ბრძანება N 4950

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.03.2024
№ დოკუმენტი 4950
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4950

06 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------)

(იურ. მის.: ---------------------------;

ფაქტ. მის.: ---------------------------)

2022 წლის 19 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) 2022 წლის 19 ოქტომბრის საჩივრის №75603/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №006-1050 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული ფართების დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შპს „---------მა“ არ უნდა აღიაროს ფართის გაყიდვიდან მიღებული ამონაგები, ვინაიდან ორი ოპერაციის შინაარსი აღებული ერთად ნიშნავს იმას, რომ საწარმომ ისესხა კერძო იპოთეკარებიდან თანხა და აღნიშნული სესხი უზრუნველყოფილია ფართებით (მარაგი). შესაბამისად, საწარმომ უნდა აღიაროს სასესხო ვალდებულება კერძო იპოთეკარების მიმართ, როგორც უზრუნველყოფილი ვალდებულება და ფართები დარჩეს საწარმოს მარაგებში, ვინაიდან ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გადაცემა წარმოადგენს ფინანსურ მომსახურებას, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემმოწმებელი დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილავს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ ავანსებს, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველის მიერ არის ჩარიცხული. აღნიშნული ავანსის თანხები საწარმოს მიერ დეკლარირებულია შესაბამისი თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გადაცემა წარმოადგენს შეზღუდული უფლებით ქონების გადაცემას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს საქონლის მიწოდებად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საწარმოს მიერ უკან გამოსყიდული იქნა ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ფართები 47 მეპატრონისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 11 ივნისის №18704 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 28 დეკემბრის №41579 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1050 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 601 315 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 317 552 ლარი, ჯარიმა 702 962 ლარი, საურავი 580 801 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 2 დეკემბრის №30287 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 დეკემბრის №30287 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 2 მარტის №18602/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 დეკემბრის №30287 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა არსებითად განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26226 ბრძანებით შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 22 იანვრის №21289/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26226 ბრძანება და საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 იანვრის №21289/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შეფასდეს, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული ოპერაციის (მომჩივნის არგუმენტის მიხედვით კომპანიამ ისესხა კერძოდ იპოთეკარებიდან თანხა და აღნიშნული სესხი უზრუნველყოფილია ფართებით (მარაგი). შესაბამისად, კომპანიამ უნდა აღიაროს სასესხო ვალდებულება კერძო იპოთეკარების მიმართ, როგორც უზრუნველყოფილი ვალდებულება და ფართები დარჩეს კომპანიის მარაგებში) სესხად კვალიფიკაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26226 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-------ი“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 1 დეკემბერს. საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. საწარმომ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2018 წელს ქ. თბილისში (მის: -----ი, №--- , №---.). გადამხდელს უფიქსირდება ორი მოქმედი საბანკო ანგარიში ------ს ბანკსა და ----ი ბანკში. ასევე, აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შესაბამისად დაჯარიმებულია ორჯერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით. მოძიებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ შპს „------ი“ სამშენებლო სამუშოებისთვის საჭირო მასალას ყიდულობს ადგილობრივი მომწოდებლებისგან. საწარმო ფართების გაყიდვას ახორციელებს მშენებლობის პროცესის პარალელურად ფიზიკურ პირებზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. თითოეული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიულად. ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მყიდველის მხრიდან ფიქსირდება თანხის სრული გადახდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფართების რეალიზაციის პერიოდად ჩაითვალა ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ხოლო დასაბეგრ თანხად ჩაითვალა ხელშეკრულების თანხა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ საწარმო ფართების გაყიდვას ახორციელებს მშენებლობის პროცესის პარალელურად ფიზიკურ პირებზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. თითოეული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიულად. ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მყიდველის მხრიდან ფიქსირდება თანხის სრული გადახდა. შემოწმების პროცესში გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და მის მიერ არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, გადამხდელის მიერ არ არის გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის გამოც შემოწმებით ვერ დადგინდა წინა საანგარიშო პერიოდებში მიღებული ავანსების დაბეგვრა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ასევე ირკვევა, რომ ნასყიდობა/გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული ქონებიდან ადგილი არ ჰქონია შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული ქონების უკან გამყიდველზე საკუთრების უფლების დაბრუნების შემთხვევას, რასთან დაკავშირებითაც შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ქონების დაბრუნების შემთხვევაში აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს კორექტირების საფუძველს. ხოლო, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებულ გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ ფინანსური ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრასთან მიმართებით, ამავე ინფორმაციით ირკვევა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული ოპერაციები არ იღებს მონაწილეობას დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხები შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით, ფართების რეალიზაციის პერიოდად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ხოლო დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის თანხა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული ფართების დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №18704 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 28 დეკემბრის №41579 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1050 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 601 315 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №30287 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის №30287 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №18602/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №30287 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა არსებითად განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და შემოსავლების სამსახურის №26226 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №21289/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №26226 ბრძანება და საჩივარი, პირველი დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 179;

(2021 წლამდე მოქმედი) 160(,,ა“); 161(1.8);