გადაწყვეტილება №25873/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25873/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25873/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 17.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25873/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოწმებით დადგენილი საწვავის ხარჯის სხვაობის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №006-212 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19772 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 19 326,07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 13 630,94

დღგ - 6 321,25

მოგების გადასახადი - 7 309,69

ჯარიმა - 4 344,5

საურავი - 1 350,63

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბეტონის წარმოება და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიამ ბეტონის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო 2024 წლის იანვარში, რისთვისაც იყენებს 2023 წელს შეძენილ (იმპორტირებულ) ----- წარმოების ბეტონის ქარხანას. საწარმო თავდაპირველად ბეტონის გადაზიდვას ახორციელებდა მხოლოდ დაქირავებული ბეტონმზიდებით, ხოლო 2024 წლის მაისსა და აგვისტოში შეძენილი იქნა 8 ერთეული ბეტონმზიდი --- ლიზინგის მეშვეობით. კომპანიას ასევე აქვს --- ლიზინგით შეძენილი ფრონტალური დამტვირთველი 2024 წლის მარტის თვეში.

აღნიშნული ბეტონმზიდების გავლილ კილომეტრებთან მიმართებაში შეძენილი საწვავის (დიზელის) ხარჯთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი გაანგარიშებით ირკვევა, რომ 100 კმ მანძილზე მოძრაობისას საწვავის ხარჯი შეადგენს საშუალოდ 90 ლიტრს. ვინაიდან მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ხარჯი შეადგენს აღნიშნულისგან განსხვავებულ მონაცემს, შემოწმების მიერ მოცემული საკითხი განხილული იქნა გადამხდელთან. გადამხდელის მიერ 1.05.2025 წელს განხორციელდა მიმართვა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით, რომლის მიერ 15.05.2025 წელს შედგენილი იქნა დასკვნა №----. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი სპეციალიზებული ავტომობილის სახ. ნომრით -----ის საწვავის ხარჯი 100 კმ. მანძილზე მოძრაობისას ქრონომეტრაჟით შეადგენს დაახლოებით 75 ლიტრ დიზელის საწვავს. ამასთან, დასკვნაში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების წვის ხარჯი შეიძლება შეიცვალოს +/- 5%- დან 10%- მდე.

საწვავის ხარჯი გაანგარიშდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 15.05.2025 წელს შედგენილი №----- დასკვნით დადგენილი საწვავის ხარჯის ნორმის შესაბამისად. დადგენილი სხვაობა განხილული იქნა როგორც საწარმოს არაეკონომიკური ხარჯი და განისაზღვრა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კოდექსის 982 , 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით. არაეკონომიკურ ხარჯად განსაზღვრული იქნა სულ 41 422 ლარი, რომელზე ჩათვლილი დღგ (6 319 ლარი) დაექვემდებარა გაუქმებას პროპორციულად - შეძენილ საწვავსა და დადგენილ ნორმას ზევით განსაზღვრულ საწვავის ხარჯთან მიმართებაში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №006-212 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19772 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ბეტონმზიდებით სატრანსპორტო გადაზიდვებისას საწვავის (დიზელის) ხარჯთან დაკავშირებით შემოწმებამ ჩათვალა, რომ 100კმ მანძილზე მოძრაობისას ჩამოწერილი საწვავის რაოდენობა საშუალოდ 90 ლიტრი ბევრია, სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ხარჯთან შედარებისას. შემმოწმებელმა მომჩივანს მისცა საშუალება მიემართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის, რომლის მიერ 15.05.2025 წელს შედგა დასკვნა №------, საიდანაც დგინდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი სპეციალიზებული ავტომობილის სახ. ნომრით -----ის საწვავის ხარჯი 100 კმ მანძილზე მოძრაობისას ქრონომეტრაჟით შეადგენდა 75 ლიტრ დიზელს +/-5- 10%. თუმცა, იმ კონკრეტულ დღეს ჩატარებული კვლევისას ბეტონის მიწოდება განხორციელდა მოკლე მანძილზე, არ იყო გზებზე საცობები და ავტომობილს არ უწევდა მოცდის რეჟიმში ყოფნა.

სატრანსპორტო საშუალებები არის ჩინური წარმოების - 12 მ3 ავზის მოცულობით, მასში შესაძლებელია რაოდენობრივად იმაზე მეტი პროდუქციის ტრანსპორტირება ვიდრე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების სატრანსპორტო საშუალებებს (საიდანაც ნორმად იქნა აღებული საწვავის მოხმარების საშუალო ხარჯი). შესაბამისად, საწვავის ხარჯი ბევრად მეტი აქვს (დაზუსტებისთვის - კომპანიებს რომელსაც საკუთრებაში აქვთ იგივე ტიპის ბეტონმზიდები ისინიც მსგავსი მოცულობის საწვავს მოიხმარენ).

