ბრძანება N 6289

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.03.2024
№ დოკუმენტი 6289
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6289

22 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------------ს“ (ს/ნ ---------------------)

(მის.: -----------------------------------------)

2024 წლის 25, 26 იანვრის და 7 თებერვლის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის (ოქმი №12) და 29 თებერვლის (ოქმი №21) სხდომებზე განიხილა შპს „------------ს“ (ს/ნ ---------------------) (ს/ნ 417876980) №87166/1/2024, №87210/1/2024 და №87519/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №125-53 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ხელფასის სახით განაცემებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობას.

2. არ ეთანხმება შემოწმებით არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

3. არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საჟღენთი ზეთის აღურიცხველობაზე დაკისრებულ ჯარიმას. აცხადებს, რომ კომპანიამ ზეთის მომწოდებლისგან მოიპოვა საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ყოველი 1 გრადუსი ცელსიუსის ცვლილებაზე ზეთის სიმკვრივე და მოცულობა იცვლება. შემოწმების მიერ ზეთის მოცულობის კილოგრამებში გადაყვანისას არ იქნა გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ფაქტი, რამაც გამოიწვია 3%-იანი ცდომილება.

4. არ ეთანხმება შემოწმებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას. აცხადებს, რომ შემმოწმებელი მიუთითებს მიღებული ავანსების და მასთან დაკავშირებული მთავარი საგადასახადო ანგარიშფაქტურების ზედმეტად ჩათვლაზე. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გადახდილი აქვს 261 314.23 ლარი ავანსად, აქედან 39 861,48 ლარის დღგ. ამ თანხიდან სწორ პერიოდში ჩათვლილია 15 312,39 ლარის დღგ, შესაბამისად, პერიოდის აცდენით ჩათვლილი დღგ შეადგენს 24 549 ლარს, ხოლო შემოწმებით გაანგარიშებული შესაბამისი ციფრი შეადგენს 25 648 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა ამ ნაწილში არასწორია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 აგვისტოს №19676 ბრძანებით შპს „------------ს“ (ს/ნ ---------------------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. შპს „------------ს“ (ს/ნ ---------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების, მ.შ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული 2010 წლის 16 ნოემბრის №2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არარეზიდენტ კომპანიაზე საქონლის ტრანსპორტირების მომსახურებისთვის გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 აგვისტოს №19676 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები შემცირდა სულ 2 879 ლარით, მათ შორის, გადასახადი 2 104 ლარი, ჯარიმა 775 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 დეკემბრის №125-53 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით საკითხის დამატებით შესწავლა. შედეგად დადგინდა, რომ მიწაზე ქონების გადასახადით დაბეგრილი ქონება ნამდვილად წარმოადგენს ჯამში 4 174 მეტრ -----ის -------ს და შემოწმების პროცესში შეცდომით იქნა ჩათვლილი 4 174 კმ2 ფართობად. აღნიშნულის გათვალისწინებით დაზუსტდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის შედეგადაც, საგადასახადო შემოწმებით მიწაზე ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ხელფასის სახით განაცემების გაანგარიშების საკითხი. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტების რაიმე ტიპის დოკუმენტური დადასტურება ან გაანგარიშების ცხრილები. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ზოგადი პოზიცია იმის თაობაზე, რომ კომპანიას აქვს საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი წარმომადგენლობითი ხარჯები, ასევე, დირექტორის სწავლის ხარჯები, რომელიც კომპანიამ გასწია და ითხოვა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის შემცირება აღნიშნული თანხებით. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების პროცესში აღნიშნული თანხები განხილული იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ განაცემებად, რაც თვითონ გადამხდელსაც დაბეგრილი ჰქონდა საშემოსავლო გადასახადით, ასევე, აღნიშნულ ნაწილში არც საჩივარში და არც საჩივრის განხილვისას არ ყოფილა მსჯელობა, შესაბამისად, გადაანგარიშებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა სს „--------ის“ წერილი, რომლის მიხედვითაც, -------ა პასუხობს, რომ 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში შპს „-------------ას“ დაკვეთით განხორციელებული იქნა სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვა 9 ვაგონზე სადგურ ------დან სადგურ -------ის მიმართულებით. აღნიშნული დოკუმენტით დგინდება, რომ არარეზიდენტმა კომპანიამ ტვირთი შემოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე სადგურ ---------ში, ამასთან, საბაჟო დოკუმენტებში საქონლის მიწოდება ხორციელდება FCA ------ი პირობით. შესაბამისად, სატრანსპორტო გადაზიდვის ვალდებულებას თავის თავზე იღებს შპს „---------ა“. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 ნოემბრის N2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაწეული გადაზიდვის მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება ეკისრებოდა შპს „-----------ას“. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხველი -----ის ოდენობის საკითხი. დამატებით განხორციელდა ინვენტარიზაციის მასალების და ბუღალტრული პროგრამის ანალიზი, შედეგად გასწორდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც ვლინდებოდა „-------“-ის ზედმეტობა. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად შემცირდა შემოწმებით გამოვლენილ ----ზე დარიცხული ჯარიმა 565 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმადაც, ხელფასების გადათვლის დროს, კომპანიის ხელმძღვანელობასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ტექნიკურად ხელფასად გადახურული თანხების ნაწილი რეალურად არის წარმომადგენლობითი და თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ხარჯი. კომპანიის მხრიდან საჭიროების შემთხვევაში არსებობს სრული მზაობა ნებისმიერი საჭირო და შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის თაობაზე, რითაც დადასტურდება, რომ ეს ხარჯები ნამდვილად წარმომადგენლობითი ხარჯებია და თანამშრომელთა კვალიფიკაციის მიზნით იყო გაწეული.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვა არის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან სარკინიგზო ტრანსპორტით, საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე, საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება:

ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრების შიგნით მდებარე პუნქტებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:

გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით;

ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანია რუსული მომწოდებლისგან, ------ისგან, იღებს სარკინიგზო-სატრანსპორტო მომსახურებას, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. კერძოდ, -------ი მომსახურებას გასწევს ------ის საზღვრამდე, შემდეგ -------ის ტერიტორიაზე გადაზიდვას ახორციელებს ------ის რკინიგზა, რომელსაც ტვირთი მოაქვს საქართველოს საზღვრამდე (საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას უზრუნველყოფს სხვა სატრანსპორტო კომპანია). გამომდინარე იქიდან, რომ არარეზიდენტი სატრანსპორტო გადამზიდავის ინვოისებში ტექნიკურად წერია -----ის მიმართულება, შემოწმებისას აუდიტორმა მიიჩნია, რომ აღნიშნული მომსახურება იბეგრება გადახდის წყაროსთან. თუმცა, რეალურად, ტვირთი, რომლის გადაზიდვასაც ახორციელებს აღნიშნული არარეზიდენტი, მოდის საქართველოს საზღვრამდე, საიდანაც უკვე საქართველოს ------ის მეშვეობით ჩამოდის ქ. ----ში. უნდა აღინიშნოს, რომ ----ი საქართველოში არ გასწევს არანაირ ხარჯს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არარეზიდენტი პირისგან მიღებული გადაზიდვის მომსახურება არ განიხილება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად და, შესაბამისად, არ ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის საფუძველზე დაბეგვრას.

გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებას წარედგინა აღნიშნული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, საქართველოს რკინიგზის მიერ დადასტურებული დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს რკინიგზა ტვირთების გადაზიდვის საწყის წერტილად მიიჩნევს -----ის სარკინიგზო სადგურს (საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გადაზიდვის დოკუმენტაციაში (--) საქართველოს რკინიგზა ფიზიკურად ვერ მიუთითებს სხვა ქვეყნის სარკინიგზო სადგურს), რომელსაც აქვს ორმაგი, როგორც საბაჟო პუნქტის სტატუსი, ასევე, სატვირთოს სტატუსი, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ -------ის სადგურამდე ტვირთი არ კვეთს სარკინიგზო სახელმწიფო საზღვარს, არამედ მოძრაობს ნეიტრალურ ზონაში (რაც საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლის ინფორმაციით, დასტურდება ----სარკინიგზო გადაზიდვის დოკუმენტის 22-ე გრაფით). გარდა ამისა,-----ის სადგურიდან ტვირთის წამოღება გულისხმობს, ორი კილომეტრის დაშორებით მდებარე ------ის სადგურზე საქართველოს რკინიგზის ელმავლის გადასვლას და იქ სატვირთო ვაგონების ჩაბმას, რადგან ტექნიკურად კონკრეტულად საქართველო------ის საზღვარზე არ არის სპეციალური ჩიხები, სადაც შესაძლებელია ელმავალზე ტვირთის გადაბმა და წამოღება. საქართველოს რკინიგზის ელმავლის ფიზიკურად ------ის ტერიტორიაზე გადასვლა დასტურდება სარკინიგზო საგზაო ფურცლის 22-ე უჯრაში არსებული ჩანაწერით: „----ი (ექსპორტ)“ (--- იწერება ----დან -----მდე საერთაშორისო სარკინიგზო შეთანხმებით, 6 ფურცლად, სადაც 22-ე გრაფაში წერია ----ი ექსპორტი, რაც ნიშნავს ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადაზიდვას), ამასთანავე, საქართველოს რკინიგზის მიერ მომსახურების საფასურის გაანგარიშებისას ------ის ტერიტორიაზე გადაადგილების მანძილის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, ფორმალურად -----ის სადგურიდან ----ის მიმართულებით მითითებული ტვირთის მოძრაობა, ნეიტრალური ზონის ჩათვლით, უნდა განიხილებოდეს საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებულ გადაზიდვად. ამასთან, დაზუსტებულ საჩივარში მომჩივანი განმარტავს, რომ შეცდომით 2021 წლის ივლისის თვეში დაბეგრილი აქვს -------ზე 31 484 ლარის განაცემი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ აუდიტის დეპარტამენტის წერილზე, რომლითაც სს „------ას“ ეთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია შემდეგ საკითხთან დაკავშირებით: 2019 წლის 19 აპრილიდან 2022 წლის 20 აპრილამდე პერიოდში სს „--------ის“ მიერ შპს „-------სთვის“ გაწეული სარკინიგზო-სატვირთო მომსახურებების ფარგლებში რომელი სარკინიგზო სადგურიდან განხორციელდა ტვირთის გადმოზიდვა, სადგურ „------დან“ თუ -----ის სადგურიდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით სს „-------ის“ მიერ 2024 წლის 22 თებერვალს წარმოდგენილი წერილით ირკვევა: „სარკინიგზო-სატვირთო მოსახურებების ფარგლებში პარტნიორი -----ის სარკინიგზო ადმინისტრაციიდან მოსული ტვირთის მიღება საქართველოს რკინიგზის მიერ ხორციელდება სადგურ -----ში, ------ისა და საქართველოს რკინიგზებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე.“

