გადაწყვეტილება №23692/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.09.2024
№ დოკუმენტი 23692/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23692/2/2024

25 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------"(ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 9.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23692/2/2024).

 

დავის საგანი:

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №021-127 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17222 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 309 275 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 204 406

ჯარიმა - 102 203

საურავი - 2 666

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია ეა- --- №"------" დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

"------"-ს 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა, შპს "------"-ის (ს/ნ "------") მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (ეა-71 №"------") საფუძველზე. აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული საქონლის (უძრავი ქონება) მიწოდება, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია დღგისგან ჩათვლის უფლებით. შემოწმების მიერ დაკორექტირდა მომჩივანის მიერ 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი თანხა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33667 ბრძანება და №021-127 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7288 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №021-127 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7288 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 14.06.2024 წლის №22934/2/2024 გადაწყვეტილებით, ვინაიდან, სადავო საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამომწერთან (შპს "------") მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება განხორციელებულ კონკრეტულ ოპერაციაზე დარიცხვის კანონიერებაზე და საჩივრის განხილვის ეტაპზე შემოწმება დასრულებული არ იყო, საჩივარი:

- პირველ სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;

- მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე დაკისრებული (წარმოშობილი) საურავისგან;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში და 22.07.2024 წლის №17222 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 175-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილზე და ამავე მუხლის 81-ე ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ 2024 წლის 1 ივლისს გამოიცა შპს "------"-ს (ს/კ "------") დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის საფუძველზეც შპს "------"-ს შეუმცირდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად გათავისუფლებულ ოპერაციებზე, მათ შორის, სადავო ოპერაციაზე დარიცხული დღგ და მიიჩნია, რომ ვინაიდან, შპს "------"-ს მიერ მოჩივანზე უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 აპრილის №12274 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება და დაინიშნა სწორედ სადავო ტრანზაქციის გამო, კერძოდ ეა-71 №"------" საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით გამოწვეული დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით. ხოლო, 2022 წლის 6 აპრილს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8599 ბრძანების საფუძველზე მოხდა 2021 წლის 23 აპრილის ბრძანების (№12274) ძალადაკარგულად გამოცხადება. მიუხედავად ამისა, 2023 წლის 27 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №33293 ბრძანებით დაინიშნა ხელმეორედ კამერალური საგადასახადო შემოწმება და ხელმეორე შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურმა შეამოწმა მხოლოდ იგივე, შემოწმებული ტრანზაქცია.

2023 წლის 28 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებით (№33667) დაეკისრა თანხის გადახდა და საჯარიმო სანქციები.

მომჩივანმა, რომელიც ამავდროულად არის დღგ-ის გადამხდელი ფიზიკური პირი, 2020 წლის 3 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა შპს "------"-სგანოცდაათი ერთეული უძრავი ქონება, აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაიხადა უძრავი ქონების ღირებულების საფასური 1 340 000 (მილიონ სამას ორმოცი ათასი) ლარი, რომელიც მოიცავდა სახელმწიფოსთვის განკუთვნილ ყველა გადასახადს.

ზემოთხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე, ვინაიდან გამყიდველი ასევე იყო დღგ-ის გადამხდელი, 2021 წლის 17 იანვარს გამოწერა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-71 №"------", რომელიც მისი მხრიდან დადასტურდა 2021 წლის 18 იანვარს. 2021 წლის 23 აპრილს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გამოიცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი (ბრძანება) №12274, რის საფუძველზეც დაინიშნა მისი საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ხოლო 2022 წლის 6 აპრილს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) №8599, რის საფუძველზეც მოხდა 2021 წლის 23 აპრილის აუდიტის დეპარტამენტის №12274 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. მიუხედავად ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა, 2023 წლის 27 დეკემბერს აუდიტის დეპარტამენტის №33293 ბრძანებით დაინიშნა კამერალური საგადასახადო შემოწმება ხელმეორედ, რომლის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ იქნა 2023 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2023 წლის 28 დეკემბრის №33667 ბრძანება და 2023 წლის 28 დეკემბრის №021-127 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე დარიცხულმა თანხამ შეადგინა სულ 309 275 ლარი. აუდიტის დასკვნის მიხედვით, თითქოს და გამყიდველი შპს "------" გათავისუფლებული იყო დღგ-ის ჩათვლისგან.

