გადაწყვეტილება №19432/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19432/2/2023
18.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 16.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19432/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9011 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №081-256 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5980 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 695 245,54 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 333 755
დღგ - 153 115
საშემოსავლო გადასახადი - 180 640
ჯარიმა - 180 922
საურავი - 180 568,54
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.08.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №081-439 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9011 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9011 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული/მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №081-256 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5980 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული/მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დამატებითი თანხების დარიცხვა გამოწვეულია რეალიზაციის მომენტში აღიარებულ ფასნამატსა და შემმოწმებლის მიერ განსაზღვრულ ფასნამატს შორის სხვაობით. ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა საბითუმო ვაჭრობა სასურსათო პროდუქციით. ორგანიზაცია საქონლის შეძენას ახდენს პირველადი დოკუმენტით როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე შემოაქვს იმპორტით. ორგანიზაციიდან საქონლის რეალიზაცია ხდება როგორც სასაქონლო ზედნადებით ასევე სსა-ის საფუძველზე. ვინაიდან ორგანიზაციაში ვერ ხერხდებოდა საქონლის რეალიზაციის თანხობრივი აღრიცხვა რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერისთვის იყენებდა საშუალო შეწონილ ფასნამატს 4,4 %- ს.
შემმოწმებლის მიერ ფასნამატი არ იქნა გაზიარებული და მოახდინა ფასნამატის აწევა 7,5 %-მდე, რის საფუძველზეც წარმოიშვა დამატებითი გადასახადები როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. შემმოწმებელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის მიმართ გამოყენებული იქნა დაბეგვრის არაპირდაპირი მეთოდი, რაც არასწორია ვინაიდან აღნიშნული სპეციფიკაციის ორგანიზაციებში ვერ იქნება შემმოწმებლის მიერ დაფიქსირებული ფასნამატი ბაზარზე არსებული კონკურენციიდან გამომდინარე.
შემმოწმებლის მიერ დაფიქსირებული ფასნამატი გამოწვეულია ან მექანიკური შეცდომით ან კიდევ იმ გარემოებით, რომ აუცილებლად უნდა დაწერილიყო შემოწმების აქტი, რადგანაც 2018 წელს გასდიოდა ხანდაზმულობის ვადა.
შემმოწმებელი მიუთითებს, რომ საშუალო ფასნამატი განსაზღვრა კომპანიის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების საფუძველზე, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე სახის ინფორმაცია დანართის სახით არ ახლავს შემოწმების აქტს, რაც ლოგიკურია რადგან საწარმოს მიერ დაფიქსირებული ფასნამატი 4,4 % გაანგარიშებულია სრული ასორტიმენტის გათვალისწინებით.
უნდა მოხდეს საშუალო ფასნამატის გადათვლა ისე, რომ გათვალისწინებული იქნება სრული ასორტიმენტი, რის საფუძველზეც მოხდება №081-256 საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება და შემოსავლების სამსახურის №5980 ბრძანების ანულირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9011 ბრძანებით, ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული/მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9011 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9011 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9011 ბრძანებით, ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული/მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3);73(5);