ექსპერტიზის დანიშნულ დღეს არ ჰქონდათ ისეთი დატვირთული მუშაობა/მიწოდება, როგორც სხვა უმეტეს შემთხვევებში, როდესაც დიდი რაოდენობის ბეტონის მიწოდება ხორციელდება მშენებლობებზე, მანძილი შორია და ტრანსპორტს უწევს საცობებში დიდი ხნით დგომა, ასევე დაყოვნებაა ობიექტზე ბეტონის ჩასხმის მომენტში, სანამ დაიცლება წინა მანქანები და ბევრ შემთხვევაში მოცდის რეჟიმი 40-50 წუთია, ამ დროს მანქანა დაქოქილ მდგომარეობაშია და საწვავი შესაბამისად იხარჯება, ბევრჯერ სატრანსპორტო საშუალებაში კონდიციონერიცაა ჩართული და ესეც საგრძნობლად ზრდის საწვავის ხარჯს. სატრანსპორტო საშუალების კომპიუტერულ სისტემაში მონიტორი (ეგრეთ წოდებული ბორტკომპიუტერი) საწვავის მოხმარებას აჩვენებს 90-92 ლიტრს 100 კმ-ზე.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მომჩივანმა ხელახლა მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონიტორინგისა და დასკვნისთვის, რომელმაც ჩაატარა მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში. შედეგად 13.08.2025 წელს შედგა დასკვნა №------, რომლის მიხედვით დადგინდა საწვავის მოხმარების ფაქტობრივი სიდიდე 100კმ-ზე 95 ლიტრი (დასკვნა თან ერთვის საჩივარს).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

დადგენილია, რომ შემოწმების პროცესში საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.05.2025 წლის დასკვნა №------, რომლის თანახმად, ავტომობილის სახ. ნომრით ------ის საწვავის ხარჯი 100 კმ. მანძილზე მოძრაობისას ქრონომეტრაჟით შეადგენს დაახლოებით 75 ლიტრ დიზელის საწვავს. შემოწმების მიერ საწვავის ხარჯი გაანგარიშდა ზემოაღნიშნული დასკვნით დადგენილი საწვავის ხარჯის ნორმის შესაბამისად. თუმცა, გადასახადის გადამხდელმა დავის წარმოების ეტაპზე განმეორებით მიმართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს. შედეგად, 13.08.2025 წელს გამოიცა ახალი დასკვნა №-----, რომლის მიხედვით დადგინდა საწვავის მოხმარების ფაქტობრივი სიდიდე 100კმ-ზე 95 ლიტრი (დასკვნა თან ერთვის საჩივარს).

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ განმეორებით შედგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შესწავლილი არ არის, ვინაიდან, შედგენილია დავის წარმოების ეტაპზე. ამასთან, არც შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე არ აქვს თანდართული. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს აღნიშნული დასკვნა შეფასებული არ აქვს.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა), რომელიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19772 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით დადგენილი საწვავის ხარჯის სხვაობის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2024 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ კომპანიამ ბეტონის წარმოება და რეალიზაცია დაიწყო 2024 წლის იანვარში, რისთვისაც იყენებს 2023 წელს შეძენილ ბეტონის ქარხანას. საწარმო თავდაპირველად ბეტონის გადაზიდვას ახორციელებდა მხოლოდ დაქირავებული ბეტონმზიდებით, ხოლო 2024 წლის მაისსა და აგვისტოში შეძენილი იქნა 8 ერთეული ბეტონმზიდი ლიზინგის მეშვეობით. კომპანიას ასევე აქვს ლიზინგით შეძენილი ფრონტალური დამტვირთველი 2024 წლის მარტის თვეში.

აღნიშნული ბეტონმზიდების გავლილ კილომეტრებთან მიმართებაში შეძენილი საწვავის (დიზელის) ხარჯთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი გაანგარიშებით ირკვევა, რომ 100 კმ მანძილზე მოძრაობისას საწვავის ხარჯი შეადგენს საშუალოდ 90 ლიტრს. ვინაიდან მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ხარჯი შეადგენს აღნიშნულისგან განსხვავებულ მონაცემს, შემოწმების მიერ მოცემული საკითხი განხილული იქნა გადამხდელთან. გადამხდელის მიერ 1.05.2025 წელს განხორციელდა მიმართვა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საწვავის ხარჯის დადგენის მიზნით, რომლის მიერ შედგენილი იქნა დასკვნა . აღნიშნული დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი სპეციალიზებული ავტომობილის საწვავის ხარჯი 100 კმ. მანძილზე მოძრაობისას ქრონომეტრაჟით შეადგენს დაახლოებით 75 ლიტრ დიზელის საწვავს. ამასთან, დასკვნაში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების წვის ხარჯი შეიძლება შეიცვალოს +/- 5%- დან 10%- მდე.საწვავის ხარჯი გაანგარიშდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შედგენილი დასკვნით დადგენილი საწვავის ხარჯის ნორმის შესაბამისად. დადგენილი სხვაობა განხილული იქნა როგორც საწარმოს არაეკონომიკური ხარჯი და განისაზღვრა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კოდექსის 982,174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით. არაეკონომიკურ ხარჯად განსაზღვრული იქნა სულ 41 422 ლარი, რომელზე ჩათვლილი დღგ (6 319 ლარი) დაექვემდებარა გაუქმებას პროპორციულად - შეძენილ საწვავსა და დადგენილ ნორმას ზევით განსაზღვრულ საწვავის ხარჯთან მიმართებაში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-212 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №19772 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 97(„ბ“); 982(1 „ბ“); 175(1 „ა“); 176(1 „ა“);