ბრძანება N 1715
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1715
01 თებერვალი 2024
ბრძანება
შპს „------ -ს “ (ს/ნ "------")
(ფაქტ. მის.: "------")
2024 წლის 10 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------" ) №86620/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №041-89 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება უცხოეთიდან შეძენილი (იმპროტირებული) საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის შემოწმების მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და აღნიშნული თანხის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. განმარტავს, რომ საქონლის იმპორტს ახორციელებს ირანიდან. მიღებულ საქონელზე ანგარიშსწორება ხდებოდა მომწოდებელ ფირმასთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ნაღდი ანგარიშსწორებით, რომელიც ხდება საქონლის მიღების შემდეგ, მომწოდებელი კომპანიების მძღოლების მეშვეობით. შემოწმების პერიოდში მომწოდებელი ფირმებისგან მიღებული შედარების აქტები დავალიანების არ ქონის შესახებ არ იყო აპოსტილით დამოწმებული, ამდენად, შემოწმების მიერ აღნიშნული დოკუმენტები არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ. დღეის მდგომარეობით ელოდება შედარების აქტების ორიგინალებს, რათა მოხდეს აღნიშნული დოკუმენტების ლეგალიზაცია ირანის საკონსულოში. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს საკითხის განხილვა გადავადებულ იქნას საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციამდე. ლეგალიზაციის შემდეგ წარდგენილი დოკუმენტები ცნობილ იქნას სარწმუნოდ და შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება მოხდეს წარდგენილი დოკუმენტების პროპორციულად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს №20426 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------") საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 13 დეკემბრის №31441 ბრძანება და 14 დეკემბრის №041-89 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 114 547 ლარი, მათ შორის, გადასახადი 75 067 ლარი, ჯარიმა 37 534 ლარი, საურავი 1 946 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------" ) შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბაჟო ოპერაციები, რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი ირანის და ჩინეთის ქვეყნებიდან. აღნიშნულ ქვეყნებში საბანკო ტრანზაქციები განხორციელებული არ არის, შესაბამისად კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გაწეულია ხარჯი ნაღდი ანგარიშსწორებით. კერძოდ, ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება დაფარულია თავად კოპანიის დირექტორის მიერ, რომელსაც საბაჟო საზღვარზე უფიქსირდება ფულადი თანხების დეკლარირება, ხოლო ირანიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება (საინვოისო 1 516 855 ლარი და წინა პერიოდის კრედიტორული დავალიანება 184 650 ლარი), როგორც თავად კომპანიის დირექტორი განმარტავს, დაფარულია მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებთან/მძღოლებთან ხელზე გადახდით. თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შემოწმების პროცესში წარმოდგენილი არ არის, გადასახადის გადამხდელი ვერ ადასტურებს იმ პირების ვინაობას, ვისთანაც ახდენდა ნაღდ ანგარიშსწორებას. არც კომპანიის დირექტორს ან სხვა ანგარიშვალდებულ პირს არ უფიქსირდება საბაჟოზე ირანის მიმართულებით აღნიშნული ოდენობის თანხის გატანა, ან რაიმე სხვა დოკუმენტაცია/მტკიცებულება. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ირანულ შედარების აქტებში ვერ დგინდება ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების და დოკუმენტის ბეჭდის/შტამპის სარწმუნოდ მიღების საფუძველი, რადგან წარმოდგენილი შედარების აქტები არ არის „აპოსტილით“ დამოწმებული. იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ინვოისები და საბაჟო დეკლარაციები, რაც ადასტურებს საქონლის შეძენა-იმპორტს და როგორც მტკიცებულება, წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტება შესაბამისი დავალიანების სრულად დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, შემოწმებამ იხელმძღვანელა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებების მიხედვით და კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების 75%, ხოლო სხვაობის თანხა (25%) დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბაჟო ოპერაციები. საქონლის იმპორტი ირანის და ჩინეთის ქვეყნებიდან, სადაც საბანკო ტრანზაქციები განხორციელებული არ არის. ირანიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება, კომპანიის დირექტორის განმარტებით დაფარულია მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებთან/მძღოლებთან ხელზე გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი შემოწმების პროცესში წარმოდგენილი არ არის. ასევე, გადასახადის გადამხდელი ვერ ადასტურებს იმ პირების ვინაობას, ვისთანაც ახდენდა ნაღდ ანგარიშსწორებას. ამასთან, კომპანიის დირექტორს ან სხვა ანგარიშვალდებულ პირს არ უფიქსირდება საბაჟოზე ირანის მიმართულებით აღნიშნული ოდენობის თანხის გატანა. რაც შეეხება ირანულ შედარების აქტებს, აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დგინდება ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, რადგან წარმოდგენილი შედარების აქტები არ არის „აპოსტილით“ დამოწმებული. ვინაიდან სახეზეა ინვოისები და საბაჟო დეკლარაციები, რაც ადასტურებს საქონლის შეძენა-იმპორტს და როგორც მტკიცებულება, წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის წერილობითი განმარტება შესაბამისი დავალიანების სრულად დაფარვის ნამდვილობის თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითებების მიხედვით და კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების 75%, ხოლო სხვაობის თანხა (25%) დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- -ს “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება უცხოეთიდან შეძენილი საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის შემოწმების მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და აღნიშნული თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.
მომჩივანი ითხოვს საკითხის განხილვა გადავადებულ იქნას საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციამდე.ლეგალიზაციის შემდეგ წარდგენილი დოკუმენტები ცნობილ იქნას სარწმუნოდ და შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება მოხდეს წარდგენილი დოკუმენტების პროპორციულად.
ფაქტობრივი გარემოებები
მოჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საბაჟო ოპერაციები, რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი.
აღნიშნულ ქვეყნებში საბანკო ტრანზაქციები განხორციელებული არ არის,შესაბამისად კომპანიის მიერ უცხოურ მომწოდებლებზე გაწეულია ხარჯი ნაღდი ანგარიშსწორებით. კერძოდ, ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება დაფარულია თავად კოპანიის დირექტორის მიერ, რომელსაც საბაჟო საზღვარზე უფიქსირდება ფულადი თანხების დეკლარირება,ხოლო ირანიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება,დაფარულია მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებთან/მძღოლებთან ხელზე გადახდით. თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის, გადამხდელი ვერ ადასტურებს იმ პირების ვინაობას, ვისთანაც ახდენდა ნაღდ ანგარიშსწორებას.
კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯად ჩაითვალა საინვოისო ღირებულების 75%, ხოლო სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
გადამხდელს დამატებით დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),97,982,105.