ბრძანება N 21530
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21530
02 ოქტომბერი 2024
ბრძანება
შპს „-------“- (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2024 წლის 13 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 აგვისტოსა და 19 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №92 და №101) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 13 აგვისტოს №91412/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ივლისის №007-195 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ კომპანიას შემოტანილი ჰქონდა მარაგები, რა დროსაც მოხდა სახელმწიფოსგან ფასების განახევრება. მიუთითებს, რომ აღნიშნული დასტურდება დოკუმენტაციით, რაზეც წვდომა აქვს საგადასახადო ორგანოსაც. დამატებით განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს სალარო აპარატის მონაცემები არ შეუსწავლია. აგრეთვე, აღნიშნული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას საქართველოს ბანკიდან არ ჰქონდა მიღებული დოკუმენტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებას და შესწავლას მისი მონაწილეობით. ასევე, მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3741 და 18 მარტის №5822 ბრძანებების საფუძველზე, ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 20 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 15 ივლისის №16683 ბრძანება და 16 ივლისის №007 – 195 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 204 140 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 845 868 ლარი, ჯარიმა 920 446 ლარი და საურავი 437 826 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს შაქრის საბითუმო გაყიდვა, ასევე, ფქვილის, ქატოსა და მაკარონის იმპორტი და საბითუმო რეალიზაცია. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით. 2024 წლის 22 თებერვლის №3927 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული საქონლის კატეგორიზაცია. საქონლის შესყიდვისა და რეალიზაციის ფასების სხვაობით განისაზღვრა საქონლის დოკუმენტური ფასნამატი სასაქონლო კატეგორიების მიხედვით, რომლითაც ვაჭრობდა გადამხდელი. გადამხდელის მიერ მოწოდებული სმფ-ის საწყის ნაშთზე, შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებულ და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილ საქონელსა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ საბოლოო ნაშთზე დაყრდნობით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიის მიხედვით. გამოვლენილი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად რეალიზებულად. გარდა ამისა, გადამხდელს 2022 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული ჰქონდა სატვირთო ავტომობილი მისაბმელით, რომელიც არ იყო დაბეგრილი დღგ-ით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საწარმოს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2024 წლის 20 თებერვლის №3579 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად საწარმოს 06.02.2023 წლის მდგომარებით დაუდგინდა ნაღდი ფულში ნაშთი 0 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, საწარმოს მიერ გაწეული ადგილობრივი ხარჯი ჩაითვალა გადახდილად, იმპორტით შემოტანილი საქონლის ღირებულების დაფარვის შესახებ ინფორმაციის არ არსებობის გამო, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის 08.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მეთოდური მითითებით და იმპორტირებული საქონლის ღირებულების 75% ჩათვალა გადახდილად, ხოლო რეალიზაციიდან მიღებული ფული მიღებულად. ზემოაღნიშნული ანალიზის შედეგად, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი ჰქონდა დაუბეგრავად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს 2022 წლის მაისისა და 2023 წლის აპრილის თვეში დღგ-ით დაბეგრილი ჰქონდა 517 611 ღირებულების სმფ-ის დანაკლისი, თუმცა არ ჰქონდა დაბეგრილი მოგების გადასახადით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 983 მუხლების საფუძველზე გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო 2024 წლის 22 აგვისტოს 12:00 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა განმეორებით ჩაინიშნა 2024 წლის 19 სექტემბერს 12:40 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი ისევ არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე.
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით. 2024 წლის 22 თებერვლის №3927 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. ასევე, 2024 წლის 20 თებერვლის №3579 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად საწარმოს 06.02.2023 წლის მდგომარებით დაუდგინდა ნაღდი ფულში ნაშთი 0 ლარის ოდენობით. ასევე, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს 2022 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული ჰქონდა სატვირთო ავტომობილი მისაბმელით, რომელიც არ იყო დაბეგრილი დღგ-ით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატის გავრცელება თითოეული კატეგორიის მიხედვით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2022 წლის მაისის თვეში სატვირთო ავტომობილის რეალიზაციის საფუძველზე შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ხოლო, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
ამავე მუხლის 28-ე ნაწილის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ გადამხდელს 2022 წლის მაისისა და 2023 წლის აპრილის თვეში დღგ-ით დაბეგრილი ჰქონდა 517 611 ღირებულების სმფ-ის დანაკლისი, თუმცა არ ჰქონდა დაბეგრილი მოგების გადასახადით.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გამოვლენილი დანაკლისი მოგების გადასახადის მიზნებისთვის ითვლება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა დანაკლისის დეკლარირება და დაბეგვრა მოგების გადასახადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებას და შესწავლას მისი მონაწილეობით. ასევე, მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს შაქრის საბითუმო გაყიდვა, ასევე, იმპორტი და საბითუმო რეალიზაცია. საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით.გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სმფ-ის ნაშთი არ გააჩნდა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საქონლის შესყიდვისა და რეალიზაციის ფასების სხვაობით განისაზღვრა საქონლის დოკუმენტური ფასნამატი სასაქონლო კატეგორიების მიხედვით, რომლითაც ვაჭრობდა გადამხდელი. გამოვლენილი სხვაობა შემოწმების მიერ ჩაითვალა მთელ შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი ყოველთვიური დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად რეალიზებულად. გარდა ამისა, გადამხდელს 2022 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული ჰქონდა სატვირთო ავტომობილი მისაბმელით, რომელიც არ იყო დაბეგრილი დღგ-ით. საწარმოს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა დღგ და ჯარიმა. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლების, გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხებისა და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი ჰქონდა დაუბეგრავად. შემოწმების მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადამხდელს 2022 წლის მაისისა და 2023 წლის აპრილის თვეში დღგ-ით დაბეგრილი ჰქონდა სმფ-ის დანაკლისი, თუმცა არ ჰქონდა დაბეგრილი მოგების გადასახადით. გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ასევე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);101(1);154(1);8(11);97(1);983(2);