ბრძანება N 19662
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
08 სექტემბერი 2025
N 19662
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ --- ის (პ/ნ ---)
(ფაქტ. ---)
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა ფ/პ ----ის (პ/ნ ---) 2025 წლის 21 აგვისტოს №132760/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის №024-34 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ თითოეული საბანკო ტრანზაქციის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად 300 აშშ დოლარის მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე, აღნიშნავს, რომ შემოწმება მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 165-ე მუხლებს დაეყრდნო, რაც არ არის საკმარისი დარიცხვის საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 მარტის №3715 და 18 ივნისის №12896 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 19 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 ივნისის №13549 ბრძანება და ამავე თარიღის №024–34 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 77 085 ლარი, მათ შორის გადასახადი 47 000 ლარი, ჯარიმა 20 648 ლარი და საურავი 9 437 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დეკლარაციების წარდგენა არ უფიქსირდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან წარმოდგენილია შემოწმებასთან დაკავშირებული მასალები. წარმოდგენილი მასალის შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის ივლისში მუშაობა დაიწყო ქალაქ --- ში ავტობაზრობაზე მდებარე „---ს“ სასტუმროში ადმინისტრატორის თანამდებობაზე, სადაც გაიცნო ვინმე ---, რომელსაც სჭირდებოდა დახმარება საბანკო გადარიცხვასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნულმა პირმა განუმარტა, რომ იგი დაკავებული იყო აშშ-დან ავტომობილების შეძენით და იმპორტირებით, რასთან დაკავშირებითაც სჭირდებოდა დახმარება თანხების გადარიცხვაში ავტომობილების ჩამომყვან კომპანიებთან (შპს ---“, შპს „---“ და შპს „---ს“ და სხვ.), ხოლო დახმარების სანაცვლოდ გადაუხდიდა გადამხდელს გარკვეულ თანხებს. აღნიშნულ შეთავაზებას გადასახადის გადამხდელი დათანხმდა.
საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალებით დადგინდა, რომ აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს ჯამში გადახდილი ჰქონდა 35 307 180 ლარი (საიდანაც დიდი ნაწილი იყო შპს „----თვის“ გადახდილი თანხა - 32 837 923 ლარი). ----ის განმარტებით, როდესაც მას არ ეცალა ----ის დასახმარებლად, გააცნო --- და ---, რომლებიც, ასევე, ეხმარებოდნენ ---ს და ახორციელებდნენ იმავე ოპერაციებს. --- შემოწმებისთვის წარდგენილ ახსნაგანმარტებაში აღნიშნავდა, რომ დახმარების სანაცვლოდ იღებდა 250-300 აშშ დოლარამდე ყოველ ტრანზაქციაზე.
საგამოძიებო სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ ---ს განხორციელებული ჰქონდა 229 ტრანზაქცია. შემოწმებამ შეისწავლა მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საბანკო ტრანზაქციები. შემოწმებამ თითოეული ტრანზაქციის ანაზღაურებად მიიჩნია 300 აშშ დოლარი (შესაბამისი კურსის მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულმა ანაზღაურებამ 2023 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადააჭარბა 100 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს 2023 წლის 25 ნოემბერს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შესაბამისად, შემდგომ პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება: საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.
ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურება ფაქტობრივად გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის პოზიციაზე, რომლითაც არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ თითოეული საბანკო ტრანზაქციის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად 300 აშშ დოლარის მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ --- პერიოდულად დახმარების სანაცვლოდ უხდიდა ხოლმე 100-დან 200 ლარამდე. მთლიანობაში მიღებული აქვს დაახლოებით 20 000 ლარი. აღნიშნავს, რომ მას არანაირი ეკონომიკური საქმიანობა არ უწარმოებია და ის იყო დაქირავებული პირი.
დამატებით განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებელი აპელირებს მხოლოდ ---ს ახსნა-განმარტებაზე და გაუგებარია რატომ არ იქნა გათვალისწინებული თავად გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები მიღებული შემოსავლის შესახებ, მათ შორის, მესამე მხარესთან გაფორმებული სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება განხორციელებულ ტრანზაქციებზე მიღებული თანხების ოდენობა. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოში არსებული საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, მესამე მხარის გასაუბრების ოქმები), ინფორმაციის ურთიერთშეჯერება-შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ზემოხსენებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ---ის (პ/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები მიღებული შემოსავლის შესახებ, მათ შორის, მესამე მხარესთან გაფორმებული სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება განხორციელებულ ტრანზაქციებზე მიღებული თანხების ოდენობა;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოში არსებული საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, მესამე მხარის გასაუბრების ოქმები), ინფორმაციის ურთიერთშეჯერება-შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ზემოხსენებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ თითოეული საბანკო ტრანზაქციის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად 300 აშშ დოლარის მიჩნევას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან წარმოდგენილია შემოწმებასთან დაკავშირებული მასალები. საგამოძიებო სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ გადამხდელს განხორციელებული ჰქონდა 229 ტრანზაქცია. შემოწმებამ შეისწავლა მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საბანკო ტრანზაქციები. შემოწმებამ თითოეული ტრანზაქციის ანაზღაურებად მიიჩნია 300 აშშ დოლარი (შესაბამისი კურსის მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულმა ანაზღაურებამ 2023 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადააჭარბა 100 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს 2023 წლის 25 ნოემბერს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და შესაბამისად, შემდგომ პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები მიღებული შემოსავლის შესახებ, მათ შორის, მესამე მხარესთან გაფორმებული სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება განხორციელებულ ტრანზაქციებზე მიღებული თანხების ოდენობა. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, საგამოძიებო ორგანოში არსებული საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, მესამე მხარის გასაუბრების ოქმები), ინფორმაციის ურთიერთშეჯერება-შესწავლის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ზემოხსენებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 80 (1); 100 (1); 104 (1,გ); 165 (1;2); 159 (1); 163 (1,2); 164 (1).