გადაწყვეტილება №25064/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 25064/2/2025
13 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ,,----- -----" (ს/ნ ------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 01.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-----" 14.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N -----/2/2025).
დავის საგანი:
დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.02.2025 წლის NCB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2025 წლის N 5737 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 200 ლარი.
ფაქტების აღწერა:
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევისთვის (დაქირავებული თანამშრომელი არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში), მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.02.2025 წლის N CB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.03.2025 წლის N 5737 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 2885 მუხლით, შრომის კოდექსის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანების 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით და განმარტავს, რომ გადამხდელის ობიექტზე ყოფნის დროს ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულება (ხელშეკრულება), რაც დაადასტურებდა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ არგუმენტს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
სადავო აქტი არის უკანონო, ვინაიდან, გამოცემულია საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ განხორციელდა ვიზიტი შემოწმების მიზნით მომჩივნის ობიექტზე, მდებარე ----, სოფელ ----- ქ. N 64-ში, სადაც იმყოფებოდა სტაჟიორი, რომელიც გადიოდა ანაზღაურების გარეშე სტაჟირებას მოლარე -კონსულტანტის პოზიციაზე 25.02.2025 წლიდან. გადასახადის გადამხდელი არ იყო ვალდებული აღნიშნული პირი აესახა დასაქმებულ პირთა რეესტრში. შემდგომ, რადგან აღნიშნულმა პირმა გამოიჩინა აღნიშნული პოზიციისთვის დამახასიათებელი კვალიფიციური უნარები, მოხდა მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და შესაბამისად აისახა რეესტრში. მომჩივანი აპელირებს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლზე, შრომის კოდექსის მე-18 მუხლზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8, მე-10 და 237-ე მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.02.2025 წლის N CB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 27.03.2025 წლის N 5737 ბრძანების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო - მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.
5. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობას აწესრიგებს წერილობითი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაო.
საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანს დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის აუსახველობისთვის შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ვინაიდან, ----- ----- (პ/ნ -----) გადიოდა ანაზღაურების გარეშე სტაჟირებას მოლარე - კონსულტანტის პოზიციაზე, გადასახადის გადამხდელი არ იყო ვალდებული აღნიშნული პირი აესახა დასაქმებულ პირთა რეესტრში. შემდგომ, რადგან აღნიშნულმა პირმა გამოიჩინა აღნიშნული პოზიციისთვის დამახასიათებელი კვალიფიციური უნარები, მოხდა მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და შესაბამისად აისახა რეესტრში.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.04.2025 წლის N ----21-12 წერილი, სადაც მითითებულია, რომ სავაჭრო ობიექტში (მის: კახეთი, -----) დაირღვა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, გადასახადის გადამხდელის კუთვნილ სავაჭრო ობიექტში დაქირავებით მუშაობას მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე ახორციელებდა ----- ----- (პ/ნ -----). ობიექტზე ყოფნის დროს, არ იქნა წარდგენილო არანაირი მტკიცებულება (ხელშეკრულება), რაც დაადასტურებდა საჩივარში მოყვანილ ფაქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.02.2025 წლის N CB----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ განხორციელდა ვიზიტი შემოწმების მიზნით მომჩივნის ობიექტზე, რა დროსაც იმყოფებოდა სტაჟიორი, რომელიც გადიოდა ანაზღაურების გარეშე სტაჟირებას. საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევისთვის (დაქირავებული თანამშრომელი არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში), მომჩივანს, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.03.2025 წლის N 5737 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც შემდგომ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილი, სადაც მითითებულია, რომ სავაჭრო ობიექტში დაირღვა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, გადასახადის გადამხდელის კუთვნილ სავაჭრო ობიექტში დაქირავებით მუშაობას მოლარე კონსულტანტი, ადილზე არ იქნა წარდგენილო არანაირი მტკიცებულება (ხელშეკრულება), რაც დაადასტურებდა საჩივარში მოყვანილ ფაქტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 43; 12; 2885;.