გადაწყვეტილება №18621/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.02.2023
№ დოკუმენტი 18621/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18621/2/2023

17.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------- “ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 9.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18621/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ოქტომბრის №007-285 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №32137 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 36 640 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 16 309

დღგ - (- 10 344)

მოგების გადასახადი - 20 159

საშემოსავლო გადასახადი - 6 249

ქონების გადასახადი - 245

ჯარიმა - 16 283

საურავი - 4 048

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა მარკის ბეტონის წარმოება. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ასევე ეწევა სპეც. ტექნიკით (ბეტონმზიდით, პომპით) მომსახურებას.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9743 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ინფოში“. ბუღალტრული პროგრამა არ შეიცავს არსებით ხარვეზებს. საწარმო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 10 სექტემბრიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 22 912 879 ლარი. ბუღალტრულ პროგრამასა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მომჩივანს შეუმცირდა კუთვნილი დღგ, თუმცა რიგ საანგარიშო პერიოდებში დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 3 645 488 ლარი (მ.შ. იმპორტზე ჩასათვლელი დღგ - 45 125 ლარი). მომჩივანს გამორჩენილი აქვს ჩათვლებიდან ორი საბაჟო დეკლარაცია (ჯამური თანხა - 1 286 ლარი). ტექნიკური შეცდომის გამო ჩათვლილი აქვს 5 215 ლარით ნაკლები დღგ. ადგილობრივი მომწოდებლებისგან მიღებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით არ აქვს შემცირებული ჩათვლილი თანხა (2 662 ლარი). გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა როგორც ავანსის, ასევე ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითაც (424 ლარი). ბუღალტრულ პროგრამასა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაზუსტდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა, მომჩივანს შეუმცირდა კუთვნილი დღგ, თუმცა რიგ საანგარიშო პერიოდებში დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდება ისეთ სასაქონლო ზედნადებებში, სადაც არც ერთ მხარეს არ წარმოადგენს შპს „---------“. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, დაბეგვრაში არ არის მოხვედრილი აღნიშნული ზედნადებებით გაწეული მომსახურების ნაწილი, რომლის ჯამურმა თანხამ შეადგინა 7 751 ლარი. მომჩივნის განმარტების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- კომპანიას 2021 წლის 5 ივლისს რეალიზებული აქვს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა (რომელიც საწარმოს გადაეცა დებიტორული დავალიანების სანაცვლოდ) 101 098 ლარად. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება გადახდილია სრულად, თუმცა ბუღალტრულ პროგრამაში ნაცვლად 101 098 ლარისა ფიქსირდება 94 778 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. ამასთან, საწარმოს ცალკეული პერიოდების მიხედვით სალაროში უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი. აღნიშნული თანხები განხილულ იქნა სესხად. სესხზე გაცემის პერიოდების შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა სარგებელი (20%). ამასთან, გაცემული ხელფასებისა და ფიზიკური პირებისგან მიღებული მომსახურების ნაწილში დეკლარირებულსა და ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ მონაცემებს შორის ფიქსირდება უმნიშვნელო სხვაობა, რაც იწვევს ამ ნაწილში საშემოსავლო გადასახადის შემცირებას. ბუღალტრულ პროგრამასა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებულმა ქონების გადასახადმა შეადგინა 15 602 ლარი. შემოწმების შედეგად, დაფიქსირდა სხვაობა დეკლარირებულსა და ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ მონაცემებს შორის. კომპანიის ბუღალტრულ პროგრამაზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაანგარიშებულ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ოქტომბრის №26650 ბრძანება და 21 ოქტომბრის №007-285 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 36 640 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 17 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 21 დეკემბრის №32137 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ყოველთვის ოპერატიულად ადეკლარირებდა და იხდიდა საგადასახადო ვალდებულებებს, მათ შორის, საავანსო ვალდებულებებს. დარიცხული თანხების ძირითადი ნაწილი წარმოშობილია მხოლოდ და მხოლოდ მექანიკური უზუსტობების (შეცდომების) საფუძველზე. არასდროს არ ერიცხებოდათ საგადასახადო დავალიანება, მათ შორის, ბოლო 12 თვის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამოდინარე, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.