შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
საქართველოს მთავრობასა
და
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას
შორის
შემოსავლებსა და კაპიტალზე
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და
გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა სურთ რა დადონ შეთანხმება შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით,შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
პირები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
ეს შეთანხმება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ ერთი, ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.
მუხლი 2
გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება
1.ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2.შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება შემოსავლის მთლიანი თანხა, მთლიანი კაპიტალი ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტები, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, აგრეთვე კაპიტალის ღირებულების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების ჩათვლით.
3.არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:
a) საქართველოში:
(i) საწარმოთა მოგების გადასახადი;
(ii) საწარმოთა ქონების გადასახადი;
(iii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი; და
(iv) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი;
(შემდგომში “საქართველოს გადასახადი”)
b) ჩინეთში:
(i) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(ii) უცხოელი პირების მიერ დაფუძნებული და უცხოური ინვესტიციების მონაწილეობით შექმნილი საწარმოების გადასახადი:
(შემდგომში “ჩინეთის გადასახადი”)
4.ეს შეთანხმება გამოიყენება აგრეთვე ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ იქნება დაწესებული არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ მათ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.
მუხლი 3
ზოგადი განსაზღვრებები
1.ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი “საქართველო" ნიშნავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სივრცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის, სახმელეთო სივრცის, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ზემოთ საჰაერო სივრცეს, რომლებზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინეტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა" ნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას; გეოგრაფიულად იგი ნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიას მისი ტერიტორიული ზღვის ჩათვლით, რომელზეც ვრცელდება ჩინეთის საგადასახადო კანონმდებლობა, აგრეთვე მისი ტერიტორიული ზღვის მიმდებარე სივრცეს, რომლის ზღვის ფსკერისა და წიაღის კვლევისა და ექსპლოატაციის სუვერენული უფლება გააჩნია, აგრეთვე მის მიმდებარე წყლის რესურსებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად:
c) ტერმინი “პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
d) ტერმინი “კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც დაბეგვრის სუბიექტი;
e) ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო'' შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
f) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლოატაცია ხდებახელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ, იმ შეთანხმების გარდა, როდესაც საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
g) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(i) საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(ii) ჩინეთის შემთხვევაში, სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრაციას ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
h) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2.ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონებით.
მუხლი 4
რეზიდენტი
1.ამ შეთანხმების მიზნების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ცხოვრების ადგილის, მართვის ადგილის, სათაო ოფისის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე.
2.იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი ან თუ მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია არც ერთ ამ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
c) თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არც ერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს;
d) თუ ის ორივე სახელმწიფოს ან არ არის არც ერთი მათგანის მოქალაქე, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3)იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ იგი ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც განთავსებულია მისი მართვის ადგილი ან სათავო ოფისის ადგილი.
მუხლი 5
მუდმივი დაწესებულება
1.ამ შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” ნიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი “მუდმივი დაწესებულება” მოიცავს. კერძოდ:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას
e) სახელოსნოს და
f) მაღაროს, ნავთობის, ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინი მუდმივი დაწესებულება არ მოიცავს:
a) ნაგებობების გამოყენებას მხოლოდ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
b) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგების შენახვას, რომლებიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
c) საქონლის ან ნაკეთობების იმ მარაგების შენახვას, რომლებიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობების შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას ან პუნქტის ა) - დან ე)-მდე ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ფიქსირებული ადგილიდან წარმოებულ საერთო საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.
5.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტს, მოქმედებს საწარმოს სახელით, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით კონტრაქტის დადების უფლებამოსილებას, ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე ამ სახელმწიფოში. იგივე გავრცელდება ამ პირის მიერ საწარმოსათვის განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით, იმ საქმიანობათა გარდა, რომელიც აღწერილია ამ მუხლის მე-4 პუნქტში. ეს უკანასკნელი, განხორციელებული თუნდაც საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის დებულებათა შესაბამისად, არ გადააქცევს საქმიანობის ამგვარ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად.
6.საწარმო არ განიხილება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ ის ამ სახელმწიფოში საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში.
7.ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.
მუხლი 6
შემოსავალი უძრავი ქონებიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით) შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2.ტერმინს “უძრავი ქონება” აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს იმ ქონებასაც, რომელსაც უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათი აქვს, პირუტყვს, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ მოწყობილობას, უფლებებს, რომლებსაც ეხება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები. უძრავი ქონების უზუფრუქტს, უფლებებს ცვლად და ფიქსირებულ ანაზღაურებებზე, რომლებიც წარმოადგენენ კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისათვის, ან დამუშავების უფლებისათვის. საზღვაო გემები და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ეხება, აგრეთვე, უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებს.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ეხება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან და დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის დროს გამოყენებული უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებს.
მუხლი 7
მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2.ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, რომელიც მოქმედებს იმ საწარმოსგან სრულიად დამოუკიდებლად, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.
