გადაწყვეტილება №27178/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.05.2026
№ დოკუმენტი 27178/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27178/2/2026

27 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 20.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27178/2/2026).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №083-55 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2026 წლის №6904 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 709 785,87 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 407 195,65

დღგ - 162 228,87

საშემოსავლო გადასახადი - 244 966,78

ჯარიმა - 198 585,25

საურავი - 104 004,97

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურების გაწევა. ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ---. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №083-55 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.03.2026 წლის №6904 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 27.03.2026 წლის №6904 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე არ არის წარმოდგენილი წარმოების კალკულაციები, არ არის წარმოდგენილი შესყიდვის აქტები. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდებით, საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის (გაზიანი სასმელები, ლუდი და წყალი) რაოდენობის მიხედვით. 1 ერთეულ (ბოთლი) სასმელზე მისაღები შემოსავალი განისაზღვრა საწარმოს მენიუს საშუალო ფასით - 22 ლარით. აღიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები განაწილდა შესამოწმებელი პერიოდის ფისკალისა და ტერმინალების თანხების ჯამის ხვედრითი წილის მიხედვით. შედეგად, გაიზარდა დღგით დასაბეგრი შემოსავლების ოდენობა და განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი - 2022 წლის 15 მარტი. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია წარმოების კალკულაციები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე დაყრდნობით გაანალიზდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვების ხარჯი, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. მესამე პირებისგან გამოთხოვილი დებიტორულიკრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი სალაროში არსებობის ფაქტიც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე არ არის წარდგენილი წარმოების კალკულაციები და შესყიდვის აქტები, შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით პროდუქციის შეძენა ხდება ბაზრობებზე შესაბამისად მიმდინარეობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება, ასევე წარმოდგენილი იქნება რესტორნის აშენების და სრულად მოწყობისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამასთან, მომჩივანი ფულის ნაშთთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აუდიტორის მიერ უნდა გაანგარიშდეს საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10% მეთოდური მითითების შესაბამისად.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე გონივრული ნაშთის გაანგარიშების და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოწმების აქტის შედეგებს (საკითხი №1, საკითხი №2). შემოწმების შედეგად მიღებული შემოსავალი გაანგარიშებულია შემდეგი პრინციპით: საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის (გაზიანი სასმელები, ლუდი და წყალი) რაოდენობის მიხედვით, 1 ერთეულ (ბოთლი) სასმელზე მისაღები შემოსავალი განისაზღვრა საწარმოს მენიუს საშუალო ფასით - 22 ლარით. აღიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები განაწილდა შესამოწმებელი პერიოდის ფისკალისა და ტერმინალების თანხების ჯამის ხვედრითი წილის მიხედვით. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები და ამასთან გადასახადის გადამხდელის დღგ-ის რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2022 წლის 15 მარტი. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა სსკ-ის 275-ე და 282-ე მუხლების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ საწარმოს მენიუს საშუალო ფასი - 22 ლარი გაანგარიშებულია შპს ---ს (ს.ნ ---) საიტზე არსებული მენიუს შესაბამისად, საიტზე არსებული მენიუ ასახავს 2025 წლის პერიოდის მენიუს, შემოწმების აქტი შედგენილია 2025 წლის 25 დეკემბერს. საწარმოს მიერ წლების შესაბამისად ხდება ფასების კორექტირება, შესაბამისად 2025 წლის მენიუს საშუალო ფასის შესაბამისად არასწორია შემოსავლის გაანგარიშება, შემოსავალი უნდა გაანგარიშდეს წლების ჭრილში არსებული მენიუს საშუალო ფასის შესაბამისად, აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილია საჩივართან ერთად წლების შესაბამისი მენიუ და გაანგარიშების ცხრილი, ასევე აღნიშნულს ადასტურებს ინტერნეტის საშუალებით სტუმრების მიერ ეგრეთ წოდებული ფიდბექის შესაბამისად ატვირთული კომენტარები (კომენტარში ძირითადად მითითებულია გემრიელი და იაფი), ასევე ატვირთულია მენიუები და იდენტიფიცირდება პერიოდი (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები ახლავს საჩივარს). რაც შეეხება მენიუში საქონლის ფასებს ერთ-ერთ კერძზე (ცხელი ხორცის დიდი დაფა (7-8 კაცზე)) მენიუში დამატებულია 2024 წელს, აღნიშნული კერძის ფასი 2024 წელს შეადგენდა 230 ლარს, ხოლო 2025 წელს 260 ლარს, ვინაიდან აღნიშნული კერძი არც თუ ისე მოთხოვნადია ფასიდან გამომდინარე, მაგრამ არსებით გავლენას ახდენს საშუალო ფასის გაანგარიშებაზე, ასევე აღნიშნულის ამოღება შესაძლებელია, რადგან აუდიტორს საშუალო ფასის გაანგარიშებაში არ აქვს გათვალისწინებული სხვა პოზიციები (მაგ: სოსისები, ყავა-ჩაი, გამაგრილებელი სასმელები და ა. შ). წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით არსებითად შემცირდება აუდიტორის მიერ გაანგარიშებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის რეგისტრაციის თარიღი, შესაბამისი ფულადი შემოსავალი, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი არსებითად აღარ იქნება განსხვავებული საკონტროლო-სალარო აპარატის და ტერმინალზე დაფიქსირებული შემოსავლისგან.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული რატომ უნდა იქნას სამივე წელზე 2025 წლის საშუალო ფასის გამოყენება, მაშინ როცა შემოწმებულია 1.01.2022 – 28.02.2025 წლის პერიოდი და საშუალო ფასი აღებულია 2025 წლის მენიუს შესაბამისად, ლოგიკურია საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, რომ 2025 წლის საშუალო ფასი არსებითად მეტი იქნება 2022, 2023, 2024 წლების მენიუს საშუალო ფასთან. მოთხოვნაა საშუალო ფასები გაანგარიშდეს შესაბამისი წლების მენიუების მიხედვით და მხოლოდ 2025 წლის მენიუს საშუალო ფასი არ გავრცელდეს მთელ პერიოდზე (შესაბამისი გაანგარიშება და შესაბამისი წლების მენიუები წარმოდგენილია საჩივართან ერთად დანართის სახით). ასევე გადაანგარიშების შედეგად დადგენილი რეგისტრაციის თარიღით ითხოვს ნაშთად არსებულ საქონელზე დღგ-ის ჩათვლას. შემოწმების შედეგად საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის (გაზიანი სასმელები, ლუდი და წყალი) რაოდენობის მიხედვით, 1 ერთეულ (ბოთლი) სასმელზე მისაღები შემოსავალი განისაზღვრა საწარმოს მენიუს საშუალო ფასით - 22 ლარით, აღნიშნული მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებისას სრულადაა შემოსავალი დათვლილი შეძენილი სასმელების მიხედვით, არ არის გათვალისწინებული საწარმოს 28.02.2025 წლის მდგომარეობით ნაშთად არსებული საქონლის რაოდენობა დაახლოებით 1 500 ბოთლი სხვადასხვა სახის სასმელები (წარმოდგენილია ფოტოები). არ ეთანხმება ფულის ნაშთის ხელფასის სახით დაბეგვრას, აუდიტორის მიერ უნდა გაანგარიშდეს საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10% მეთოდური მითითების შესაბამისად და ითხოვს გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი ფულადი სახსრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაშთის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვას, გადაწყვეტილების შესაბამისად წარმოადგენენ დამფუძნებლების თანხმობას აღნიშნულ საკითხზე. მათ მიერ ხდება პროდუქციის შეძენა ბაზრობებზე შესაბამისად მიმდინარეობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება, ასევე წარმოდგენილი იქნება ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები რესტორნის აშენების და სრულად მოწყობის ნაწილში (აღნიშნულ ნაწილში საწარმოს გააჩნია ვალდებულების ნაშთი, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული ფულის ნაშთის გაანგარიშებაში). საწარმოს მიზანი არაა გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის დარიცხვა გამოწვეულია მათი შეცდომით და არცოდნით, აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის (სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი - საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით) შესაბამისად მომჩივანი ითხოვს შემცირდეს გადაანგარიშების შემდეგ დარჩენილი სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის (გაზიანი სასმელები, ლუდი და წყალი) რაოდენობის მიხედვით. ერთ ერთეულ (ბოთლი) სასმელზე მისაღები შემოსავალი განისაზღვრა საწარმოს მენიუს საშუალო ფასით.

