ბრძანება N 26292
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26292
13 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ -----------ს (პ/ნ -------------)
(მის.: ქ. -------------------------)
2024 წლის 5 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ნოემბრისა და 5 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №119 და №128) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ -----------ს (პ/ნ -------------) 2024 წლის 5 მარტის №37557/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №006-679 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ 2019-2020 წლებში მისმა ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 103 590.60 და 104 909.31 ლარი. მან შემმოწმებლებს წარუდგინდა 2016-2020 წლების ბანკში გადახდილი პროცენტები, რომელიც შეადგენს 3595.6 აშშ დოლარს, ხოლო 2020 წელს კი 3094.79 აშშ დოლარს და მოითხოვა აღნიშნული თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლის საფუძველზე გამოქვითულიყო ერთობლივი შემოსავლიდან. მისი მოთხოვნის გათვალისწინების შემთხვევაში შემოსავალი არ გადააჭარბებდა 100 000 ლარს და დარიცხვა მოხდებოდა 0.2%-იანი განაკვეთით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებას დაექვემდებარა ხანდაზმული პერიოდი, კერძოდ, 2019 წელი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივნისის №13166 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ -----------ს (პ/ნ -------------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 19 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 25 დეკემბრის №32742 ბრძანება და ამავე თარიღის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 51 031 ლარი, მათ შორის, გადასახადი 26 902 ლარი, ჯარიმა 13 451 ლარი და საურავი 10 678 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 22 მარტის №6308 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 31 ოქტომბრის №23697/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 მარტის №6308 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ოქტომბრის №23697/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
საგადასახადო შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ ფ/პ --------ას 2020-2022 წლებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის საფუძველზეც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დაუდგინდა 2020, 2021 და 2022 წლებში ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. გადამხდელის მიერ წარდგენილია 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც შემოსავლად დაფიქსრირებულია 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავალი და განაკვეთად განსაზღვრულია 0.2%. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით კი დადგინდა, რომ გადამხდელს სამივე საანგარიშო წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. 2021 და 2022 წლებზე საგადასახადო ვალდებულება არ არის შესრულებული. შემოწმებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში (2020-2022 წლებში) ფ/პ --------ას საკუთრებაში უფიქსირდება 15 ერთეული უძრავი ქონება (ავტოსადგომი, ბინა, სარდაფი მდებარე ქ. -----ა და -------ში). ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები (BMW --, ნისსან --, ჰიუნდაი --, BMW ---, --ი). საკუთრებაში არსებული ქონების საბაზრო ღირებულება ძირითადად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ.
გადამხდელის განმარტებით --------- მიწის საკადასტრო კოდზე აშენებული კორპუსის ბინები გადაეცა შავი კარკასის მდგომარეობით. ამასთან, ---------- საკადასტრო კოდზე არსებული საოფისე ფართის შემთხვევაში გადამხდელი აცხადებს, რომ 2018 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულებით აღნიშნული ფართის მომავალ მესაკუთრეებად დარეგისტრირდა ორი ფიზიკური პირი. გადამხდელი განმარტავდა, რომ ვინაიდან, აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ მომავალ მესაკუთრეებს, ამდენად აღნიშნულ ქონებაზე არ ეკუთვნოდა ქონების გადასახადის გადახდა. -------- საკადასტრო კოდზე არსებულ საოფისე ფართი 2019 წლის 5 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცემა შპს „---“-ს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ვალდებულება ჰქონდა 2019 წელს საკუთრებაში არსებული პროპორციის მიხედვით დაედეკლარირებინა ქონების გადასახადი. აღნიშნული საოფისე ფართების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელმა ახსნა-განმარტებაში არ დააფიქსირა საბაზრო ღირებულებები. შესაბამისად, შემოწმების მიერ საბაზრო ღირებულებები აღებული იქნა ამავე ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 7 ნოემბერს, -- სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, მომჩვანმა ითხოვა საჩივრის განხილვის გადადება. საჩივრის განხილვა განმეორებით ჩაინიშნა 2024 წლის 5 დეკემბერს -- სთ-ზე, გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
გ) დარიცხული ხელფასი.
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:
დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;
დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.
ე) ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირისათვის:
ე.ა) ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 15%;
ე.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემოსავალს.
ხოლო ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად,1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ ჰქონდა წარდგენილი 2020, 2021 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები, ხოლო 2022 წლის ქონების გადასახადის დეკლარაცია საერთოდ არ წარუდგენია. ამასთან, გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი და საკუთრებაში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას დაექვემდებარა 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციების სისწორე, შესაბამისად აღნიშნული პერიოდები არ წარმოადგენდა ხანდაზმულ პერიოდს. ასევე, მიღებული შემოსავლები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ -----------ს (პ/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვას .
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13166 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №32742 ბრძანება და №006-679 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 51 031 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №6308 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №23697/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №6308 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 202(5.9); 205(12.14);