ბრძანება N 27255
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27255
06 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------ს (ს/ნ ------)
(მის.: ---------)
2023 წლის 26 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 აგვისტოს №19827/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ ------ს (ს/ნ -------) №80575/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აპრილის №074-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების შედეგად გამოცემულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე მომჩივანი არ მიიჩნიოს დღგ-ს გადამხდელად და შეამციროს ამ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, 2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 2021 წლიდან მოქმედ 1651 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით ითხოვს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას და აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ოქტომბრის №35124 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------ს (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 28 დეკემბრის №41548 ბრძანება და ამავე თარიღის №074-49 06 ნოემბერი 2023 N 27255 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 99 116 ლარი, მათ შორის, გადასახადი 59 388 ლარი, ჯარიმა 16 497 ლარი, საურავი 23 231 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 16 მაისის №12168 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,, 1. ი/მ ------ს (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12168 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 28 236 ლარით, მათ შორის გადასახადი 22 285 ლარით და ჯარიმა 5 951 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 აპრილის №074-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 26 აპრილს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მაისის №11409 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 9 აგვისტოს №19827/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მაისის №11409 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 აგვისტოს №19827/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიუთითებს, რომ შესწავლას საჭიროებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დროს დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებთან შესაბამისობის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით შესწავლას საჭიროებს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებზე დღგ-ის დარიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: ი/მ ------ს (ს/ნ -------) მიერ მოხდა საჩივარში ასახული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის და მტკიცებულებების განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენა (საქონლის ხორცის წარმომავლობის დადგენა დოკუმენტებით, საბანკო ამონაწერები). ასევე, შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლის დოკუმენტები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები. შესაბამისად, განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) დღგ-ის ნაწილში. ამასთან, ი/მ ------ს (ს/ნ -------) დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2018 წლის 2 იანვარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ მოთხოვნაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დადგომის შემდგომ (მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 -ე მუხლზე) პერიოდზე მომჩივანი არ მიიჩნიოს დღგ-ს გადამხდელად და შეამციროს ამ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებით მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ, თუ დგება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას გაიუქმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, აღნიშნული პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე, არ მიიჩნიოს ი/მ ----- (ს/ნ ------) დღგ-ის გადამხდელად და განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------ს (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო შემოწმებით მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ, თუ დგება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას გაიუქმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, აღნიშნული პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე, არ მიიჩნიოს ი/მ ------ (ს/ნ ------) დღგ-ის გადამხდელად და განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების შედეგად გამოცემულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე მომჩივანი არ მიიჩნიოს დღგ-ს გადამხდელად და შეამციროს ამ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №41548 ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი. საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №12168 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გადამხდელმა კვლავ გასაჩივრა და შემოსავლების სამსახურის №11409 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 9 აგვისტოს №19827/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №11409 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო შემოწმებით მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ, თუ დგება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას გაიუქმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, აღნიშნული პირობების დადგომის შემდგომ პერიოდზე, არ მიიჩნიოს საჩივრის ავტორი დღგ-ის გადამხდელად და განახორციელოს ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 157; 158; 1651