გადაწყვეტილება №23425/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.09.2024
№ დოკუმენტი 23031/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23425/2/2024

03 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 10.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23031/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. შეფარდებული ჯარიმის ნორმა და საურავის დაკისრების პერიოდი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №041-68 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.04.2024 წლის №9344 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 335 469.08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 189 399

დღგ - 96 338

საშემოსავლო გადასახადი - 93 061

ჯარიმა - 88 080

საურავი - 57 990.08

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სასურსათო-შერეული პროდუქტებით ვაჭრობა მაღაზიაში (------------).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელს საქმიანობის 11.04.2019 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 23.05.2023 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 31.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №20328 ბრძანება და ამავე თარიღის №041-68 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2023 წლის 29 აგვისტოს და 11 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.11.2023 წლის №28683 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 8.02.2024 წლის №21512/2/2023 (რეგ. 3.04.2024წ. №03/26330) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28683 ბრძანება, საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.04.2024 წლის №9344 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელი არ ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას დადგენილი წესით, არ ხდება კონტროლი ოპერაციების დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. რეალიზაცია დაფიქსირებულია კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატისა და საქართველოს ბანკის საბანკო ტერმინალის საშუალებით. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისთვის, საგადასახადო ორგანო დაეყრდნო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ კომპანიის სავაჭრო ობიექტში ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციით გამოვლენილ სმფ-ის ფაქტობრივ ნაშთს. ამასთან, დაბეგვრის ობიექტის მიზნებისთვის საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შესამოწმებელ პერიოდში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით.

რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი განსაზღვრულია 17%-ის ოდენობით, რომლის საფუძველია გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამუშავებული ინვენტარიზაციის მასალები. აღნიშნულის შედეგად, სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთებიდან დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 17%-იანი ფასნამატით ჩაითვალა მიწოდებად და განისაზღვრა ყოველი საანგარიშო თვის მიხედვით მიღებული შემოსავალი (სალარო აპარატში განხორციელებული ბრუნვების, საბანკო ტერმინალებით მიღებული შემოსავლებისა და დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად). არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლის მიხედვით 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და განისაზღვრა 6.09.2019 წელი ნაცვლად 27.11.2019 წლისა. შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და ფაქტობრივად დადგენილ დასაბეგრ ოპერაციებს შორის.

კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე, 282-ე მუხლებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, შესაბამისად, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საქმის ზეპირი განხილვისას მიეცა შესაძლებლობა წარედგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 17.04.2024 წელს წარდგენილ იქნა მხოლოდ შეძენილი საქონლის ცხრილი - ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, რაც ვერ გახდება საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანმა დავის წარმოების პროცესშიც ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით პირის საგადასახადო ვალდებულებების და ასევე რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

17.04.2024 წელს გადამხდელის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციიდან ცხადი იყო, რომ შეძენებში 42%-ს შეადგენდა ისეთი საქონელი, რომლის ფასნამატი არ აღემატებოდა 10%-ს, კერძოდ, შეძენაში თამბაქოს წილი შეადგენს 27,3%, ხოლო მისი ფასნამატი არ აღემატება 7%-ს. უალკოჰოლო სასმელების შეძენის ხვ. წილია 11.4%, ხოლო ფასნამატი არ აღემატება 9%-ს. შაქრის ფასნამატია 2%, შეძენაში მისი წილია 2%. აუდიტის დეპარტამენტმა არ დააჯგუფა საქონელი ჯგუფებად და მთელი დანაკლისის მიმართ გამოიყენა 17%-იანი ფასნამატი. შესაბამისად, სრულიად არაადეკვატური სურათი მიიღო. საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფასნამატი, გაანგარიშებულია ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინების გარეშე, კერძოდ:

1. კომპანია ვაჭრობს ძირითადად იმ სახეობის საქონლით (ბრუნვაში უკავია დიდი წილი), რომლის ფასნამატი არ აღემატება 3-7%-ს მთელი საქმიანობის პერიოდში არ ჩამოუწერა ვადაგასული და გადაყრილი საქონელი. ამ ტიპის საქონლის რეალიზაცია 17%-იანი ფასნამატით იძლევა არასწორ სურათს. ფასნამატი მთელ შესამოწმებელ პერიოდზე არის უცვლელი. ეს ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და რეალურ მდგომარეობას. სამი წლის მანძილზე ერთი ფასნამატის გამოყენება, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლი ადგენს საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპებს. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე“. საგადასახადო ორგანოს პოზიცია ერთი ფასნამატი გაავრცელოს სამ წელზე მაშინ, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ამისათვის მხოლოდ 30 კალენდარულ დღეს ადგენს - ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას.

ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაში, ნათელია, რომ საგადასახდო ორგანოს მიერ გაანგარიშებული ფასნამატი არარეალურია. მიზანშეწონილია შედგეს საქონლის ჯგუფები ერთგვაროვანი ფასნამატის მიხედვით და მთელ შეძენაში, ამ პროდუქციის ხვედრითი წონების მიხედვით მოხდეს რეალიზებული პროდუქციის კორექტირება.

გარდა ამისა, რევიზიის აქტის თანახმად, კომპანიას თავისი ფუნქციონირების მთელ მანძილზე არ ჰქონია საქონლის არანაირი დანაკარგი, არ დაუკარგავს არცერთი გრამი, არ ჩამოუწერია დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი და ეს საკითხი არც საგადასახადო ორგანოს შეუსწავლია. პირიქით, რევიზიის აქტის მიხედვით, შეძენილი საქონელი უდანაკარგოდ, რეალიზებული აქვს უმაღლესი ფასნამატით. საგადასახადო ორგანოს არ გაუთვალისწინებია ასევე, საცალო ვაჭრობისას დაშვებული დანაკარგები. მოგეხსენებათ, რომ განსაზღვრულია სურსათის დანაკარგების ოდენობა ე.წ. „ღია საწყობის პრინციპით“ მოქმედი სავაჭრო ობიექტებისთვის და მათ მიეცათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით (მოგება, დღგ), სწორედ ამგვარმა არასწორმა მიდგომამ გამოიწვია დარიცხვის სიდიდე. კომპანიას აქვს დიდი ბრუნვა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დიდი ბრუნვა შესაძლებელია განპირობებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფასების მოქნილი პოლიტიკის წყალობით. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია ყიდის უფრო დაბალ ფასად, ვიდრე ბაზარზე დამკვიდრებული ფასი, რათა გაყიდოს დიდი რაოდენობის საქონელი ანუ მუშაობს ბრუნვაზე/მოცულობაზე და არა ფასნამატზე.

ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითადაა დარღვეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ამ აქტის ბათილობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების მიხედვით:

