გადაწყვეტილება №20693/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20693/2/2023
24 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20693/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებზე მიღებული ჩათვლის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №006-554 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19641 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 570 978 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 279 120
დღგ - 220 297
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი -(- 323)
მოგების გადასახადი - 51 932
საშემოსავლო გადასახადი - 7 780
ქონების გადასახადი - (- 566)
ჯარიმა - 151 312
საურავი - 140 546
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-81-ე ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნების მიმართ 1.10.2018 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული პროექტი, კერძოდ ქ. ------ში, -----ს ქ. №---ში (ს/კ -----), 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობა აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების მოთხოვნებს (ქ. ------ს მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 9.07.2008 წელს გაცემულია მშენებლობის ნებართვა -----). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ საზოგადოებას აღნიშნულ ობიექტზე შესამოწმებელ პერიოდში სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას (გაზიფიკაცია, შიდა ქსელის გაყვანის სერვისი, წყალმომარაგების სისტემაზე დაერთება, ელ. ქსელზე მიერთება, ჰიდროსაიზოლაციო სამონტაჟო მომსახურება, გარე ფასადის ლესვა დაღებვის მომსახურება და სხვა) უწევენ სხვადასხვა კომპანიები, რომელთაც გამოწერილი აქვთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად დაბეგრილია დღგ-ით, ხოლო მომჩივანს აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 812 ნაწილების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ზემოაღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №006-554 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19641 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული მშენებლობა სრულად აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების მოთხოვნებს. შემოწმებამ შეისწავლა პირის როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე გათავისუფლებული ბრუნვების აღრიცხვის სისწორე, რაც შეუდარდა დეკლარირებულ მონაცემებს. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა დღგ. ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დეკლარაციაში ასახვის სისწორე, რის შედეგადაც, გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს შორის. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიას აღნიშნულ ობიექტზე შესამოწმებელ პერიოდში სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას უწევდნენ სხვადასხვა კომპანიები, რომელთაც გამოწერილი ჰქონდათ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად დაბეგრილი, ხოლო მომჩივანს აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, პირის მიერ ზემოთაღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა შემცირებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველზე შემოწმებით განსაზღვრულ ჯარიმას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით, არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ საწარმოს მომსახურებას უწევდნენ სხვადასხვა კომპანიები (გაზიფიკაცია, შიდა ქსელის გაყვანის სერვისი, წყალმომარაგების ქსელზე დაერთება და სხვა), რომელთაც გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დეკლარირებულია დადგენილი წესით. შესაბამისად, საწარმოს ისეთ ოპერაციებზე გაუუქმდა დღგ-ის ჩათვლები, რომელიც მეორე მხარის მიერ დაბეგრილი იყო დღგ-ით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საფუძველზე, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დარიცხული ჯარიმისაგან.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №19641 ბრძანებას და აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №006-554 საგადასახადო მოთხოვნას არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით, დღგ-ის ჩათვლის გაუქმების ნაწილში.
კომპანიამ დავის განხილვის პროცესშიც აღნიშნა, რომ ვინაიდან მომწოდებლების მხრიდან როგორც შერეული ასევე წმინდა მომსახურების გაწევის დროს არჩეული იქნა დაბეგვრის მაქსიმალური რეჟიმი საგადასახადო რისკის შემცირების მიზნით, კომპანიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა ზიანს ბიუჯეტისთვის, პირიქით ის მაქსიმალურად უზრუნველყოფდა ბიუჯეტში თანხების აკუმულირებას და შესაბამისად დაჰყვა მომწოდებლის დასაბეგრი ოპერაციის რეჟიმის ინტერპრეტირებას. ამასთან ბაზარზე არსებული უმსხვილესი მომწოდებლები, პრაქტიკიდან გამომდინარე აღნიშნულ ოპერაციებს ერთი და იგივე ზემოთ აღნიშნული რეჟიმით ბეგრავდნენ, რაც დამატებითი არგუმენტი იყო დაბეგვრის რეჟიმის განსაზღვრის არამართებულობაში ეჭვის არ შესატანად. მის მიერ მომწოდებლებიდან/შემსრულებლებიდან გამოთხოვილი და შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი დეკლარაციები და მასზე მიბმული ანგარიშ-ფაქტურები უტყუარად ადასტურებს შესაბამისი დღგ-ის თანხების ბიუჯეტში გადახდას.
