდუქტებს, რომელსაც შემდგომ აწვდიდა ბაღებს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის სიტყვიერი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ კომპანიას ფიზიკური პირების (ვისგანაც იძენდა ხორცს) პირუტყვი თავად მიჰყავდა სასაკლაოზე (ბოინი), სადაც ხდებოდა პირუტყვის დაკვლა, ხოლო დაკვლის მომსახურების თანხას იხდიდა შპს „---“, ხოლო შემდეგ კომპანია ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტით ყიდულობდა მხოლოდ ხორცს, დანარჩენი ნაწილები კი რჩებოდა თავად ფ/პირებთან. იმ ფაქტს, რომ დაკვლის მომსახურების თანხას იხდიდა შპს „----“, ადასტურებს შპს „----“-ის (ს/ნ ---) (ბოინი) მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება და ასევე, სეს-ის ვეტერინარის რვეულის ჩანაწერების ფოტომასალა. ხსენებული დაკვლის მომსახურებაზე შპს „---“-მა შპს „---ს“ გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით, დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებულ იქნა შპს „----“-დან მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხა და შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილ იქნა შპს „----“-ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები პირუტყვის დაკვლის მომსახურებაზე, შედეგად, შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებულ იქნა აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ს თანხები, რამაც გამოიწვია შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება დღგ-ის ნაწილში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტმა გაითვალისწინა შპს „---“-ის მიერ კომპანიაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მხოლოდ დღგ-ის ჩათვლების მიზნებისთვის, ხოლო საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის არ შეამცირა ფულის ნაშთი, ანუ აღნიშნულ ანგარიშფაქტურაში მითითებული თანხა არ ჩათვალა საწარმოს ხარჯად, რაც ლოგიკას არის მოკლებული.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები გაითვალისწინოს საწარმოს მიერ გაწეულ ხარჯებში და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები გაითვალისწინოს საწარმოს მიერ გაწეულ ხარჯებში და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილ იქნა მომწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები პირუტყვის დაკვლის მომსახურებაზე, შედეგად, შემოწმების მიერ დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებულ იქნა აღნიშნულ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ს თანხები, რამაც გამოიწვია შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება დღგ-ის ნაწილში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები გაითვალისწინოს საწარმოს მიერ გაწეულ ხარჯებში და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154; 105; 72; 174; 175; 176.