გადაწყვეტილება №24983/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.05.2025
№ დოკუმენტი 24983/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24983/2/2025

08 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ის 27.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24983/2/2025).

 

დავის საგანი:

დავის განახლება ახლდ აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2023 წლის №001-75 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24554 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 7 281 593.23 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 4 624 019

დღგ - 2 117 943

საშემოსავლო გადასახადი - 2 506 076

ჯარიმა - 2 312 010

საურავი - 345 564.23

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილისა და ბოსტნეულის შეძენა (ძირითადად იმპორტი) და შემდგომ რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 6.04.2021 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- შესამოწმებელ პერიოდში, საქონლის რეალიზაცია ხორციელდება როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტების გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული პროგრამა, რომელშიც დაფიქსირებულია 5 883 205.17 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის ჩამოწერა, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს გაფუჭებულ პროდუქციას. აღნიშნულ ფაქტზე განადგურების აქტები არაა შედგენილი. აღსანიშნავია, რომ ბუღალტრული პროგრამა შედგენილია შემოწმების მიმდინარეობისას. საწყის ეტაპზე გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და ინფორმაციის წარუდგენლობის გამო დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული უზუსტობებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი საქონელი დაკვალიფიცირდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონლად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შემოწმების მიერ, საქონლის რაოდენობრივი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავალი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად;

- გაფუჭების მოტივით, კომპანიის მიერ ჩამოწერილი პროდუქცია დაკვალიფიცირდა, როგორც დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონელი. შესაბამისად, დასაბეგრი ობიექტი განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით. არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საბაჟოდან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, განისაზღვრა განკარგვადი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელს მინიჭებული არ ჰქონდა კვალიფიკაცია.

შესაბამისად, პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი განკარგვადი თანხა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული მეთოდური მითითების თანახმად, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 მაისის №9882 ბრძანება და 5 მაისის №001-75 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24554 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.12.2023 წლის №21147/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურში, გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 20 მარტს ელექტრონულად წარდგენილი №94685/1/2025 საჩივარი, დავების დეპარტამენტის 27.03.2025 წლის №------- წერილით, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც შემმოწმებლის პოზიციაში კითხულობს, გაფუჭებულ პროდუქციაზე არ არის შედგენილი განადგურების აქტები, მაგრამ განმარტავს, რომ შედგენილია პროდუქციის შეფასების აქტები, რომელთა მიხედვითაც გაფუჭების ზღვარზე არსებული საქონელი გაყიდულია შესაძლო სარეალიზაციო ფასად (დანართები).

ამავდროულად კითხვას ბადებს ის გარემოებაც, რომ 2021 წელზე კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემები სრულიად შესაბამისობაში აღმოჩნდა შემოწმებით დადგენილ რეალიზაციებთან და ამ პერიოდზე თუ ვიმსჯელებთ, სავაჭრო ფასდარიცხვებზე, იგი შეადგენს დაახლოებით 14%-ს, ხოლო შემდგომ პერიოდზე შემოწმებამ გაავრცელა 80%-100%-იანი ფასდარიცხვები, რაც აღნიშნულ საქმიანობაში არარეალურია, ხოლო ის, რომ სარეალიზაციოდ არსებული საქონელი ხშირ შემთხვევაში მალფუჭებადია, ეს ჩვეულებრივი რეალობაა. შესაბამისად შემოწმების მიერ განხორციელებული დარიცხვები არ არის შესაბამისობაში რეალობასთან.

განმარტავს, რომ კომპანიის მიერ გაფუჭების მოტივით კი არ ჩამოიწერა საქონელი, არამედ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მოხდა გაფუჭების ზღვარზე არსებული პროდუქციის შესაძლო სარეალიზაციო ფასად (რიგ შემთხვევებში თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც) რეალიზაცია, რაც ბუღალტრულ ვერსიაში ასახულია ცალკე საბუღალტრო ანგარიშზე და რაზედაც კომპანიის მიერ შექმნილ კომპეტენტურ კომისიას შედგენილი აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია (დანართები).

