გადაწყვეტილება №21020/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.01.2024
№ დოკუმენტი 21020/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21020/2/2023

30 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „----------“ 9.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21020/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, ჩადენილი განმეორებით;

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 27.07.2023 წლის №EL218067 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 27.07.2023 წლის №EL218068 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23376 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 7 000 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 1 000 (სსკ-ის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

ჯარიმა - 6 000 (სსკ-ის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქართველოს ტერიტორიაზე ფოთის პორტის გავლით შემოტანილია 4 ერთეული სატრანსპორტო საშუალებით დატვირთული №---------- კონტეინერი, რომელზეც 26.07.2023 წელს გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოიწერა №---------- აღრიცხვის მოწმობა.

აღნიშნული კონტეინერი და მასში განთავსებული საქონელი განთავსდა მომჩივნის საბაჟო საწყობში. 27.07.2023 წელს მომჩივნის №---------- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ საბაჟო საწყობის კონტროლის ზონიდან საქონლის გატანისას №---------- კონტეინერზე დადებული №---------- იდენტიფიკაციის საშუალება დაზიანდა იმგვარად, რომ კონტეინერი გახდა შეღწევადი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---------- კონტეინერში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შემდეგაც საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ფაქტის განმეორებით ჩადენის გამო, მომჩივანს 27.07.2023 წლის №EL218067 და №EL218068 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციები 1 000 და 6 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმები 29.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.09.2023 წლის №23376 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას (დაზიანებას) და საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. დადგენილია ასევე, რომ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე და 176-ე მუხლების მე-2 ნაწილების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საბაჟო საწყობში №---------- კონტეინერის გასატანად (აღრიცხვის მოწმობა №----------) 27.07.2023 წელს შევიდა ავტომანქანა, სახელმწიფო ნორმით ----------, მისაბმელის ნორმით ----------.

საბაჟო საწყობში მიღებისას და შემდგომაც კონტეინერის ლუქი №---------- იყო მთელი, თუმცა გატანის დროს კონტეინერის ლუქის მთლიანობისა და ნომრის გადამოწმების მიზნით დათვალიერებისას, საწყობის თანამშრომლის და ავტომანქანის მძღოლის თანდასწრებით ხელით შეხებისთანავე გადაწყდა დაჟანგული მეტალის ლუქი №----------, რაც არ ყოფილა უკანონო, მიზამიმართული, განზრახი ან დაუდევარი ქმედების შედეგი. აღნიშნული დასტურდება უწყვეტი ვიდეოჩანაწერებითაც.

ავტომანქანას და კონტეინერს საბაჟო კონტროლის ზონა არ დაუტოვებია და ვინაიდან კონტეინერი გახდა შეღწევადი, უწყვეტი ვიდეოკონტროლის პირობებში განთავსებულია საბაჟო საწყობში, ამასთანავე ადგილი არ ჰქონია კონტეინერში განთავსებული ტვირთის განკარგვას, რაც დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის მიერ და მითითებულია სამართალდარღვევის ოქმებშიც. ფაქტის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა გეზ ---------- წარმომადგენლებს, როგორც ზეპირი ისე წერილობითი კომუნიკაციის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო დეპარტამენტს ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია, სამართალდარღვევის ოქმებში მითითებულია, რომ დაზიანდა საბაჟო ლუქი და ამავდროულად, რომ ლუქი დაზიანდა კონტეინერის დამუშავების დროს. დაზიანებული ლუქი არ არის საბაჟო ლუქი, როგორც წარმოდგენილ ფოტოებზე ჩანს, იგი არის არასაბაჟო მეტალის ლუქი, დაჟანგული/კოროზირებულ მდგომარეობაში. ამავდროულად, ვიდეოკამერის ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება, რომ ლუქი კონტეინერის დამუშავების/დაცლის/ტრანსპორტირების დროს კი არ დაზიანდა, არამედ მოწყდა ლუქის მთლიანობისა და მისი ნომრის გადამოწმების დროს გამშვებ პუნქტთან.

კომპანიას მიზანმიმართულად, განზრახვით ან გაუფრთხილებლობით არ დაურღვევია რომელიმე სანებართვო ვალდებულება და არ შეუშლია ხელი საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, არც ნავსადგურის თანამშრომლის განზრახ ან გაუფრთხილებელ ქმედებას არ გამოუწვევია ლუქის დაზიანება და აღნიშნული გამოწვეული იყო მხოლოდ ლუქის მდგომარეობით, რის გამოც ვერ იქნა და ვერ იქნებოდა აცილებული თავიდან ლუქის დაზიანება. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, კონტეინერს არ დაუტოვებია საბაჟო საწყობის ზონა საბაჟო ორგანს მიერ შესაბამისი ზომების მიღებამდე, ადგილი არ ჰქონია ტვირთის უკანონო განკარგვას/დანაკლისი არ დაფიქსირებულა, რაც დადასტურებეულია სამართალდარღვევის ოქმებითაც და დაზიანებული ლუქიც წარადგინა. ამავდროულად, კომპანიის მიერ ჯეროვნად იქნა შესრულებული სანებართვო ვალდებულება და იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობის დარღვევის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა საბაჟო ორგანოს.

