ბრძანება N 925

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.01.2024
№ დოკუმენტი 925
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 925

24 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 17 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის №20905/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 17 აგვისტოს №83104/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის №038-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას შპს „----------“ ჩარიცხული თანხით. განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 40 000 ლარი წარმოადგენს აღებულ სესხს, რომელიც პლასტმასის მილების ღირებულების სანაცვლოდ იმავე დღეს გადაირიცხა შპს „----------“. აღნიშნული სესხი დარიცხული პროცენტებით დაბრუნებული იქნა 2022 წელს. აღნიშნულთან დაკავშირებით სესხის ხელშეკრულება და მიღებაჩაბარების აქტი წარუდგინა შემოწმებას, ხოლო დოკუმენტაციის ნოტარიული დამოწმება მოხდა 2023 წლის 11 ივლისს, რაც ასევე წარდგენილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში. გადამხდელი ასევე ითხოვს აღნიშნული მტკიცებულების გათვალისწინებას ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას.

მომჩივანი ასევე ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5472 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5472 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 5 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 85 513 ლარით, მათ შორის, გადასახადი 58 922 ლარით და ჯარიმა 26 591 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 25 ივლისს №038-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 8 სექტემბრის №21922 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 15 დეკემბრის №20905/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №21922 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროში საჩივართან ერთად გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შპს „----------“ (ს/ნ ----------) გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმების აქტი, რაც წარმოადგენს აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხის შემცირების დასაბუთებულ საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება სრულყოფილად არ არის აღსრულებული. საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შპს „----------“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი, ხოლო ავანსთან დაკავშირებით, კომპანიამ წარმოადგინა შპს „----------“ გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული ნოტარიული წესით. შესაბამისად, გადამოწმების მიზნით ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა მესამე პირებისგან, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „----------“ და შპს „----------“ უფიქსირდებათ ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით დავალიანება. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ არ ჩაითვალა საკმარის პირობად დარიცხული გადასახადების კორექტირებისთვის;

2. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ და პირს მიღებული ჩათვლის დოკუმენტების გათვალისწინებით გაეზარდა დღგ-ის ჩათვლა;

3. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც შესწავლილი და გადამოწმებულ იქნა მესამე პირებთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის დოკუმენტების საფუძველზე შემცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ნაღდი ფულის ნაშთი. გადასახადის გადამხდელმა ასევე წარმოადგინა შპს „----------“ და შპს „----------“ გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული ნოტარიული წესით. შესაბამისად, გადამოწმების მიზნით ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა მესამე პირებისგან, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ არ ჩაითვალა საკმარის პირობად დარიცხული გადასახადების კორექტირებისთვის;

4. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამოწმდა მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია და იმ პირებთან მიმართებით დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ მეწარმეებად ან მინიჭებული ჰქონდათ მცირე ბიზნესის სტატუსი, დაექვემდებარა შემცირებას;

5. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმების შედეგად, შემცირდა დარიცხული მოგების გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;

გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა შპს „----------“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი, ხოლო ავანსთან დაკავშირებით - შპს „----------“ გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტაცია არ იყო დამოწმებული ნოტარიულად. შესაბამისად, გადამოწმების მიზნით ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა მესამე პირებისგან, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. ამასთან, შპს „----------“ და შპს „----------“ უფიქსირდებოდათ ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით დავალიანება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ არ ჩაითვალა საკმარის პირობად დარიცხული გადასახადების კორექტირებისთვის.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შპს „----------“ დირექტორთან დაკავშირება და მასთან ერთად დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი) ნოტარიული დამოწმება მოხდა 2023 წლის 11 ივლისს, რაც იმავე დღეს გადაეგზავნა შემმოწმებელს. აღნიშნული დოკუმენტაცია წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის დანართის სახით, რაც ასევე წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 17 აგვისტოს საჩივართან ერთად. ამასთან, მიუთითებს, რომ შპს „----------“ დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან აღნიშნული საწარმო აღარ ფუნქციონირებს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში არსებულ მითითებაზე, რომლის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროში საჩივართან ერთად გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შპს „----------“ (ს/ნ ----------) გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმების აქტი, რაც აუდიტის დეპარტამენტი განმარტებით, წარმოადგენს აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხის შემცირების დასაბუთებულ საფუძველს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (საჩივარზე თანდართული შპს „----------“ გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული) მტკიცებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ, შპს „----------“ (ს/ნ ----------) დადებულ ხელშეკრულებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დოკუმენტი არ არის ნოტარიული წესით დამოწმებული. ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა შპს „----------“, თუმცა დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან აღნიშნული საწარმო აღარ ფუნქციონირებს. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ ექვემდებარება კორექტირებას. ამასთან, სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი 2023 წლის 21 მარტის №5472 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (საჩივარზე თანდართული შპს „----------“ გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული) მტკიცებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.

მომჩივანი ასევე ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა შპს „X“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი, ხოლო ავანსთან დაკავშირებით - შპს „Y“ გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტაცია არ იყო დამოწმებული ნოტარიულად. შესაბამისად, გადამოწმების მიზნით ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა მესამე პირებისგან, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. ამასთან, შპს „Y“ და შპს „X“ უფიქსირდებოდათ ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით დავალიანება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ არ ჩაითვალა საკმარის პირობად დარიცხული გადასახადების კორექტირებისთვის. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შპს „X“ დირექტორთან დაკავშირება და მასთან ერთად დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი) ნოტარიული დამოწმება მოხდა 2023 წლის 11 ივლისს, რაც იმავე დღეს გადაეგზავნა შემმოწმებელს. აღნიშნული დოკუმენტაცია წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის დანართის სახით, რაც ასევე წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 17 აგვისტოს საჩივართან ერთად. ამასთან, მიუთითებს, რომ შპს „Y“ დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან აღნიშნული საწარმო აღარ ფუნქციონირებს. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში არსებულ მითითებაზე, რომლის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროში საჩივართან ერთად გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შპს „X“ გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმების აქტი, რაც აუდიტის დეპარტამენტი განმარტებით, წარმოადგენს აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხის შემცირების დასაბუთებულ საფუძველს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (საჩივარზე თანდართული შპს „X“ გაფორმებული და ნოტარიულად დადასტურებული) მტკიცებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ, შპს „Y“ დადებულ ხელშეკრულებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დოკუმენტი არ არის ნოტარიული წესით დამოწმებული. ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა შპს „Y“, თუმცა დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან აღნიშნული საწარმო აღარ ფუნქციონირებს. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ ექვემდებარება კორექტირებას. ამასთან, სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი 2023 წლის 21 მარტის №5472 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1„ა“); 179(1).

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)