ბრძანება N 29527

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.11.2023
№ დოკუმენტი 29527
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავბის ვალდებულებადაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემისაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევასაქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას დასაბეგრი დროის განსაზღვრაგარიგების საკომპენსაციო თანხადასაბეგრი ოპერაციის კორექტირებადღგ-ის ჩათვლის ზოგადი პრინციპებისაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევამიღებული/მისაღები ანაზღაურება (მ.შ. სუბსიდია)დასაბეგრი ოპერაციის კორექტირებადღგ-ის ჩათვლის ზოგადი პრინციპებიშემოსავლების/ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდითოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები და სამეურნეო ოპერაციების ეკონომიკური გავლენა (73-ე მუხლის მე-9 ნაწილი)

📄 სრული ტექსტი

N 29527

29 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ---)

(მის. : ---) 2023 წლის 28 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ----) №83286/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივნისის №022-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. პირი აცხადებს, რომ ვინაიდან ხურავდნენ ობიექტს საქონლის რეალიზაციას ახდენდნენ თვითღირებულებით ან უფრო ნაკლებ ფასად და არარეალურია შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი. მომჩივანი აქვე აღნიშნავს, რომ შემოწმებით რეალიზებულად ჩაითვალა საქონელი, რომელიც საჭირო იყო პირის საქმიანობის განსახორციელებლად.

2. პირი ნაწილობრივ ეთანხმება, უკან დაბრუნებული სმფ-ების ნაწილის ღირებულებაზე ჩათვლილი დღგ-ს თანხის კორექტირებას, თუმცა განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს პროდუქცია, რომელზედაც ჯერ არ აქვთ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, აღნიშნული დოკუმენტების მიღების შემდეგ კი საწარმო შეძლებს დღგ-ს თანხის ჩათვლას.

3. პირი არ ეთანხმება სალაროში ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ სარგებლად დაკვალიფიცირებას. მომჩივანი აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია შემოწმების მიერ დადგენილი ციფრები, რომელიც განხილულია გაცემულ ხელფასად. ასევე, საწარმოს კაპიტალი რეალურად გაცილებით მეტია ვიდრე შემოწმებით განსაზღვრული, ვინიდან კაპიტალის შევსება საწარმომ დაიწყო 2018 წლიდან სანამ საქმიანობას დაიწყებდნენ და შეადგენს 735 578 ლარს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4145 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ნოემბერი 2023 N 29527 20 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 ივნისის №14637 ბრძანება და ამავე თარიღის №022-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 378 575 ლარი, მათ შორის, გადასახადი 217 238 ლარი, ჯარიმა 105 261 ლარი, საურავი 56 076 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: 1. საწარმო რეგისტრირებულია 2018 წელს, საქმიანობის სახეა სურსათით ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში ქ.----.

გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა, წარდგენილი აქვს ფინანსური ანგარიშგება, რომლის საფუძველზეც შემოწმებამ იხელმძღვანელა საქონლის საწყისი ნაშთით. 2022 წლის ბოლოს კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა და მთლიანი სმფ-ს ნაშთი გაიყიდა, შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სმფ-ს ნაშთი არის 0 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლები დაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით: დადგინდა წლების მიხედვით გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაზე კატეგორიის წილის მიხედვით მოხდა აღნიშნული ფასნამატის გავრცელება. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელს მიერ შეძენილი სმფ-ს უკან დაბრუნებული საქონლის ღირებულებაზე, რომელზეც თავის დროზე მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა, არ აქვს ჩათვლის კორექტირება განხორციელებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის და სიტუაციური სახელმძღვანელოს №11118 გათვალისწინებით, იმის საფუძველზე, რომ საქონლის ნაწილის დაბრუნების ფაქტი სახეზეა (გამოწერილია სასაქონლო ზედნადები) მიუხედავად იმისა, რომ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა გამოწერილი, ჩათვლის მიმღების მიერ დაბრუნებული საქონლის ოდენობაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას, საქონლის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში. შემოწმების მიერ მოხდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირება, შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

3. შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, საწყისი და საბოლოო კაპიტალის ოდენობა (გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით წინა წლებში ბანკში ჩარიცხული აქვს 276 500 ლარი კაპიტალი, რომლის შემცირებასაც ითხოვს შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არ წარმოუდგენია აღნიშნულ თანხებზე კრების ოქმები, თუმცა, კაპიტალის საწყისი ნაშთის ნამდვილობა დასტურდება საწარმოს მიერ წარდგენილი ანგარიშგებით). აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების შესაბამისად დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმად, გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა. თუმცა, წარდგენილი აქვს ფინანსური ანგარიშგება, რომლის საფუძველზეც შემოწმებამ იხელმძღვანელა საქონლის საწყისი ნაშთთან დაკავშირებით, ხოლო საბოლოო ნაშთად დადგინდა 0 ლარი. განისაზღვრა წლების მიხედვით გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და კატეგორიის წილის მიხედვით გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. შემოწმებით გაზრდილ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით სმფ-ების კატეგორიებად ჩაშლა და თითოეულ კატეგორიაზე გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის მისადაგება. აღნიშნულის შესაბამისად მართლზომიერია დღგ-ის ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე; ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;

გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელს მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებიდან უკან დაბრუნებული საქონლის ღირებულებაზე, რომელზეც თავის დროზე პირს მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა არ აქვს კორექტირება განხორციელებული. ვინაიდან საქონლის ნაწილის დაბრუნების ფაქტი სახეზეა (გამოწერილია სასაქონლო ზედნადები) მიუხედავად იმისა, რომ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ იქნა გამოწერილი, ჩათვლის მიმღების მიერ დაბრუნებული საქონლის ოდენობაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარებოდა გაუქმებას, საქონლის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში.

შესაბამისად შემოწმების მიერ მოხდა ჩათვლილი დღგ-ის კორექტირება და შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ განმარტებაზე, რომ პირს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს პროდუქცია, რომელზედაც არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების გამოწერის შემდგომ შეძლებენ საწარმოსთვის მნიშვნელოვანი დღგ-ს თანხის ჩათვლას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა ფულის მოძრაობა, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ასევე საწყისი და საბოლოო კაპიტალის ოდენობა. ამასთან გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით წინა წლებში ბანკში ჩარიცხული აქვს კაპიტალის სახით თანხა 276 500 ლარის ოდენობით, რომელზედაც არ წარმოუდგენია კრების ოქმები, თუმცა აღნიშნული კაპიტალის საწყისი ნაშთის ნამდვილობა დასტურდება საწარმოს მიერ წარდგენილი ანგარიშგებით.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი შესამოწმებელ პერიოდში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და პირს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ განმარტებაზე, რომ შემოწმებით განსაზღვრული გარემოება 2020 წელს საბანკო ანგარიშიდან გაცემულ ხელფასთან (41 748 ლარი) დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას, რაც დასტურდება შესაბამისი საბანკო ამონაწერით, ასევე 2021 წელს საბანკო გადარიცხვის გზით ივნისის თვეში თანამშრომელზე (ფ.პ ---) გაცემული ხელფასი დეკლარირებულია იმავე თვის დეკლარაციაში, ხოლო ორი პირის ხელფასი (----), მათივე განცხადების საფუძველზე ერიცხებოდა სხვა ორ პირს.

ასევე პირი აცხადებს, რომ საწარმომ კაპიტალის შევსება დაიწყო სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე, რომლითაც შეძენილ იქნა საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი, შესაბამისად დამფუძნებლის საერთო შენატანი კაპიტალში შეადგენს 735 578 ლარს, რაც დასტურდება შესაბამისი კრების ოქმებით. ამასთან, მომჩივანს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. პირი ნაწილობრივ ეთანხმება, უკან დაბრუნებული სმფ-ების ნაწილის ღირებულებაზე ჩათვლილი დღგ-ს თანხის კორექტირებას, თუმცა განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს პროდუქცია, რომელზედაც ჯერ არ აქვთ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, აღნიშნული დოკუმენტების მიღების შემდეგ კი საწარმო შეძლებს დღგ-ს თანხის ჩათვლას.

3. პირი არ ეთანხმება სალაროში ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ სარგებლად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 ნოემბერი 2023 N 29527 20 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 ივნისის №14637 ბრძანება და ამავე თარიღის №022-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 378 575 ლარი, მათ შორის, გადასახადი 217 238 ლარი, ჯარიმა 105 261 ლარი, საურავი 56 076 ლარი.

 

გადაწყვეტილება

პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე და მესამე სადავო საკითხების ნაწილში საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5, 9); 174; 175; 176; 159; 163; 164; 101; 154.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161; 173; 174; 179.