3.მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია მუდმივი დაწესებულების საქმიანობის მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განლაგებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.
4.თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა ჩვეულებრივ მიღებულია საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტი ხელშემკვრელ სახელმწიფოს ხელს ვერ შეუშლის დასაბეგრი მოგების ამგვარი განაწილების წესით განსაზღვრაში. განაწილების მეთოდი ამასთან უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი იმყოფებოდეს ამ მუხლის პრინციპებთან შესაბამისობაში.
5.მუდმივ დაწესებულებას არ მიეწერება არავითარი მოგება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის მხოლოდ საქონლის ან ნაკეთობების შეძენის საფუძველზე.
6. წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულების მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იგივე მეთოდით, სანამ მის შესაცვლელად რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ წარმოიშობა.
7.იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეებს, რომლებიც განხილულია ამ შეთანხმების სხვა მუხლებში, მაშინ მათზე ამ მუხლის დებულებები მათზე გავლენას ვერ იქონიებს.
მუხლი 8
საერთაშორისო გადაზიდვები
1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები აგრეთვე გამოიყენება იმ მოგებების მიმართ, რომელიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოებში ან საერთაშორისო გადაზიდვების სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობიდან.
მუხლი 9
ასოცირებული საწარმოები
1. იმ შემთხვევაში როდესაც:
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
b)ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში.
და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებში იქმნება ან მყარდება პირობები, განსხვავებული იმათგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდათ ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც შეიძლება რომელიმე მათგანს დარიცხვოდა, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ დაერიცხა, შეიძლება ჩართულ იქნას ამ საწარმოს მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს გადასახადით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავას - და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს - იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე სახელმწიფოში და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ შეთანხმების სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.
მუხლი 10
დივიდენდები
1.ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2.ამასთან ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელწიფოში, რომლის რეზიდენტებსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:
a) დივიდენდების საერთო თანხის 0 პროცენტს, თუ ბენეფიციალური მფლობელია კომპანია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის არა ნაკლებ 50 პროცენტს და დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში ინვესტირებული აქვს 2 მილიონ ევროზე მეტი:
b) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, თუ ბენეფიციალური მფლობელია კომპანია, რომელიც რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის არა ნაკლებ 10 პროცენტს და დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში ინვესტირებული აქვს 100000 ევროზე მეტი:
c) დივიდენდების მთლიანი თანხის 10 პროცენტს ყველა სხვა შემთხვევაში. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვების განხორციელების წესს.
ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.
3.ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი " “დივიდენდი” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, მოგებაში მონაწილეობიდან, ისევე როგორც შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი აწარმოებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია იქ არსებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, ან ახორციელებს ამ მეორე სახელიმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას მასში განთავსებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით და ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდის გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე–14 მუხლის დებულებები.
5.როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს მოგებას ან შემოსავალს, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას დააკისროს გადასახადი გადახდილ დივიდენდებზე, იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის ან როცა ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. გადასახადით არ დაიბეგრება კომპანიის გაუნაწილებელი მოგება, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.
მუხლი 11
პროცენტი
1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2.ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით დაკისრებული გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის მთლიანი თანხის 10 პროცენტს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის განხორციელების წესს.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა მიუხედავად, პროცენტი, რომელიც წარმოიშობა ხელშემკვრელ სახელმწიფოში და რომლის მიმღებია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, ცენტრალური ბანკი ან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც მთლიანად ფლობს ეს მთავრობა, გათავისუფლდება გადასახადისაგან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.
4.ტერმინი “პროცენტი” მოცემულ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალე მოთხოვნიდან, იპოთეკური უზრუნველყოფისა და მევალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად, კერძოდ, შემოსავლს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან, ობლიგაციებიდან ან სავალე ვალდებულებებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე არ განიხილება როგორც პროცენტი.
5.ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციალური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან აწარმოებს ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განთავსებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით და სავალე მოთხოვნა, რომლის საფუძველზე ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
6.პროცენტი ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილად ჩაითვლება, როცა გადამხდელს წარმოადგენს ამ სახელმწიფოს მთავრობა, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. ხელშემკვრელ სახელმწიფოს გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებით წარმოშობილ დავალიანებაზე ხდება პროცენტის გადახდა და ასეთი პროცენტი წარმოიშვა ამ მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, მაშინ ეს პროცენტი ჩაითვლება წარმოქმნილად იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობის ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.
7.თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობობის გამო, სავალე მოთხოვნაზე გადახდილი პროცენტის თანხა, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 12
როიალტი
1.ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2.ამასთან, ასეთი როიალტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოიქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ბენეფიციალური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ამგვარად გადახდილი გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს როიალტის მთლიანი თანხის 5 პროცენტს.
ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთობლივი შეთანხმებით განსაზღვრავენ ასეთი შეზღუდვის განხორციელების წესს.
3.ტერმინი "როიალტი" ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეობას, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურის, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერი ნაწარმოების, მათ შორის კინემატოგრაფიული ფილმების, ნებისმიერი პატენტის, სასაქონლო ნიშნის, პროექტის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების შემცველი ინფორმაციით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლების მიღებისათვის.
4.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება თუ როიალტის ბენეფიციალური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ განლაგებული ფიქსირებული ბაზის საშუალებით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზე ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
5.როიალტი წარმოქმნილად ჩაითვლება ხელშემკვრელი სახელმწიფოში, როცა გადამხდელს წარმოადგენს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელი სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება და ამგვარი როიალტი წარმოიშვა ამ მუდმივი დაწესებულებების ან ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, მაშინ ჩაითვლება, რომ მსგავსი როიალტი წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა.
6.თუ როიალტის გადამხდელსა და მის ბენეფიციალურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზე ხდება მისი გადახდა , აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციალურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 13
შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
1.შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების მე–6 მუხლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2.შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს ან შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკრველ სახელმწიფოში არსებული ფიქსირებული ბაზის კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) ან ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3.ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს შემოსავლები, რომლებიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
4.შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულის გარდა, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.
მუხლი 14
დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
1.შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, შემდეგი შემთხვევების გარდა, როდესაც ამგვარი შემოსავალი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში
a) თუ მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით, ასეთ შემთხვევაში ამ მეორე სახელმწიფოში შეიძლება დაიბეგროს შემოსავლის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება ამ ფიქსირებულ ბაზას;
b) თუ იგი იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა კალენდარული წლის განმავლობაში აღწევს ან აღემატება 183 დღეს. ასეთ შემთხვევაში იგი შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე.
2.ტერმინი “პროფესიული მომსახურება” მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობას.
მუხლი 15
დამოკიდებული პირადი მომსახურება
1.ამ შეთანხმების მე-16, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებითი მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული შრომა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული შრომიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
a)ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ ფისკალურ წელს, და
b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და
c) ანაზღაურება არ არის წარმოქმნილი მუდმივ დაწესებულებიდან ან ფიქსირებული ბაზიდან, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
2.ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე განხორციელებული დაქირავებული შრომისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.
მუხლი 16
დირექტორთა ჰონორარები
დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა ან სამეთვალყურეო სავბჭოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
მუხლი 17
ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
1.ამ შეთანხმების მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2.იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ ხელშეკრულების მე–7, მე-14 და მე–15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3.ამ მუხლის წინა პუნქტების დებულებების მიუხედავად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ხელოვნების მუშაკებისა და სპორტსმენების მიერ ხელშემკვრელი სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს საქმიანობა ხორციელდება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული გაცვლის პროგრამის შესაბამისად.
მუხლი 18
პენსიები
ამ შეთანხმების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად, წარსულ პერიოდში განხორციელებულ დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
მუხლი 19
სახელმწიფო სამსახური
1.ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო, ან სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:
(i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან
(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
1.a)ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო, ან სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:
(i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან
(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2.a) ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
b) ამასთან, ასეთი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და მოქალაქეს.
3.ამ შეთანხმების მე-15, მე-16 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ სამსახურთან დაკავშირებით.
მუხლი 20
მასწავლებლები და მეცნიერ მუშაკები
1.ანაზღაურება, რომელსაც იღებს ფიზიკური პირი, რომელიც არის ან ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტი და იგი პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ სწავლების, ლექციების კითხვის ან სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით ამ სახელმწიფოს მთავრობის მიერ აღიარებულ უნივერსიტეტში, კოლეჯში, სკოლაში ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და რომელიც ანაზღაურებას იღებს ამგვარ სწავლებაში, ლექციების კითხვაში ან სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში, ამ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ იბეგრება ამ სახელმწიფოში ჩამოსვლიდან პირველი ორი წლის განმავლობაში.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალზე, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სამუშაოები ტარდება არა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ცალკეული პირის ან პირების მიერ პირადი სარგებლობის მიღების მიზნით.
მუხლი 21
სტუდენტები
1.ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის ან პრაქტიკანტის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, არ იბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში განხილული სტუდენტი, სტაჟიორი ან პრაქტიკანტი, რომელიც იღებს გრანტს, სტიპენდიას ან ანაზღაურებას დასაქმებიდან, რომელზეც არ ვეცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტი, განათლების, მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების პერიოდში ექვემდებარებიან გადასახადებისაგან გათავისუფლებას და იგივე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობას, როგორც იმ სახელმწიფოს რეზიდენტები, რომელშიც ის იმყოფება.
მუხლი 22
სხვა შემოსავლები
1.ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არის განხილული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავდება ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ასეთი შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებით ხდება შემოსავლის გადახდა უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.
