ბრძანება N 2573

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2023
№ დოკუმენტი 2573
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2573

13.02.2023

შპს „----------” (ს/ნ ----------)

(იურ. მის.: ----------;

ფაქტ. მის.:----------)

2023 წლის 12 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „----------” (ს/ნ ----------) №77977/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №005-214 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 ივნისის №13727 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------” (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33422 ბრძანება და ამავე თარიღის №005-214 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 172 388 ლარი, მათ შორის გადასახადი 73 438 ლარი, ჯარიმა 73 438 ლარი, საურავი 25 512 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის და ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობები გაცემულ ხელფასებს (გაწეულ მომსახურებას) და მის მიერ დეკლარირებულ საშემოსავლო გადასახადის თანხებს შორის, კერძოდ, ბანკებიდან და სალაროდან გაცემულია სახელფასო (გაწეული მომსახურების) თანხები, რაზედაც საშემოსავლო გადასახადი არ არის დაკავებული. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაკორექტირებულ იქნა შესაბამის თვეებში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხები, შედეგად გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ვადაგასული და მწყობრიდან გამოსული ტყვიის აკუმულატორების დაშლა-დემონტაჟი და ტყვიის შემცვლელი კომპონენტების მეტალური ნარჩენების გამოცალკევება სხვა არამეტალური ნარჩენებისგან, მათი შემდგომი დასაწყობება-გადამუშავების მიზნით. საწარმოს ტერიტორიაზე ნედლეულის შემოტანა ხდება როგორც კონტრაქტორების, ასევე შპს „ჯეო სტილის“ სატრანსპორტო საშუალებებით. საწარმო იღებს როგორც ელექტროლიტისგან დაცლილ აკუმულატორებს, ასევე ელექტროლიტის შემცველ აკუმულატორებს. ელექტროლიტის შემცველი აკუმულატორები, შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით, საწყობდება სპეციალურ სათავსოში, სადაც ხდება ყველა პირობის დაცვით მათი დაცლა. გადამუშავების შედეგად მიიღება ტყვიის მადანი, რომლის ექსპორტიც ხორციელდება. აკუმულატორის ჯართის და მეორადი აკუმულატორების მიღება ხდება როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისაგან. ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები მიჩნეული იქნა ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლად, რომელიც საქონლის შემძენი პირის მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, იბეგრება გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. საწარმოს ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული განაცემი არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. მოცემული გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 საწარმოს საანგარიშო პერიოდში რამოდენიმე შემთხვევაში მიღებული აქვს ტრანსპორტირების მომსახურება უცხოური კომპანიებისაგან. გადამხდელს არარეზიდენტის შემოსავალი გადახდის წყაროსთან არ დაუბეგრავს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ აღნიშნული მომსახურება ჩაითვალა საქართველოში გაწეულად და არარეზიდენტებზე გადახდილი თანხები საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 საწარმო დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდებს ასახავს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიურ დეკლარაციებში და ადეკლარირებს დივიდენდიდან გადასახდელ საშემოსავლო გადასახადს, ასევე ასახავს მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში ნაკლები თანხით (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიურ დეკლარაციებში მითითებულია აგროსილი განაცემის თანხა, მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში მითითებულია განაცემი აგროსვის გარეშე). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 981 მუხლების საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 საწარმოს უფიქსირდება სალაროში მზარდი ნაშთი. არაგონივრული ნაშთის მიზნობრიობა ვერ დადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ასევე, ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის და 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, შემოწმებით აღნიშნული არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა გაცემულ უპროცენტო სესხად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას და შემდგომ ჩათვლას შესაბამის საანაგარიშო პერიოდებში. გაცემულ უპროცენტო სესხზე დარიცხული სარგებელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა (სარგებელი) დაექვემდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.