1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს

7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 17.04.2024 წელს გადამხდელის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციიდან ცხადი იყო, რომ შეძენებში 42%-ს შეადგენდა ისეთი საქონელი, რომლის ფასნამატი არ აღემატებოდა 10%-ს, კერძოდ, შეძენაში თამბაქოს წილი შეადგენს 27,3%, ხოლო მისი ფასნამატი არ აღემატება 7%-ს. უალკოჰოლო სასმელების შეძენის ხვ. წილია 11.4%, ხოლო ფასნამატი არ აღემატება 9%-ს. შაქრის ფასნამატია 2%, შეძენაში მისი წილია 2%. აუდიტის დეპარტამენტმა არ დააჯგუფა საქონელი ჯგუფებად და მთელი დანაკლისის მიმართ გამოიყენა 17%-იანი ფასნამატი, რამაც არარეალური დარიცხვა გამოიწვია. მიზანშეწონილია შედგეს საქონლის ჯგუფები ერთგვაროვანი ფასნამატის მიხედვით და მთელ შეძენაში, ამ პროდუქციის ხვედრითი წონების მიხედვით მოხდეს რეალიზებული პროდუქციის კორექტირება. დავის პირველ ეტაპზე მიეცა ვადა წარედგინა აღნიშნული ცხრილები, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო არ იყო წარდგენილი შედეგები, რაც გამოსწორებულია და განსახილველ საჩივარს ახლავს ცხრილები და შემაჯამებელი შედეგიც - საქონლის კატეგორიების მიხედვით ფასნამატების შესახებ.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებულია, რომ მომჩივანს საქმის ზეპირი განხილვისას მიეცა შესაძლებლობა წარედგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 17.04.2024 წელს წარდგენილ იქნა მხოლოდ შეძენილი საქონლის ცხრილი - ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების რეესტრი, რაც ვერ გახდება საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანმა დავის წარმოების პროცესშიც ვერ წარმოდგინა ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის ბუღალტერი თანამშრომლობდა შემმოწმებელთან, რომელმაც მიაწოდა ცხრილი საქონლის 17%-იანი ფასანმატით რეალიზაციის შესახებ და სმფ-ების საბოლოო ნაშთი დააფიქსირა 600 000 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 23.05.2023 წლის მდგომარეობით დადგენილია სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთის ოდენობა საბაზრო ღირებულებით, რაც მნიშვნელოვნად მცირე (150 000 ლარი) აღმოჩნდა გადასახადის გადამხდელის წარდგენილ მონაცემებთან (600 000 ლარი) შედარებით. სმფ-ის ფაქტობრივი ნაშთის შესახებ ინფორმაცია დამუშავებულ იქნა კომპანიის წარმომადგენელთან ერთად. გაკეთდა იდენტიფიკაცია დასახელებული საქონლის დაახლოებით 30%, რომლის თვითღირებულებისა (უახლოესი შეძენის დღის ფასით) და საბაზრო ფასების შეჯერებით ფასნამატი 17-18%-მდე ვლინდებოდა. გადასახადის გადამხდელის ჟურნალორდერული ჩანაწერებით გაცხადებული ფასნამატიც 17%-ს შეადგენდა, რაზეც ახსნა-განმარტება წერილობით წარმოდგენილია შემოწმების დაწყებისას. ვინაიდან ინვენტარიზაციის მასალებით გაანგარიშებული ფასნამატი და გადასახადის გადამხდელის გაცხადებული ფასნამატი ურთიერთშესაბამისი აღმოჩნდა, შემოწმების შედეგად სმფ-ის საწყისი და საბოლოო ნაშთებიდან დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 17%-იანი ფასნამატით ჩაითვალა მიწოდებად და განისაზღვრა ყოველი საანგარიშო თვის მიხედვით მიღებული შემოსავალი. აქვე აღსანიშნავია, რომ ფასნამატის დადგენის სხვა საშუალება ფაქტობრივად არ არსებობდა, რადგან დოკუმენტურად განხორციელებული რეალიზაცია, საერთო რეალიზაციის 1%-ზე ნაკლებ ოდენობას შეადგენდა. დავის პირველ ეტაპზე მომჩივანს მიეცა ვადა წარედგინა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, თუმცა ვერ წარადგინა.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში განხორციელდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი არაპირდაპირი მეთოდით. როგორც გადასახადის გადამხდელი წერილობით ახსნაგანმარტებაში აღნიშნავს კომპანიაში არ ფიქსირდება დებიტორ-კრედიტორული დავალიანების ნაშთები. შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული რეალიზაციის თანხები ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო გადახდილ თანხებად აღიარებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯის ღირებულება, მათ შორის საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული საკომისიო ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და გადახდილი/გადახდილად აღიარებული ფულადი სახსრების ურთიერთშედარებით დადგინდა განკარგვადი ფულადი თანხების ოდენობა წლების ჭრილში, რაც დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებით განისაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილ პოზიციასთან, ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მაღაზიის ფართის მშენებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მ-წოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში დაფიქსირებული დოკუმენტაციის მიხედვით (ფოტომასალა, სარეგისტრაციო დოკუმენტები და შესყიდვის აქტები) 2020 წლის დეკემბერში ფ/პ ----------- პ/ნ -----------) განახორციელა უძრავი ქონების (ს/კ ---------) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაყოფის შედეგად რეგისტრირებულ იქნა ორი ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკადასტრო კოდებით ---------- (1 365 კვ.მ) და ---------(935 კვ.მ). აღნიშნულ მიწებზე თავიდანვე ფიქსირდებოდა დაურეგისტრირებელი შენობა-ნაგებობები.