მუხლი 23 კაპიტალი
1. კაპიტალი, წარმოდგენილი მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2.კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფო არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3.კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
მუხლი 24
ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდი
1.საქართველოში ორმაგი დაბეგვრა გამორიცხული იქმნება შემდეგნაირად:
a)როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს ჩინეთში, მაშინ საქართველო დაუშვებს:
(i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ჩინეთში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ კაპიტალზე ჩინეთში გადახდილი გადასახადის ტოლია;
ამასთან, ასეთი გამოქვითვა ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე და კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო გაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს
b) თუ საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი, ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების თანახმად, გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქართველოში, საქართველოს, მიუხედავად ამისა, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2.ჩინეთში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხდება შემდეგნაირად:
თუ ჩინეთის რეზიდენტი შემოსავალს იღებს საქართველოში, მაშინ ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, ამ შემოსავალზე საქართველოში გადასახდელი გადასახადის თანხა გამოიქვითება ამ რეზიდენტისათვის ჩინეთში გამოანგარიშებული გადასახადიდან. ამგვარი გამოქვითვა, ამავე დროს არ უნდა აღემატებოდეს ამ შემოსავალზე ჩინეთის გადასახადის მოცულობას დაანგარიშებულს ჩინეთის საგადასახადო კანონმდებლობის და რეგულირების წესების შესაბამისად.
მუხლი 25
დისკრიმინაციის თავიდან აცილება
1.ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ ექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ რეზიდენციის თვალსაზრისით, ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება აგრეთვე იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2.მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას, ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოთა ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით.
3.ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილ მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმთა დაბეგვრა, რომელიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტების რომელიმე გადასახადისაგან გათავისუფლებას, მათთვის რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადის შემცირებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
4.იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტებთან მიმართებაში.
5.ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან პირდაპირი ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
მუხლი 26
ურთიერთშეთანხმების პროცედურა
1.თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, მას შეუძლია მისი უფლებების დაცვის ამ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისაგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი შემთხვევა ექვემდებარება 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოში, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.
2.თუ კომპეტენტური ორგანოს განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და არ შეუძლია საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, იგი უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროითი შეზღუდვების მიუხედავად.
3.ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან გაუგებრობა რომლებიც წარმოიშობა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ შეუძლიათ, აგრეთვე, ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოონ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.
4.ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გაგებაში შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ. ხელშემკვრელი სახელმწიფოების წარმომადგენლები შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ პოზიციების სიტყვიერი გაცვლის მიზნით, როდესაც ეს მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული.
მუხლი 27
ინფორმაციის გაცვლა
1.ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების დებულებებით ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადებთან მიმართებაში, რომლებსაც მოიცავს ეს შეთანხმება და რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას, კერძოდ, ამ გადასახადებისაგან თავის არიდების აღკვეთის მიზნით, ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული პირველი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად, ისევე, როგორც ამ ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უფლებამოსილ ორგანოებს ((სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვა, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის, მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოიყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების დროს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a)გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას:
b)მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c)გასცეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს (საზოგადოებრივ წესრიგს).
მუხლი 28
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებების თანამშრომლები
ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაო ნომრების ან სპეციალური შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.
მუხლი 29
ძალაში შესვლა
1.ეს შეთანხმება ძალაში შედის თითოეულ სახელმწიფოში ამ შეთანხმების ძალაში სესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური ნოტების გაცვლის თარიღიდან ოცდამეათე დღეს. ეს შეთანხმება ძალაში იქმნება:
a) წყაროსთან ამოსაღები გადასახადების მიმართ, შემოსავალზე, რომელიც მიიღება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
b) სხვა გადასახადების მიმართ, გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება ნებისმიერ საგადასახადო წელს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
მუხლი 30
მოქმედების შეწყვეტა
1. ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ, ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია მისი ძალაში შესვლიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ ნებისმიერი კალენდარული წლის 30 ივნისამდე დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ასეთ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:
a) წყაროსთან ამოსაღები გადასახადების მიმართ, შემოსავალზე, რომელიც მიღებულია შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ:
b) სხვა გადასახადების მიმართ, გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
რის დასტურადაც, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2005 წლის 22 ივნისს ქ. პეკინში, ორ პირად, თითოეული ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის
სახელით
ოქმი
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:
1.მე-2 მუხლის პირველ პუნქტთა მიმართებაში:
ტერმინი პოლიტიკური ქვედანაყოფები საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ქვედანაყოფებს.
2.მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში:
ფიქსირებული ბაზა შექმნილად ჩაითვლება მაშინ, როდესაც ფიზიკური პირი დარეგისტრირდება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით.
რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შედგენილია 2005 წლის 22 ივნისს ქ. პეკინში., ორ პირად, თითოეული ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის
სახელით