ბრძანება N 1456

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.01.2024
№ დოკუმენტი 1456
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1456

30 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 6 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს ,,---ის“ (ს/ნ ---) №86475/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 დეკემბრის №002-278 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემმოწმებელმა საწარმოს კრედიტორული ნაშთი აღიარა დავალიანებად, ხოლო დებიტორული ნაშთი (105 046.63 ლარი) მიიჩნია მიღებულ შემოსავლად. აცხადებს, რომ აღნიშნული დავალიანება საწარმოს მიმართ აქვს შპს ,,---ს“ (ს/ნ ---), რის დამადასტურებლად არსებობს შედარების აქტი. აღნიშნავს, რომ გადაუხდელი დავალიანების გამო შპს ,,---ის“ სასამართლო დავა არ წამოუწყია, ვინაიდან შპს ,,---ს“ არანაირი მატერიალური ფასეულობის მქონე აქტივი არ გააჩნია საკუთრებაში.

მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ საწარმოს მიერ ნედლეულის ნაწილი არის იმპორტირებული ირანიდან, მოქმედი სანქციებიდან გამომდინარე, ირანთან საბანკო გადარიცხვები შეზღუდულია, ამიტომ ნედლეულის შეძენა ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის დამადასტურებლად შემმოწმებელს წარედგინა ინვოისები და ირანის მხარის მიერ ხელმოწერილი შემოსავლის ორდერები, შემმოწმებელმა არ ჩათვალა ხარჯი დადასტურებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე აცხადებს, რომ საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია და ითხოვს დარიცხული გადასახადის და სანქციის სრულად შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი ნოემბრის N27004 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 6 დეკემბრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, მოგების ყოველთვიური და გადასახადის წყაროსთან დაკავებული გადასახადების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 8 დეკემბრის №30794 ბრძანება და ამავე თარიღის №002-278 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 53 470 ლარი, მათ შორის, გადასახადი 34 508 ლარი, ჯარიმა 17 254 ლარი, საურავი 1 708 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო რეგისტრირებულია 2019 წლის 6 დეკემბერს. საქმიანობის საგანს წარმოადგენს ნავთობპროდუქტების, კერძოდ, ბიტუმის შეძენა-რეალიზაცია. სარეალიზაციოდ განკუთვნილი 69 853 ლარის ღირებულების ბიტუმი იმპორტირებული აქვს ირანიდან 22.01.2020 წელს და 04.02.2020 წელს, სულ 84 430 კგ. ასევე, შეძენილი აქვს 802 090 ლარის ღირებულების 666 010 კგ. ბიტუმი ადგილობრივ ბაზარზე შპს ,,---გან“ (ს/ნ ---) და 47513 ლარის ღირებულების 44 200 კგ. შპს ,,---გან“ (ს/ნ ---).

შესამოწმებელ პერიოდში 06.12.2019 წლიდან 01.09.2023 წლამდე სულ შეძენილი აქვს 919 457 ლარის ბიტუმი. ბიტუმის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი შეადგენს 983 440 ლარს. რეალიზაცია განხორციელებული აქვს ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლის საანგარიშო პერიოდში. 2021 წლიდან შეძენარეალიზაცია არ განუხორციელებია. საწარმოს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების დადგენა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. გადამხდელს პარტნიორზე არ აქვს გაცემული დივიდენდი. შემოწმებით გაანგარიშებული იქნა ნაღდი ფულის მოძრაობა, არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. გათვალისწინებული იქნა დებიტორულ-კრედიტორული ნაშთები (საწარმოს დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. ჰყავს ერთი კრედიტორი შპს ,,---“, რომლის მიმართ კრედიტორული დავალიანება შეადგენს 84 209 ლარს; (2020 წლის აგვისტოს ჩათვლით შპს ,,---ის“ დირექტორი---- იყო შპს ,,---ს“ დაქირავებული თანამშორმელი)).

2023 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით, საწარმოში ჩატარებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ერიცხება. ვინაიდან საწარმოს არ აქვს იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდის სრულყოფილი დოკუმენტი, შემოწმების ჯგუფის მიერ საწარმოს საქონლის (იმპორტირებულის) შეძენის ხარჯად ჩაითვალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად - იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, განკარგვადი თანხა 138 034 ლარის ოდენობით (172 543 ლარი აგროსილი), მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე - დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 101-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული განაცემი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ნაღდი ფულის მოძრაობის შედეგად, დებიტორულკრედიტორული ნაშთების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშდა განკარგვადი თანხა, კერძოდ, შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს არ აქვს იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდის სრულყოფილი დოკუმენტი, შემოწმების მიერ საწარმოს იმპორტირებული საქონლის შეძენის ხარჯად ჩაითვალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75%. შედეგად, განსაზღვრული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს დებიტორული დავალიანების დადგენის მიზნით, შემოწმების პროცესში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მესამე პირებიდან. შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვილი ინფორმაცია.

ამასთან, ჩატარებულია შპს „---ის“ საგადასახადო შემოწმება (24.01.2018 წლიდან 01.03.2021 წლამდე პერიოდზე), შპს „---ის“ მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა ,,ორისის“ ბარათის ამონაწერის მიხედვით, შპს „---ს“ შპს ,,---გან“ შეძენილი ბიტუმის ღირებულება გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორებით და შპს „---ს“ შპს „---ის“ მიმართ დავალიანება არ ერიცხება. ამასთან, შპს „---ის“ შემოწმების პროცესში ურთიერთშედარების აქტი არ წარმოუდგენია.

გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ აქვს წარმოდგენილი იმპორტირებულ ბიტუმზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია შემოწმების მიერ განსაზღვრული განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 8 დეკემბრის №30794 ბრძანება და ამავე თარიღის №002-278 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 53 470 ლარი, მათ შორის, გადასახადი 34 508 ლარი, ჯარიმა 17 254 ლარი, საურავი 1 708 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61 (3); 73 (4, 5, 9); 101; 154; 105; 72.