ბრძანება N 18646

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.08.2025
№ დოკუმენტი 18646
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18646

20 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 25 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 25 ივლისის №97111/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №006-198 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 თებერვლის №2249 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“- ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 21 ნოემბრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 27 ივნისის №14018 ბრძანება და ამავე თარიღის №006-198 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 304 906 ლარი, მათ შორის, გადასახადი 742 885 ლარი, ჯარიმა 372 312 ლარი და საურავი 189 708 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო საშუამავლო გადაზიდვები საქართველოს ფოსტასთან ერთად, ძირითადად ------- მიმართულებით.გადაზიდვის მომსახურეობას ახორციელებენ ------- კომპანიები. ტვირთის შეგროვება ხდება ------- და შემდგომ შემოდის საქართველოში, საქართველოს ფოსტაში. გადაზიდვის ღირებულება სრულად ერიცხება საქართველოს ფოსტას, რომელიც იტოვებს თავისი მომსახურებისთვის (სატერმინალო მომსახურებისთვის) გარკვეულ პროცენტს 18-20%, ხოლო დანარჩენ თანხას ურიცხავს შპს „-------“-ს. საბუღალტრო პროგრამის ანალიზით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არარეზიდენტ კომპანიებზე მომსახურების (გადაზიდვის და იჯარის) სანაცვლოდ გადახდილი თანები, რომლის გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. კომპანიამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინა მხოლოდ მცირე ნაწილზე. შემოწმების პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70- ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა არარეზიდენტების მიერ გაწეული გადაზიდვის და იჯარის ხარჯების დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია. აგრეთვე, არარეზიდენტ კომპანიებთან აპოსტილით დამოწმებული შედარების აქტები შესრულებულ სამუშაოზე და გადახდილ თანხებზე, რაც გადამხდელმა ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, შედგა №188787 საგადასახადო სამართალდარღვრევის ოქმი და პირი დაჯარიმდა 400 ლარით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97- ე მუხლის პირველი პუნქტისა და 982 პრიმა მუხლების შესაბამისად, შემოწმებით ზემოაღნიშნული ხარჯები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო საშუამავლო გადაზიდვები. გადაზიდვას ახორციელებენ ------- არარეზიდენტი კომპანიები. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ------- კომპანიის რეზიდენტობის ცნობა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი თანხები დაიბეგრა წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არარეზიდენტ კომპანიებზე მომსახურების (გადაზიდვის და იჯარის) სანაცვლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანები, რასთან დაკავშირებითაც აპოსტილით დამოწმებული შედარების აქტები შესრულებულ სამუშაოზე და გადახდილ თანხებზე გადამხდელმა შემოწმებას ვერ წარუდგინა. შესაბამისად, შემოწმებით ზემოაღნიშნული ხარჯები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ საწარმოს იჯარით ჰქონდა აღებული კომერციული ფართი -------, -------, -------. 2025 წლის 28 იანვარს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდა ფართოდ ცნობილი ხანძარი, რის შედეგადაც ჯამში განადგურდა დაახლოებით 5 000 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მათ შორის შპს „------“-ის მიერ ნაქირავები ფართიც. ხანძრის შედეგად ასევე განადგურდა კომპანიის პირველადი სააღრიცხო დოკუმენტაცია, მათ შორის ის დოკუმენტები, რომელთა წარმოდგენაც მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების პროცესში. აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიას უკვე გააჩნია აუდიტის მოთხოვნებზე სრულად შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული შედარების აქტები შესრულებულ სამუშაოებზე და მათზე გადახდილ თანხებზე, რომლებიც წარმოდგენილია საჩივარზე დანართების სახით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.

ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:

1. საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

2. ფორმა №1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, დღეის მდგომარეობით საწარმოს სრულად გააჩნია აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი არარეზიდენტი პარტნიორი კომპანიების საგადასახადო რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობები, რომლებიც საჩივარზე დანართის სახითაა წარმოდგენილი. აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებს, რომ მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები რეგისტრირებულნი არიან და საგადასახადო რეზიდენტობას ფლობენ ------- რესპუბლიკაში. შესაბამისად, შპს „-------“-ის მიერ მათთვის გადახდილი თანხები ექვემდებარება დაბეგვრას მათ რეზიდენტ ქვეყანაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

2. არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო საშუამავლო გადაზიდვები საქართველოს ფოსტასთან ერთად. გადაზიდვის მომსახურეობას ახორციელებენ არარეზიდენტი კომპანიები. ტვირთის შეგროვება ხდება უცხოეთში და შემდგომ შემოდის საქართველოში, საქართველოს ფოსტაში. გადაზიდვის ღირებულება სრულად ერიცხება საქართველოს ფოსტას, რომელიც იტოვებს თავისი მომსახურებისთვის (სატერმინალო მომსახურებისთვის) გარკვეულ პროცენტს 18-20%, ხოლო დანარჩენ თანხას ურიცხავს შპს-ს. საბუღალტრო პროგრამის ანალიზით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არარეზიდენტ კომპანიებზე მომსახურების (გადაზიდვის და იჯარის) სანაცვლოდ გადახდილი თანები, რომლის გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. კომპანიამ ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინა მხოლოდ მცირე ნაწილზე. შემოწმებით ზემოაღნიშნული ხარჯები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა კომპანიის რეზიდენტობის ცნობა. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი თანხები დაიბეგრა წყაროსთან. შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(1-ა); 134(გ); 154