აღნიშნულ ქმედების კანონიერებას აყენებს ეჭვქვეშ, შემდეგი გარემოებების გამო:

2020 წლის 3 დეკემბერს, როგორც უკვე აღნიშნა, შეიძინა 30 ერთეული უძრავი ქონება შპს "------"-სგან. მხარეებს შორის 2020 წლის 3 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველ ნაწილში პირდაპირ არის მითითებული, რომ საგნის ღირებულება მოიცავს ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ-ს. ასევე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილში დაფიქსირებულია, რომ მყიდველმა სრულად შეასრულა ვალდებულება და გადაიხადა ნასყიდობის ღირებულების საფასური სრულად. ვინაიდან, ორივე მხარე იყო დღგ-ის გადამხდელი, გამყიდველმა (შპს "------") გამოწერა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რასაც თავის მხრივ დაეთანხმა მყიდველი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კოდექსი სახელმძღვანელოა ადმინისტრაციული უწყებებისთვის, მათ შორის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვისაც. მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზეა კანონის უხეში დარღვევა შესაბამისი ადმინისტრაციული უწყების მხრიდან.

ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს კეთილსინდისიერი შემძენის და გადასახადის გადამხდელის ორმაგად დაზარალებას. ხოლო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამრიგად, სახეზეა საგადასახდო ორგანოს მხრიდან კანონის უხეში დარღვევა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ორივე მხარე, როგორც გამყიდველი, ასევე მყიდველი, რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, შესაბამისად, სრული უფლება ქონდა ჩაეთვალა გამყიდველის მიერ გამოწერილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (ეა-71 №"------") გათვალისწინებული დღგ. ხოლო, წარმოეშვა ჩათვლის უფლება იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც მოხდა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა გამყიდველის მხრიდან.

საგადასახადო კოდექსის აღნიშნული მუხლით დასტურდება, რომ შესაბამის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის მიზნით გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-71 №"------" შპს "------"-ის მიერ. შესაბამისად, ცალსახაა და უტყუარი ფაქტია, რომ შპს "------" პირდაპირ შეცდომაში შეიყვანა მომჩივანი და ხოლო ირიბად შეიყვანა შეცდომაში შემოსავლების სამსახურმა, რომელიც მესამე პირებთან სარგებლობს უტყუარობის პრეზუმციით. სახეზეა ორმხრივი ქმედება, რომელმაც ფინანსური ზიანი მიაყენა მომჩივანს.

საგადასახადო კოდექსი მე-8 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ გაუუქმა მიმწოდებელს გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რითაც შეუმცირდა დარიცხვა მიმწოდებელს, ფაქტიურად სრულიად უსაფუძვლოდ გაამდიდრა მიმწოდებელი, ხოლო მომხმარებელს გაუუქმა მის მიერ სრულიად კანონიერად ჩათვლილი (გადახდილი) დღგ.

