გადაწყვეტილება №24434/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24434/2/2024
31 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--- “ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--- ს“ 12.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24434/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება;
2. ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2024 წლის №041-48 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.11.2024 წლის №23646 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 393 873,53 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 781 160
დღგ - 209 144
მოგების გადასახადი - 61 283
საშემოსავლო გადასახადი - 510 733
ჯარიმა - 390 580
საურავი - 222 133,53
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჩინეთიდან ფეხსაცმლის და ტანსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია ---ს ბაზრობიდან. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 12 ოქტომბერს, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად 2022 წლის 20 მაისს. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივლისის №15612 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 12 ოქტომბრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18 სექტემბერს №20504 ბრძანება და №041-48 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.11.2024 წლის №23646 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა 2 008 458 ლარის ბრუნვა, ხოლო გამოწერილი დოკუმენტები თანხობრივად შეადგენდა 34 440 ლარს. ასევე, საკონტროლო-სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკებით მიღებული თანხა შეადგენდა 1 414 732 ლარს. გადასახადის გადამხდელის ახსნაგანმარტების, საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის („ინფო“) მიხედვითაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიას არ გააჩნდა საქონლის და დებიტორ-კრედიტორების ნაშთი. ამასთან, კომპანია 2023 წლის მარტის შემდგომ აღარ საქმიანობდა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამით ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, ვინაიდან ვერ ხდებოდა იდენტიფიცირება თითოეული ნაღდი ანგარიშსწორებისას გაყიდული პროდუქტის თვითღირებულების, რაოდენობისა და სახეობის. არ ხდებოდა კონტროლი საქონლის მოძრაობაზე. ამასთან, საბანკო ამონაწერებში საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები არ ფიქსირდებოდა. გადასახადის გადამხდელს შემოსავალი დეკლარირებული ჰქონდა 3%- იანი ფასნამატით. ასევე, საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემები თვის ჭრილში არ ემთხვეოდა საკონტროლო-სალარო აპარატში დაფიქსირებულ შემოსავლებს. შესაბამისად, კომპანიის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდზე იმპორტირებული საქონელი დაიყო კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 59%.
შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში გათვალისწინებულ იქნა საბაჟოზე გადახდილი დღგ 1 324 ლარის ოდენობით. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის შესაბამისად, დაანგარიშდა განკარგვადი თანხები, რომელთა გახარჯვაზეც ინფორმაცია არ ყოფილა წარდგენილი. მიღებული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საბუღალტრო პროგრამით ვერ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი, ვინაიდან ვერ ხდებოდა იდენტიფიცირება თითოეული ნაღდი ანგარიშსწორებისას გაყიდული პროდუქტის თვითღირებულების, რაოდენობისა და სახეობის და არ ხდებოდა კონტროლი საქონლის მოძრაობაზე. ამასთან, საბანკო ანგარიშის ამონაწერებში საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები არ ფიქსირდებოდა. გადასახადის გადამხდელს შემოსავალი დეკლარირებული ჰქონდა 3%-იანი ფასნამატით. ასევე, საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემები თვის ჭრილში არ ემთხვეოდა საკონტროლოსალარო აპარატში დაფიქსირებულ შემოსავლებს. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და კომპანიის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული საქონელი დაყოფილ იქნა კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 59%.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, შეძენილი საქონლის კატეგორიებად დაყოფა და თითოეულ კატეგორიაზე მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით დადგენილი აუდირებული ფასნამატის გავრცელება. ასევე, მართლზომიერია დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არცერთ პუნქტით დადგენილი პირობა არ არსებობდა მეთოდის გამოსაყენებლად, კერძოდ მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არ დასტურდებოდა პირის აქტივების დაუსაბუთებელი ზრდა არც საბუღალტრო მონაცემებით არც სხვა რაიმე წყაროდან მიღებული მონაცემებით, არ ფიქსირდებოდა არანაირი წყაროთი, რომ ეკონომიკური საქმიანობისთვის ან/და პირადი მოხმარებისთვის გაწეული ხარჯი აჭარბებდა შემოსავალს, შესამოწმებელ პერიოდში არ იყო გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტი. კომპანიის არ გააჩნია იჯარით აღებული ფართი - მაღაზია და ამიტომ ახსნა განმარტებით ბარათში შემმოწმებელს განემარტა, რომ ეს იყო არასპეციალიზებული ვაჭრობა - კონკრეტულად ხდებოდა მიღებული კონტეინერიდანვე გაყიდვა ---ს ტერიტორიაზე, სადაც შეუძლებელი იყო საშუალოდ 59 % ფასნამატის არსებობა.
