გადაწყვეტილება №20360/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20360/2/2023
07 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს"------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 24.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20360/2/2023).
დავის საგანი:
დამფუძნებლებზე უძრავი ქონების გადაცემის დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №021-132 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15269 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 696 435,08 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 933 508
დღგ - 512 579
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - (- 140)
მოგების გადასახადი - 409 667
საშემოსავლო გადასახადი - 10 729
ქონების გადასახადი - 673
ჯარიმა - 479 699
საურავი - 283 228,08
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის დამფუძნებლებზე, კაპიტალში ფულადი შენატანის სანაცვლოდ გადაცემულია როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება საბაზრო ფასისგან და ასევე აღნიშნული მიწოდებები გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის და ასევე საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის დადგენილი სხვაობა ჩათვალა განაწილებულ მოგებად და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაიბეგრა მოგების გადასახადით და დღგ-ით, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №021-132 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15269 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-18 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 157-ე მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შპს"------"-ის დამფუძნებლებზე, კაპიტალში ფულადი შენატანის სანაცვლოდ გადაცემული ჰქონდა როგორც კომერციული, ასევე, საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან. ამასთან, გადამხდელს აღნიშნული მიწოდებები არ ჰქონდა დაბეგრილი დღგ-ით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დაარსდა 2019 წელს და ახორციელებს სამშენებლო საქმიანობას. კომპანიას ჰყავს მოწილეები "-----" (პ/ნ "-----"), "-----" (პ/ნ "-----") და "-----" (პ/ნ "-----").
2019 წელს"-----"-მა (პ/ნ "-----") კაპიტალში შეიტანა დამფუძნებლის შენატანი და შემდეგ მეწილეებს გადასცა 425 000 ლარი. 2020 და 2021 წლებში "-----"-მ (პ/ნ "-----") კომპანიის კაპიტალში შეიტანა დამფუძნებლის შენატანი 588 769 ლარის ოდენობით. "-----"-მ (პ/ნ "-----") კომპანიის კაპიტალში შეიტანა დამფუძნებლის შენატანი 588 769 ლარის ოდენობით. "-----"-მ (პ/ნ "-----") კომპანიის კაპიტალში შეიტანა 125 376 ლარი.
გამოცემულია აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №021-132 საგადასახადო მოთხოვნა, რომ კაპიტალის გატანა, რომელიც არ დასაბეგრ ოპერაციებს მიეკუთვნება, ამ შემთხვევაში წარმოადგენდა დღგით და მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციას. უკანონოდ დაანგარიშებული გადასახადებისთვის უკანონოდ და არასწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის და საურავის განსაზღვრის თაობაზე, რაც ჯამში წარმოადგენს კოლოსალურად დიდ თანხას - 1 696 435 ლარს.
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32624 ბრძანება და 23.12.2022 წლის №021-132 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივრით მოთხოვნილი იყო ინდ. მეწარმე მეწილეების მიერ გადახდილი თანხის ჩათვლა, ამ ქონებებზე სამომავლო რეალიზაციის შემთხვევაში ისევ ინდ. მეწარმეების მიერ დღგ-ის და მოგების გადასახადის გადახდა, ასევე ჩათვლის შემთხვევაში თანხების გადაანგარიშება-გაუქმება, რომელიც ჯარიმა-საურავის სახით იქნა დაკისრებული.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გაიზიარეს ზეპირსიტყვიერად კომპანიის პოზიცია, რომ კაპიტალის გატანა კომპანიის მხრიდან დასაბეგრი ოპერაცია არ იყო. ხოლო, მეწილეებმა, რომლებმაც კაპიტალი გაიტანეს მათ ამ ქონებასთან დაკავშირებული დღგ და მოგების გადასახადი გადახდილი აქვთ. ამიტომაც, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა გამოიწვევდა ერთიდაიგივე ქონებაზე ერთიდაიმავე გადასახადის ორმაგად გადახდას, ინდ. მეწარმე მეწილეების მიერ გადახდილი თანხა უნდა ყოფილიყო ჩათვლილი.
