ბრძანება N 25268
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25268
11 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის” (ს/ნ ---)
მის.: (---) 2023 წლის 1 ივლისის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 05 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა შპს „---ის” (ს/ნ ---) №82024/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №006-147 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აცხადებს, რომ საქონელი არც არარეგისტრირებული პირებისგან აქვს შეძენილი და არც საცალოდ მოუხდენია მათი რეალიზაცია. აღნიშნავს, რომ საქონლის შეძენის (მათ შორის, იმპორტის) და რეალიზაციის (მათ შორის, ექსპორტის) შესახებ ინფორმაცია სრულადაა ასახული ელექტრონულად გადამხდელის პირად გვერდზე, რომელთა ანალიზით საწარმოს სმფ-ების ნაშთები არ უფიქსირდება. აცხადებს, რომ შეძენილი წყვილთვალების და ნაწილების საერთო მასა შეადგენს 2 054.7 ტონას, წყვილთვალა იწონის 1 150 კგ-ს (ღერძი - 450კგ, ბორბალი 2 ცალი - 500 კგ, საბუქსე კვანძი - 200 კგ). საწარმოს შეძენილი აქვს 1631 ცალი წყვილთვალა, 657 ცალი ბორბალი, 147 ცალი ღერძი, ხოლო რეალიზებულია 764 წყვილთვალა, 46 წყვილთვლას ბორბალი, 1 წყვილთვალას ღერძი და 1 159.1 ტონა ჯართი. სმფ-ების ნაშთის მასაა 1 215.5 ტონა, ხოლო რეალიზებული ჯართის მასა - 1 159.1 ტონა. შესაბამისად, დანაკლისი წარმოადგენს 56.4 ტონას. გადამხდელი ასევე განმარტავს, რომ შეძენილი ხეტყის მასალა წარმოადგენს წყვილთვალების ტრანსპორტირებისთვის საჭირო დასამაგრებელ საშუალებას და არა გასაყიდ საქონელს და მასზე ხე-ტყის აუდირებული ფასნამატის გავრცელება მიაჩნია არამართლზომიერად. ითხოვს დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების და შესაბამისი ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №4643 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 18 აპრილის №8454 ბრძანება და 19 აპრილის №006-147 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 264 370 ლარი, მათ შორის, გადასახადი 144 697 ლარი, ჯარიმა 72 349 ლარი, საურავი 47 324 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს 2019 წელს შეძენილი აქვს სს „---გან“ (ს/ნ ---) აუქციონის სახით --- საბუქსე კვანძებით დაუკომპლეტქებელი წყვილთვალა, წყვილთვალას თვლები და წყვილთვალას ღერძები, რომლის რეალიზაციას ახდენს ექსპორტის (---) სახით და ასევე ადგილობრივ ბაზარზე. გამოყენებისთვის უვარგისი დეტალები რეალიზებული აქვს ჯართის სახით ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხდა, შესაბამისად არ იყო წარმოდგენილი შემოწმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ვერ ხდება ჩამოწერილი საქონლის იდენტიფიცირება სახეობების და რაოდენობების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136- ე და 73-ე მუხლების თანახმად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შეძენილი საქონლისა და შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო ნაშთის ანალიზის შედეგად, წლების მიხედვით დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სახეობების ჯგუფების მიხედვით, მთლიანი შეძენის ხვედრითი წილის პროპორციულად და 2020 წელს საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული იქნა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით (წყვილთვალა, წყვილთვალას ბორბლები და წყვილთვალას ღერძები), ხოლო დანარჩენ კატეგორიებზე (ფიცარი და ხე-ტყის მასალა) გავრცელდა მსგავსი საქმიანობის აუდირებული ფასნამატი.
ასევე, საწარმოს 2021 წლის ივნისში რეალიზებული აქვს მიკრო ავტობუსი. აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებული სხვაობებით გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე განხორციელდა მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად დადგენილ იქნა მიღებული/მისაღები ფულადი სახსრები, გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული და ბიუჯეტში გადახდილი ხარჯები. 2021 წლის დეკემბრის თვეში ნაშთად დარჩენილი თანხა, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის N39866 ბრძანების შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე სარეალიზაციოდ შეძენილი საქონლის რაოდენობასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დგინდება, რომ საწარმოს 2019 წელს შეძენილი აქვს სს "---გან" აუქციონის სახით --- საბუქსე კვანძებით დაუკომპლექტებელი წყვილთვალა, წყვილთვალას თვლები და წყვილთვალას ღერძები. ასევე, 2019-2020 წლებში საწარმოს შპს „---გან“ და შპს „---“-სგან სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი აქვს ---ს ბორბლები და ღერძები. სულ ჯამში შეძენილია 2 211 496 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც რეალიზებულია სრულად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს არ გააჩნია ნაშთი. მთლიანი შეძენის და დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის სხვაობა (320 546 ლარის თვითღირებულების საქონელი) წარმოადგენს დოკუმენტების გარეშე რეალიზებულს, რომელიც გადამხდელის მიერ არ იყო დეკლარირებული. შემოწმების მიერ დოკუმენტურ რეალიზაციაში გათვალისწინებულია ექსპორტის რეჟიმში მოქცეული და ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონელი, ასევე ჯართის სახით გაყიდული წყვილთვალას ბორბლები. ჯართის ჯამური წონა საწარმოს სასაქონლო ზედნადებების მიხედვით არის 1159.1 ტონა. შემოწმების მიერ საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით დათვლილი იყო საშუალო წყვილთვალას წონა - 1.125 ტონა, საიდანაც გამომდინარეობს რომ საწარმოს მიერ ჯართის სახით რეალიზებული იყო 1 030 ---ის წყვილთვალა. შემოწმების მიერ საცალოდ რეალიზებულ საქონელზე გავრცელებული იქნა დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატები 27-30% კატეგორიების მიხედვით (წყვილთვალა, წყვილთვალას ბორბლები და წყვილთვალას ღერძები).
გადამხდელის ინფორმაციით წყვილთვალას საშუალო წონა არის 1.150 ტონა, აღნიშნულის შემოწმების მიერ გათვალისწინების შემთხვევაში ჯართის სახით რეალიზებული წყილთვალას რაოდენობა იქნება 1 008 ცალი და საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება გაიზრდება 344 849 ლარამდე რაც ჯამურად გამოიწვევს დარიცხვის გაზრდას. რაც შეეხება ხე-ტყის მასალას, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შეძენილი ხე-ტყის მასალა წარმოადგენს წყვილთვალების ტრანსპორტირებისთვის საჭირო დასამაგრებელ საშუალებას და არა გასაყიდ საქონელს, შესაბამისად, მასზე ხე-ტყის აუდირებული ფასნამატის გავრცელება არამართლზომიერია.
ყოველივე ზემოხსენებულის და იმის გათვალისწინებით, რომ ხე-მასალა გამოიყენებოდა წყვილთვალების ტრანსპორტირებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხე-მასალაზე გამოყენებულ იქნას მეორადი ხე-მასალის აუდირებული ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს” (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხე-მასალაზე გამოყენებულ იქნას მეორადი ხე-მასალის აუდირებული ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №4643 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 18 აპრილის №8454 ბრძანება და 19 აპრილის №006-147 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 264 370 ლარი, მათ შორის, გადასახადი 144 697 ლარი, ჯარიმა 72 349 ლარი, საურავი 47 324 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხე-მასალაზე გამოყენებულ იქნას მეორადი ხე-მასალის აუდირებული ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (2,6) ; 136; 49; 61; 73 (4,5, 9); 2 (2); 159; 163; 164; 101; 154.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.