გადაწყვეტილება №22682/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22682/2/2024
10 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „----------“ 26.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22682/2/2024).
დავის საგანი:
დასაკუთრებული ქონების, რომელიც განკუთვნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ქონების გადასახადის მიზნებისათვის საინვესტიციო ქონებად განხილვა და ქონების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №094-109 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6313 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 094 767,52 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 832 205
დღგ - 839 849
მოგების გადასახადი - 614 646
ქონების გადასახადი - 377 710
ჯარიმა - 216 735
საურავი - 45 827,52
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 13.12.2022 წლის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა, რომ:
მომჩივანს 2019 წელს ფინანსურ ანგარიშგებაში უფიქსირდება „გასაყიდად გამიზნული აქტივები“ 36 285 000 ლარის ღირებულების. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „გრძელვადიან აქტივებსა და გასასხვისებელ აქტივებს ბანკი იმ შემთხვევაში მიაკუთვნებს, თუ მათი საბალანსო ღირებულების ამოღება ძირითადად გაყიდვის ოპერაციიდან და არა მათი უწყვეტი გამოყენებით მოხდება. გასაყიდად გამიზნულად კლასიფიცირების კრიტერიუმი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ გაყიდვის მაღალი ალბათობა არსებობს და აქტივი ან გასასხვისებელი აქტივების ჯგუფი არსებულ მდგომარეობაში ხელმისაწვდომია დაუყოვნებლივ გასაყიდად. გაყიდვის გარიგების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯები იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ არ არის მოსალოდნელი გაყიდვაში ცვლილებების შესვლა ან გაყიდვის გადაწყვეტილების შეცვლა. ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეს აქტივის გაყიდვა და აქტივი უნდა გაიყიდოს კლასიფიკაციიდან ერთი წლის განმავლობაში“. კომპანიას აღნიშნულ აქტივებში უფიქსირდება შენობა-ნაგებობები 30 883 517 ლარის ღირებულების, აღნიშნული ქონებიდან 2021 წლის ბოლომდე რეალიზებულია 13 188 933 ლარის ქონება, რომლის რეალიზაციაც განხორციელდა 2020-2021 წლებში. აღნიშნული ქონების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 19 478 512 ლარი. ბუღალტრული აღრიცხვის მე-40 საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, საინვესტიციო ქონება არის მიწა ან შენობა ან შენობის ნაწილი, რომელიც გამიზნულია საიჯარო შემოსავლის მისაღებად ან კაპიტალის ღირებულების ზრდისთვის და რომელსაც ბანკი არ იყენებს. საინვესტიციო ქონებას არ მიეკუთვნება ქონება, რომელიც გამოიყენება ისეთი მიზნით, როგორიცაა: ა) გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; ბ) გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში.
მომჩივანს 2018 წლამდე დასაკუთრებული უძრავი ქონება კვალიფიცირებული აქვს საინვესტიციო ქონებად, ხოლო 2018 წლიდან ნაწილი აქტივები კვალიფიცირებულია „გასაყიდად გამიზნულ გრძელვადიან აქტივებად“. კომპანიის მიერ დასაკუთრებული ქონება, რომელიც გამიზნულია მომავალში გაზრდილი ღირებულებით გასაყიდად, რაც არ წარმოადგენს საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობის ნაწილს, ქონების გადასახადის მიზნებისთვის, მიჩნეულია ქონების ფლობად კაპიტალის ღირებულების გაზდის მიზნით. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დასაკუთრებული ქონება, რომელიც განკუთნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ქონების გადასახადის მიზნებისთვის განხილულია საინვესტიციო ქონებად. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის გათვალისწინებით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე ზემოაღნიშნული აქტივები წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს და დაექვემდებარა ქონების გადასახადით დაბეგვრას.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32752 ბრძანება და ამავე თარიღის №094- 109 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 12.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18594 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 9.11.2023 წლის №20535/2/2023 (რეგ. 22.01.2024 წ. №03/3826) გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18594 ბრძანება; საჩივარი, მე-3 დავის საგნის (დასაკუთრებული ქონების, რომელიც განკუთვნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ქონების გადასახადის მიზნებისათვის საინვესტიციო ქონებად განხილვა და ქონების გადასახადით დაბეგვრის) ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6313 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-2 მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-7 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტ 40-ზე.
საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ ბანკი სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული ქონების უდიდეს ნაწილს აღრიცხავდა საინვესტიციო ქონებად, ხოლო მცირე ნაწილი განსხვავებული მოლოდინების, შეფასებებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა სხვა აქტივად და შესაბამისად მათი აღრიცხვა რეგულირებულ იქნა საინვესტიციო ქონების მარეგულირებელი სტანდარტისგან განსხვავებული სტანდარტით. მიუთითებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო №5 სტანდარტით დადგენილ აღიარების კრიტერიუმებზე და აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ბანკის ფინანსური აღრიცხვის და დასაკუთრებული ქონების მართვის დეპარტამენტები აქტივის კლასიფიკაციისას. აღნიშნული კრიტერიუმების ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობას ამოწმებს, შემდგომ უკვე დამოუკიდებელი აუდიტორი და ხდება კონკრეტული აქტივისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ სს „----------“ 2019 წელს ფინანსურ ანგარიშგებაში უფიქსირდება 36 285 000 ლარის ღირებულების „გასაყიდად გამიზნული აქტივები“. კომპანიას აღნიშნულ აქტივებში უფიქსირდება 30 883 517 ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობები, აღნიშნული ქონებიდან 2021 წლის ბოლომდე რეალიზებულია 13 188 933 ლარის ქონება, რომლის რეალიზაციაც განხორციელდა 2020-2021 წლებში. ამასთან, გადამხდელს 2018 წლამდე დასაკუთრებული უძრავი ქონება კვალიფიცირებული აქვს საინვესტიციო ქონებად, ხოლო 2018 წლიდან ნაწილი აქტივები კვალიფიცირებულია „გასაყიდად გამიზნულ გრძელვადიან აქტივებად“. კომპანიის მიერ დასაკუთრებული ქონება, რომელიც გამიზნულია მომავალში გაზრდილი ღირებულებით გასაყიდად, რაც არ წარმოადგენს საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობის ნაწილს, ქონების გადასახადის მიზნებისთვის, შემოწმებით მიჩნეულ იქნა ქონების ფლობად კაპიტალის ღირებულების გაზრდის მიზნით. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დასაკუთრებული ქონება, რომელიც განკუთვნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ქონების გადასახადის მიზნებისთვის ჩაითვალა საინვესტიციო ქონებად და საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება.
საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური სადავო საკითხთან დაკავშირებით იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ დასაკუთრებული ქონება, რომელიც განკუთვნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, ხოლო, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
იმისათვის, რომ პირს დაუდგინდეს კონკრეტული საგადასახადო ვალდებულება კანონმდებლობით, აუცილებელია განსაზღვრულ იქნეს შემდეგი გარემოებები: პირი ითვლებოდეს ამ გადასახადის გადამხდელად და მას გააჩნდეს ამ გადასახადისათვის კანონმდებლობით დადგენილი დაბეგვრის ობიექტი.
2019 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის მიხედვით, „ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, საინვესტიციო ქონებაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე“.
აღნიშნული ნორმის მიხედვით ბანკი ცხადია ითვლება გადასახადის გადამხდელად და გადასახადის გადახდის ვალდებულება 2019 წელს ეკისრებოდა. საგადასახადო კანონმდებლობაში არ არის განმარტებული ბალანსის მცნება, ასეთ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 2.6 მუხლის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს შესაბამის კანონმდებლობაში მოცემული განმარტება, რაც გულისხმობს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (შემდგომში ბასს) შესაბამისად მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებას - ბალანსს. ქონების გადასახადის დარიცხვის ბაზაც სწორედ ამ ბალანსის მიხედვით უნდა იქნეს განსაზღვრული.
უძრავი ქონება, რომელიც კამერალური საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემმოწმებლის მიერ მიჩნეულ იქნა დაბეგვრის ობიექტად, ბასს-ის მიხედვით ბანკის ბალანსზე აღრიცხულია არა ძირითად საშუალებად ან საინვესტიციო ქონებად, არამედ სხვა ქონებად (გასაყიდად გამიზნული აქტივები).
აღსანიშნავია, რომ ბანკი სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული ქონების უდიდეს ნაწილს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამ პერიოდში აღრიცხავდა საინვესტიციო ქონებად, ხოლო მცირე ნაწილი განსხვავებული მოლოდინების, შეფასებებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბანკისა და აუდიტორის (----------) მიერ დაკვალიფიცირდა სხვა აქტივად და შესაბამისად მათი აღრიცხვა რეგულირებულ იქნა საინვესტიციო ქონების მარეგულირებელი სტანდარტისაგან განსხვავებული სტანდარტით. სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული „სხვა ქონებად“ კლასიფიცირებული უძრავი ქონება კი ქონების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა საგადასახადო კოდექსის 2020 წელს შესული ცვლილების საფუძველზე.
საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებელი ფაქტობრივად ადგენს, რომ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არის ხარვეზი და ეს აქტივები საინვესტიციო ქონებად უნდა იქნეს აღრიცხული, რაც ერთის მხრივ სცდება საგადასახადო კანონმდებლობის რეგულირების სფეროს და მეორეს მხრივ ცხადია არ შეესაბამება რეალობას. აუდიტორის მიერ არ იქნა შესწავლილი თუ რას ეფუძნება დასაკუთრებული ქონების აღრიცხვის კრიტერიუმების და პრინციპების ბანკში არსებული პოლიტიკა, რის საფუძველზე და რა კრიტერიუმებით იქნა კონკრეტულ ქონებებთან მიმართებით აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, იყო თუ არა ეს კრიტერიუმები შესაბამისობაში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო №5 სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან და ა.შ. ამდენად ბუნდოვანი და უსაფუძვლოა შეფასება, რომლის მიხედვითაც ბანკის მიერ გასაყიდად გამიზნული ქონება კლასიფიცირებულ იქნა საინვესტიციო ქონებად და დაექვემდებარა დაბეგვრას ქონების გადასახადით.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო №5 სტანდარტი არეგულირებს გასაყიდად გამიზნული აქტივების აღრიცხვის წესებს. აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, საწარმო გრძელვადიან აქტივს მიანიჭებს გასაყიდად გამიზნულის კლასიფიკაციას, თუ მისი საბალანსო ღირებულება ანაზღაურდება გაყიდვის გარიგებით და არა მისი გამოყენების გაგრძელებით. ამისათვის, შესაძლებელი უნდა იყოს აქტივის დაუყოვნებელი გაყიდვა არსებულ მდგომარეობაში, მხოლოდ ასეთი აქტივების გაყიდვის ჩვეულებრივი პირობებით და მისი გაყიდვა დიდი ალბათობით მოსალოდნელი უნდა იყოს. „დიდი ალბათობით მოსალოდნელობის“ შეფასება კი შემდეგ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული: აღნიშნული აქტივის გაყიდვისთვის მენეჯმენტის ცალსახა ნების და შესაბამისი გეგმის არსებობა; აღნიშნული აქტივთან მიმართებით სახეზე უნდა იყოს აქტიურ გაყიდვაზე მიმართული მარკეტინგი, იმ ფასად რომელიც შეესაბამება მის მიმდინარე სამართლიან ღირებულებას; მენეჯმენტის ქმედებები, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული აქტივის გაყიდვის გეგმის განხორციელებას, უნდა ცხადყოფდეს, რომ აღნიშნული გეგმის ცვლილების ან მისი განხორციელების შეწყვეტის ალბათობა მინიმალურია; აღნიშნული აქტივის რეალიზაცია მოსალოდნელი უნდა იყოს 12 თვის განმავლობაში.
სტანდარტით ასევე განსაზღვრულია, რომ მოვლენებმა ან გარემომ შესაძლოა განაპირობოს გაყიდვის პერიოდის ერთ წელზე მეტხანს გაგრძელება. გაყიდვის დასრულებისათვის საჭირო პერიოდის გაგრძელება ხელს არ უშლის აქტივის გასაყიდად გამიზნულად კლასიფიცირებას, თუ დაგვიანება გამოწვეული იყო ისეთი მოვლენებით ან გარემოებებით, რომლებიც საწარმოს კონტროლის ფარგლებს სცილდებოდა და არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საწარმო კვლავაც მხარს უჭერს აქტივის გაყიდვის გეგმას.
სწორედ ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ბანკის ფინანსური აღრიცხვისა და დასაკუთრებული ქონების მართვის დეპარტამენტები აქტივის კლასიფიკაციისას. აღნიშნული კრიტერიუმების ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობას ამოწმებს შემდგომ უკვე დამოუკიდებელი აუდიტორი ბანკის ნახევარ-წლიური და წლიური აუდიტის პროცესში. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი აღიარების კრიტერიუმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ხდება როგორც ბანკის, ასევე აუდიტორის მიერ კონკრეტული აქტივისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება: საინვესტიციო ქონება იქნება ეს თუ გასაყიდად გამიზნული აქტივი.
ამდენად მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დარიცხვა კანონსაწინააღმდეგოა და ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და სრულად შემცირდეს ამ მოთხოვნის საფუძველზე ქონების გადასახადის ჭრილში დამატებით დარიცხული გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში – ბასს) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 40-ის თანახმად, საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობა, ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლების მიღების ან ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით, გარდა ისეთი მიზნებისა, როგორიცაა:
ა) გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის;
ბ) გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში.
საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ ქონების გადასახადის მიზნებისათვის, ქონება არის დასაბეგრი ქონება და მიწა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის 47-ე ნაწილის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქციის საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელს წარმოადგენდა რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის 47-ე ნაწილით საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შედეგად:
ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
მომჩივნის განმარტებით, უძრავი ქონება, რომელიც კამერალური საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემმოწმებლის მიერ მიჩნეულ იქნა დაბეგვრის ობიექტად, ბასს-ის მიხედვით ბანკის ბალანსზე აღრიცხულია არა ძირითად საშუალებად ან საინვესტიციო ქონებად, არამედ სხვა ქონებად (გასაყიდად გამიზნული აქტივები). აღსანიშნავია, რომ ბანკი სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული ქონების უდიდეს ნაწილს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამ პერიოდში აღრიცხავდა საინვესტიციო ქონებად, ხოლო მცირე ნაწილი განსხვავებული მოლოდინების, შეფასებებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბანკისა და აუდიტორის (----------) მიერ დაკვალიფიცირდა სხვა აქტივად და შესაბამისად მათი აღრიცხვა რეგულირებულ იქნა საინვესტიციო ქონების მარეგულირებელი სტანდარტისაგან განსხვავებული სტანდარტით. სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული „სხვა ქონებად“ კლასიფიცირებული უძრავი ქონება კი ქონების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა საგადასახადო კოდექსში 2020 წელს შესული ცვლილების საფუძველზე. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო №5 სტანდარტი არეგულირებს გასაყიდად გამიზნული აქტივების აღრიცხვის წესებს. სწორედ ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ბანკის ფინანსური აღრიცხვისა და დასაკუთრებული ქონების მართვის დეპარტამენტები აქტივის კლასიფიკაციისას. აღნიშნული კრიტერიუმების ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობას ამოწმებს შემდგომ უკვე დამოუკიდებელი აუდიტორი ბანკის ნახევარწლიური და წლიური აუდიტის პროცესში. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი აღიარების კრიტერიუმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ხდება როგორც ბანკის, ასევე აუდიტორის მიერ კონკრეტული აქტივისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება: საინვესტიციო ქონება იქნება ეს თუ გასაყიდად გამიზნული აქტივი.
მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო №5 სტანდარტში ასახულია პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებს გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივი, კერძოდ აღნიშნული აქტივის რეალიზაცია მოსალოდნელი უნდა იყოს 12 თვის განმავლობაში და უნდა არსებობდეს მყიდველის მოძებნის და გეგმის ბოლომდე მიყვანის აქტიური პროგრამა, ხოლო მენეჯმენტის ქმედებები, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული აქტივის გაყიდვის გეგმის განხორციელებას, იმის დასტურს უნდა იძლეოდეს, რომ გეგმის მნიშვნელოვანი ცვლილება ან გეგმის გაუქმება მოსალოდნელი არ არის. სტანდარტით ასევე განსაზღვრულია, რომ მოვლენებმა ან გარემომ შესაძლოა განაპირობოს გაყიდვის პერიოდის ერთ წელზე მეტხანს გაგრძელება. გაყიდვის დასრულებისათვის საჭირო პერიოდის გაგრძელება ხელს არ უშლის აქტივის გასაყიდად გამიზნულად კლასიფიცირებას, თუ დაგვიანება გამოწვეული იყო ისეთი მოვლენებით ან გარემოებებით, რომლებიც საწარმოს კონტროლის ფარგლებს სცილდებოდა და არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საწარმო კვლავაც მხარს უჭერს აქტივის გაყიდვის გეგმას. ამ შემთხვევაში არ არსებობს ასეთი ქმედებები და მტკიცებულებები ქმედების განხორციელებაზე.
მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის აღნიშნულ მითითებაზე განმარტა, რომ ასეთი სახის მტკიცებულებები ან დასაბუთება არ ყოფილა მოთხოვნილი მათი მხრიდან, ადასტურებს რომ არსებობს ასეთი მტკიცებულები და ერთ-ერთია წარმოდგენილი აუდირებული ფინანსური დასკვნა, რომელშიც აუდიტორი მიუთითებს რომ ბასს-ის შესაბამისად 300 მლ.-ზე მეტი უნდა იყოს აღრიცხული საინვესტიციო ქონებად და 36 მილიონი გასაყიდად გამიზნულ ქონებად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ დასაკუთრებული ქონება, რომელიც განკუთვნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, ხოლო, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიიჩნია, რომ საგადასახდო შემოწმების შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დასაკუთრებული ქონების, რომელიც განკუთვნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ქონების გადასახადის მიზნებისათვის საინვესტიციო ქონებად განხილვა და ქონების გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის განმარტებით, უძრავი ქონება, რომელიც კამერალური საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შემმოწმებლის მიერ მიჩნეულ იქნა დაბეგვრის ობიექტად, ბასს-ის მიხედვით ბანკის ბალანსზე აღრიცხულია არა ძირითად საშუალებად ან საინვესტიციო ქონებად, არამედ სხვა ქონებად (გასაყიდად გამიზნული აქტივები). აღსანიშნავია, რომ ბანკი სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული ქონების უდიდეს ნაწილს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამ პერიოდში აღრიცხავდა საინვესტიციო ქონებად, ხოლო მცირე ნაწილი განსხვავებული მოლოდინების, შეფასებებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბანკისა და აუდიტორის მიერ დაკვალიფიცირდა სხვა აქტივად და შესაბამისად მათი აღრიცხვა რეგულირებულ იქნა საინვესტიციო ქონების მარეგულირებელი სტანდარტისაგან განსხვავებული სტანდარტით. სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული „სხვა ქონებად“ კლასიფიცირებული უძრავი ქონება კი ქონების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა საგადასახადო კოდექსში 2020 წელს შესული ცვლილების საფუძველზე. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო №5 სტანდარტი არეგულირებს გასაყიდად გამიზნული აქტივების აღრიცხვის წესებს. სწორედ ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ბანკის ფინანსური აღრიცხვისა და დასაკუთრებული ქონების მართვის დეპარტამენტები აქტივის კლასიფიკაციისას. აღნიშნული კრიტერიუმების ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობას ამოწმებს შემდგომ უკვე დამოუკიდებელი აუდიტორი ბანკის ნახევარწლიური და წლიური აუდიტის პროცესში. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი აღიარების კრიტერიუმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ხდება როგორც ბანკის, ასევე აუდიტორის მიერ კონკრეტული აქტივისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება: საინვესტიციო ქონება იქნება ეს თუ გასაყიდად გამიზნული აქტივი. მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო №5 სტანდარტში ასახულია პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებს გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივი, კერძოდ აღნიშნული აქტივის რეალიზაცია მოსალოდნელი უნდა იყოს 12 თვის განმავლობაში და უნდა არსებობდეს მყიდველის მოძებნის და გეგმის ბოლომდე მიყვანის აქტიური პროგრამა, ხოლო მენეჯმენტის ქმედებები, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული აქტივის გაყიდვის გეგმის განხორციელებას, იმის დასტურს უნდა იძლეოდეს, რომ გეგმის მნიშვნელოვანი ცვლილება ან გეგმის გაუქმება მოსალოდნელი არ არის. სტანდარტით ასევე განსაზღვრულია, რომ მოვლენებმა ან გარემომ შესაძლოა განაპირობოს გაყიდვის პერიოდის ერთ წელზე მეტხანს გაგრძელება. გაყიდვის დასრულებისათვის საჭირო პერიოდის გაგრძელება ხელს არ უშლის აქტივის გასაყიდად გამიზნულად კლასიფიცირებას, თუ დაგვიანება გამოწვეული იყო ისეთი მოვლენებით ან გარემოებებით, რომლებიც საწარმოს კონტროლის ფარგლებს სცილდებოდა და არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საწარმო კვლავაც მხარს უჭერს აქტივის გაყიდვის გეგმას. ამ შემთხვევაში არ არსებობს ასეთი ქმედებები და მტკიცებულებები ქმედების განხორციელებაზე. მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის აღნიშნულ მითითებაზე განმარტა, რომ ასეთი სახის მტკიცებულებები ან დასაბუთება არ ყოფილა მოთხოვნილი მათი მხრიდან, ადასტურებს რომ არსებობს ასეთი მტკიცებულები და ერთ-ერთია წარმოდგენილი აუდირებული ფინანსური დასკვნა, რომელშიც აუდიტორი მიუთითებს რომ ბასს-ის შესაბამისად 300 მლ.-ზე მეტი უნდა იყოს აღრიცხული საინვესტიციო ქონებად და 36 მილიონი გასაყიდად გამიზნულ ქონებად. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ დასაკუთრებული ქონება, რომელიც განკუთვნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, ხოლო, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახდო შემოწმების შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202.