ჩასათვლელი დღგ-ის გაუქმება გამოიწვევს მის მიერ ერთხელ უკვე გადახდილი გადასახადების ხელმეორედ გადახდას. ამასთან, ვინაიდან ყველა ოპერაცია წარმოადგენს საგადასახადო შემოწმებისათვის ხანდაზმულ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციას, შემსრულებლების/მომწოდებლების დაყოლიება ოპერაციის შინაარსის შეცვლაზე პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან შემსრულებლებიდან/მომწოდებლებიდან გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას და ბიუჯეტში ერთი და იგივე გადასახადის ხელმეორედ არ გადახდას.
გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ სრულად დამოკიდებული იყო და არის მომწოდებლების მხრიდან ოპერაციების დაბეგვრის რეჟიმის განსაზღვრაზე, შესაბამისად აღნიშნული გადასახადები ერთხელ უკვე გადახდილია ბიუჯეტში და რიგი ფაქტორების გათვალისწინებით მოკლებულია შესაძლებლობას უკან დაიბრუნოს მის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხები. აღდგენილი უნდა იქნას ჩასათვლელი დღგ 191 142 ლარი, რათა არ მოხდეს ერთი და იგივე გადასახადის ორჯერ გადახდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის 18.12.2021 წლამდე მოქმედი რედაქციის, მე-80 და 81-ე ნაწილების თანახმად:
79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის, თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ 5 ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ სამშენებლოსამონტაჟო მომსახურების დასრულების მომენტი ჩაითვლება.
80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.
81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული პროექტი (18 სართულიანი კორპუსის მშენებლობა) აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების მოთხოვნებს. მომჩივანს აღნიშნულ ობიექტზე შესამოწმებელ პერიოდში სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას (გაზიფიკაცია, შიდა ქსელის გაყვანის სერვისი, წყალმომარაგების სისტემაზე დაერთება, ელ. ქსელზე მიერთება, ჰიდროსაიზოლაციო სამონტაჟო მომსახურება, გარე ფასადის ლესვა დაღებვის მომსახურება და სხვა) უწევენ სხვადასხვა კომპანიები, რომელთაც გამოწერილი აქვთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად დაბეგრილია დღგ-ით, ხოლო მომჩივანს აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 28.07.2016 წლის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი (ფ სექციის 43-ე განყოფილება), განმარტავს სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას, რაც შესაბამისობაშია კომპანიის მიერ საფ-ების მიხედვით მიღებულ/შეძენილ მომსახურებებთან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში უძრავი ქონება შეყვანილია შეღავათების გამოსაყენებლად განსაზღვრული ობიექტების ნუსხაში, აღნიშნულის გათვალისწინებით მისთვის ამ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული დღგ-ის ჩათვლის კორექტირება განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას მომჩივნის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81- ე ნაწილების გათვალისწინებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე დარიცხული საურავისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების გათვალისწინებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე დარიცხული საურავისგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციებზე მიღებული ჩათვლის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული პროექტი, 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობა აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების მოთხოვნებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ საზოგადოებას აღნიშნულ ობიექტზე შესამოწმებელ პერიოდში სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას (გაზიფიკაცია, შიდა ქსელის გაყვანის სერვისი, წყალმომარაგების სისტემაზე დაერთება, ელ. ქსელზე მიერთება, ჰიდროსაიზოლაციო სამონტაჟო მომსახურება, გარე ფასადის ლესვა დაღებვის მომსახურება და სხვა) უწევენ სხვადასხვა კომპანიები, რომელთაც გამოწერილი აქვთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად დაბეგრილია დღგ-ით, ხოლო მომჩივანს აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე და 812 ნაწილების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ზემოაღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული დღგ-ის ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81- ე ნაწილების გათვალისწინებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების შედეგად გაანგარიშებული გადასახადის საფუძველზე დარიცხული საურავისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(79)(80)(81), 269(7).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 173(1), 174(1"ა")(2"ა.ა").