3.12.2020 წლის ფოტომასალიდან ჩანს საცხოვრებელი სახლი. ფ/პ ----------- 19.12.2020 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრება (ს/კ ------------; მიწა-935 კვ.მ, ღირებულება 2 000 ლარი) დაარეგისტრირა ------------ სახელზე (პ/ნ----------).----------- არის კომპანიის დამფუძნებლის/დირექტორის ------------ის მამა. ------------- მიერ 18.06.2021 უძრავ ნივთზე ფიქსირდება ცვლილების რეგისტრაცია და ამ პერიოდში თანდართულია არასაცხოვრებელი კომერციული ფართის - მაღაზიის ფოტომასალა. ------------- სახელზე მიღებული საგადასახადო დოკუმენტაციით ზედნადებებით 2020 წლიდან ფიქსირდება 9 662 ლარის ღირებულების სარემონტო მასალების შეძენა (გაურკვეველია მიზნობრიობა). თავად ---------- სახელზე არსებული საგადასახადო დოკუმენტაციით 2021-2022 წლებში შეძენილია მხოლოდ სასურსათო პროდუქცია (ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას). დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა ზემოხსენებული ქონების გამყიდველის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის მიხედვით გამყიდველი 2017 წელს ნებას რთავდა მყიდველს --------------, აეშენებინა მის მიწაზე შენობა, საკუთრების უფლების გადაცემამდე. 2020 წლის ბოლოს (ყიდვის თარიღი) საჯარო რეესტრში უკვე დაფიქსირებულია მიწაზე შენობის არსებობა.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არ უფიქსირდება სამშენებლო-სარემონტო მასალების შეძენა, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი შემოწმებით უკვე გათვალისწინებულია. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანმა დავის წარმოების პროცესშიც ვერ წარადგინა იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად, ამდენად, არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ დამფუძნებელი/დირექტორის ოჯახის წევრის მიწის ნაკვეთზე ააშენა იმ მაღაზიის ფართი, რომელშიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, მიღებული თანხები ვერ ჩაითვლება დირექტორის ხელფასად, რადგან ეს თანხები მოხმარდა მაღაზიის აშენებას, გარემონტებას და აღჭურვას. ამ საკითხთან დაკავშირებით წარადგინა დამატებითი მტკიცებულება - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.09.2023 წლის №------------- წერილით გაგზავნილი 22.09.2023 წლის სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნა. კომპანია ითხოვს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.09.2023 წლის №----------- წერილით გაგზავნილი 22.09.2023 წლის სასაქონლო ექსპერტიზის №----------- დასკვნა გათვალიწინებულ იქნას რევიზიის აქტის შედეგების გამოყვანისას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანიამ დამფუძნებელი/დირექტორის ოჯახის წევრის მიწის ნაკვეთზე ააშენა იმ მაღაზიის ფართი, რომელშიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, მიღებული თანხები ვერ ჩაითვლება დირექტორის ხელფასად, რადგან ეს თანხები მოხმარდა მაღაზიის აშენებას, გარემონტებას და აღჭურვას. გამოდის, რომ კომპანიის დამფუძნებელმა/დირექტორმა ჩადო ინვესტიცია მომავალში საქმიანობის განსახორციელებლად და მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული ოპერაცია დოკუმენტურად არ არის მოწესრიგებული, ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოადგენს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.09.2023 წლის სასაქონლო ექსპერტიზის №006743923 დასკვნას და ითხოვს მის გათვალისწინებას.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ საჯარო რეესტრში დაფიქსირებული დოკუმენტაციის მიხედვით (ფოტომასალა, სარეგისტრაციო დოკუმენტები და შესყიდვის აქტები) 2020 წლის დეკემბერში ფ/პ ---------- პ/ნ -----------) განახორციელა უძრავი ქონების (ს/კ -------------) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაყოფის შედეგად რეგისტრირებულ იქნა ორი ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკადასტრო კოდებით ---------- (1 365 კვ.მ) და ------------ (935 კვ.მ). აღნიშნულ მიწებზე თავიდანვე ფიქსირდებოდა დაურეგისტრირებელი შენობა-ნაგებობები. 3.12.2020 წლის ფოტომასალიდან ჩანს საცხოვრებელი სახლი. ფ/პ ----------- 19.12.2020 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრება (ს/კ --------; მიწა-935 კვ.მ, ღირებულება 2 000 ლარი) დაარეგისტრირა ------------ სახელზე (პ/ნ ------------).------------ არის კომპანიის დამფუძნებლის/დირექტორის --------------- მამა.-----------მიერ 18.06.2021 უძრავ ნივთზე ფიქსირდება ცვლილების რეგისტრაცია და ამ პერიოდში თანდართულია არასაცხოვრებელი კომერციული ფართის - მაღაზიის ფოტომასალა. ------------ სახელზე მიღებული საგადასახადო დოკუმენტაციით ზედნადებებით 2020 წლიდან ფიქსირდება 9 662 ლარის ღირებულების სარემონტო მასალების შეძენა (გაურკვეველია მიზნობრიობა). თავად ------------ სახელზე არსებული საგადასახადო დოკუმენტაციით 2021-2022 წლებში შეძენილია მხოლოდ სასურსათო პროდუქცია (ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას). დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა ზემოხსენებული ქონების გამყიდველის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის მიხედვით გამყიდველი 2017 წელს ნებას რთავდა მყიდველს --------------, აეშენებინა მის მიწაზე შენობა, საკუთრების უფლების გადაცემამდე. 2020 წლის ბოლოს (ყიდვის თარიღი) საჯარო რეესტრში უკვე დაფიქსირებულია მიწაზე შენობის არსებობა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს არ უფიქსირდება სამშენებლო-სარემონტო მასალების შეძენა, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი შემოწმებით უკვე გათვალისწინებულია.

