გადაწყვეტილება №21203/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.01.2024
№ დოკუმენტი 21203/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21203/2/2023

22 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 31.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21203/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის/ჩათვლის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. შემოწმების შედეგად განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი;

3. საწვავის ნაშთების შესახებ ინფორმაციის არ წარდგენის გამო დარიცხულ ჯარიმა;

4. გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა;

5. სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.04.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №10801 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №040-6 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24544 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 797 369.6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - (-327 335)

ბუნებ. რესურ. სარგ. მოსაკრებელი - 2 082

დღგ - (- 249 344) მიწის გადასახადი (სასოფლო) - 3

მოგების გადასახადი - (- 103 239)

საშემოსავლო გადასახადი - 23 163

ჯარიმა - 2 124 572

საურავი - 132.6

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ინერტული მასალების და ბეტონის შეძენა-რეალიზაცია, ასევე სხვადასხვა ტიპის მომსახურებების გაწევა, რომელიც უკავშირდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, გზების მოასფალტებას, ქუჩების რეაბილიტაციას, სანიაღვრე არხების მოწესრიგება-მოწყობას და ა.შ.

გადასახადის გადამხდელი ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №---------- ლიცენზიას 31.01.2022 წლიდან 10.10.2022 წლამდე. გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ---------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (ს/კ ----------; ----------; ----------; ----------) შპს ---------- (ს/ნ ----------) დროებით სარგებლობაში (ქვეიჯარით) მიღებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ასფალტბეტონის ქარხანა და ქვის სამსხვრევი ქარხანაც ასევე, იჯარით აქვს აღებული ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 24.11.2021 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.04.2023 წლის აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 15.05.2023 წლის №10801 ბრძანება და ამავე თარიღის №040-6 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 5.06.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.10.2023 წლის №24544 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის/ჩათვლის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანია დაფუძნდა 24.11.2021 წელს და ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი, შესამოწმებელი (24.11.2021 - 1.02.2023 წ.წ.) პერიოდის, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს ჯამში 8 058 572 ლარს.

საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის №---------- საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) სახელით გამოწერილი და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები არ შეესაბამება რეალობას.

შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის, დოკუმენტაციისა და საბანკო ამონაწერების, ასევე სხვა უწყებებიდან შემოსული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დაანგარიშდა კომპანიის ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები/მიღებული შემოსავლები და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 6 763 283 ლარის ოდენობით. ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად, დგინდება კომპანიის სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციების განხორციელება, ამ ნაწილში დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა არ დაექვემდებარა შემცირებას და დარჩა უცვლელი, თუმცა, გადასახდელი დღგ დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით, ზემოთ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შემცირდა 233 152 ლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით მოჩივანს დაეკისრა ჯარიმა 2 124 254 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, შესაბამისად გადამხდელს დეკლარირებულთან შედარებით შეუმცირდა გადასახდელი დღგ-ის თანხა და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის/ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტი აღიარებს და აფიქსირებს, რომ კომპანიას ნამდვილდა აქვს განხორციელებული მომსახურების მიწოდება და დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებში ეჭვიც არ შეუტანია, მაგრამ მიუთითებს, რომ საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის №---------- საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „----------“ სახელით გამოწერილი და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები არ შეესაბამება რეალობას.

აღნიშნულზე განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაოების მიწოდება კომპანიამ ასახა რეალიზაციაში და განახორციელა დღგ-ით დაბეგვრა, ხოლო საბოლოო მიმღებს წარმოადგენდა სახელმწიფო, რომელსაც ჩაბარებული აქვს სწორედ ის სამუშაოები, რომელიც შესრულებულია შპს „----------“ მიერ. ამდენად, აღნიშნული ოპერაციის ფიქტიურად/ყალბად აღიარების საფუძველი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, გაუქმებას ექვემდებარება საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიდებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნული ოპერაციის ფიქტიურად/ყალბად აღიარების საფუძველი არ არსებობს, რადგან შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიმღებს წარმოადგენდა სახელმწიფო, რომელსაც ჩაბარებული აქვს სწორედ ის სამუშაოები, რომელიც შესრულებულია შპს „----------“ მიერ. ამდენად, გაუქმებას ექვემდებარება საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმა.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილ მასალებზე (მათ შორის დაკითხვის ოქმები) დაყრდნობით შპს „----------“ სახელით გამოწერილ და მიღებულ ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. შესამოწმებელ პერიოდში კი მომჩივნის მიერ შპს „----------“ სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ამდენად, აღნიშნული ოპერაციები შპს „----------“ მიმართ არ განხორციელებულა, თუმცა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად, დგინდება კომპანიის სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლებით და შპს „----------“ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა ამ ნაწილში არ დაექვემდებარა შემცირებას, დარჩა უცვლელი და მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 2 124 254 ლარის ოდენობით.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. შემოწმების შედეგად განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს და წიაღის ეროვნული სააგენტოს ბრძანებების საფუძველზე 31.01.2022 წელს კომპანიაზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №---------- ლიცენზია.

