ბრძანება N 30627
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30627
06 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 9 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 9 ნოემბრის №84831/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №081-244 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, მათ შორის, შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ საწარმო არ არის დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის და საქონლის ზედნადების გარეშე ტრასპორტირების ფაქტზე. ამასთან, ყოველდღიური მონაცემების, სალაროს ჩეკების და ზედნადებების არქონის შემთხვევაში, ვერ მოახდენდა ჩამოწერას და ნაშთის გამოყვანას თვის ბოლოს. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი პირობა. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ ფასნამატის გაანგარიშების მეთოდს, რომლითაც დადგინდა საშუალო შეწონილი ფასნამატი მთლიან რეალიზებულ საქონელზე 30-50%-ის ოდენობით, ვინაიდან აღნიშნული ფასნამატი პრაქტიკულად 12-15%-ზე მეტს არ შეადგენს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გადამხდელს აქვს დეფექტური იმპორტირებული საქონელი, რომლის შეცვლა ან უკან დაბრუნება შეუძლებელია. ამასთან, საწარმო საქონლის რეალიზაციას ახოციელებს ბაზრობის ტერიტორიაზე ძირითადად ბითუმად და ფასდათმობით. საქონელი ასევე გაყიდულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად განცხადებით თანხმობის საფუძველზე.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ არასწორად გაანგარიშებული ფასნამატის გამო დადგენილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, გამომდინარე აქედან, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი არასწორია.
3. გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%-ის გადახდილად ჩათვლას და განკარგვადი თანხის უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ ყველა იმპორტირებულ საქონელზე თანხა გადახდილია სრულად, რაც ასახულია კრედიტორების სიაში დავალიანების არქონის შესახებ. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ საწარმოს აქვს ბიზნეს სესხი ბანკიდან, რომელიც სრულად იქნა მიმართული საქონლის შესაძენად. გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 აგვისტოს №19916 და 27 სექტემბრის №23695 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 3 სექტემბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ოქტომბრის №25132 ბრძანება და ამავე თარიღის №081-244 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 422 464 ლარი, მათ შორის, გადასახადი 257 005 ლარი, ჯარიმა 123 497 ლარი და საურავი 41 962 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „---ს“ საქმიანობის საგანია ირანიდან და თურქეთიდან სამშენებლო მასალების, ძირითადად იატაკისა და კედლის მოსაპირკეთებელი ფილების იმპორტი და ადგილობრივი რეალიზაცია. გადამხდელი საქმიანობას ეწევა იჯარით აღებულ ფართში ---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ---ის ქუჩაზე. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად. გადასახადის გადამხდელის განმარტებით ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა წაეშალა კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული განახლების დროს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ გაწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ზუსტად ვერ ხდება დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის დადგენა. შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებში ერთსა და იმავე სახეობის საქონელზე მითითებულია სხვადასხვა საფასო კატეგორიები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში ტერიტორიული სიახლოვის პრიორიტეტით შერჩეული იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია, აღნიშნული პირების აუდირებული ფასნამატი შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა შპს „---ს“ მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე და შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 161-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი ბრუნვა. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა განმარტება საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თაობაზე, რის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაშთად გააჩნია 588 674,3 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადაახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. ვინაიდან, გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის დადგენილი წესით, შემოწმების მიერ შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა სალაროში ფულადი სახსრების ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. შემოწმებით ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ჩაითვალა გადახდილად, ხოლო ყოველი რეალიზაცია ანაზღაურებულად. შედეგად, შემოწმებით გაანგარიშდა სალაროში განკარგვადი ფულადი სახსრები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს იმპორტის სასაქონლო ოპერაციით განხორციელებული აქვს სულ 2 943 298 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის იმპორტი. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილია ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან (----). აღნიშნულის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტირებულ სასაქონლო ოპერაციებზე ანაზღაურება საბანკო გადარიცხვით არ განუხორციელებია. ამასთანავე, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს სრულად არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.), გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნულ საქონლის შეძენაზე ანაზღაურება განხორციელებულია ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განმარტავს, რომ ანაზღაურებას ახდენდა საქართველოს ტერიტორიაზე მომწოდებლის წარმომადგენელთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა საქონლის შეძენაზე განხორცილებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გადასახადის გადამხდელის მხრიდან იმპორტის სასაქონლო ოპერაციით შემოტანილ სასაქონლო მატერიალური ფასეულობებზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილია მხოლოდ 535 975 ლარზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი №8) და „სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობისას, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ“ (დანართი N7) მეთოდური მითითებების მიხედვით, იმ იმპორტირებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, რომლის შეძენაზეც გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. ამასთან, კომპანიის განკარგვადი ფულადი სახსრები, რისი არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თაბახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი ახორციელებს ირანიდან და თურქეთიდან სამშენებლო მასალების, ძირითადად იატაკისა და კედლის მოსაპირკეთებელი ფილების იმპორტს და ადგილობრივ რეალიზაციას. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მის მიერ გაწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ზუსტად ვერ ხორციელდება დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის დადგენა, შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტებში ერთსა და იმავე სახეობის საქონელზე მითითებულია სხვადასხვა საფასო კატეგორიები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ მოძიებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში ტერიტორიული სიახლოვის პრიორიტეტით შერჩეული იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია და აღნიშნული პირების აუდირებული ფასნამატი შემოწმების მიერ გავრცელებულ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რის საფუძველზეც გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ. ამასთან, ვინაიდან გადამხდელი არ ფლობს სააღრიცხვო დოკუმენტაციას სრულად, შემოწმებით ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი ჩაითვალა გადახდილად, ხოლო ყოველი რეალიზაცია ანაზღაურებულად. შედეგად, შემოწმებით გაანგარიშდა სალაროში განკარგვადი ფულადი სახსრები, რომელიც შემოწმების მიერ განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს იმპორტის სასაქონლო ოპერაციით განხორციელებული აქვს სულ 2 943 298 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის იმპორტი. გადამხდელის მიერ შემოწმებითვის წარდგენილი განმარტებით/დოკუმენტაციით, აღნიშნულ საქონლის შეძენაზე ანაზღაურება განხორციელებულია ნაღდი ანგარიშსწორებით, ამასთანავე, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს სრულად არა აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, ჩეკი, ქვითარი და ა.შ.), გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილია მხოლოდ 535 975 ლარზე. შემოწმებით, იმპორტირებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, რომლის შეძენაზეც გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნა წარდგენილი, არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. ამასთან, კომპანიის განკარგვადი ფულადი სახსრები, რისი არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით აღნიშნულ სადავო ოპერაციაზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებლებები მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, მათ შორის, შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%-ის გადახდილად ჩათვლას და განკარგვადი თანხის უპროცენტო სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ოქტომბრის №25132 ბრძანება და ამავე თარიღის №081-244 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 422 464 ლარი, მათ შორის, გადასახადი 257 005 ლარი, ჯარიმა 123 497 ლარი და საურავი 41 962 ლარი.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9; 4, 5); 101;154;159; 163; 164; 982.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160;161.