ბრძანება N 4715
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4715
04 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----“-ის (ს/ნ ---)
(მის.:---) 2024 წლის 15 იანვრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის და პირველი თებერვლის სხდომებზე (ოქმი №7; ოქმი №9) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №86747/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №006-678 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ 2020 წლის 24 ივლისს ---ეს ვალის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცა საწარმოს ქონება სრულად, ინვენტარის ჩათვლით. აღნიშნული ფიზიკური პირი აგრძელებს იგივე საქმიანობას, რასაც საქმიანობდა საწარმო, კერძოდ, ახორციელებს აღნიშნული უძრავი ქონების გაქირავებას. მომჩივანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს დღგ-ის შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ 2020 წლის 24 ივლისის მდომარეობით შეფასებული ქონების ღირებულება არ შეესაბამება რეალურ ღირებულებას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეფასებული ქონების ღირებულება არ შეესაბამება რეალობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №17391 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 25 დეკემბრის №32730 ბრძანება და ამავე თარიღის №006-678 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 622 963 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 285 155 ლარი, ჯარიმა 638 547 ლარი, საურავი 699 261 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
1-2. საწარმო დაფუძნებულია 2012 წლის 18 აპრილს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2012 წლის 3 მაისს. გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა.
საწარმოს არ გააჩნია საკონტროლო-სალარო აპარატი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს 2012- 2014 წლებში შეძენილი აქვს კომერციული ფართები, რომლებიც 2020 წელს იჯარით აქვს გაცემული რეზიდენტ იურიდიულ პირებზე, ხოლო 2020 წლის 24 ივლისს აღნიშნული უძრავი ქონება გადაცემულია დამფუძნებლის ---ს (პ/ნ ---) საკუთრებაში ვალის სანაცვლოდ (919 373 ლარი) გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, შეფასებულ იქნა საწარმოს ქონება 2019 წლის 31 დეკემბრის და 2020 წლის 24 ივლისის მდგომარეობით. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 24 ივლისს დამფუძნებელს გადაეცა უძრავი ქონებები 3 734 000 ლარის საბაზრო ღირებულებით. ასევე, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, დამფუძნებელს უძრავ ქონებებთან ერთად ვალის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცა სრული ინვენტარი (ავეჯი, ტექნიკა და სხვა). 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირს 2020 წლის 24 ივლისს წარმოეშვა უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება (გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრა არ განხორციელებულა). ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამფუძნებლისთვის გადაცემული აქტივის საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლის მიერ საწარმოს მიმართ არსებულ მოთხოვნას შორის სხვაობა 2 822 440 ლარი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, შეფასებულ იქნა საწარმოს ქონება. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის მდომარეობით საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 2 550 000 ლარს. პირის მიერ წარდგენილი 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება შეადგენს 455 132 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად, შემოწმების მიერ გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და საწარმოს სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახული ძირითადი საშუალებების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 18 102 ლარს, რომელიც მოიცავს სავენტილაციო სისტემების საბალანსო ღირებულებასაც, რომელიც უძრავი ქონებების შეფასებისას კაპიტალიზებულ იქნა შენობანაგებობების საბაზრო ღირებულებაში. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ძირითად საშუალებათა რეესტრის საფუძველზე, გადაანგარიშდა ძირითადი საშუალებების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება და შეადგინა 4 430 ლარი. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შემცირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს სალდირებულად დაერიცხა გადასახადი 8 062 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ პირს 2012-2014 წლებში შეძენილი აქვს კომერციული ფართები, რომლებიც 2020 წელს იჯარით აქვს გაცემული რეზიდენტ იურიდიულ პირებზე, ხოლო 2020 წლის 24 ივლისს აღნიშნული უძრავი ქონებები გადაცემულია დამფუძნებლის საკუთრებაში ვალის სანაცვლოდ. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის თანახმად, 2020 წლის 24 ივლისს დამფუძნებელს გადაეცა 3 734 000 ლარის საბაზრო ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, დამფუძნებელს უძრავ ქონებებთან ერთად ვალის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცა სრული ინვენტარი (ავეჯი, ტექნიკა და სხვა). საწარმოს წარმოეშვა უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება, ამასთან, დამფუძნებლისთვის გადაცემული აქტივის საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლის მიერ საწარმოს მიმართ არსებულ მოთხოვნას შორის სხვაობა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოს მიერ დამფუძნებლისთვის გადაცემული ქონების ღირებულების შეფასება და მისი დღგ-ით დაბეგვრა განხორციელებულია მართლზომიერად. გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდების დღგ-ისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი 168- ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის გადამხდელის მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის, თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ.
ამასთან, დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დამფუძნებლისთვის გადაცემული აქტივის საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლის მიერ საწარმოს მიმართ არსებულ მოთხოვნას შორის სხვაობის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, შეფასებულ იქნა საწარმოს ქონება. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის მდომარეობით საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 2 550 000 ლარს. პირის მიერ წარდგენილი 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება შეადგენს 455 132 ლარს.
შემოწმების მიერ გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და საწარმოს სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოს ქონების საბაზრო ფასით შეფასება და ქონების გადასახადის დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო, ქონების და დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 25 დეკემბრის №32730 ბრძანება და ამავე თარიღის №006-678 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 622 963 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 285 155 ლარი, ჯარიმა 638 547 ლარი, საურავი 699 261 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 154; 201; 202; 18 (7).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161; 168 (4).