ლიცენზიით გათვალისწინებულია ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. ---------- მოპოვება ჯამურად 24 460 კუბური მეტრის ოდენობით. 31.03.2022 წლის ბრძანებით 2022 წლის ასათვისებელი რესურსის ოდენობა გეგმით შეადგენდა 15 000 კუბურ მეტრ ----------. აღნიშნული ლიცენზია გაუქმდა 10.10.2022 წელს.

გადამხდელს 2022 წლის იანვრის თვეში დეკლარირებული აქვს ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი 500 მეტრ კუბ ---------- 100 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საწარმოს ასათვისებელი გეგმის რაოდენობა აღემატება ფაქტობრივად მოპოვებულს.

აღნიშნულისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1.02.2021 წლის №20 ბრძანების საფუძველზე, შემოწმებით, გადასახდელი მოსაკრებელი განისაზღვრა 10 909 კუბურ მეტრ ----------. შედეგად, დაკორექტირდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულება და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი გაიზარდა 2 082 ლარით. ამასთან, საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევისათვის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახდო კოდექსის 274-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ №---------- ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზია აიღო 31.01.2022 წელს, ხოლო 2022 წლის გეგმიური მოპოვება, 15 000 მ3, განისაზღვრა 31.03.2022 წელს. აღნიშნული ლიცენზია გაუქმებულია 1.10.2022 წელს. კომპანიამ დაადეკლარირა ფაქტიურად მოპოვებული ბუნებრივი რესურსის მოსაკრებელი, აუდიტის მიერ გეგმიური მოპოვებიდან დარიცხული მოსაკრებელი წარმოადგენს უკანონო დარიცხვას, ვინაიდან 1.10.2022 წელს გაუქმდა ლიცენზია და გეგმიური მოპოვების გრაფიკიც, ხოლო ფაქტიურად მოპოვებული რესურსი დაბეგრილია კომპანიის მიერ. აქედან გამომდინარე, დამატებით დარიცხული მოსაკრებელი ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა:

სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

მომჩივანს მიაჩნია, რომ ვინაიდან 1.10.2022 წელს გაუქმდა ლიცენზია და გეგმიური მოპოვების გრაფიკი, ხოლო ფაქტიურად მოპოვებული რესურსი დაბეგრილია კომპანიის მიერ, დამატებით დარიცხული მოსაკრებელი ექვემდებარება გაუქმებას.

შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემებს და დადგინდა, რომ საწარმოს ასათვისებელი გეგმის რაოდენობა აღემატება ფაქტობრივად მოპოვებულს. შედეგად, გადასახდელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი განისაზღვრა 10 909 კუბურ მეტრ ----------, დაკორექტირდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულება და მოსაკრებელი გაიზარდა 2 082 ლარით.

აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. საწვავის ნაშთების შესახებ ინფორმაციის არ წარდგენის გამო დარიცხულ ჯარიმა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ნავთობპროდუქტების სპეციალური ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები და დღგ-ის დეკლარაციის დანართში არ ასახავს საწვავის ნაშთების შესახებ ინფორმაციას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიწოდების ან/და შეძენის შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, წარედგინება „ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი და სასაქონლო ნაშთები“ (№III-10 დანართი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ ნამდვილად ხდებოდა ნავთობპროდუქტების შეძენა სპეციალური ანგარიშფაქტურებით და აღნიშნული ნავთობპროდუქტები გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობაში, ხოლო აღნიშნულზე კომპანიას დარღვევები არ ჰქონია, რის გამოც კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმის 100 ლარის გადახდისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

4. გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელი პერიოდის (24.11.2021-1.03.2023 წ.წ.) საშემოსავლოს გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ხელფასის განაცემი შეადგენს ჯამში 1 004 296 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემი (გარდა პროცენტისა), წარდგენილია ჯამში 3 210 761 ლარის ოდენობით.

