ბრძანება N 8372

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.05.2025
№ დოკუმენტი 8372
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8372

01 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის: -----)

2025 წლის 8 აპრილის საჩივრის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 აპრილის სხდომაზე (ოქმი N 29) განიხილა შპს „---“ (ს/ნ -----) N ----/-/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 24 მარტის N EL----- და N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 22 მარტს კომპანიის კუთვნილი ტვირთი, რომელიც განთავსებული იყო კონტეინერში MEDU----- და რომელზედაც შექმნილი იყო წინასწარი საბაჟო დეკლარაცია იმპორტი N -----/-----/C----- შპს ,,-----" -ს საბაჟო საწყობში გადაიტვირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე N -----. ტვირთმა ისე დატოვა საბაჟო საწყობი, რომ საბაჟო პროცედურების დასრულება არ მომხდარა. კომპანიის მინდობილ პირსა და საბაჟო საწყობის თანამშრომელს შორის არასწორი კომუნიკაციისა და შესაბამისი ინფორმაციის არასწორად გაცვლის შედეგი იყო მანქანის საწყობიდან გასვლა საბაჟო პროცედურების დასრულების გარეშე. კომპანიის მხრიდან აღნიშნული ფაქტის აღმოჩენისთანავე მოხდა დაკავშირება საბაჟო ორგანოსთან და მანქანა გზიდან ისე, რომ არ მომხდარა მისი გახსნა (საბაჟო საწყობის მიერ დადებული ლუქი) დაბრუნდა ისევ საწყობში.

მომდევნო სამუშაო დღეს მოხდა კანონის დაცვით მანქანის გახსნა და საქონლის დათვალიერება. საბაჟოს წარმომადგენლის მხრიდან შედგა დათვალიერების აქტი N --/--/2025--, რომლის მიხედვითაც საქონლის იდენტიფიცირება თანმხლებ დოკუმენტებთან მიმართებაში საბაჟოს წარმომადგენლის მიერ ვერ მოხერხდა.

საქონელი, რომელიც შემოიტანა კომპანიამ აღნიშნული იმპორტის ფარგლებში გამოიყენება სტომატოლოგიაში ძირითადი საშუალებების სახით (ბორმანქანა, ავტოკლავი, სტომატოლოგიური სკამი). თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ასეთი ტიპის საქონლის დათვალიერება და შეფასება სასურველია მოხდეს უშუალოდ სპეციალისტის თანდასწრებით. კომპანიის მინდობილ პირს არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია სრული ახსნა-განმარტება მიეცა ადგილზე საბაჟო წარმომადგენლისთვის. მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია კომპანიის ხელმძღვანელსა (რომელიც ფიზიკურად ვერ დაესწრო პროცესს 01 მაისი ---- N ---- აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ფარგლებს გარეთ მივლინებაში ყოფნის გამო) და წარმომადგენელს შორის, თუმცაღა ეს არასაკმარისი აღმოჩნდა სათანადო განმარტებების მისაღებად.

კომპანიას მიზანმიმართულად არ განუხორციელებია აღნიშნული ქმედება და როგორც კი ფაქტი აღმოაჩინა შეეცადა შეცდომის მყისიერად გამოსწორებას.

სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმა კომპანიამ სრულად გადაიხადა, ასევე გადაიხადა გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული დღგ.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას (პატიებას).

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „-----“ (ს/ნ -----) N -----/----- (24.03.2025) და შპს „-----“ N -----/----- (22.03.2025) განცხადებებით საბაჟო ორგანოს ეცნობა, რომ შპს „-----“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე N MEDU----- კონტეინერით განთავსებული, შპს „------“ კუთვნილი (საბაჟო დეკლარაცია N -----/C----- (18.03.2025)), საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების საქონელი, საბაჟო ფორმალობების დასრულებამდე გადაიტვირთა N ----- სატრანსპორტო საშუალებაში და დატოვა საბაჟო საწყობის კონტროლის ზონა, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა N ----- სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის დათვალიერება (დათვალიერების აქტი N --/--/2025/--), რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

ვინაიდან შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 24 მარტს შედგენილ იქნა N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 579.84 ლარის ოდენობით.

ამასთან ერთად, 2025 წლის 24 მარტს გამოიცა N EL-----/-- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ -----) დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი – დღგ 579.84 ლარი.

რაც შეეხება შპს „-----“ მიმართ 2025 წლის 24 მარტს შედგენილ N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, აღნიშნული ოქმი გაუქმდა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის N 7689 ბრძანებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა 2025 წლის 24 მარტის N EL ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ გადაწყვეტილება არის საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედება ან/და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც პირის ან დაინტერესებულ პირთა მიმართ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის N 7689 ბრძანებით გაუქმდა 2025 წლის 24 მარტის N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა 2025 წლის 24 მარტის N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა 2025 წლის 24 მარტის N EL------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით:საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება;

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ფორმალობა კი დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას მოიცავს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ შპს „-----“ კუთვნილი (საბაჟო დეკლარაცია N -----/C----- (18.03.2025)), საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების საქონელი, საბაჟო ფორმალობების დასრულებამდე გადაიტვირთა N --- სატრანსპორტო საშუალებაში და დატოვა საბაჟო საწყობის კონტროლის ზონა, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა N ----- სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის დათვალიერება (დათვალიერების აქტი N --/--/---/-), რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, დაკისრებული სანქციისგან პატიებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი 2025 წლის 24 მარტის N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი 2025 წლის 24 მარტის N EL----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას (პატიებას).

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანმა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე კუთვნილი საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების საქონელი საბაჟო ფორმალობების დასრულებამდე გადაიტვირთა სატრანსპორტო საშუალებაში და დატოვა საბაჟო საწყობის კონტროლის ზონა, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა საქონლის დათვალიერება რის შედეგადაც საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 579.84 ლარის ოდენობით. ამასთან ერთად, შედგა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი – დღგ 579.84 ლარი, ხოლო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გაუქმდა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის N 7689 ბრძანებით.

 

გადაწყვეტილება:

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 163; მუხლი 172;.