ზეპირ სხდომაზე მიღებულია პასუხი, რომ მეწილეების მიერ გადახდილი დღგ და მოგების გადასახადი ჩაითვლებოდა გადახდილად და კომპანიის პოზიცია გათვალისწინებული იქნებოდა, თუმცა შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15269 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სრულიად დაუსაბუთებელია, არ გამოიკვლიეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. კერძოდ ის, რომ კაპიტალიდან დამფუძნებლის შენატანის გატანა დასაბეგრი ოპერაცია არ არის, ხოლო იმ მეწილეებმა, რომლებმაც გაიტანეს შენატანები, დარეგისტრირდნენ დღგ-ის გადამხდელებად და ქონების რეალიზაციისას გადაიხადეს დღგ და მოგების გადასახადი. კონკრეტულ საქმეში კაპიტალიდან დამფუძნებლის შენატანის გატანა ქონების სახით არ წარმოადგენდა დივიდენდების განაწილებას, რადგან შენატანის გატანა დამფუძნებლის სრულუფლებიანი უფლებაა, კომპანიაში არ მომხდარა მოგების დაანგარიშება და დივიდენდის განაწილება და ასევე, შენატანისა და გატანილი ქონების ღირებულება იდენტურია.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის განმარტავს თუ რას წარმოადგენს დივიდენდი - აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახეთ მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ დივიდენდს არ მიეკუთვნება: ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება; ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით. ამრიგად, მეწილეების მიერ ქონებების გატანას ვერ განვიხილავთ დივიდენდების განაწილებად, რაც შეიძლება დასაბეგრი ოპერაცია გამხდარიყო.
შემოსავლების სამსახური უკანონოდ და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს, რომ კაპიტალში დამფუძნებელთა შენატანების გატანისთვის კომპანიამ უნდა გადაიხადოს მოგების გადასახადი - 409 367 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამ შემთხვევაში არ მომხდარა დივიდენდის გაცემა, არამედ დამფუძნებლებმა"-----"-მ და "-----"-მ კაპიტალში შენატანი გაიტანეს.
გარდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებისა, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია და მის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება კიდევ ყურადღება გასამახვილებელია იმ გარემოებაზე, რომ რასაც შემოსავლების სამსახური კომპანიას ედავება გადახდილი აქვს კომპანიის დამფუძნებლებს. 24.12.2020 წლის პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე "-----"-მ და "-----"-მ კომპანიის კაპიტალიდან გაიტანეს დამფუძნებლის შენატანი 530 000 ლარის ოდენობით პროპორციულად ქონების სახით - ს/კ "-----" და "-----". აქედან მათ მოახდინეს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომერციული ფართის ს/კ"-----" დაყოფა და რეალიზაცია ("-----" გაიყიდა 30.03.2021 წელს."-----"გაიყიდა 27.04.2021 წელს. "-----" გაიყიდა 4.02.2022 წელს განვადებით, თანხა სრულად არ არის გადახდილი). "-----" და "-----" არიან ინდ. მეწარმეებად რეგისტრირებული სუბიექტები და ქონების რეალიზაციის გამო, მათ კეთილსინდისიერად გადაიხადეს საქონლის მიწოდებისთვის დღგ და მიღებული მოგების გადასახადი, კანონით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში. აუდიტის დეპარტამენტმა და შემოსავლების სამსახურმა არ გამოიკვლიეს მომჩივნის პოზიცია და წარდგენილი დოკუმენტები გადასახადების გადახდის თაობაზე. შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვეს მტკიცებულებები, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების გარეშე მიიღეს ბრძანებები საჩივრის არდაკმაყოფილებისა და გადასახადების და ჯარიმა-საურავის დარიცხვის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით სრულ უკანონობამდე და ნონსენსამდე მივდივართ, რადგან გამოდის, რომ ერთიდაიგივე ქონებაზე და ერთიდაიგივე მოქმედებისთვის 2-ჯერ უნდა განხორციელდეს გადასახადების გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ "-----" და "-----" კეთილსინდისიერი გადამხდელი არიან, რადგანაც მათ შემოსავლების სამსახურში გაიარეს კონსულტაცია თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო დღგ-ის და მოგების გადასახადის გადახდა (სხდომის ოქმი). მიღებული კონსულტაციის საფუძველზე კი თავად საანგარიშო პერიოდის შესაბამისად გადაიხადეს კუთვნილი გადასახადები სრულად. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის ინტერესებს და განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