მომჩივნის განმარტებით, საწარმოს მიერ წლების შესაბამისად ხდება ფასების კორექტირება, შესაბამისად 2025 წლის მენიუს საშუალო ფასის შესაბამისად არასწორია შემოსავლის გაანგარიშება, შემოსავალი უნდა გაანგარიშდეს წლების ჭრილში არსებული მენიუს საშუალო ფასის შესაბამისად, აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილია საჩივართან ერთად წლების შესაბამისი მენიუ და გაანგარიშების ცხრილი. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული რატომ უნდა იქნას სამივე წელზე 2025 წლის საშუალო ფასის გამოყენება, მაშინ როცა შემოწმებულია 1.01.2022 – 28.02.2025 წლის პერიოდი და საშუალო ფასი აღებულია 2025 წლის მენიუს შესაბამისად, ლოგიკურია საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, რომ 2025 წლის საშუალო ფასი არსებითად მეტი იქნება 2022, 2023, 2024 წლების მენიუს საშუალო ფასთან. მოთხოვნაა საშუალო ფასები გაანგარიშდეს შესაბამისი წლების მენიუების მიხედვით და მხოლოდ 2025 წლის მენიუს საშუალო ფასი არ გავრცელდეს მთელ პერიოდზე (შესაბამისი გაანგარიშება და შესაბამისი წლების მენიუები წარმოდგენილია საჩივართან ერთად დანართის სახით). ასევე, გადაანგარიშების შედეგად დადგენილი დღგ-ის რეგისტრაციის თარიღით ითხოვს ნაშთად არსებულ საქონელზე დღგ-ის ჩათვლას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 25.12.2025 წლის №083-55 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 198 585,25 ლარი და საურავი 104 004,97ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.03.2026 წლის №6904 ბრძანება;

3. პირველ დავის საგანთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირ - საწარმოს მიერ შესყიდული სასმელის (გაზიანი სასმელები, ლუდი და წყალი) რაოდენობის მიხედვით. 1 ერთეულ (ბოთლი) სასმელზე მისაღები შემოსავალი განისაზღვრა საწარმოს მენიუს საშუალო ფასით - 22 ლარით. აღნიშნული მეთოდით დადგენილი შემოსავლები განაწილდა შესამოწმებელი პერიოდის ფისკალისა და ტერმინალების თანხების ჯამის ხვედრითი წლის მიხედვით. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები და გადასახადის გადამხდელის დღგ-ის რეგისტრაციის თარიღად დადგინდა 2022 წლის 15 მარტი. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

ასევე, შემოწმებისათვის არ არის წარმოდგენილი წარმოების კალკულაციები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით განხროციელდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვების ხარჯი, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები.

შემოწმების მიერ მეორე მხარეებისგან გამოთხოვილი დებიტორული-კრედიტორული დავალიანების და საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების გათვალისწინებით დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი, რისი სალაროში არსებობის ფაქტიც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მეორე სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1); 269 (7).