გადაწყვეტილება №23315/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23315/2/2024
02 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 20.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23315/2/2024).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2024 წლის №036-3 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12607 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 51 062,05 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 29 250
ჯარიმა - 14 623
საურავი - 7 189,05
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2829 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახდო შემოწმება 2021 – 2023 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 29.03.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ ------- და მისი ოჯახის ყოველწლიური შემოსავლები შესამოწმებელ პერიოდში აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს. (2020 წელი 720 715 ლარი, 2021 წელი 308 238 ლარი, 2022 წელი 314 544 ლარი). ასევე დადგენილია, რომ მომჩივნის, მისი მეუღლის და მათ არასრულწლოვანი შვილების საკუთრებში რეგისტრირებულია უძრავი ქონება ------- და ------- და ასევე, მოძრავი ქონება (სატრანსპორტო საშუალებები (სეს ესნ 8703)).
მომჩივანს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები, რომლებშიც მონაცემები არასწორადაა შეტანილი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები რომლებშიც გადასახადის გადამხდელს ყოველწლიური შემოსავლები მითითებული აქვს 40 000 - 100 000 ლარიან დიაპაზონში და არასწორადაა მითითებული საკუთრებაში არსებული ქონება და მათი ფლობის პერიოდები.
იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს/მის ოჯახს საკუთრებაში გააჩნიათ რამდენიმე ათეული უძრავი ქონება, შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, განისაზღვრა დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებები (რაც თანხვედრაშია შემოწმების მიერ დამოუკიდებლად განსაზღვრულ დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებებთან).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის/მისი ოჯახის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2024 წლის №036-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12607 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებზე, მე-8 მუხლის მე-6 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილებზე, მე-18 მუხლის მე-7 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით პირს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შესაბამისად, წარმოეშვა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, თუმცა მის მიერ არ იყო სრულად შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ფ/პ ------- მიერ წარმოდგენილია ქონების გადასახადის საოჯახო დეკლარაციები, რომლებშიც მონაცემები არასწორადაა შეტანილი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები რომლებშიც გადასახადის გადამხდელს ყოველწლიური შემოსავლები მითითებული აქვს 40 000 - 100 000 ლარიან დიაპაზონში და არასწორადაა მითითებული საკუთრებაში არსებულ ქონება და მათი ფლობის პერიოდები. ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის საბაზრო ღირებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განსაზღვრულ იქნა დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებები. ამასთან, შემოწმების მიერ დამოუკიდებლად განსაზღვრულ იქნა დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებები, რომელიც გადასახადის გადამხდელთან ერთად განსაზღვრული ღირებულებების შესაბამისობაში მოვიდა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დასაბეგრი ქონების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება ქონების გადასახადის ნაწილში. ჩატარების პერიოდში ნამდვილად იყო შეხვედრაზე აუდიტთან და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონებების რეალურთან მიახლოებული საბაზრო ფასები გაიარეს. ძირითად ნაწილზე შეთანხმდნენ კიდეც.
მიუხედავად ამისა, საგადასახადო შემოწმების აქტში ვკითხულობთ, რომ გარდა მომჩივნის მიერ შეთანხმებული ქონების ფასებისა, რიგი ქონების ფასები ასევე დამოუკიდებლად იქნა დადგენილი შემმოწმებლის მიერ, თუმცა მისთვის ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. რეალურად, დარიცხული გადასახადის ძირითად ნაწილს ეთანხმება და ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია შეცდომით, თუმცა რიგი ქონებების ფასები კვლავ საჭიროებს დაზუსტებას, რამეთუ მათი ფასების განსაზღვრაში არ მიუღია მონაწილეობა, ხოლო აუდიტის მიერ განსაზღვრული, აჭარბებს მათ რეალურ საბაზრო ფასებს და ასევე აუდიტის მხრიდან მათი შეფასების მეთოდები და შედეგები მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რის გამოც ამ ნაწილში სრულყოფილი პოზიციის/შედავების წარმოდგენა არ შეუძლია.
ზემოაღნიშნული ტექსტი გახლდათ მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრის ტექსტი. საჩივარი განიხილეს დაახლოებით 4-5 დღის ვადაში, ისე, რომ არავის დაუბარებია და არავის არაფერი უკითხავს. საჩივარი განიხილეს დაუსწრებლად და შეუტყობინებლად, ხოლო შედეგი ისაა, რომ არ დააკმაყოფილეს იგი.
ის პრეტენზია, რასაც საჩივარში აცხადებდა, რომ რიგი ქონებების ფასების დადგენა აუდიტის მიერ მოხდა ცალმხრივად, რომელზეც თანხმობა არ განუცხადებია და ასევე არც მათი შეფასებები უნახავს, თუ რაზე დაყრდნობით შეაფასეს, ეს პრეტენზია ძალაში რჩება. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში ვკითხულობთ ასეთ წინადადებას:
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დასაბეგრი ქონების ღირებულებად საბაზრო ფასის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს“.
საუბარია დავაზე, რომელიც გაგრძელდა 4-5 დღე და რომლის პროცესშიც არავინ ჩართო. ამ პირობებში, რა ან როგორ შეიძლებოდა წარმოედგინა?! ლოგიკაც ხომ უნდა არსებობდეს... განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ იცის, არ გადასცემია რიგი ქონებების შეფასებები, რათა ან დაეთანხმოს ან მათი საწინააღმდეგო ამტკიცოს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პრეტენზია კვლავ ძალაში რჩება.
დროის და ენერგიის დაზოგვის მიზნით, მზად არის საგადასახადო შეთანხმებაზე, რისთვისაც მიმართული აქვს შესაბამისი დეპარტამენტისადმი და აცხადებს, რომ 34 500 ლარს გადაიხდის, თუ გაუფორმებენ საგადასახადო შეთანხმებას, შესაბამისად შეთანხმებაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, შეწყვეტს აღნიშნულ დავასაც.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება: 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილების თანახმად:
12. ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
14. ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მომჩივნის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება, რის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს და მის ოჯახს შესამოწმებელ პერიოდში ------- და ------- გააჩნიათ უძრავი ქონება და საკუთრებაში უფიქსირდებათ ასევე მსუბუქი ავტომანქანები. მომჩივნის და მისი ოჯახის ყოველწლიური შემოსავლები შესამოწმებელ პერიოდში აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების საბაზრო ღირებულებიდან, რაც სადავო შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულია მომჩივნის ჩართულობით. ამასთან, მომჩივნის მიერ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე ალტერნატიული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ექსპერტიზის დასკვნა) წარმოდგენილი არ არის.
ამგვარად, ვინაიდან სადავო არ არის, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი/მისი ოჯახის წევრები საკუთრებაში ფლობენ დასაბეგრ ქონებას, ხოლო საბაზრო ფასის კორექტირების საფუძველი არ არსებობს, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახდო შემოწმება 2021 – 2023 წლების ფიზიკური პირის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს და მისი ოჯახის ყოველწლიური შემოსავლები შესამოწმებელ პერიოდში აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს. შესაბამისად, წარმოეშვა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
ფ/პ მიერ წარმოდგენილია ქონების გადასახადის საოჯახო დეკლარაციები, რომლებშიც მონაცემები არასწორადაა შეტანილი, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები რომლებშიც გადასახადის გადამხდელს ყოველწლიური შემოსავლები მითითებული აქვს 40 000 - 100 000 ლარიან დიაპაზონში და არასწორადაა მითითებული საკუთრებაში არსებულ ქონება და მათი ფლობის პერიოდები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის/მისი ოჯახის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 205;