აღნიშნული გარემოებებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. შეფარდებული ჯარიმის ნორმა და საურავის დაკისრების პერიოდი

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 88 080 ლარის ოდენობით, მათ შორის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 83 651 ლარი (დღგ-ში 37 121 ლარი და საშემოსავლო გადასახადში 46 531 ლარი) და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით 4 429 ლარის ოდენობით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №041-68 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 57 990 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადაწყვეტილების შინაარსი არ არის მითითებული.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით“.

რევიზიის აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამ მუხლს. სმფ-ის ინვენტარიზაცია ჩატარდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.05.2023 წლის №11279 ბრძანების საფუძველზე. საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა დაერიცხა ჯარიმა გამოვლენილი სმფის დანაკლისის 10%-ის ოდენობით, იმ თარიღით რა თარიღითაც ჩატარდა ინვენტარიზაცია, ხოლო გადასახადის გადამხდელს უნდა მისცემოდა საშუალება მოეხდინა დეკლარირება საკუთარ დეკლარაციაში.

შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხებოდა მხოლოდ 10% ჯარიმა და არა 50%, როგორც ამჟამადაა და საურავის დარიცხვა განხორციელდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირების თარიღიდან და არა 15.10.2019 წლიდან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი დ ამე-2 ნაწილების თანახმად:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 მუხლების შესაბამისად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა დაერიცხა ჯარიმა გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისის 10%-ის ოდენობით, იმ თარიღით რა თარიღითაც ჩატარდა ინვენტარიზაცია, ხოლო გადასახადის გადამხდელს უნდა მისცემოდა საშუალება მოეხდინა დეკლარირება საკუთარ დეკლარაციაში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხებოდა მხოლოდ 10% ჯარიმა და არა 50%, როგორც ამჟამადაა და საურავის დარიცხვა განხორციელდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირების თარიღიდან და არა 15.10.2019 წლიდან.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელს საქმიანობის 11.04.2019 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 23.05.2023 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტი და ადგილი ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობას, მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის და ამავე კოდექსის 272-ე მუხლით საურავის დაკისრება მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. შეფარდებული ჯარიმის ნორმა და საურავის დაკისრების პერიოდი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების ფაქტი და ადგილი ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობას. მომჩივნს შეეფარდა ჯარიმის და დაკისრა საურავი.

 

გადაწყვეტილება

მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის და ამავე კოდექსის 272-ე მუხლით საურავის დაკისრება მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 272(1,2); 275(1,2,21;22); 286(9);