გადაწყვეტილება №18954/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18954/2/2023
24.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 22.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18954/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის ჯარიმის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №CB1427161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2023 წლის №2001 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა (დანაკლისი) – 17 064 ლარი.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 20.12.2022 წლის №4471 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას დადგინდა, რომ მომჩივანმა საგადასახადო ორგანოს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, რაზეც გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №CB1427161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 17 064 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.02.2023 წლის №2001 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და მიიჩნია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურს 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის გამოყენების საფუძველი არ ჰქონდა, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებიდან სრულად არ დგინდებოდა დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და პოზიციის დაფიქსირება საჩივრის განხილვის პროცესში მნიშვნელოვანი იქნებოდა და გადაწყვეტილების აღნიშნული შედეგიც არ დადგებოდა.
შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა, მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, იმ დროს როცა საჩივარში ითხოვდა დარიცხული ჯარიმის გაუქმებას, რაც ორივე დასახელებულს გულისხმობს.
შემოსავლების სამსახურს გადაწყვეტილება მიღებული აქვს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ნამსჯელი არ აქვს მის არგუმენტებზე, საჩივარი განიხილა მის გარეშე და გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად. მოითხოვს დავების განხილვის საბჭოსათვის საჩივრის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის შემოსავლების სამსახურისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 20.12.2022 წლის №4471 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას დადგინდა, რომ საწარმოს მიერ დაირღვა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, რაზეც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №CB1427161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საქმეზე არსებული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის თანხის დაკისრება მართებულია.
ამასთან, საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განაცხადა, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე ატვირთა სასაქონლომატერიალური მარაგების ჩამოწერის განცხადება. განცხადებაში ჩამოსაწერი იყო ორი პოზიცია: ინკუბაციის შედეგად გალაყებული, გატეხილი და დაზიანებული კვერცხი და მკვდარი, სუსტი, მახინჯი წიწილი. პირველი პოზიცია იყო 21 630 ცალი, ხოლო მეორე პოზიციაში (მკვდარი, სუსტი, მახინჯი წიწილი) მოხდა შეცდომა, კერძოდ, რაოდენობაში მიუთითა იგივე ციფრი 21 630 ცალი, ნაცვლად 300 ცალისა. აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას ეცადა, თუმცა ვერ შეძლო, ვინაიდან პროგრამამ არ მისცა ამის საშუალება. განმარტა, რომ ნამდვილად ტექნიკურ შეცდომას, რომ ჰქონდა მისი მხრიდან ადგილი, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წინა პერიოდების სააღრიცხვო დოკუმენტებში და დეკლარაციებში წიწილების (ერთი) ჩეკვის დროს მაქსიმალურად ჩამოწერს 500-600 ცალს.
საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მომჩივანს განცხადებაში (ID: ----------) ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ორივე პოზიციაში ერთი და იგივე რიცხვი (21 630) ჰქონდა დაფიქსირებული.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის ამავე კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №CB1427161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.