გადაწყვეტილება №25026/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.05.2025
№ დოკუმენტი 25026/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25026/2/2025

07 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 7.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25026/2/2025).

 

დავის საგანი:

სალაროს არაგონივრული ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2024 წლის №081-238 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4808 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 140 000,54 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 76 520

ჯარიმა - 38 250

საურავი - 25 230,54

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო ინვენტარის, მისი მაკომპლექტებელი დეტალების, აგრეთვე ჰიგიენის საშუალებების იმპორტი და საბითუმო-საცალო რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.06.2015 წლის. კომპანიის ერთპიროვნული დამფუძნებელია ---ის მოქალაქე ფიზიკური პირი --- (პ/ნ ---). დირექტორი 10.06.2015-14.11.2022-ში იყო --- (პ/ნ ---), ხოლო 14.11.2022-წლიდან დღემდე --- (პ/ნ ----). აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, საწარმოს სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი. ამასთან, სააღრიცხვო მონაცემებით დგინდება, რომ კომპანიის სალაროში არ ფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს მცირე ოდენობით თანხები. სალაროს საშუალებით ხორციელდება დირექტორისგან სესხის აღება და დაბრუნება, აგრეთვე სალაროდან არის დაბრუნებული არარეზიდენტი კომპანიიდან (დირექტორი ---ის შვილი ----) საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული სესხის ძირი და პროცენტი.

სალაროს გონივრულ ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა მიჩნეულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ ფიზიკურ პირზე (---) გაცემულ ხელფასად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის პირველ საანგარიშო პერიოდში არ გამოვლინდა არაგონივრული ნაშთი, შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილი არაგონივრული ნაშთი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2024 წლის №081-238 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4808 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელმა რამდენჯერმე განახორციელა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში ცვლილებები, ასევე, შეცვალა სალაროს ნაშთი და ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნა/ვალდებულებების ნაშთები, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფიქსირდება საბანკო ანგარიშიდან დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების დაფარვა, მიაჩნია, რომ სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშება და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილი არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანმა 2025 წლის 19 მარტს ელექტრონულად მიიღო შპს ,,---’’-ის (ს/ნ ---) საჩივრის საფუძველზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის ბრძანება №4808, აღნიშნული ბრძანების მიხედვით საჩივარი დაუკმაყოფილდათ ნაწილობრივ, რასაც არ ეთანხმება და ასაჩივრებს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, ხოლო 2025 წლის 5 იანვარს ელექტრონულად მიიღო შპს ,,---’’-ის (ს/ნ ---) საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა №81-238, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 დეკემბრის №26386 ბრძანება და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 დეკემბრის №1434/2 საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 140 000,54 ლარი, მათ შორის გადასახადი 76 520 ლარი (საშემოსავლო გადასახადი 76 520 ლარი) ჯარიმა 38 250 ლარი და საურავი 25 230,54 ლარი. მომჩივანი გაეცნო აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნას №081-238, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 დეკემბრის №26386 ბრძანებას და 3 შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 დეკემბრის №1434/2 საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად არ დაეთანხმა წინამდებარე აქტში შემმოწმებლის მოსაზრებებს და გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რამდენადაც, გააჩნდა განსხვავებული პოზიციები. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რაზედაც ეთქვა უარი ასაჩივრებს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში შემდეგ გარემოებათა გამო: შემმოწმებელი მიუთითებს, რომ შპს ,,---“ (ს/ნ ---) მის მიერ შესწავლილ იქნა ფინანსთა სამინისტროს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამები (ინფო ბუღალტერი, ორისი), პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, სესხის ხელშეკრულებები, დებიტორებთან ურთიერთ შედარების აქტები, სალაროს გასავლის ორდერები). იმ ნაწილში, რომ სარევიზიო პერიოდისათვის საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი დავების საბჭოს ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ სარევიზიო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას გარდა სალაროს ნაშთისა უფიქსირდებოდა მიმდინარე ვალდებულებები დამფუძნებლებისადმი და საბოლოო მონაცემების მიხედვით, სარევიზიო პერიოდის ბოლოსათვის 01.06.2024 წელი სალაროს ნაშთი შეადგენდა 2 529,19 ლარს, ანგარიშვალდებულ პირ -----დმი მოთხოვნა 93 453,91 ლარი და ვალდებულებები მმართველი პარტნიორის ----დმი 67 000 ლარი. გამომდინარე სალაროს ნაშთი უნდა განისაზღვროს 2 529,19 ლარით და მოთხოვნა ----დმი 26 453,91 (93453,91-67000) ლარი. საიდანაც უნდა დაებეგრა შემმოწმებელს არაგონივრული ნაშთი. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალს არ აღიარებასთან დაკავშირებით ვერ გავიზიარებთ შემმოწმებლის მოსაზრებას, რადგან აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხების სიმცირეს, სალაროს საშუალებით დირექტორისგან სესხის აღება და დაბრუნებას, არარეზიდენტი კომპანიიდან (დირექტორი ----ის შვილი ----) საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული სესხის ძირისა და პროცენტის სალაროდან დაბრუნებას ვთვლით, რომ აღნიშნული ოპერაციები ვერ გახდება სალაროს ნაშთის გაზრდის და/ან საბუღალტრო აღრიცხვის მასალებში ამა თუ იმ ოპერაციის გაუქმების საფუძველი და/ან სალაროს ნაშთად მარტო მოთხოვნების განხილვა, ვთვლით, რომ არ მომხდარა შემმოწმებლის მიერ საქმისათვის არსებითი მასალები მოკვლევა შესწავლა საქართველოს ზოგად-ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო არ ჰქონდა საშუალება თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებების ან არგუმენტების გამოკვლევებზე. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტი საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დაბრუნებული იქნას აუდიტის დეპარტამენტში გადაანგარიშებისათვის, რადგან სარევიზიო პერიოდისათვის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული რიგი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არსებითად შეცვლიდა განკარგვად ნაშთს და გამომდინარე გაანგარიშებულ საგადასახადო ვალდებულებებს. აქვე საყურადღებოა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ საგადასახადო შემოწმების პერიოდის ბოლოს რიცხული სმფ-ის ნაშთები რეალიზებულია მთლიანობაში იდენტიფიცირებულ მყიდველებზე და არაიდენტიფიცირებულ მყიდველებზე იდენტიფიცირებულ მყიდველებზე ფიქსირებული ფასნამატის გათვალისწინებით, ასევე ამოღებულია დებიტორული დავალიანებები და დაბეგრილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადახდილია გამომდინარე გადასახადები. იხილეთ შედარების აქტი 1.06.2024-4.02.2025წწ. ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის ბრძანება №4808, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გამოცემული 2024 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა №081-238 თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და დაავალოთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოახდინოს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები და გამოსცეს ახალი საგადასახადო მოთხოვნა. აქვე ითხოვს გათვალისწინებულ იქნეს ფასნამატი საქონლის რეალიზაციიდან, ბიუჯეტში გადახდილი თანხები და საგადასახადო კოდექსის 269 მუხლის მე-7 პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი გათავისუფლდეს საგადასახადო სანქციისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №31391-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფინანსთა სამინისტროს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამები (ინფობუღალტერი, ორისი), პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, სესხის ხელშეკრულებები, დებიტორებთან ურთიერთშედარების აქტები, სალაროს გასავლის ორდერები).

