გადაწყვეტილება №23141/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23141/2/2024
29 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 27.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23141/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29.06.2023 წლის №19576/2/2023 (რეგ. 05.07.2023 წლის №03/54529) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2024 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2024 წლის №079-2 საგადასახადო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2024 წლის №10423 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 720 101,22 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 327 262
დღგ - 56 997
მოგების გადასახადი - 152 393
საშემოსავლო გადასახადი - 118 039
ქონების გადასახადი - (-167)
ჯარიმა - 193 867,4
საურავი - 198 971,82
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 30.08.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ ---------- (პ/ნ ----------) და ---------- (პ/ნ ----------) გაცემულია თანხები 176 806 ლარის ოდენობით. ნიჯათ სადიგოვი მცირე მეწარმედ რეგისტრირებულია 2021 წლის ივნისიდან, მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე აღნიშნულ პირს შპს „----------“ გარკვეული პერიოდის მანძილზე უნაზღაურებდა ხელფასს. მირიან ჩანქსელიანი მცირე მეწარმედ რეგისტრირებულია 2021 წლის სექტემბრის თვიდან, აღნიშნული პერიოდიდან იწყება აღნიშნულ პირზე თანხების გაცემა. შემოწმებით შესწავლილი იქნა ორივე ფიზიკური პირის შესახებ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაცია და მათ საინფორმაციო გვერდზე მითითებულია შპს „----------“-ის ბუღალტრის ტელეფონის ნომერი. აგრეთვე მათ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით ირკვევა, რომ პირები შემოსავალს იღებენ მხოლოდ შპს „----------“-დან და არ ემსახურებიან სხვა კომპანიას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფიზიკურ პირებზე ამ ფორმით განხორციელებული ანაზღაურებები დაკვალიფიცირდა დაქირავებული პირის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული სამუშაოს შესრულებად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა 1.01.2019 წლის 1.04.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდზე, შემდგომ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ არის. წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ კომპანიას ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის შეადგენს 627 701 ლარს. დანარჩენ პერიოდზე ფულადი სახსრების ნაშთის შესწავლა მოხდა არაპირდაპირი მეთოდით (მიღებული შემოსავალი გაიზარდა საწყისი დებიტორული დავალიანებით, საბოლოო კრედიტორული დავალიანებით, ბიუჯეტიდან დაბრუნებული გადასახადებით, ხოლო შემცირდა საბოლოო დებიტორული დავალიანებით, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯით, ხელზე გაცემული ხელფასით, მომსახურების ანაზღაურებით, საწყისი კრედიტორული დავალიანებით, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით, ბანკიდან გადახდილი სხვა ხარჯებით). შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრული იქნა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაკვალიფიცირდა, როგორც არაგონივრული ნაშთის ოდენობა. შემოწმებით არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება.
შემოწმებით გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადით. ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, დაკვალიფიცირდა სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2022 წლის №079-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5633 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 29.06.2023 წლის №19576/2/2023 (რეგ. 05.07.2023 წლის №03/54529) გადაწყვეტილებით შპს „----------“ ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
“გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).“
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.06.2023 წლის №19576/2/2023 (რეგ. 05.07.2023 წლის №03/54529) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 29 აპრილს შედგა წლის დასკვნა, რომლის თანახმადაც „დავების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით მასთან ერთად მოხდა სადაო საკითხის დამატებითი შესწავლა. ერთობლივი შესწავლის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი არ გამოვლენილა.“
2024 წლის 29 აპრილის დასკვნის საფუძველზე 2024 წლის 2 მაისს გამოიცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10423 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 2 მაისის №079-2 საგადასახადო მოთხოვნა რომლითაც ჯამში დარიცხული თანხაა 720 101,22 ლარი, გადასახადი 327 262 ლარი, ჯარიმა 193 867,4 ლარი და საურავი 198 971,82 ლარი.
აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის 30 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებდა, რომ შემოსავლების გაანგარიშებისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. იგივე არაპირდაპირი მეთოდი იქნა გამოყენებული სალაროში გაზრდილი ნაშთის დასადგენად.
როგორც დავების განხილვის ეტაპზე, ასევე 2023 წლის 5 ივლისის №19576/2/2023 ბრძანების გამოცემის შემდგომ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნა მტკიცებულებები და დაწვრილებითი გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლებისა და მასზე დაყრდნობით გაზრდილი სალაროს ნაშთის გაანგარიშების შემთხვევაში, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეცვლილი ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, დასადგენი ხარჯების შესახებ სიტუაციური სახელმძღვანელო „0256“-ის გამოყენებით.
2023 წლის 29 ივნისს გამართულ დავების განხილვის საბჭოზე, მისი მსვლელობისა მიმდინარე მსჯელობის გათვალისწინებით, არსებობდა მოლოდინი, რომ გადაწყვეტილებაში პირდაპირ იქნებოდა მითითებული რომ როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯები გაანგარიშება მომხდარიყო არაპირდაპირი მეთოდით.
ასევე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება შემოსავალთან მიმართებით თავისთავად ნიშნავს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას (როგორც შემოსავლებთან ასევე ხარჯებთან მიმართებით) და ამიტომ არ იქნა ჩაწერილი პირდაპირი მინიშნება ხარჯებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ ზემოთ ნახსენები პირდაპირი მინიშნების არარსებობა გახდა აუდიტის დეპარტამენტისთვის დაბრკოლება, ხარჯებთან მიმართებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისა და სიტუაციური სახელმძღვანელო „0256“-ით ხელმძღვანელობისგან თავის შეკავების მიზეზი.
მომჩივანი ითხოვს ყველა წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულების გათვალისწინებით, რომელიც წარმოდგენილი იყო დავების ეტაპზეც და ასევე წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისთვის 2023 წლის 5 ივლისის №19576/2/2023 გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში აუდიტის დეპარტამენტისთვის, გაკეთდეს პირდაპირი მითითება არაპირდაპირი მეთოდით ხარჯების გაანგარიშებისა და „0256“ სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გადამხდელისთვის და რაც მთავარია არსებობს მისი გამოყენების ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელიც გამოწვეულია შეცდომით/არ ცოდნით, რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით, გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გაგვათავისუფლოთ სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მაისის №079-2 საგადასახადო მოთხოვნა და 2024 წლის 2 მაისის №10423 ბრძანება და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება ძირითადი გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 29.06.2023 წლის №19576/2/2023 (რეგ. 05.07.2023 წლის №03/54529) გადაწყვეტილებით შპს „----------“ ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
“გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).“
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 29 აპრილს წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით მასთან ერთად მოხდა სადაო საკითხის დამატებითი შესწავლა. ერთობლივი შესწავლის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი არ გამოვლენილა.
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტს თუ კონკრეტულად რა ნაწილში არ განხორციელდა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინება. მომჩივნის მითითება არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების ხელახლა შეფასების და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტისთვის დავალებული არ ყოფილა. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
“გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).“
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 29 აპრილს წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით მასთან ერთად მოხდა სადაო საკითხის დამატებითი შესწავლა. ერთობლივი შესწავლის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი არ გამოვლენილა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტრო დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 275.