ბრძანება N 7899

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2023
№ დოკუმენტი 7899
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7899

10.04.2023

შპს „-------------“ (ს/ნ --------------)

(მის.: ----------------------)

2023 წლის 23 იანვრის და 27 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტს (ოქმი №30) და 31 მარტს (ოქმი №34) გამართულ სხდომებზე განიხილა შპს „------------------“ (ს/ნ ------------) №10804/21 და №52770/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №005-197 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, წარმოადგენს სამედიცინო და ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიას, მართლზომიერად სარგებლობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათებით. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არასრულყოფილდაა შესწავლილი კომპანიის მიერ სამედიცინო სპირტის რეალიზაციის საკითხი. საგადასახადო შემოწმების აქტიც ადასტურებს, რომ გადამხდელის მიერ ხორციელდებოდა ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება და მისი მიწოდება, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებზე. აღნიშნულის შედეგად არ ირღვეოდა ფარმაცევტული საქონლის მიწოდების ჯაჭვი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია სასაქონლო ოპერაციების დღგ-ით და აქციზით დაბეგვრის საშეღავათო მეთოდოლოგიისთვის. საკუთარი არგუმენტაციის დასადასტურებლად გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილია საქონლის მიმღებთა ცნობები, რომ მიწოდებული სპირტი გამოყენებულია ფარმაცევტული დანიშნულებით.

2. წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი აღნიშნავს, რომ შპს „-----------“ კეთილსინდისიერი გადამხდელია. მიზეზი, რის გამოც დამატებით იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, არის კანონის მოთხოვნათა და სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისობის დადგენის მეთოდოლოგიის ანალიზური სირთულე. კომპანია თვლიდა, რომ კანონში არსებობდა სამედიცინო სპირტის მიმართ საშეღავათო დაბეგვრის მეთოდი და აღნიშნული მეთოდი ეხებოდა ყველა სახის რეალიზაციას საგადასახადო სამართალდარღვევის დაბალი რისკით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის №24231 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 20 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32584 ბრძანება და ამავე თარიღის №005-197 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 11 186 514 ლარი, მათ შორის გადასახადი 5 977 857 ლარი, ჯარიმა 2 991 516 ლარი და საურავი 2 217 141 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიას 2015 წლის 25 დეკემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს ფარმაცევტული წარმოების ნებართვა N----------. ასევე, ფლობს ლიცენზიას ფარმაცევტული სუბსტანციების წარმოებასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ ხორციელდებოდა სპირტის წარმოება და წარმოებული სპირტის ძირითადად სხვადასხვა ფარმაცევტულ საწარმოებზე გადაცემა შემდგომი დაფასოებისა და რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, ანტისეპტიკურ ხსნარს (სამედიცინო სპირტს) შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობის, N337/ნ ბრძანებით (2015 წლის 15 ივლისიდან მთავრობის დადგენილება N350) და სასაქონლო ნომენკლატურის განმარტებით წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხევაში შეესაბამება სენ ესნ კოდი 30049019000. ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სარეალიზაციო საქონელი წარმოადგენს 96.6%-იან ეთილის სპირტს და შეესაბამება სეს ესნ კოდი 22071000000. შესამოწმებელ პერიოდში ეთილის სპირტის სახით რეალიზებულია 675 111 ლიტრი ეთილის სპირტი (100, 200, 1 000, 3 000 ლიტრი მოცულობებით) სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე.

ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, წარმოებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ანტისეპტიკური ხსნარი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული დადგენილების მოთხოვნებს და შეესაბამება 22071000000 კოდი. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე - 164-ე მუხლებით (2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილი), განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 188-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაცია და დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტია მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ალკოჰოლიანი სასმელისათვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

„ტექნიკური რეგლამენტის – საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის მარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №350 დადგენილების თანახმად:

1. მარკირება განხორციელებული უნდა იყოს მკაფიო და არაჩამორეცხვადი შრიფტით.

2. მარკირება შესრულებული უნდა იყოს ქართული და/ან ლათინური და/ან სლავურ-კირილური ანბანით.

3. ფარმაცევტული პროდუქტის მეორეულ, ხოლო მისი არარსებობისას პირველად შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს: სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელება, აქტიური სუბსტანციის (- ების) საერთაშორისო ან სხვა (ბრიტანული ან აშშ ნომენკლატურით) არაპატენტირებული დასახელება (დასახელებები), ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა, საყოველთაოდ აღიარებული დასახელება (დასახელებები), მწარმოებელი ფირმა, მწარმოებელი ქვეყანა, სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/რეგისტრაციის უფლების მქონე სუბიექტი (ასეთის არსებობისას), სერია, წამლის ფორმა, ყოველ ერთეულში მოქმედი ნივთიერების დოზა, რაოდენობა შეფუთვაში, მწარმოებლის მიერ რეკომენდებული ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები, საჭიროებისას – მიღების გზა და მეთოდი. პარენტერალური სამკურნალო საშუალებებისა და ოფთალმოლოგიური საშუალებებისთვის – აგრეთვე, დამხმარე ნივთიერება/ნივთიერებები (გარდა pH-ის კორიგენტებისა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შპს „-----------“ მიერ წარმოებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ანტისეპტიკური ხსნარი არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №350 დადგენილების მოთხოვნებს. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ეთილის სპირტის სახით რეალიზებულია 675 111 ლიტრი ეთილის სპირტი (100, 200, 1 000, 3 000 ლიტრი მოცულობებით) სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „----------“ მიერ წარმოებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ანტისეპტიკური ხსნარი წარმოადგენს 96.6%-იან ეთილის სპირტს, შეესაბამება სეს ესნ კოდი 22071000000 და მისი რეალიზაცია შემოწმებით მართლზომიერადაა მიჩნეული აქციზითა და დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, სახეზეა გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------“ (ს/ნ ------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. მომჩივანი ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ ხორციელდებოდა სპირტის წარმოება და წარმოებული სპირტის ძირითადად სხვადასხვა ფარმაცევტულ საწარმოებზე გადაცემა შემდგომი დაფასოებისა და რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, ანტისეპტიკურ ხსნარს (სამედიცინო სპირტს) შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობის, N337/ნ ბრძანებით და სასაქონლო ნომენკლატურის განმარტებით წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხევაში შეესაბამება სენ ესნ კოდი 30049019000. ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სარეალიზაციო საქონელი წარმოადგენს 96.6%-იან ეთილის სპირტს და შეესაბამება სეს ესნ კოდი 22071000000. შესამოწმებელ პერიოდში ეთილის სპირტი რეალიზებულია სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე.

ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, წარმოებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ანტისეპტიკური ხსნარი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული დადგენილების მოთხოვნებს და შეესაბამება 22071000000 კოდი. შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1), 159(1)"ა", 163(1)(2), 164(1), 182(1)"ა", 184(1)"ა", 185(1)"ბ", 270(1), 269(1)(7) 272(1), 275.

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160"ა", 161(1)"ა".

„ტექნიკური რეგლამენტის – საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის მარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №350 დადგენილება.