აქედან გამომდინარე შეუძლებელი იყო გაშლილ ტერიტორიაზე გაყიდული პროდუქციის სათითაოდ ჩაშლა პროდუქციის მიხედვით, რეალიზაციის აღრიცხვა ხდებოდა მხოლოდ სალაროს ჩეკებით. რის შემდეგაც თანხა ჯამურად შეჰქონდა ბანკში ან იღებდა დამფუძნებელი. პროდუქციას არ გააჩნდა მაღალი ღირებულება, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის დაბალი ფასნამატი, რაც აქტშია ნახსენები და სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა გადასახადის გადამხდელმა ფუნქციონირება, ასევე შემოტანილია დაბალფასიანი პროდუქცია, რომელიც შესაბამისად დაბალი ხარისხის არის და გათვლილია დაბალი ბიუჯეტის მქონე მოსახლეობისთვის, რეალურად მიღებული მაღალი პროცენტიანი ფასნამატი არასწორია და ასევე ყველა პროდუქციაზე ერთიდაიგივე ფასნამატი თან ყველა პერიოდზე უფრო არარეალურია, რაც დაერიცხა შემოწმებით, ასევე პროგრამაში ასახულია მათგან მოცემული ციფრები მართალია დეტალურად არ არის ჩაშლილი 1410 ანგარიშში მაგრამ გადამხდელი შეძლებისდაგვარად ახორციელებდა პროგრამაში ასახვას და ამავდროულად იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი და არსებული ზედმეტობა არ დაუბრუნებია ანგარიშზე და არ უსარგებლია ბიუჯეტის თანხებით. უარყოფითი ფასნამატი გამოწვეულია სარეალიზაციო პროდუქციის თავისებურებებით, კერძოდ გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს ისეთი პროდუქციით, რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ის დაკავშირებულია მოდასთან და ერთი სახის პროდუქცია ერთ დღეს მოდაშია და აქვს მაღალი ღირებულება შემდგ დღეს შეიძლება გამოვიდეს მოდიდან და მისი ადგილი სხვამ დაიკავოს.
შესაბამისად ამ საქონლის ფასი, რაც აქტშია ნახსენები. საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში მომჩივანი აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადამხდელმა არ თუ სარგებელი მიიღო არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რასაც ადასტურებს ბუღალტრული აღრიცხვა და ის გადარიცხვები, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით, აგრეთვე ნაღდი ფულით დაფარული კრედიტორული დავალიანება. ამიტომ გადასახადის გადამხდელი ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა. საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითად დარღვეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ითხოვს მის მიმართ გამოცემული აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამით ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, ვინაიდან ვერ ხდებოდა იდენტიფიცირება თითოეული ნაღდი ანგარიშსწორებისას გაყიდული პროდუქტის თვითღირებულების, რაოდენობისა და სახეობის, არ ხდებოდა კონტროლი საქონლის მოძრაობაზე. ამასთან, საბანკო ამონაწერებში საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები არ ფიქსირდებოდა.
გადასახადის გადამხდელს შემოსავალი დეკლარირებული ჰქონდა 3%-იანი ფასნამატით ასევე, საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული მონაცემები თვის ჭრილში არ ემთხვეოდა საკონტროლო-სალარო აპარატში დაფიქსირებულ შემოსავლებს.