დამატებით კითხვებს ბადებს შემოწმების პოზიციის ის ჩანაწერი, სადაც იკითხება, რომ მიღებულია ე.წ. განკარგვადი თანხა, რაც მიღებული აქვს გადასახადის გადამხდელს. თანხის მიღების არანაირი მტკიცებულება ან რაიმე განმარტება თანხის მიღებასთან დაკავშირებით შემოწმების მასალებს თან არ ერთვის. შემოწმებამ, 2022-23 წლებში გაფუჭებულ საქონლად მიჩნეული 5 883 205.17 ლარის თვითღირებულების საქონელი რეალიზაციაში მიიტანა 12 712 142 ლარად, დაბეგრა რა დღგ-ით, შემდგომ 2023 წლის იანვრის თვეში ჩათვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღიარებს, რომ დარიცხვა ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ რეალობასთან ახლოსაც არაა, ვინაიდან დამატებით განმარტავს, რომ 5 883 205.17 ლარის საქონელზე შედგენილია შეფასების აქტები (ერთვის საჩივარს დანართად) და მიტანილია მთლიან რეალიზაციაში. რაც შეეხება, 2023 წლის იანვრის თვეში, ხელფასის სახით კომპანიის მიერ 12 712 142 ლარის გაცემას, ამაზე შემოწმების პოზიცია სრულიად არაარგუმენტირებულია და ეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებულ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მოთხოვნებს.

რაც შეეხება ახლად გამოვლენილ გარემოებებს, აღმოჩენილია აქტები, რომელიც ადასტურებს საქონლის სარეალიზაციოდ გამოუსადეგარ მდგომარეობას და შესაბამისად, მალფუჭებადი და ვადაგასული პროდუქციის განადგურებას გადაყრის გზით.

ამგვარად, წარმოდგენილი არგუმენტაციები იძლევა სრულ საფუძველს, რათა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, 2023 წლის 28 აპრილის შემოწმების აქტის საფუძველზე შედგენილი №001-75 საგადასახდო მოთხოვნით და 2023 წლის 4 მაისის №9882 ბრძანებით განსაზღვრული ბიუჯეტის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები, კერძოდ:

1. დამატებული ღირებულების გადასახადი 2 117 943 ლარი;

2. საშემოსავლო გადასახადი 2 506 076 ლარი;

3. ჯარიმა 2 312 010 ლარი;

4. საურავი 345 564.23 ლარი;

სულ 7 281 593.23 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24554 ბრძანებით, დავების განხილვის საბჭოს 22.12.2023 წლის №21147/2/2023 გადაწყვეტილებით მიღებულია გადაწყვეტილებები საჩივრების არ დაკმაყოფილების თაობაზე.

იურიდიული დეპარტამენტის მიერ, 4.04.2024 წლის №------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ასევე დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა, 2024 წლის 7 ივნისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 22.12.2023 წლის №21147/2/2023 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის 2024 წლის 18 ნოემბრის (საქმე №3/4052-24) განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 24 იანვარს გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და რომ ამ დროისთვის სასამართლოს მიერ განხილული არ არის.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 მაისის №9882 ბრძანებაზე და 5 მაისის №001-75 საგადასახადო მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24554 ბრძანებაზე და დავების განხილვის საბჭოს 22.12.2023 წლის №21147/2/2023 გადაწყვეტილებაზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის (საქმე №3/4052-24) განჩინება გასაჩივრებულია გადასახადის გადამხდელის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და დღეის მდგომარეობით სასამართლოს მიერ განხილული არ არის, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე, დავის განახლების და 2023 წლის 5 მაისის №001-75 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშების/კორექტირების თაობაზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემოწმების მიერ განხორციელებული დარიცხვები არ არის შესაბამისობაში რეალობასთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში, საქონლის რეალიზაცია ხორციელდება როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტების გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული პროგრამა, რომელშიც დაფიქსირებულია 5 883 205.17 ლარის ღირებულების პროდუქციის ჩამოწერა, რაც გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს გაფუჭებულ პროდუქციას. აღნიშნულ ფაქტზე განადგურების აქტები არაა შედგენილი.საწყის ეტაპზე გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და ინფორმაციის წარუდგენლობის გამო დაჯარიმდა სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული უზუსტობებიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ,სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაფუჭების მოტივით ჩამოწერილი საქონელი დაკვალიფიცირდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონლად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შემოწმების მიერ, საქონლის რაოდენობრივი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე, დავის განახლების და 2023 წლის 5 მაისის №001-75 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების გადაანგარიშების/კორექტირების თაობაზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

308,299(7).