ადმინისტრაციულმა ორგანომ მომხმარებელი ჩააყენა არათანაბარ სიტუაციაში, ერთის მხრივ, მომხმარებელმა უნდა დააბრუნოს მის მიერ ათვისებული თანხა, ხოლო მეორეს მხრივ გამოდის, რომ მან გადაიხადა საქონლის იმაზე მეტი ღირებულება ვიდრე უნდა გადაეხადა. ამ შეცდომაში შეყვანის მთავარი პასუხისმგებელი პირი არის შემოსავლების სამსახური, რომელმაც თავის მხრივ დაარღვია მესამე პირებისთვის უტყუარობის პრეზუმფცია, rs.ge-ზე გადამოწმების შედეგად შეცდომაში შეიყვანა მომხმარებელი. პროგრამულად მისცა უფლება მიმწოდებელს, არა უფლებამოსილ პირს, გამოეწერა დღგის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა რომელიც, ვითომდა ჩაითვალა მომხმარებელმა, ხოლო მეორეს მხრივ, ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა ვერ მოახდინა გადასახადის ამოღება, კეთილსინდისიერ მომხმარებელს გაუუქმა დღგ-ის ჩათვლის უფლება. არანაირი შედეგი არ დადგა, შეცდომით/უსაფუძვლოდ/არასწორად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამო, მიმწოდებლისთვის, შედეგი და ზიანი დადგა მხოლოდ მომხმარებლისთვის.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-7 მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ მათ შემთხვევაში, კანონიერი ნდობა არსებობდა შემოსავლების სამსახურის მიმართ და მიმწოდებლის მიერ გამოწერილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიმართ (ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის მიმართ), რომლის ბათილად ცნობამ (გაუქმებამ) ფინანსური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა მომხმარებელს (მომჩივანს). ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტები, რომლითაც კეთილსინდისიერ მომხმარებელს მიაყენა ზიანი.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 187-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ადგილი არ ჰქონია დოკუმენტების გაყალბებას, არ შემდგარა ფიქტიური გარიგება ან უსაქონლო ოპერაცია. ყველა უძრავი ქონება, რომელიც მყიდველმა შეიძინა გამყიდველისგან ირიცხება ან/და ირიცხებოდა საჯარო რეესტრში მყიდველის საკუთრებად.

ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდა 2024 წლის 26 იანვარს შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით (ბრძანება №7288) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და გაუქმდა დაკისრებული ჯარიმა 102 203 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოში, რომლის 2024 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების (№22934/2/2024) თანახმად, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ამ გადაწყვეტილების გამოცემის პერიოდისათვის სადავო საგადასახადო ვალდებულებაზე დაკისრებული (წარმოშობილი) საურავისგან, ხოლო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებასთან დაკავშირებით, საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 2024 წლის 22 ივლისის ბრძანებით, საჩივარი არ დააკმაყოფილა. კერძოდ, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს "------" მიერ მომჩივანზე უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა მომჩივანის მიერ დაფიქსირებულ დასაბუთებაზე და არ გასცა პასუხი იმ ფაქტს, რომ მომჩივანს ადგება უდიდესი ფინანსური ზიანი. ამასთან, არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს ის არგუმენტი, რომ მომჩივანს ეს თანხა უნდა გადაუხადოს შპს "------"-მ

სამართლებრივი დავა შპს "------"-თან უშედეგოა, მას არ გააჩნია არანაირი ქონება და მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა უკვე გადაიხადა თანხა დღგ-ის ჩათვლით, ეს გამოიწვევს დამატებით დღგ-ის თანხის ოდენობის გადახდას და მომჩივანის არაგონივრულად დიდ ფინანსურ ზიანს.

საჯარო რეესტრიდან შპს "------"-ის ქონების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისას, ინფორმაციის გადამოწმებისა და გაანალიზებისას, წააწყდა რეესტრის ხარვეზს, რომლის თანახმადაც შპს "------" დღემდე ფლობს ორ მიწის ნაკვეთს, ესენია:

1. საკადასტრო კოდი: "------"; მისამართი: ქალაქი "------", ქუჩა "------", № ;

2. საკადასტრო კოდი: "------"; მისამართი: ქალაქი "------", ქუჩა "------" , № .

წინამდებარე საჩივარს თან ურთავს პირის უძრავი ქონების შესახებ ამონაწერს და ორივე უძრავი ქონების ერთიანი მიწის ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, სადაც დაწვრილებითი ინფორმაციის შესწავლისას გაირკვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო შპს "------" მოხსენიებულია როგორც თანამესაკუთრე, თუმცა არ არის დაფიქსირებული ზუსტად ქონების რა ნაწილს ფლობს. როგორც მისთვისაა ცნობილი, წარსულში საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე ააშენა კორპუსები და გაყიდა მასში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებლის ბინები, ხოლო თავად ამჟამად აღარ ფლობს რაიმე ქონებას. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ მომჩივანი შპს "------"-სგან ფულადი თანხის სახით ვერაფერს მიიღებს და მომჩივანის მიერ აზრს მოკლებულია მის მიმართ მოთხოვნების წაყენება.

