ბრძანება N23957

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.11.2024
№ დოკუმენტი 23957
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23957

12 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 18 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებას, აღნიშნულ უპროცენტო სესხზე, როგორც უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე ყოველთვიური სარგებლის გაანგარიშებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №9989 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--- ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №9989 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 14 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 21 მაისის №081-98 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 11 ივლისის №16442 ბრძანებით შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 25 სექტემბრის №23598/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 ივლისის №16442 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 სექტემბრის №23598/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აღნიშნულ მასალებში ასახული მონაცემები/გარემოებები გარკვეული პერიოდის ჭრილში თანხვედრაშია შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ მონაცემებთან. კერძოდ, 2019 წლის 10 აპრილს ,,---“-სთან გადარიცხულია 320 432 აშშ დოლარი. ამ გადარიცხვის და წინა პერიოდის სხვა ოპერაციების გათვალისწინებით, „---“-ს ბარათის ნაშთები განულდა, თუმცა „---“-ს დებეტური მოთხოვნის ნაშთი წარმოქმნილია შემდეგ პერიოდში განხორციელებული სხვა ოპერაციების შედეგად, კერძოდ: „---“-ს (ერთ-ერთი საქონლის მომწოდებლის) ბარათიდან კრედიტორული დავალიანება (მოწოდებულია მეტი საქონელი, ვიდრე თანხებია გადარიცხული) 18.04.2019 წელს გადატანილია „---“ ბარათზე (მითითებულია 18.04.2019 წლის ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება 19.04.2019 წ.) 8 887 560 ლარი. შემდეგ, „---ის“ სასარგებლოდ შპს „---ის“ --- ბანკის ანგარიშიდან პერიოდულად ხდებოდა თანხების გადარიცხვა, გადარიცხვების შედეგად დაიფარა კრედიტორული ვალი და წარმოიშვა სადებეტო ნაშთი (მოთხოვნა ---გან). 18.07.2019 წელს „---გან“ მოთხოვნა დაკრედიტდა და 320 432 აშშ დოლარი (919 223 ლარი) გადატანილია შპს „---ის“ სადებეტო ანგარიშზე.

შპს „---მა“ 31.12.2019 წელს მოთხოვნა გადაიტანა „---“-ზე. 2021 წლის 31 დეკემბერს აღნიშნულ თანხას გადამხდელმა მიანიჭა მომწოდებლებზე გადახდილი ავანსების კვალიფიკაცია, რომელიც უცვლელია მთლიან შესამოწმებელ პერიოდში. ამდენად, „---“-ზე დებიტორული დავალიანების მოთხოვნა წარმოშობილია სხვა არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების ურთიერთგადახურვის შედეგად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით არარეზიდენტზე გადარიცხული თანხების უპროცენტო სესხად კვალიფიკაცია მართებულია და არ არსებობს დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. ამასთან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა „---“- სთვის მიმართვა/წერილი, სადაც ითხოვს განხილულ იქნას შპს „---ის“ მიმართ 320 432 აშშ დოლარის ოდენობის დებიტორული დავალიანების დაფარვის შესაძლებლობა. პასუხად მიღებულია 22.05.2023 წლის წერილი, სადაც „---.“ აღიარებს დავალიანებას (,,შეძლებისდაგვარად „---.“ ცდილობს შეასრულოს თავისი ვალდებულებები შპს „---ის“ მიმართ 320 432.00 აშშ დოლარის ოდენობით“). აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია ფინანსური ანგარიშგებები, რომლის მონაცემებიც ყოველწლიურად დეტალურად ემთხვევა ბუღალტრული აღრიცხვის (პროგრამა ორისის) მონაცემებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. 3

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

აქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შპს „---სა“ და „---“-ს შორის სამეურნეო ურთიერთობის ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 25 ივლისს ნახშირის პროდუქციის (ანტრაციტი) მიწოდებაზე, სულ 6 210 ტონა საერთო ღირებულებით 984 112 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა „---“-ს მიერ ეტაპობრივად ავანსად ირიცხებოდა შპს „---ის“ ანგარიშზე. შპს „---ის“ მიერ ფაქტიურად მიწოდებული იქნა 3 150 ტონა პროდუქცია თანხით 463 680 აშშ დოლარი. თუმცა, ვინაიდან, შპს ---მა „---“-ს ვერ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია სრული მოცულობით, ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნება განხორციელდა ეტაპობრივად 24.12.2018 წელს - 70 000 აშშ დოლარი, 24.12.2018 წელს - 130 000 აშშ დოლარი და 10.04.2019 წელს 320 432 აშშ დოლარი.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ შპს „---ის“ მიერ „---თვის“ 10.04.2019 წელს განხორციელებული გადახდა 320 432 აშშ დოლარის ოდენობით წარმოადგენს არა გაცემულ ავანსს, არამედ წინასწარ გადახდილი თანხის „---სთვის“ დაბრუნებას, 25.07.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთანგარიშსწორება გასწორდა და შესაბამისად, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. გადამხდელი განმარტავს, რომ გარდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებისა, შპს „----სა“ და „---“-ს შორის მოხდა სხვა ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება პროდუქციის მიწოდებისა და ექსპედიტორულ მომსახურებაზე, რომლის მიხედვით შპს „---ს“ ვალდებულება გააჩნდა კომპანია „---ის“ მიმართ და 30.08.2019 წლის მდგომარეობით შეადგენდა 3 609 999,27 აშშ დოლარს. გარდა ამისა, კომპანიებს შორის 2019 წლის 18 ივლისს დაიდო ვალის გადაცემის ხელშეკრულება თანხაზე 3 609 999 აშშ დოლარი, დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას მხარეები აწარმოებენ ვალდებულებათა შეწყვეტით ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით, რასაც ხელი მოეწერა 30.08.2019 წელს, ანგარიშსწორება შპს „---სა“ და „---“-ს შორის გასწორდა და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

გადამხდელი მიუთითებს, რომ 2019 წელს შეიცვალა ბუღალტერი, რომელმაც 10.04.2019 წელს „---“-ზე გადახდილი 320 432 აშშ დოლარი აღრიცხა, როგორც ავანსად გადახდილი თანხა და დაუბრუნა იგი „---“-ს. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, შპს „---ის“ მიერ გადახდილი 320 432 აშშ დოლარი ავანსის ნაცვლად წარმოადგენდა ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებას, აღნიშნული წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არა რაიმე გამიზნულ ქმედებას, რაც განპირობებული იყო აღრიცხვის სისტემაში ნაშთების გადაცემის დროს დაშვებული შეცდომით.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადახდილი ავანსის სახით არარეზიდენტ მომწოდებელზე აღრიცხული დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებას, აღნიშნულ უპროცენტო სესხზე, როგორც უსასყიდლოდ გაწეულ ფინანსურ მომსახურებაზე ყოველთვიური სარგებლის გაანგარიშებას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აღნიშნულ მასალებში ასახული მონაცემები/გარემოებები გარკვეული პერიოდის ჭრილში თანხვედრაშია შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ მონაცემებთან. შემოწმების აქტით არარეზიდენტზე გადარიცხული თანხების უპროცენტო სესხად კვალიფიკაცია მართებულია და არ არსებობს დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია ფინანსური ანგარიშგებები, რომლის მონაცემებიც ყოველწლიურად დეტალურად ემთხვევა ბუღალტრული აღრიცხვის (პროგრამა ორისის) მონაცემებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 98 2; 983.