გადაწყვეტილება №22523/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22523/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ--------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------ი“-ის 10.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22523/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არაიდენტიფიცირებადი/ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;
3. ავანსის და შესრულების ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად ორმაგად ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება;
4. კორექტირების დღგ-ის გათვალისწინება;
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის №006-636 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3373 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 864 128,44 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 501 583
დღგ - 301 332
მოგების გადასახადი - 200 251
ჯარიმა - 249 658
საურავი - 112 887,44
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 24.11.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის №006-636 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3373 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, კომპანია დაფუძნებულია 24.11.2020 წელს. საზოგადოების დამფუძნებელი და დირექტორი არის ---------ძე (პ/ნ -------). დაფუძნებიდან 2022 წლის მარტამდე ეწეოდა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებას, ხოლო 2022 წლის მარტიდან დაიწყო გაყინული თევზის პროდუქტების შეძენარეალიზაციის ოპერაციებიც. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ობიექტებში - ------ის ქ. №---, -----ის ქ. №-- და ----ის ქ. №--.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22196 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის, შედეგად დადგინდა ფაქტობრივად არსებული სმფ-ების რაოდენობა - 301 074 ლარის თვითღირებულებით. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, გადამხდელისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის წარმოუდგენლობისთვის 24.10.2023 წლის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირის შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შესყიდვისა და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდა საქონლის დაკავშირება ჯგუფების მიხედვით (49 სასაქონლო ჯგუფი), შესაბამისად, მთლიანი რპთ-დან განცალკევდა დოკუმენტური რეალიზაციის მონაცემები და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა თითოეული სასაქონლო ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი. აღნიშნული მეთოდით დადგენილი საერთო საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 9,15%-ს, რომელიც ასევე გავრცელდა იმ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რომლის მიკუთვნებაც ვერ მოხერხდა რომელიმე ჯგუფზე. ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22196 ბრძანების საფუძველზე გამოვლენილი სმფ-ების ნაშთები. შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 542 678 ლარით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე და მე-2 მუხლებზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 171-ე, 159- ე, 164-ე და 43-ე მუხლებზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22196 ბრძანებით ჩატარდა შპს „-----ის“ (ს/ნ----------) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც დადგინდა ფაქტობრივად არსებული სმფ-ების რაოდენობა - 301 074 ლარის თვითღირებულებით. გადამხდელისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა არ იქნა წარმოდგენილი, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად.
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემდეგნაირად: შესყიდვისა და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოხდა საქონლის დაკავშირება ჯგუფების მიხედვით (49 სასაქონლო ჯგუფი), შესაბამისად, მთლიანი რპთ-დან განცალკევდა დოკუმენტური რეალიზაციის მონაცემები და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა თითოეული სასაქონლო ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი. აღნიშნული მეთოდით დადგენილი საერთო საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 9,15%-ს, რომელიც ასევე გავრცელდა იმ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რომლის მიკუთვნებაც ვერ მოხერხდა რომელიმე ჯგუფზე. ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დასადგენად გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლენილი სმფ-ების ნაშთები. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას აქვს საბუღალტრო პროგრამა, რომლითაც შესაძლებელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, რის გამოც სსკ-ის 73-ე მუხლის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით უნდა განისაზღვროს, არაზუსტია შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატი, საწარმოს მიერ გაანგარიშებული ფასნამატი არსებითად განსხვავდება შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატისგან, რის გამოც, უფლება უნდა მიეცეს აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფასნამატის გაანგარიშება, აუდიტის დეპარტამენტს კი დაევალოს წარდგენილი მონაცემების შესაბამისად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ინვენტარიზაციის შედეგები გამოყვანილი აქვს აუდიტის დეპარტამენტს, ნაცვლად დანაკლისისა სმფ-ები არაპირდაპირი მეთოდით განხილულია რეალიზებულად. საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული იყო დანაკლისი, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად და საგადასახადო შემოწმების აქტით უნდა დაერიცხა მხლოდ 10% ჯარიმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს არაპირდაპირი მეთოდით სმფ-ების რეალიზებულად განხილვის ნაცვლად გადააკვალიფიციროს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დანაკლისად და დაარიცხოს მხოლოდ ჯარიმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანია დაფუძნებიდან 2022 წლის მარტამდე ეწეოდა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებას, ხოლო 2022 წლის მარტიდან დაიწყო გაყინული თევზის პროდუქტების შეძენა-რეალიზაცია. 2023 წლის 13 სექტემბრის №22196 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა ფაქტობრივად არსებული სმფ-ების რაოდენობა - 301 074 ლარის თვითღირებულებით. გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებული გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულია მართლზომიერად.
ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივნის მიერ დავის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
2. არაიდენტიფიცირებადი/ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ დაფუძნებიდან 2022 წლის მარტამდე მიღებული და ჩათვლილია ავანსისა და საქონლის/მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შინაარსში მითითებულია ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც შემოწმების მონაცემებით ვერ კავშირდება პირის ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, შპს „-----ის“ მიღებული და ჩათვლილი აქვს პროდუქციის გადამუშავებასთან, იმპორტირებასთან და შენახვასთან დაკავშირებული მომსახურების ანგარიშფაქტურები, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში პირს არ უფიქსირდება საქონლის შეძენა. გარდა ამისა, ზოგიერთ ფაქტურაში მითითებულია „შესრულებული სამუშაო“ და სხვა მსგავსი მომსახურებები, რომლის ზუსტი იდენტიფიცირება ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ასევე ვერ დგინდება. პირის მიერ ასევე შეძენილია აბაზანა და სახლის კინოთეატრი. ამასთან, პირის მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული და ჩათვლილია ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მოწოდებაც დღემდე არ მომხდარა, ხოლო გამომწერი მხარეები წარმოადგენენ არაკვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების, 97-ე მუხლის და 982 მუხლის და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რადგანაც შეუძლებელია აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული საქონლის/მომსახურებების იდენტიფიცირება ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დადგენა, ასევე ვერ დგინდება გადახდილი ავანსების მიზნობრიობა, შემოწმებით აღნიშნული ოპერაციები დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შედეგად, გაუქმდა მიღებული ჩათვლები და ოპერაციები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 96-ე, 97-ე, 982 , 105-ე, 72-ე და მე-2 მუხლებზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლებზე, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე, 175-ე, 176-ე და 43-ე მუხლებზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ მიღებული და ჩათვლილია ავანსისა და საქონლის/მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შინაარსში მითითებულია ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც შემოწმების მონაცემებით, არ არის დაკავშირებული პირის ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში, შპს „-----ის“ მიღებული და ჩათვლილი აქვს პროდუქციის გადამუშავებასთან, იმპორტირებასთან და შენახვასთან დაკავშირებული მომსახურების ფაქტურები, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში არ უფიქსირდება საქონლის შეძენა. გარდა ამისა, ზოგიერთ ფაქტურაში მითითებულია „შესრულებული სამუშაო“ და სხვა მსგავსი მომსახურებები, რომლის ზუსტი იდენტიფიცირება ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ასევე ვერ დგინდება. ამასთან, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული და ჩათვლილია ავანსის ანგარიშფაქტურები, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მოწოდებაც დღემდე არ მომხდარა, ხოლო გამომწერი მხარეები წარმოადგენენ არაკვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს. ვინაიდან შეუძლებელია აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული საქონლის/მომსახურებების იდენტიფიცირება ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დადგენა, ასევე, ვერ დგინდება გადახდილი ავანსების მიზნობრიობა, შემოწმებით აღნიშნული ოპერაციები დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შედეგად, გაუქმდა მიღებული ჩათვლები და ოპერაციები დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ზოგიერთ შემთხვევაში მიღებული და ჩათვლილია როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, შესაბამის შესრულებასთან დაკავშირებული ფაქტურები, რომელიც განაშთული არ არის მყიდველი მხარის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული მომსახურებები/მასალები წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს და ამ ნაწილში დარიცხვა არამართებულია. არასწორია საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ №2 საკითხზე დარიცხული მოგების გადასახადი (200 254 ლარი) და დღგ (168 598 ლარი), ჯამში აქტით დარიცხული გადასახადის 73% მეტი.
აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიერ ვერ განხორციელდა ხარჯების დაკავშირება შემოსავალთან, რის გამოც გამოდის, რომ კომპანიას თითქმის არ გაუწევია ხარჯები შემოსავლების მისაღებად. შეუძლებელია კომპანიას მიეღო დიდი ოდენობით შემოსავალი, ხარჯის გაწევის გარეშე. ითხოვს, მიეცეს უფლება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული მომსახურებები/მასალები წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მონაცემების შესაბამისად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), როგორც მოგების გადასახადის, ასევე დღგ-ის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლიდან მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლიდან მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაფუძნებიდან 2022 წლის მარტამდე მიღებული და ჩათვლილია ავანსისა და საქონლის/მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შინაარსში მითითებულია ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც შემოწმების მონაცემებით ვერ კავშირდება პირის ეკონომიკურ საქმიანობასთან. მომჩივნის მიერ ასევე შეძენილია აბაზანა და სახლის კინოთეატრი. ასევე, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული და ჩათვლილია ავანსის ანგარიშფაქტურები, რომლის შესაბამისი საქონლის/მომსახურების მოწოდებაც დღემდე არ მომხდარა, ხოლო გამომწერი მხარეები წარმოადგენენ არაკვალიფიციური გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმება, რომელთა მიხედვით მიღებული საქონლის/მომსახურების იდენტიფიცირება ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დადგენა ვერ მოხერხდა, ასევე ვერ დგინდება გადახდილი ავანსების მიზნობრიობა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, ვინაიდან გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივნის მიერ დავის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
3. ავანსის და შესრულების ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად ორმაგად ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ზოგიერთ შემთხვევაში მიღებული და ჩათვლილია როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ავ----- და ავ-------), ასევე, შესაბამის შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურები (ეა------ და ეა--------), რომელიც განაშთული არ არის მყიდველი მხარის მიერ.
2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია მე-2 დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება აქტის №3 ნაწილს (დღგ-ის დუბლირებულად ჩათვლას) და ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის მისი მონაწილეობით შესწავლა და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ მიღებული და ჩათვლილია როგორც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ავ----- და ავ---------) ასევე, შესაბამის შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურები (ეა------ და ეა-------), რომელიც განაშთული არ არის მყიდველი მხარის მიერ.
საბჭო მიუთითებს შემოწმებით გამოვლენილ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მისაღები დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება (შემცირება) განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივნის მიერ დავის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
4. კორექტირების დღგ-ის გათვალისწინება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს -----ის მიერ 2023 წლის მარტისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის დეკლარაციების მეშვიდე გრაფაში (დღგ ბრუნვის კორექტირებაზე) დაფიქსირებული აქვს თანხები 21 725 ლარის და 11 159 ლარის ოდენობით, რომლითაც შემცირებულია შესაბამის პერიოდებში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხები. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ვერ დადგინდა კორექტირების გამომწვევი გარემოებები (არ არის გამოწერილი კორექტირების დამადასტურებელი ელექტრონული დოკუმენტაცია, ასევე, დეკლარირებულ საცალოდ რეალიზებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ - კორექტირების პერიოდის დადგომამდე არსებულ პერიოდებში უფრო მცირეა, ვიდრე კორექტირებით შემცირებული დღგ-ის თანხები).
