გადაწყვეტილება №19247/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19247/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19247/2/2023).
დავის საგანი:
გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლად მიჩნევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №049-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4793 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 16 791,29 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 8 479
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი - 2 688
დღგ - 2 111
მოგების გადასახადი - 3 377
საშემოსავლო გადასახადი - 303
ჯარიმა - 6 047
საურავი - 2 265,29
ფაქტების აღწერა
საზოგადოების საქმიანობაა ბეტონის არხების, ბეტონის, ჭის თავსახურების წარმოებარეალიზაცია.
28.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულია ისეთი ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ეკონომიკურ საქმიანობასთან (სასტუმროს, სარესტორნე მომსახურება, ღვინოები). აღნიშნული ხარჯი, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების შედეგად ასევე გაუქმდა არაეკონომიკურ ხარჯზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა, შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №049-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4793 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. მე6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გაწეულია ისეთი ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, მათ შორის, სარეკლამო მომსახურების ხარჯი, რასთან დაკავშირებითაც შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი/ხელშეკრულება, რაც დაადასტურებდა საწარმოს საქმიანობისთვის რეკლამის მიკუთვნებას.
საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია 6 მობილური ტელეფონი, ჯამში 17 005 ლარის ღირებულების, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა 3 მობილური ტელეფონი, რომელიც შეძენილი იყო საწარმოს დირექტორებისთვის და დამფუძნებლისთვის, ხოლო დარჩენილი 3 ტელეფონი განხილულ იქნა ხარჯად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული. ხოლო, მატრასის შეძენასთან მიმართებით, გადამხდელმა შემოწმებას განუმარტა, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე სჭირდებოდა დასვენების მიზნით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საქონლის/მომსახურების შესაძენად გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და აღნიშნული საფუძვლით მოგების გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სარეკლამო მომსახურების ღირებულება შეადგენს 4 227 ლარს, 2020 წლის ივნისის პერიოდში გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა --------------. ბოლო 10 წლის განმავლობაში მომსახურება შეძენილია ერთჯერადად. აღნიშნული სარეკლამო რგოლი, რომელიც წარმოდგენილია დანართის სახით და რომლის მოსმენა შესაძლებელია, გადაიცემოდა რადიო ჰერეთის მეშვეობით და მიზნად ისახავდა მომხმარებლების მოზიდვას. არ უნდა მომხდარიყო აღნიშნულ შესყიდვაზე მოგების გადასახადის დარიცხვა, რადგან აღნიშნული ხარჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. უნდა შემცირდეს მოგების გადასახადი 746 ლარით და სანქცია და საურავები 373 ლარით.
ერთჯერადად შეძენილია მატრასი, ღირებულებით 590 ლარი. 2020 წლის იანვარში გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა -------------. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად უწევს სამსახურში მეორე დღემდე დარჩენა, რაც დასტურდება გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების გააქტიურების თარიღით. შესაბამისად, აღნიშნული მატრასის გამოყენება დაკავშირებულია საქმიანობასთან და არ უნდა დარიცხულიყო მოგების გადასახადი 91 ლარის ოდენობით და სანქცია 45 ლარის ოდენობით, ამასთან დამატებული საურავები.
შემოწმების პერიოდში 2019 წლიდან 2022 წლის ივნისამდე შეძენილია ტელეფონები 5 ერთეული და არა 6 ერთეული. მთლიანი ღირებულება შეადგენს 17 005 ლარს დღგ-ის ჩათვლით. 9.11.2019 წელს შეძენილია -------------, 26.11.2020 წელს ------------- შეძენილია კომპანიის დირექტორებისთვის. 31.12.2020 წელს ნაყიდი ტელეფონი ------------- ღირებულება 1 659 ლარი, შეძენილი აქვს დამფუძნებელს, 3.09.2021 წელს ტელეფონი ------------- შეძენილია წარმოებისთვის, ადმინისტრაცია, გაყიდვები, საწყობი. 3.01.2022 წელს ------------- შეიძინა ისევ -------------, რადგან 3 წლის თავზე 2019 წელს შეძენილი ტელეფონი ვეღარ ასრულებდა თავის ფუნქციებს. ტელეფონები აღრიცხულია ძირითად საშუალებად და კომპანია იხდის ქონების გადასახადს.
ტელეფონების გამოყენება ყველა თავისი ფუნქციით ხდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის და არ უნდა მომხდარიყო მოგების გადასახადის დარიცხვა 1 571 ლარის ოდენობით, სანქცია 786 ლარი და ამას დამატებული საურავები.
შრომის ინსპექცია ითხოვს მაცივრების, გასახდელების, კონდიციონერების არსებობას. მატრასის ყიდვა არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. რაც შეეხება რეკლამას, კომპანიის არსებობის მანძილზე ერთხელ მოხდა რეკლამის განთავსება რადიოში, მომხმარებლის მოზიდვის მიზნით.