მომჩივნის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არ დასტურდებოდა პირის აქტივების დაუსაბუთებელი ზრდა არც საბუღალტრო მონაცემებით არც სხვა რაიმე წყაროდან მიღებული მონაცემებით, არ ფიქსირდებოდა არანაირი წყაროთი, რომ ეკონომიკური საქმიანობისთვის ან/და პირადი მოხმარებისთვის გაწეული ხარჯი აჭარბებდა შემოსავალს, შესამოწმებელ პერიოდში არ იყო გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტი.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა ფაქტების აღწერა
კომპანიის საბანკო ანგარიშების ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის შეძენა ხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით. კერძოდ, დამფუძნებლის მიერ ხდებოდა თანხის შეტანა საქონლის შესაძენად. საბანკო ანგარიშის ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიას ჩინეთში გადახდილი ჰქონდა 347 275 ლარით მეტი თანხა, ვიდრე მიღებული ჰქონდა საქონელი. ასევე, 2023 წლის იანვრის თვის შემდგომ საქონლის შემოტანა აღარ მომხდარა, ხოლო კომპანია 2023 წლის მარტის შემდგომ აღარ საქმიანობდა. შედეგად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, მომწოდებელზე გადახდილი თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით დაბრუნდა საწარმოში კრედიტორის მიერ, რადგან ვერ შედგა დაგეგმილი ოპერაცია და კომპანიის საქმიანობაც შეჩერებული იყო, ხოლო თავის მხრივ, უკან დაბრუნებული თანხა გაიტანა დამფუძნებელმა, მის მიერ შემოტანილი თანხების უკან დაბრუნების მიზნით. ამასთან, მიუთითებს, რომ ნაწილი თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდა ფორსმაჟორული პირობების გამო.
შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-2 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. კაპიტალთან დაკავშირებით), განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მოგების გადასახადთან მიმართებაში მომჩივანი აღნიშნავს, რომ რადგან კომპანია იყო გაჩერებული და აღარ ფუნქციონირებდა საბანკო ანგარიშზე არ მოხდა თანხების დაბრუნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამფუძნებელი თავის მიერ შეტანილ და გადარიცხულ თანხებს არ დაიბრუნებდა უკან, მათ შორის გრძელდება მოლაპარაკება.
ასევე საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს შეეძლო ზედმეტად გადახდილი თანხებით ჯერ გაექვითა მომწოდებელზე ზედმეტად გადახდილი თანხა და თუ რამე დარჩებოდა ზედმეტად გადარიცხული მაშინ დაებეგრა მოგების გადასახადით. საგადასახადო ორგანოს პოზიცია ნაწილობრივ სწორია, რადგან თანხა მიმწოდებელზე გადარიცხულია ზედმეტად მაგრამ ნაწილნაწილ იყო ნაღდი ანგარიშსწორებით დაბრუნებული საწარმოში კრედიტორის მიერ, იმის გამო რომ ვერ შედგა დაგეგმილი ოპერაცია და უკვე კომპანიაც იყო შეჩერებული, ხოლო თავისი მხრივ, უკან დაბრუნებული თანხა გატანილი აქვს დამფუძნებელს მის მიერ ადრე შეტანილი თანხების უკან დაბრუნების მიზნით.
მომჩივანი თვლის, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითად დარღვეულია ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მომჩივანი ითხოვს მის მიმართ გამოცემული აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურის 6.11.2024 წლის №23646 ბრძანებით ამ ნაწილში საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მ.შ. კაპიტალთან დაკავშირებით), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი მიუთითებს, რომ არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, თუმცა არ მიუთითებს თუ კონკრეტულად რატომ მიიჩნევს ამ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ 6.11.2024 წლის №23646 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას არამართლზომიერად.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერება;
2. ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და კომპანიის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდზე იმპორტირებული საქონელი დაყოფილ იქნა კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის და ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი, საშუალოდ 59%. შესაბამისად, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების მიერ, არაპირდაპირად დათვლილი შემოსავლის შესაბამისად, დაანგარიშდა განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საბანკო ანგარიშის ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიას ჩინეთში გადახდილი ჰქონდა 347 275 ლარით მეტი თანხა, ვიდრე მიღებული ჰქონდა საქონელი. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 154; 101; 105; 72; 982.