ბრძანება N 20508

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 18.08.2023
№ დოკუმენტი 20508
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20508

18 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------- მოქალაქე -------I (პას/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 25 ივლისის და 1 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა ------- (პას/ნ -------) №126699/21-11 და №131369/21-11 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 29 ივნისის №EL214838 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორის განმარტებით, საქონლის დაზიანება/მსხვრევა მოხდა ------- რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სანამ სატრანსპორტო საშუალება შევიდოდა საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“. მინის მსხვრევის მომენტში დაზიანდა ტენტიც (სავარაუდოდ რკინის კონსტრუქციის მინის სადგამის ზემოქმედების შედეგად) ვინაიდან, აღნიშნული მინა განთავსებული იყო სპეციალურად მოწყობილ მინის სადგამზე. ------- რესპუბლიკის შესაბამისი საგზაო სამსახურისთვის მიმართვის მიუხედავად, ისინი არ გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილას და გადაწყვიტა, რომ გაეგრძელებინა გზა ტვირთის დანიშნულების პუნქტამდე მიტანის მიზნით. სატრანსპორტო საშუალება ჯერ შევიდა ------- საბაჟო გამშვები პუნქტიში, სადაც შესაბამის აქტში დაფიქსირდა მომხდარის შესახებ, აღნიშნული დოკუმენტი დაიტოვა თავად ------- რესპუბლიკის საბაჟომ. ამის შემდეგ სატრანსპორტო საშუალება შევიდა საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“, სადაც საბაჟოს თანამშრომლების მიერ მოხდა სიტუაციის შესწავლა. მოიხსნა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული ლუქი, რომელიც არ იყო დაზიანებული, დაათვალიერეს სატრანსპორტო საშუალებაზე და ვიზუალურად ნახეს დაზიანებული სადგამ, ასევე მანქანაზე არსებული დამტვრეული მინა. დაფიქსირდა ასევე ტენტის მთლიანობის რღვევაც, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ------- რესპუბლიკაში ცუდ საავტომობილო გზაზე გადაადგილების შედეგად. საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ მოახდინეს ტვირთის აწონვა, რის საფუძველზეც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული ტვირთის წონა (იმის მიუხედავად, რომ მინა იყო დამსხვრეული) შესაბამისობაშია CMR-ით და ინვოისით მითითებულ წონასთან მიმართებით, მინების სადგამის წონის გათვალისწინებით.

საქონლის იმპორტიორის მიერ მოხდა სსიპ „-------“ მიმართვა ტენტის მდგომარეობის და მისი დაზიანების/ლოკაციის (ზომის) შესახებ. დასკვნის მიხედვით, შეუძლებელი იქნებოდა დაზიანებული ტენტიდან დაუზიანებელი მინების გადმოღება, ხოლო მის ნაცვლად მინის ნამსხვრევის განთავსება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ზუსტი ოდენობით, რასაც აფიქსირებს საბაჟო გამშვები პუნქტში შედგენილი შესაბამისი აწონვის აქტი.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 22 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში ------- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ------- რესპუბლიკის მოქალაქე ------- (-------, პასპორტის №-------) მართვის ქვეშ მყოფი, ------- რესპუბლიკაში რეგისტრირებული №------- სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო №11117/C50099 (14/06/2023) საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი - მინა (4 მმ). სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სატრანსპორტო საშუალების ბრეზენტი იყო დაზიანებული. გამომდინარე აქედან, მებაჟე-ოფიცრის მიერ არ განხორციელდა დეკლარაციის ელექტრონულად დამუშავება და სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №69320/D26138 აღრიცხვის მოწმობა, რომელსაც მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც, სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული სამი მინის სადგამიდან ორი აღმოჩნდა დაზიანებული, საქონელი (მინა) კი დამსხვრეული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალება დაილუქა საბაჟო ლუქით და შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით, გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ დანიშნულებით.

2023 წლის 23 ივნისს №------- სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ კონტროლის ზონაში, რის შემდეგაც, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის დათვალიერება. აღმოჩნდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული იყო 164 ცალი მინის ფილა ზომით 2.25 X 3.21 მმ, ხოლო საქონლის ნაწილი – მინა 1170.045 მ 2 (საბაჟო ღირებულება - 12439.04 ლარი) იყო დამსხვრეული.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა №EL214838 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------- (პასპორტის №-------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობანაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების ბრეზენტი იყო დაზიანებული, ხოლო სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონელი (მინა) იყო დამსხვრეული. აღნიშნული წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო აქტით მომჩივნის საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------- (პას/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 29 ივნისის №EL214838 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი, სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი - მინა. სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სატრანსპორტო საშუალების ბრეზენტი და სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული სამი მინის სადგამიდან, ორი აღმოჩნდა დაზიანებული, საქონელი (მინა) კი დამსხვრეული.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100(7); 163(1, 11); 166(3);