სხვა საკითხზე განხორციელებულ დარიცხვას და სანქციის დაკისრებას ეთანხმება და არ ასაჩივრებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ზედმეტია ტელეფონზე, მატრასზე და ერთხელ გაშვებულ რეკლამაზე სანქციების და გადასახადის დარიცხვა და უნდა გაუქმდეს საგადასახადო მოთხოვნა მოგების გადასახადის ნაწილში, ჯამში 2 408 ლარი და ასევე სანქცია 1 204 ლარი.
საჩივარზე გადაწყვეტილება კომპანიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კომპანიას აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ვერ ახერხებს სესხების გადახდას და ვალდებულებების შესრულებას, რადგან კონკურენცია დიდია აღნიშნულ სფეროში და ამ ეტაპზე ძალიან უჭირს.
შესაძლებლობისდაგვარად კანონის ფარგლებში უნდა შეეწყოს ხელი და მაქსიმალურად დათმობა მოხდეს, რადგან ეს სანქციები ძალიან ართულებს კომპანიის მდგომარეობას და არ უნდა შეწყვიტოს მუშაობა. კომპანია არსებობს 1996 წლიდან და სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა.ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა;
ბ) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის წარმოებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის.
მომჩივანი მიუთითებს, რომ სარეკლამო რგოლი, რომელიც წარმოდგენილია დანართის სახით და რომლის მოსმენა შესაძლებელია, გადაიცემოდა რადიო ჰერეთის მეშვეობით და მიზნად ისახავდა მომხმარებლების მოზიდვას. არ უნდა მომხდარიყო აღნიშნულ შესყიდვაზე გადასახადის დარიცხვა, რადგან აღნიშნული ხარჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ერთჯერადად შეძენილია მატრასი, ღირებულებით 590 ლარი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად უწევს სამსახურში მეორე დღემდე დარჩენა, რაც დასტურდება გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების გააქტიურებით. შესაბამისად, აღნიშნული მატრასის გამოყენება დაკავშირებულია საქმიანობასთან და არ უნდა დარიცხულიყო გადასახადი და სანქცია.
ტელეფონები აღრიცხულია ძირითად საშუალებად და კომპანია იხდის ქონების გადასახადს. ტელეფონების გამოყენება ყველა თავისი ფუნქციით ხდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის და არ უნდა მომხდარიყო გადასახადის დარიცხვა და სანქციის დაკისრება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სარეკლამო მომსახურებასთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება რომ მომჩივნის მიერ გაწეული სარეკლამო ხარჯი დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, განახორციელოს ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ მატრასს, საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის საქმიანობიდან გამომდინარე დასტურდება, რომ მის მიერ აღნიშნული მატრასის შეძენა დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2023 წლის №49572-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სულ ხუთი ცალი ---------- და ერთი ცალი --------, ჯამში 17 005 ლარის, აქედან, მოგების გადასახადით დაიბეგრა მხოლოდ ორი ცალი-------- და ერთი ცალი -------- მობილური ტელეფონი, ვინაიდან დანარჩენი სამი ერთეული განკუთვნილი იყო დირექტორებისთვის და დამფუძნებლისთვის.
ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქონლის (მობილური ტელეფონების) ნაწილის შესაძენად გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და აღნიშნული საფუძვლით შესაბამისი გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივანის მოთხოვნის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.03.2023 წლის №4793 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებით მისი არგუმენტის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება რომ მომჩივნის მიერ გაწეული სარეკლამო ხარჯი დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, განახორციელოს ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. მომჩივნის მიერ მატრასის შეძენისთვის გაწეული ხარჯი მიჩნეულ იქნას მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
6. აუდიტის დეპარტამენტის დაევალოს, ამ გადაწყვტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3-მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, შესაბამისი შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
7. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლად მიჩნევა
ფაქტობრივი გარემოებები
საზოგადოების საქმიანობაა ბეტონის არხების, ბეტონის, ჭის თავსახურების წარმოება-რეალიზაცია. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულია ისეთი ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ეკონომიკურ საქმიანობასთან (სასტუმროს, სარესტორნე მომსახურება, ღვინოები).შესაბამისად, დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის დაეკისრა ჯარიმა.შემოწმების შედეგად ასევე გაუქმდა არაეკონომიკურ ხარჯზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა, შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნა,გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა საჩივარი არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება რომ მომჩივნის მიერ გაწეული სარეკლამო ხარჯი დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, განახორციელოს ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
მომჩივნის მიერ მატრასის შეძენისთვის გაწეული ხარჯი მიჩნეულ იქნას მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება)
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
73(9);97(1ბ);173(1);174(1);