შემოწმების პროცესში შესწავლილია გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. საწარმოს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან მომსახურების მიღება, მათ შორისაა ფართის იჯარა, ტექნიკის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქირაობა, სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურებები, ასფალტის დაგების მომსახურება, სარემონტო მომსახურება, კომპიუტერული და სხვა ტიპის მომსახურებები. ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხულია 60-ზე მეტი საქვეანგარიშო პირი, რომელთა ჯამური სალდირებული სადებეტო ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 1 694 556 ლარს. აღნიშნული ნაშთი თითქმის მთლიანად დაკავებულია წყაროსთან,რაც დასტურდება განაცემთა შესახებ ინფორმაციიდან, ასევე გადამხდელის წარდგენილი ახსნაგანმარტებით, დამატებით წარდგენილ ცხრილთან ერთად.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საქვეანგარიშო პირებზე გაცემულ თანხებზე არაა წარდგენილი დოკუმენტი, რის გამოც ყოველთვიურად ბეგრავენ საშემოსავლო გადასახადით.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის გადახდის წყაროსთან დასაბეგრი ხელფასის განაცემი განისაზღვრა სულ 1 185 222 ლარით, ხოლო გადახდის წყაროსთან დასაკავებელი სხვა განაცემი (გარდა პროცენტისა) 3 132 794 ლარით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან მომსახურების მიღება. ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ჰყავს 60-ზე მეტი საქვეანგარიშო პირი. გადამხდელის წარდგენილი ახსნა-განმარტებით, აღნიშნული პირებისათვის საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებზე არა არის წარდგენილი დოკუმენტი, რის გამოც ყოველთვიურად ბეგრავენ საშემოსავლო გადასახადით.

აღნიშნულის გათვალისწინებით ცალ-ცალკე დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის გადახდის წყაროსთან დასაბეგრი ხელფასის განაცემი და გადახდის წყაროსთან დასაკავებელი სხვა განაცემი (გარდა პროცენტისა), რის შედეგადაც პირს გაეზარდა საშემოსავლო გადასახადი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტემენტის მიერ გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი თანხა (20 592 ლარი) არ ედრება ბუღალტრულ აღრიცხვას და გაუგებარია თუ რის საფუძველზე განხორციელდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის ზრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად განხორციელდეს საკითხის შესწავლა და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით:

1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

მომჩივნისთვის გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის მიერ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდის საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად განხორციელდეს საკითხის შესწავლა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და მომჩივნის არგუმენტი უსაფუძვლოა. შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაზრდილია ორი მიზეზით: 1. გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ხელფასის განაცემი და 2. გადახდის წყაროსთან დასაკავებელი სხვა განაცემი (გარდა პროცენტისა).

ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების პროცესში შესწავლილია საწარმოს სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობა და ნაშთები. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში 24.11.2021 წლისათვის სალაროში საწყისი ბუღალტრული ნაშთი იყო 0 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, 1.02.2023 წლისათვის, სალაროს ნაშთი შეადგენს 51 780 ლარს. ამასთან, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის აღენიშნება კრედიტორული დავალიანების ნაშთი 250 624 ლარის ოდენობით. ანალიზისთვის დაანგარიშდა კომპანიის ყოველი კალენდარული თვის საკასო ხარჯები და საკასო შემოსავლები, რომელიც შედარდა შესაბამისი თვის ჭრილში სალაროში დაფიქსირებულ თვის ბოლო ნაშთს. ყოველი თვისთვის, საკასო ხარჯისა და შემოსავლის 10%-ზე მეტი თანხა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად. გათვალისწინებულია არაგონივრული ნაშთის გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში (ნებისმიერ დღეს) სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა თუ მოექცეოდა გონივრული ნაშთის ფარგლებში ან თუ აღარ ფიქსირდებოდა ან თუ არ აღემატებოდა 1 000 ლარს.

არაგონივრული ნაშთი მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ან მცირდება სალაროდან გატანილი ან/და დაბრუნებული თანხებით შესაბამისი კალენდარული თვეების არაგონივრული ნაშთის გათვალისწინებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სესხის პროცენტის სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 12 856 ლარი, მოგების გადასახადის მიზნებისთვის გაცემული სესხის ოდენობაა 55 555 ლარი, საიდანაც 3 775 ლარი შესამოწმებელ პერიოდშივე ჩაითვალა დაბრუნებულად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 2 571 ლარი, მოგების გადასახადი (ჩათვლის გათვალისწინებით) 9 138 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით საწარმოს სალაროში საწყისი ბუღალტრული ნაშთი იყო ნულის ტოლი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კი ნაშთი შეადგენდა 51 780 ლარს. შემოწმების მიერ დაანგარიშდა ყოველი კალენდარული თვის საკასო ხარჯები და საკასო შემოსავლები, რომელიც შედარდა შესაბამისი თვის ჭრილში სალაროში დაფიქსირებულ თვის ბოლო ნაშთთან. ყოველი თვისთვის, საკასო ხარჯისა და შემოსავლის 10%-ზე მეტი თანხა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად. ასევე, გათვალისწინებულია არაგონივრული ნაშთის გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში (ნებისმიერ დღეს) სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა მოექცეოდა თუ არა გონივრული ნაშთის ფარგლებში. შესაბამისად, გამოვლენილი სალაროს არაგონივრული ნაშთი მისი წარმოშობის კალენდარულ თვისთვის დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