კაპიტალიდან გაიტანეს დამფუძნებლის შენატანი 530 000 ლარის ოდენობით პროპორციულად ქონების სახით - ს/კ "-----" და "-----". 26.10.2021 წლის პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე "-----"-მ - 197 800 ლარის ოდენობით ქონების სახით ს/კ "-----" და "-----"-მ 170 500 ლარის ოდენობით ქონების სახით - ს/კ "-----". კომპანიის კაპიტალიდან გაიტანეს დამფუძნებლის შენატანი. 3.06.2021 წლის პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე "-----"-მ 65 000 ლარის ოდენობით კომპანიის კაპიტალიდან გაიტანა დამფუძნებლის შენატანი ქონების სახით ს/კ "-----". დამფუძნებელთა მიერ კაპიტალში შენატან თანხას ქონების სახით გატანილი თანხის ოდენობა არ აღემატება. ეს არ წარმოადგენს დივიდენდის განაწილებას.
"-----"-მ და "-----"-მ მოახდინეს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომერციული ფართების - ს/კ "-----" დაყოფა და რეალიზაცია ("-----" გაიყიდა 30.03.2021 წელს, "-----" გაიყიდა 27.04.2021 წელს, "-----"გაიყიდა 4.02.2022 წელს განვადებით, თანხა სრულად არ არის გადახდილი). "-----"და "-----"არიან ინდ. მეწარმეებად რეგისტრირებული სუბიექტები და ქონების რეალიზაციის გამო, მათ კეთილსინდისიერად გადაიხადეს საქონლის მიწოდებისათვის დღგ და მიღებული მოგების გადასახადი კანონით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში.
აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2022 წლის №17742 ბრძანების საფუძველზე დაიწყო კომპანიის საქმიანობის 2019-2022 წლების საგადასახადო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 20.07.2022 წლის №19290 ბრძანების საფუძველზე შეჩერდა და 21.12.2022 წლის №32346 ბრძანების საფუძველზე ისევ განახლდა საგადასახადო შემოწმება.
საგადასახადო შემოწმების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტს არ გამოუთხოვია კომპანიიდან დოკუმენტაცია და სრულად არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, გადახდის ქვითრები, დეკლარაციები და სხვა საგადასახადო დოკუმენტაცია. შესაბამისად, მან უსაფუძვლოდ და კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გარემოებები გამოუკვლეველია, ბრძანებაში მითითებებია მხოლოდ ზოგად მუხლებზე, რომლებიც დღგ-სა და მოგების გადასახადს შეეხება, თუმცა ინდივიდუალური გარემოებები არც გამოკვლეული, არც აღწერილი, არც შესწავლილი და არც გათვალისწინებული არ არის. არ არის გამოკვლეული, რომ კაპიტალის გატანა დღგ-ით არ იბეგრება, რომ კომპანიას მოგება არ მიუღია. ამასთანავე, ინდ. მეწარმე მეწილეების "------"-ისა და"------"-ის მიერ ქონებების რეალიზაციის შედეგად კეთილსინდისიერად, რომ იქნა გადახდილი დღგ-ის და მოგების გადასახადის გადასახადიც. ასევე, ზეპირი განხილვის სხდომაზე დაფიქსირებული ორგანოს წარმომადგენლების გადაწყვეტილება გადასახადების ჩათვლის შესახებ ბრძანებაში საერთოდ არ არის ასახული. ასევე, საურავისა და ჯარიმის დარიცხვის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს განხილვა და საკითხის გამოკვლევა საერთოდ არ ჩაუტარებია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. აღნიშნული კი ხდება აქტის ბათილობის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში შენატანების ოდენობა გატანილი ქონების ოდენობა იდენტურია. ამავე მუხლის მე2 ნაწილის მიხედვით კი განაწილებულ მოგებად არ ითვლება: ა) საწარმოს ლიკვიდაციისას აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ოპერაციის განხორციელების შემდეგ საწარმოს კაპიტალის გაზრდა არ მიიჩნევა პარტნიორის მიერ კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) განხორცილებულ შენატანად; ბ) საწარმოს პარტნიორზე განხორციელებული გადახდა ამავე საწარმოს აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით. სწორედ ამ მუხლების საფუძველზე შეუძლებელია კომპანიის მიმართ წარმოიშვას მოგების გადასახადის გადახდის მოთხოვნა, რადგანაც განხორციელებული მოქმედებები არ ითვლება დივიდენდების განაწილებად და განაწილებულ მოგებად არ მიიჩნევა.
ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დღგ-ით 460 551 ლარის ოდენობით უნდა დაბეგრილიყო კაპიტალიდან დამფუძნებლის შენატანის გატანა, რაც სამართლებრივ საფუძვლებს სრულიად მოკლებულია. საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომ დღგის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევისას. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. ამრიგად, საქონლის მიწოდებისათვის ანაზღაურების გადახდის ფაქტი უნდა არსებობდეს. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლი უფრო აკონკრეტებს რა ითვლება საქონლის მიწოდებად და აკონკრეტებს, რომ საქონლის მიწოდება არის საკუთრების უფლების გადაცემა ქონების განკარგვის გზით. ამ შემთხვევაში ქონების განკარგვის ა/და ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდების ფაქტი არ არსებობს. ამ შემთხვევაში განხორციელდა კაპიტალში დამფუძნებელთა შენატანების გატანა, რომელიც საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საქონელის მიწოდებად და დასაბეგრ ოპერაციად არ მიიჩნევა: დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება). ასევე, საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა და აქტივის გადაცემა საწარმოს რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის.
ზემოაღნიშნული საფუძვლებით გამოიკვეთა, რომ გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს და გამოცემულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის დადგენილი კანონის მოთხოვნების დარღვევით, რაც ამისი ბათილობის უპირობო საფუძველია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე. კანონის აღნიშნული დარღვევები მოცემული საქმიდან ნათლად იკვეთება, ხოლო კანონის მოთხოვნათა დაურღვევლობის და შემოსავლების სამსახურის მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება:
ა) საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:
ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;
ა.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს;
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:
ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;
გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას დამფუძნებლებზე გაცემული აქვს კომერციული და საცხოვრებელი ფართები, კაპიტალში შენატანის სანაცვლოდ, ხოლო გარიგების ფასი განსხვავდება საბაზრო ფასისგან.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს დამფუძნებლებზე გადაცემული აქვს 2 კომერციული ფართი და 3 საცხოვრებელი ბინა, რომელთა გადაცემის ღირებულება საბაზრო ფასზე ნაკლებია. საბაზრო ფასთიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ფასების განსაზღვრისთვის გამოყენებულია მომჩივნის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული გარიგების ფასები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ სადავო შემთხვევაში შემოწმების შედეგად დადგენილი გარემოებების მიხედვით, საწარმოს მიერ დამფუძნებლებზე გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ფასი აღემატება გადაცემის დროს დაფიქსირებულ ღირებულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩვიანი აღნიშნავს,რომ გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს და გამოცემულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის დადგენილი კანონის მოთხოვნების დარღვევით, რაც ამისი ბათილობის უპირობო საფუძველია.კანონის აღნიშნული დარღვევები მოცემული საქმიდან ნათლად იკვეთება, ხოლო კანონის მოთხოვნათა დაურღვევლობის და შემოსავლების სამსახურის მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის დამფუძნებლებზე, კაპიტალში ფულადი შენატანის სანაცვლოდ გადაცემულია როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება საბაზრო ფასისგან და ასევე აღნიშნული მიწოდებები გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით.
გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის დადგენილი სხვაობა ჩათვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით და დღგ-ით, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
18,19,981(4)159,164(7).