გადაწყვეტილება №18727/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.02.2023
№ დოკუმენტი 18727/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18727/2/2023

24.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "----------" (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "----------" 26.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18727/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №007-201 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 იანვრის №37 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 172 018 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 93 683

დღგ - 63 480

საშემოსავლო გადასახადი - 29 902

ქონების გადასახადი - 301

ჯარიმა - 46 488

საურავი - 31 847

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3211 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 2 მაისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №18626 ბრძანება და 18 ივლისის №007-201 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 15 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 9 იანვრის №37 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 2 მაისის №11030 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის საბოლოო შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. შემოწმების მიერ გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ მარაგების ნაშთებს და მომჩივნის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ მონაცემებში დაფიქსირებულ სმფ-ებს შორის (სხვაობა საბაზრო ღირებულებით 449 047 ლარი).

ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით გამოვლენილი სმფ-ებს შორის სხვაობა გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, სადაც 2019 და 2020 წელზე გამოყენებულ იქნა მეწარმის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური (23%), ხოლო 2021 წელს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი (38%). შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ის ბრუნვები 2019-2021 წლებში, ხოლო ერთობლივი შემოსავალი 2019 და 2020 წლებში. ამასთან, შემოწმებით, გამოვლენილი სმფ-ებს შორის სხვაობა ბრუნვებში ჩართვის პროპორციულად გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში. შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე100, 102-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, გამოვლენილ სმფ-ებს შორის სხვაობის დეკლარირებული დღგ- ის ბრუნვების პროპორციულად გადანაწილება და 2019, 2022 წლებზე გადამხდელის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატის, ხოლო 2021 წელს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია დამატებითი შემოსავლის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლებმა შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისთვის საკმარის პირობად მიიჩნიეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რაც არამართლზომიერია მოცემულ შემთხვევაში. ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი არ განიხილა გამოვლენის მომენტში მიწოდებად, არამედ გადაანაწილა წინა პერიოდზე, რითაც უგულებელყოფილია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები. აქვე აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატი - 38% არის მიმდინარე პერიოდში მისაწოდებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასნამატი, გამომდინარე იქიდან რომ 2021, 2020 წლებში იყო პანდემია, რამაც გამოიწვია მეწარმე სუბიექტების, კერძოდ, ----------ზე დასაქმებული მეწარმეების გარკვეული დროით სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვა, რამაც ძალიან დააზარალა მეწარმეები, საქონლის მიწოდება ხდებოდა სხვადასხვა ფასებით, დაბალი ფასნამატით, რიგ შემთხვევებში თვითღირებულებით და თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით, რათა გადაეხადათ მიმდინარე აუცილებელი ხარჯები, საბანკო ვალდებულებები, საწყობის იჯარა და ასე შემდეგ, რომ ფიზიკურად გადაერჩინათ ბიზნესი და გაეძლოთ პანდემიისთვის. ყველაფერმა ამან გავლენა იქონია მათ შემოსავლებზე და ასევე ფასნამატზე, 2021 წელს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი 38% ფასნამატი არ უნდა იქნეს გათვალისწინებული და უნდა მოხდეს გადაანგარიშება, ბუღალტრულად დაფიქსირებული ფასნამატით - 23%-ით.

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას სხვა შესაბამის დოკუმენტებთან ერთად და დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

ამასთან, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ სმფ-ებს შორის სხვაობა გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. 2019, 2022 წლებზე გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2021 წელს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი არ განიხილა გამოვლენის მომენტში მიწოდებად, არამედ გადაანაწილა წინა პერიოდზე, რითაც უგულებელყოფილია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას/შეფასებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №007-201 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 172 018 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 93 683 ლარი, ჯარიმა - 46 488 ლარი და საურავი - 31 847 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, არ იკვეთება გადასახადების დამალვის და საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 იანვრის №37 ბრძანება;

3. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

ამასთან, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ სმფ-ებს შორის სხვაობა გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. 2019, 2022 წლებზე გამოყენებულია გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო 2021 წელს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი არ განიხილა გამოვლენის მომენტში მიწოდებად, არამედ გადაანაწილა წინა პერიოდზე, რითაც უგულებელყოფილია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები.

2. დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის არგუმენტაცია საჭიროებს დამატებით შესწავლას/შეფასებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს. ასევე გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102(1„ა“); 159; 163(1,2); 164(1); 275.

(2021 წლამდე მოქმედი): 161(1„ა“)