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი. ამასთან, სააღრიცხვო მონაცემებით დგინდება, რომ საზოგადოებას სალაროში არ ფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ამასთან, საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს მცირე ოდენობით თანხები.

სალაროს საშუალებით ხორციელდება დირექტორისგან სესხის აღება და დაბრუნება, აგრეთვე სალაროდან არის დაბრუნებული არარეზიდენტი კომპანიიდან (დირექტორი ---ის შვილი ----) საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული სესხის ძირი და პროცენტი.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის მე-10 მუხლის შესაბამისად შემოწმების მიერ სალაროს გონივრულ ნაშთად განხილულ იქნა საზოგადოების წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა, მიჩნეულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ ფიზიკურ პირზე (--- (პ/ნ ---) ხელფასის განაცემად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის პირველ საანგარიშო პერიოდში არ გამოვლინდა არაგონივრული ნაშთი, შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილი არაგონივრული ნაშთი. აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ რამდენჯერმე განხორციელდა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში ცვლილებების შეტანა. შესაბამისად, შეიცვალა სალაროს ნაშთი, აგრეთვე, ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნა-ვალდებულებების ნაშთები (პირველად წარმოდგენილ ვერსიაში არ არსებობდა დამფუძნებლის წინაშე ვალდებულებები). ბოლოს წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 1.06.2024 წლის მდგომარეობით დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულება (67 000 ლარი) დაფარულია 2024 წლის ივნისის თვეში შპს ---ის საბანკო ანგარიშიდან, რომელიც არ იღებს მონაწილეობას არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებაში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის პირველ ეტაპზე წარდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ითხოვდა დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4808 ბრძანებაში აღნიშნული საკითხი ასახული არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია საფუძველს იმსჯელოს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლებაზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სალაროს არაგონივრული ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად, სალაროს გონივრულ ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა, მიჩნეულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის პირველ საანგარიშო პერიოდში არ გამოვლინდა არაგონივრული ნაშთი, შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილი არაგონივრული ნაშთი.

ამასთან, შემოწმებამ შეისწავლა ფულის მოძრაობა და შესწავლის შედეგად დაკორექტირდა სესხის საწყისი ნაშთი. შედეგად, 2021 წლის პირველი იანვრისთვის ნაშთად არსებული სესხის თანხა ჩაითვალა ფიქტიურ ნაშთად და სესხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდებში განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 73 (4,9); 101; 154; 302 (3).