გადაწყვეტილება №19255/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2023
№ დოკუმენტი 19255/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19255/2/2023

25.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 30.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19255/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება;

2. საბანკო ამონაწერების მიხედვით გამოტანილ და მიზნობრივად გახარჯულ თანხებს შორის სხვაობის (საკასო ხარჯის გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №005-153 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4934 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 36 148 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 20 627

დღგ - 4 900

საშემოსავლო გადასახადი - 15 727

ჯარიმა - 9 225

საურავი - 6 296

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 13.10.2022 წლის №26098 ბრძანება და №005-153 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4934 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: 1. პირველ სადავო საკითხზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხზე დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4934 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ აქვს წარდგენილი დეკლარაციები. საბანკო ამონაწერების, მიღება-ჩაბარების აქტების და სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დადგინდა, რომ 2021 წლის 9 ივლისიდან გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ვინაიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს. დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, რადგან მიწოდება ხდებოდა უფრო ადრე, ვიდრე თანხის ჩარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლების შეფასებას დღგ-ში დარიცხული თანხის ნაწილში, ვინაიდან სრულად არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობა. მოითხოვს მისი მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლას და მიღებული ფაქტურების დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე, მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4934 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4934 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. საბანკო ამონაწერების მიხედვით გამოტანილ და მიზნობრივად გახარჯულ თანხებს შორის სხვაობის (საკასო ხარჯის გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არ აქვს წარდგენილი დეკლარაციები. შემოსავალი სრულად მიღებულია საბანკო გადარიცხვებით. საბანკო ამონაწერების და მიღებული სასაქონლო ზედნადებების შესწავლით დგინდება, რომ საბანკო ამონაწერებიდან გამოტანილ და მიზნობრივად გახარჯულ თანხებს შორის ფიქსირდება სხვაობა. გათვალისწინებულ იქნა წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის 10%, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტორის შეფასებას ვინაიდან, ზოგიერთ შემთხვევაში საქონლის შეძენა ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე პირადად დირექტორის მიერ, რა დროსაც არ ხდებოდა სასაქონლო ზედნადების გამოწერა. გამომდინარე აქედან, მოხდა ხარჯების შემცირება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სრულად არ მომხდარა მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობის დადგენა.

აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სალაროს ნაშთში გააჩნია თანხა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქუჩაში ჩამოართვეს საწარმოს დირექტორს ხელწერილი თანხის არ არსებობის შესახებ.

მიაჩნია, რომ საკითხი დამატებით საჭიროებს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4934 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4934 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №005-153 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 9 225 ლარი და საურავი - 9 296 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი. დარიცხულ თანხებთან მიმართებით ბრალეულობა არ იკვეთება.

საქართველოს უზენაესი სასამართლო 2014 წლის 7 ოქტომბრის №ბს-222-219 გადაწყვეტილებაში აღნიშნავს რომ, გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა საპატიებელი არ არის (მაგალითად, მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით) პირი არ შეიძლება განთავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან.

მითითებულის გათვალისწინებით დავის განმხილველი ორგანოს ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისთვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად, ამასთან საჭიროა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

დარიცხვა გამოწვეულია მისი არაბრალეული ქმედების გამო, ვინაიდან საქონლის მომწოდებლებმა შეიყვანეს შეცდომაში. ამასთან მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად არცერთი სამართალდარღვევა არ ჰქონია და კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაანგარიშება;

2. საბანკო ამონაწერების მიხედვით გამოტანილ და მიზნობრივად გახარჯულ თანხებს შორის სხვაობის (საკასო ხარჯის გათვალისწინებით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 13.10.2022 წლის №26098 ბრძანება და №005-153 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4934 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4934 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174; 175; 176; 101 (1); 154; 269 (7).

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 72-ე მუხლის მე-3 პუნქტი.