გადაწყვეტილება №26964/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26964/2/2026
01 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 23.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26964/2/2026).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-575 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2026 წლის №5628 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 170 466,02 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 74 328,16
ჯარიმა - 51 966,4
საურავი - 44 171,46
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 27.02.2014 წელს, იმავე წლის 28 თებერვალს რეგისტრირებულია დღგის გადამხდელად.
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 19.05.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი.
გადასახადის გადამხდელი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე, სამშენებლო მომსახურებას ახორციელებს ქვეკონტრაქტორი პირების მეშვეობით. კომპანიას ნაწარმოები აქვს ბუღალტრული აღრიცხვა. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბანკის ცნობების, ამონაწერების და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით მოთხოვნილი სხვა პირველადი დოკუმენტაციის (ურთიერთშედარების აქტები დებიტორ-კრედიტორებთან), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე არსებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა), ასევე ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავებისა და ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიას 2022 წელს შესრულებულ სამუშაოებზე სრულად არ აქვს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად არ აქვს დეკლარირებული აღნიშნული შემოსავლები. შემდგომ 2023-2025 წლებში კომპანიას არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობები.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებსა და დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 163-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით სხვაობა დაიბეგრა დღგით. დამატებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 549 049 ლარი (647 878/1,18), რაზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-575 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2026 წლის №5628 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გამოვლენილი სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა.
მასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ქვემდგომმა ინსტანციამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უგულებელყო ის გარემოება, რომ დასაბეგრი ოპერაციის მოცულობა (ანაზღაურება) სადავოა სასამართლოში (საქმე №2/597- 22), რაც შეუძლებელს ხდის საგადასახადო ბაზის ზუსტ განსაზღვრას.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება მისაღები ანაზღაურების მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან მიმდინარეობს დავა შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ღირებულებაზე. ვინაიდან დამკვეთი (მერია) სადავოდ ხდის შესრულებულ სამუშაოს, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს იმ თანხის დაბეგვრა, რომლის მიღების უფლებამოსილებაც ჯერ დადგენილი არ არის. არარსებული ან სადავო ეკონომიკური სარგებლის დაბეგვრა ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობის არსს.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია შეიძლება გაუქმდეს, თუ პირი მოქმედებდა კეთილსინდისიერად ან შეცდომა გამოწვეულია სამართლებრივი ბუნდოვანებით. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ შპს ------- არის კეთილსინდისიერი გადამხდელი.
დეკლარირებულ მონაცემებსა და აუდიტის დასკვნას შორის სხვაობა გამოწვეულია არა გადასახადისგან თავის არიდების განზრახვით, არამედ სახელმწიფო უწყებასთან (მერიასთან) არსებული სამართლებრივი კონფლიქტით. კომპანია ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ ვალდებულებაზე, რომელიც წარმოიშვა მესამე პირის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და თანხების არამართლზომიერი დაკავების გამო.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები. აღნიშნული კატეგორიულად მცდარია, რადგან საქმეში დევს სასამართლო სარჩელი და შესაგებელი, რაც უტყუარად ადასტურებს დავის არსებობას.
საგადასახადო კოდექსის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების შესაბამისად, საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს ზეპირი მოსმენით, მომჩივნის წარმომადგენლის მონაწილეობით. საქმის სრულყოფილად შესწავლისა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია მომჩივნის მხრიდან დამატებითი განმარტებების მოსმენა და სასამართლო დავის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა. საქმე არ უნდა იქნას განხილული მომჩივნის მონაწილეობის გარეშე.
უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.03.2026 წლის №5628 ბრძანება. სრულად უნდა გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. ალტერნატივის სახით, უნდა შეჩერდეს საგადასახადო დავის წარმოება სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო საქმის (№2/597- 22) საბოლოო დასრულებამდე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას 2022 წელს შესრულებულ სამუშაოებზე სრულად არ აქვს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა და არ აქვს დეკლარირებული აღნიშნული შემოსავლები.
მომჩივნის განმარტებით, დასაბეგრი ოპერაციის მოცულობა (ანაზღაურება) სადავოა სასამართლოში (საქმე №2/597-22), რაც შეუძლებელს ხდის საგადასახადო ბაზის ზუსტ განსაზღვრას. საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან მიმდინარეობს დავა შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ღირებულებაზე. ვინაიდან დამკვეთი (მერია) სადავოდ ხდის შესრულებულ სამუშაოს, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს იმ თანხის დაბეგვრა, რომლის მიღების უფლებამოსილებაც ჯერ დადგენილი არ არის. კომპანია ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ ვალდებულებაზე, რომელიც წარმოიშვა მესამე პირის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და თანხების არამართლზომიერი დაკავების გამო.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლოში მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ სამუშაოები არ შესრულებულა, არამედ დავა მიმდინარეობს შესრულების ვადებზე და დაკისრებულ პირგასამტეხლოზე.
მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ობიექტი არ არის ჩაბარებული, არ შედგენილა მიღებაჩაბარების აქტი, ხოლო თანხა საერთოდ არ ჩარიცხულა. სასამართლოს გადასაწყვეტია რა თანხის გაქვითვა მოხდება პირგასამტეხლოს სახით. სასამართლომ უნდა დაადგინოს არა თანხის მიღების ნაწილი, არამედ დღგ-ის მიზნებისთვის დასაბეგრი თანხა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების საფუძველზე სამშენებლო მომსახურების გაწევა, რასაც ახორციელებს ქვეკონტრაქტორი პირების მეშვეობით. სატენდერო პირობებით დადგენილია შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ღირებულება. საბჭო მიუთითებს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა, რაც სადავო შემთხვევაში შესრულებულია და სასამართლოში მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს სამუშაოების შესრულების ვადებიდან გამომდინარე დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოცულობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიინევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბანკის ცნობების, ამონაწერების და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით მოთხოვნილი სხვა პირველადი დოკუმენტაციის (ურთიერთშედარების აქტები დებიტორ-კრედიტორებთან), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-პორტალზე არსებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა), ასევე ერთიანი ელექტრონული ბაზების დამუშავებისა და ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიას 2022 წელს შესრულებულ სამუშაოებზე სრულად არ აქვს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად არ აქვს დეკლარირებული აღნიშნული შემოსავლები. შემდგომ 2023-2025 წლებში კომპანიას არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობები.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებსა და დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის, რაც დაიბეგრა დღგ-ით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2026 წლის №5628 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიინევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 269(7)