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის გათვალისწინებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით აღდგენას დაექვემდებარა გადამხდელის მიერ კორექტირების საფუძველზე შემცირებული დღგ-ის თანხები. პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შპს „-----ის“ მიერ 2023 წლის მარტისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის დეკლარაციების მეშვიდე გრაფაში (დღგ ბრუნვის კორექტირება) დაფიქსირებული აქვს თანხები 21 725 ლარის და 11 159 ლარის ოდენობით, რომლითაც შემცირებულია შესაბამის პერიოდებში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ. შემოწმების ფარგლებში ვერ დადგინდა კორექტირების გამომწვევი გარემოებები (არ არის გამოწერილი კორექტირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, დეკლარირებულ საცალოდ რეალიზებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ - კორექტირების პერიოდის დადგომამდე არსებულ პერიოდებში უფრო მცირეა, ვიდრე კორექტირებით შემცირებული დღგ-ის თანხები). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით აღდგენას დაექვემდებარა გადამხდელის მიერ კორექტირების საფუძველზე შემცირებული დღგ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ: „კომპანიას 2 თვეში კორექტირების გრაფაში მითითებული აქვს ბრუნვა, რომლითაც შემცირებულია დღგ-ით დასაბეგრი ბაზა“.
არ ვეთანხმებით აქტის №4, კერძოდ აღვნიშნავთ, რომ დღგ-ის დეკლარაციების კორექტირების გრაფაში სწორად არის მითითებული კორექტირებული ბრუნვა, რის გამოც ვითხოვთ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის დამატებით ჩვენი მონაწილეობით შესწავლა და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ 2023 წლის მარტისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის დეკლარაციების გრაფაში - დღგ ბრუნვის კორექტირებაზე, დაფიქსირებული აქვს თანხები, რომლითაც შემცირებულია შესაბამის პერიოდებში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხები. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ვერ დადგინდა კორექტირების გამომწვევი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმების დროს ვერ დადგინდა რა გარემოებების/ფაქტორების ცვლილება მოხდა, რომელთა შესაბამისადაც დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი თანხა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა უსაფუძვლო კორექტირების გათვალისწინების გარეშე მართლზომიერია.
ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივნის მიერ დავის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.
5. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 249 658 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის №006- 636 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 112 887,44 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე და 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.“ ვინაიდან კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გთხოვთ, გაგვათავისუფლოთ სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით; არაიდენტიფიცირებადი/ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;ავანსის და შესრულების ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად ორმაგად ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება; კორექტირების დღგ-ის გათვალისწინება; სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 24.11.2020 წლიდან 1.08.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-636 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2024 წლის №3373 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის, შედეგად დადგინდა ფაქტობრივად არსებული სმფ-ების რაოდენობა - 301 074 ლარის თვითღირებულებით. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, გადამხდელისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის წარმოუდგენლობისთვის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირის შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით,გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა .
ასევე, საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების, 97-ე მუხლის და 982 მუხლის და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რადგანაც შეუძლებელია ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებული საქონლის/მომსახურებების იდენტიფიცირება ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დადგენა, ასევე ვერ დგინდება გადახდილი ავანსების მიზნობრიობა, შემოწმებით აღნიშნული ოპერაციები დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შედეგად, გაუქმდა მიღებული ჩათვლები და ოპერაციები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა .
ამასთან,გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანის მიერ 2023 წლის მარტისა და მაისის საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის დეკლარაციების მეშვიდე გრაფაში (დღგ ბრუნვის კორექტირებაზე) დაფიქსირებული აქვს თანხები , რომლითაც შემცირებულია შესაბამის პერიოდებში ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხები. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ვერ დადგინდა კორექტირების გამომწვევი გარემოებები.საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის გათვალისწინებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით აღდგენას დაექვემდებარა გადამხდელის მიერ კორექტირების საფუძველზე შემცირებული დღგ-ის თანხები. პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს, რომ საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივნის მიერ დავის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.შესაბამისად წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე,საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 982(1 „ბ“); 174(1); 175(1 „ა“); 176(1„ა“); 179(1); 269(7);