არის კეთილსინდისიერი შემძენი და გადასახადის გადამხდელი. მის მიერ მოხდა გამყიდველის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება და კანონის სრული დაცვით მოახდინა ჩათვლა. მისთვის უცნობი იყო ის გარემოება, რომ არ მქონდა შპს "------"-სგან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩათვლის უფლება, დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის მომენტში, აღნიშნული ასევე უცნობი იყო საგადასახადო ორგანოებისთვისაც.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ქმედებით გამოდის, რომ შპს "------"-ის წარმომადგენლობამ დააზარალა უძრავი ქონების შეძენით და უწევს ორჯერ უფრო მეტი თანხის გადახდა, ვიდრე ეს გათვალისწინებული არის მოქმედი კანონით.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ქმედებამ მიაყენა კეთილსინდისიერ შემძენს და გადასახადის გადამხდელს ორმაგი ფინანსური ზიანი. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე დაუშვებელია კეთილსინდისიერი სუბიექტის დაზარალება უსამართლოდ.

მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შებღალა მისი სამართლებრივი ინტერესები. 2024 წლის 22 ივლისის №17222 ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა და არ დააკმაყოფილა საჩივარი (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების ნაწილში), შემოსავლების სამსახური ბრძანებაში ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც, ფაქტიურად შემოსავლების სამსახურმა აღიარა რომ:

1) მისი უკანონო შემოწმება წინ უსწრებდა სადავო ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის გაუქმებას, ცხადია რომ შემოსავლების სამსახურმა ისე, რომ ჯერ არ ქონდა შპს "------"-ის შემცირებული თანხა, მომხმარებელს (კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს) გაუუქმა ჩათვლის უფლება, უტყუარი ფაქტია, რომ ჩათვლის უფლების გაუქმება წინ უსწრებდა შპს "------" თანხის შემცირებას;

2) შემოსავლების სამსახურმა კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი შეიყვანა შეცდომაში და დამატებით გადაახდევინა დღგ, რომლითაც სრულიად უსაფუძვლოდ გაამდიდრა შპს "------" , ხოლო კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელს დამატებით დააკისრა ჩათვლილი დღგ-ის (ათვისებული თანხის), 215 083 ლარის უკან დაბრუნება;

3) შემოსავლების სამსახურმა ერთის მხრივ, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი დღგ დაუტოვა არა კეთილსინდისიერ სუბიექტს, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და მეორეს მხრივ, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელისგან ითხოვს დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას, რომელიც გამოიწვევს ჩათვლილი (ათვისებული) 215 083 ლარის დაბრუნებას.

ამ ქმედებით, ფაქტიურად შემოსავლების სამსახურმა ირიბად გადაახდევინა 20%-ით მეტი, ვიდრე უნდა გადაეხადა. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება უკანონო და უსამართლოა.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ითხოვს ძალაში დარჩეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული ჩათვლილი დღგ და მოხდეს დღგ-ის თანხის ჩათვლის აღდგენა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტებია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 81-ე ნაწილების თანახმად:

79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;

ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;

ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა; ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;

გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);

დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;

ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;

ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.

81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა შპს "------"-ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული უძრავი ქონების მიწოდება, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის დეკლარაციით ჩათვლილი დღგ.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებულია და საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2024 წლის პირველ ივლისს გამოიცა შპს "------"-ის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის საფუძველზეც შპს "------"-ის შეუმცირდა, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულ ოპერაციებზე, მათ შორის, სადავო ოპერაციაზე დარიცხული დღგ.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს "------"-ის მიერ მომჩივანზე უძრავი ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება განხორციელდა მართლზომიერად.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ძალაში დარჩეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული ჩათვლილი დღგ და მოხდეს დღგ-ის თანხის ჩათვლის აღდგენა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა,საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული საქონლის მიწოდება, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის თანახმად, გათავისუფლებულია დღგისგან ჩათვლის უფლებით. შემოწმების მიერ დაკორექტირდა მომჩივანის მიერ 2 თვის დღგ-ის დეკლარაციაში ჩათვლილი თანხა. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

173,174,309(79,81)