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ დასტურდება არარეზიდენტი კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის მიღების ფაქტი, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტ კომპანიაზე საქონლის ტრანსპორტირების მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საკითხები არ ყოფილა გასაჩივრებული პირვანდელი საჩივრით (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას ამ ნაწილებში წარმოადგენდა სანქციისგან გათავისუფლება), შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი ამ ნაწილებში შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------ს“ (ს/ნ ---------------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „-------ას“ მიერ არარეზიდენტ კომპანიაზე საქონლის ტრანსპორტირების მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1. შემოწმებით განსაზღვრულ ხელფასის სახით განაცემებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობას.

2. არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

3. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საჟღენთი ზეთის აღურიცხველობაზე დაკისრებულ ჯარიმას.

4.შემოწმებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირებას. მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა ამ ნაწილში არასწორია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №19676 ბრძანებით მომჩივანის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები შემცირდა სულ 2 879 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 დეკემბრის №125-53 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით გადაანგარიშების ეტაპზე მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით საკითხის დამატებით შესწავლა.დაზუსტდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწაზე ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის შედეგადაც, საგადასახადო შემოწმებით მიწაზე ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.ასევე დამატებით იქნა შესწავლილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ხელფასის სახით განაცემების გაანგარიშების საკითხი. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტების რაიმე ტიპის დოკუმენტური დადასტურება ან გაანგარიშების ცხრილები. შესაბამისად, გადაანგარიშებით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

ამასთან,დამატებით იქნა შესწავლილი არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა წერილი, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში მომჩივანის დაკვეთით განხორციელებული იქნა სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვა . აღნიშნული დოკუმენტით დგინდება, რომ არარეზიდენტმა კომპანიამ ტვირთი შემოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე.საბაჟო დოკუმენტებში საქონლის მიწოდება ხორციელდება FCA პირობით. სატრანსპორტო გადაზიდვის ვალდებულებას თავის თავზე იღებს მომჩივანი.შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 16 ნოემბრის N2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაწეული გადაზიდვის მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება ეკისრებოდა მომჩივანს. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

ასევე, დამატებით განხორციელდა ინვენტარიზაციის მასალების და ბუღალტრული პროგრამის ანალიზი, შედეგად გასწორდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც ვლინდებოდა ზედმეტობა. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად შემცირდა შემოწმებით გამოვლენილი დარიცხული ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ დასტურდება არარეზიდენტი კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის მიღების ფაქტი, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტ კომპანიაზე საქონლის ტრანსპორტირების მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საკითხები არ ყოფილა გასაჩივრებული პირვანდელი საჩივრით (გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას ამ ნაწილებში წარმოადგენდა სანქციისგან გათავისუფლება), შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი ამ ნაწილებში შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:101(1); 104; 134(1 „გ“ და „ე“); 154(1„ა“. „გ“ .2 „ა“ და „ბ“);