სამართლებრივი ნორმებისა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი, ამ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებული სალაროს არაგონივრული ნაშთი 55 555 ლარი ჩათვალა გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, რასაც არ ეთანხმება, იმის გამო, რომ უკიდურეს შემთხვევაშიც კი სალაროს ნაშთი ყოველ სამ თვეში ნულს უტოლდება, რის გამოც სალაროს არაგონივრულ ნაშთად შემოსავლების სამსახურის მიერ რაიმე თანხის განხილვა უსაფუძვლოა და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს დამატებით დარიცხული მოგების გადასახადი, ასევე გასაუქმებელია სესხად განხილვის შედეგად მიღებულ სარგებელზე დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის თანახმად:

3. მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ სალაროს ნაშთი ყოველ სამ თვეში ნულს უტოლდება, რის გამოც სალაროს არაგონივრულ ნაშთად რაიმე თანხის განხილვა უსაფუძვლოა და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს დამატებით დარიცხული გადასახადები.

შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს სალაროში საწყისი ბუღალტრული ნაშთი ნულის ტოლია, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კი ნაშთი შეადგენდა 51 780 ლარს. შემოწმების მიერ დაანგარიშდა ყოველი კალენდარული თვის საკასო ხარჯები და საკასო შემოსავლები, რომელიც შედარდა შესაბამისი თვის ჭრილში სალაროში დაფიქსირებულ თვის ბოლო ნაშთთან. ყოველი თვისთვის, საკასო ხარჯისა და შემოსავლის 10%-ზე მეტი თანხა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად, რომელიც მისი წარმოშობის კალენდარულ თვისთვის დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად.

გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის/ჩათვლის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. შემოწმების შედეგად განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი;

3. საწვავის ნაშთების შესახებ ინფორმაციის არ წარდგენის გამო დარიცხულ ჯარიმა;

4. გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა;

5. სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, შესაბამისად გადამხდელს დეკლარირებულთან შედარებით შეუმცირდა გადასახდელი დღგ-ს თანხა და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.

2. საწარმოზე 2022 წლის 31 იანვარს გაცემულია ლიცენზია ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე ჯამურად - 24 460 კუბური მეტრის ოდენობით, აღნიშნულზე 2022 წლის 31 მარტს გამოიცა ბრძანება, რომლის შესაბამისადაც 2022 წლის ასათვისებელი რესურსის ოდენობა გეგმით შეადგენს 15000 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს, ხოლო აღნიშნული ლიცენზია გაუქმდა 2022 წლის 10 ოქტომბერს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის იანვრის თვეში დეკლარირებული აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი 500 კუბური მეტრი რესურსის მოპოვების შესახებ. შემოწმებით საწარმოზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი განისაზღვრა 10 909 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშზე და შესაბამისად გაიზარდა გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობაც.

3. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

4. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან მომსახურების მიღება. ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ყავს 60-ზე მეტი საქვეანგარიშო პირი. გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, აღნიშნული პირებისათვის საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებზე არა არის წარდგენილი დოკუმენტი, რის გამოც ყოველთვიურად ბეგრავენ საშემოსავლო გადასახადით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცალ-ცალკე დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის გადახდის წყაროსთან დასაბეგრი ხელფასის განაცემი და გადახდის წყაროსთან დასაკავებელი სხვა განაცემი (გარდა პროცენტისა), რის შედეგადაც პირს გაეზარდა საშემოსავლო გადასახადი.

5. საწარმოს სალაროში საწყისი ბუღალტრული ნაშთი იყო ნულის ტოლი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კი ნაშთი შეადგენდა 51 780 ლარს. შემოწმების მიერ დაანგარიშდა პირის ყოველი კალენდარული თვის საკასო ხარჯები და საკასო შემოსავლები, რომელიც შედარდა შესაბამისი თვის ჭრილში სალაროში დაფიქსირებულ თვის ბოლო ნაშთთან. ყოველი თვისთვის, საკასო ხარჯისა და შემოსავლის 10%-ზე მეტი თანხა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად. ასევე გათვალისწინებულ იქნა არაგონივრული ნაშთის გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში (ნებისმიერ დღეს) სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა მოექცეოდა თუ არა გონივრული ნაშთის ფარგლებში. შესაბამისად გამოვლენილი სალაროს არაგონივრული ნაშთი მისი წარმოშობის კალენდარულ თვისთვის დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი, ყველა ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 101(1); 106; 154(1„ა“); 160; 1601; 178(1); 274; 280(1); 282(3); 291;