ამდენად, დაზიანებული არ არის საბაჟო ორგანოს მიერ დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება - საბაჟო ლუქი, ამასთანევ ამგვარი საშუალების საბაზრო ორგანოს თანხობის გარეშე მოხსნა, მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება და განადგურება გულისხმობს მიზანმიმართულ, განზრახ ან გაუფრთხილებელ/დაუდევარ ქმედებას/უმოქმედობას. განსახილველ შემთხვევაში დაჟანგული/კორეზირებული ლუქი ხელში შერჩა საწყობის თანამშრომელს შემოწმების პროცესში, ამ შემოწმებით კი საწყობის თანამშრომელი, სწორედ იმ კონტროლს უზრუნველყოფდა, რითაც თავიდან უნდა ავირიდოთ საბაჟო კონატროლის განხორციელებისთვის ხელშეშლა და სანებართვო ვალდებულებათა დარღვევა (ლუქების დაზიანების შიშით თანამშრომლებმა არ უნდა გადაამოწმონ ლუქების მთლიანობა და ნომრები?).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე მითითებით, სწორედ ბრალი არის ადმინისტრაციული გადაცდომის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზე არ არის არც გადაცდომების შემადგენლობა და არც ნავსადგურის ბრალეულობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით, კი ლუქის დაზიანების ყველა ფაქტი არ შეიძლება ავტომატურად იქნას შეფასებული სამართალდარღვევად და სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა ჰქონდეს კანონიერი, სამართლიანი და თანმიმდევრული მიდგომა და სამუშაო ინსტრუქცია, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სსიპ შემოსვლების სამსახურის ყველა წარმომადგენელმა და ფაქტობრივ გარემოებათა შესწავლის შემდგომ, მათ ობიექტურად უნდა გადაწყვიტონ, როდის აქვს დარღვევას ადგილი და როდის არის ლუქის მექანიკური დაზიანება ბრალეულობის გარეშე. შესაბამისად, შედგება ოქმი ლუქის დაზიანებასა და გადალუქვაზე, მაგრამ არა სამართალდარღვევის ოქმი არარსებულ დარღვევაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე (მათ შორის არასაბაჟო ლუქი, ლუქის დაზიანება არა კონტეინერის დამუშავების, არამედ საწყობიდან გასვლამდე შემოწმების დროს, ლუქის კოროზირებული (დაჟანგული) მდგომარეობა, სამართალდარღვევის შემადგენლობისა და ნავსადგურის ბრალეულობის არარსებობა, საკითხის სწორად გადაწყვეტის პრევენციული და პრეცედენტული მნიშვნელობა) ადმინისტრაციულ საჩივარში აპელირებდა სსიპ შემოსავლების სამსახურმა არა თუ არ გაითვალისწინა, არამედ არც კი იმსჯელა მათზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო და მხოლოდ სტანდარტული ფორმულირებები და მუხლების ციტირება რეალური ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის, შეფასებისა და განმარტების გარეშე ვერ აქცევს მას დასაბუთებულ და სამართლიან გადაწყვეტილებად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, არ დასტურდება რა გამოყენებული მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა და ნავსადგურის ბრალეულობა, ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და უზრუნველყოფილ იქნას კომპანიაზე დაკისრებული ჯარიმების სრულად ანულირება, რაც უმნიშვნელოვანესია მსგავს შემთხვევებზე სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად და შექმნის მნიშვნელოვან პრცედენტს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;

გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ საბაჟო საწყობში კონტეინერი მიღებისას და შემდგომაც კონტეინერის ლუქი №---------- იყო მთელი, თუმცა გატანის დროს კონტეინერის ლუქის მთლიანობისა და ნომრის გადამოწმების მიზნით დათვალიერებისას, საწყობის თანამშორმლის და ავტომანქანის მძღოლის თანდასწრებით ხელით შეხებისთანავე გადაწყდა, რაც არ ყოფილა უკანონო, მიზამიმართული, განზრახი ან დაუდევარი ქმედების შედეგი. საჩივარზე დართული უწყვეტი ვიდეოჩანაწერით და ფოტო მასალით დასტურდება, რომ ლუქი კონტეინერის დამუშავების/დაცლის/ტრანსპორტირების დროს კი არ დაზიანდა, არამედ გამშვებ პუნქტთან მოწყდა ლუქის მთლიანობისა და მისი ნომრის გადამოწმების დროს. ამავდროულად, კომპანიის მიერ ჯეროვნად იქნა შესრულებული სანებართვო ვალდებულება და იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობის დარღვევის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა საბაჟო ორგანოს. გასათვალისწინებელია, რომ თუ კომპანია დაჯარიმდა იმის გამო, რომ დაარღვია სანებრათვო ვალდებულებები და ხელი შეუშალა საბაჟო კონტროლს, მაშინ მეორე მხრივ საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის რომ ხელი შეეწყო და ჯეროვნად განეხორციელებინა საწყობის კონტროლი მოხდა ასეთი ინციდენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია, ასეთი მექანიკური დაზიანება შეფასდეს სამართალდარღვევად და შედგეს სამართალდარღვევის ოქმები. გასათვალისწინებელია, რომ არ გამოვლენილა საქონლის დანაკლისი/განკარგვა, კონტეინერს არ დაუტოვებია საწყობი და აღნიშნული მყისიერად ეცნობა საბაჟო ორგანოს. სამართალდარღვევის ოქმებში მითითებულია, რომ დაზიანდა საბაჟო ლუქი, რაც არასწორია, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა საბაჟო ლუქს, შესაბამისად, ვინაიდან საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის შემადგენლობაც საბაჟო ლუქის დაზიანებას ეხება, აღნიშნული მუხლით ჯარიმის შეფარდება უსაფუძვლოა. ასევე, ოქმებში მითითებულია, რომ ლუქი დაზიანდა კონტეინერის დამუშავებისას, რაც ასევე არასწორია რადგან, უწყვეტი ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ კონტეინერის დამუშავებას/დაცლას/ტრანსპორტირებას ლუქის დაზიანებისას ადგილი არ ჰქონია.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები/გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23376 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23376 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, ჩადენილი განმეორებით;

2. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ საბაჟო საწყობში კონტეინერი მიღებისას და შემდგომაც კონტეინერის ლუქი იყო მთელი, თუმცა გატანის დროს კონტეინერის ლუქის მთლიანობისა და ნომრის გადამოწმების მიზნით დათვალიერებისას, საწყობის 5 თანამშორმლის და ავტომანქანის მძღოლის თანდასწრებით ხელით შეხებისთანავე გადაწყდა, რაც არ ყოფილა უკანონო, მიზამიმართული, განზრახი ან დაუდევარი ქმედების შედეგი. საჩივარზე დართული უწყვეტი ვიდეოჩანაწერით და ფოტო მასალით დასტურდება, რომ ლუქი კონტეინერის დამუშავების/დაცლის/ტრანსპორტირების დროს კი არ დაზიანდა, არამედ გამშვებ პუნქტთან მოწყდა ლუქის მთლიანობისა და მისი ნომრის გადამოწმების დროს. ამავდროულად, კომპანიის მიერ ჯეროვნად იქნა შესრულებული სანებართვო ვალდებულება და იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობის დარღვევის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა საბაჟო ორგანოს. გასათვალისწინებელია, რომ თუ კომპანია დაჯარიმდა იმის გამო, რომ დაარღვია სანებრათვო ვალდებულებები და ხელი შეუშალა საბაჟო კონტროლს, მაშინ მეორე მხრივ საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის რომ ხელი შეეწყო და ჯეროვნად განეხორციელებინა საწყობის კონტროლი მოხდა ასეთი ინციდენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია, ასეთი მექანიკური დაზიანება შეფასდეს სამართალდარღვევად და შედგეს სამართალდარღვევის ოქმები. გასათვალისწინებელია, რომ არ გამოვლენილა საქონლის დანაკლისი/განკარგვა, კონტეინერს არ დაუტოვებია საწყობი და აღნიშნული მყისიერად ეცნობა საბაჟო ორგანოს. სამართალდარღვევის ოქმებში მითითებულია, რომ დაზიანდა საბაჟო ლუქი, რაც არასწორია, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა საბაჟო ლუქს, შესაბამისად, ვინაიდან საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის შემადგენლობაც საბაჟო ლუქის დაზიანებას ეხება, აღნიშნული მუხლით ჯარიმის შეფარდება უსაფუძვლოა. ასევე, ოქმებში მითითებულია, რომ ლუქი დაზიანდა კონტეინერის დამუშავებისას, რაც ასევე არასწორია რადგან, უწყვეტი ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ კონტეინერის დამუშავებას/დაცლას/ტრანსპორტირებას ლუქის დაზიანებისას ადგილი არ ჰქონია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები/გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23376 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166(2); 176(2).