გადაწყვეტილება №25696/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.11.2025
№ დოკუმენტი 25696/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25696/2/2025

06 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ს 21.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25696/2/2025).

 

დავის საგანი:

არარეზიდენტისთვის გადახდილი თანხების (როიალტი) დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №006-205 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.08.2025 წლის №18284 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 44 046,37 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 26 703,36

დღგ - 1 501,29

მოგების გადასახადი - 25 202,07

ჯარიმა - 12 976,30

საურავი - 4 366,71

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვებ-გვერდების დამზადება ვებ-მომსახურება და ჰოსტინგი. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2009 წლის 26 მარტს, 2010 წლის 26 აპრილიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების სრული, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 26 ივნისის შემოწმების აქტში, რომლის თანახმადაც: გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შპს „-----“-მ 2024 წელს არარეზიდენტი იურიდიული პირისგან „-----“ შეიძინა პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარების და მხარდაჭერის ლიცენზია, რომელიც არის შპს „----“-ს ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი. არარეზიდენტ კომპანიას არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. გადამხდელს აღნიშნული გადახდები არ აქვს გადახდის წყაროსთან დაბეგრილი. გადამხდელის განმარტებით, შპს „-----“-მ იხელმძღვანელა საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ (მუხლი 12 როიალტი, პუნქტი 1), რის თანახმადაც არ დაბეგრა გადახდის წყაროსთან (საქართველოში) აღნიშნული როიალტი და წარადგინა უკრაინის რეზიდენტობის ცნობა.

1997 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციის მე-12 მუხლით ერთ მონაწილე სახელმწიფოში წარმოქმნილი როიალტი, რომელიც გადაიხდება მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს რეზიდენტი არის ამ როიალტის ფაქტიური მფლობელი ამ როიალტის მიმართ ექვემდებარება დაბეგვრას ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოში. ტერმინი როიალტი ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახადს, რომლებიც პირმა მიიღო როგორც გასამრჯელო ლიტერატურული, ხელოვნების ან სამეცნიერო ნაწარმოებზე (კინოფილმების, ნებისმიერი ფილმებისა და ფირების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება რადიომაუწყებლობასა და ტელევიზიაში) საავტორო უფლების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო ნიშნების, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ამ პროცესის ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილებაზე ინფორმაციის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების მიცემისათვის. შემოწმებით, არარეზიდენტზე გადახდილი თანხები, საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე 5%-იანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე 30.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14243 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №006-205 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.08.2025 წლის №18284 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ 1997 წლის 15 ოქტომბრის კონვენციის თანახმად, წყარო სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს აღნიშნული შემოსავალი (როიალტი) მისი კანონმდებლობის შესაბამისად.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ვებგვერდების დამზადება, ვებმომსახურება და ჰოსტინგი. შპს „------“ 2024 წელს არარეზიდენტი იურიდიული პირისგან „-----“ შეიძინა პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარების და მხარდაჭერის ლიცენზია, რომელიც არის შპს „-----“-ის ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი. არარეზიდენტ კომპანიას არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. გადამხდელს აღნიშნული გადახდები არ აქვს გადახდის წყაროსთან დაბეგრილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე „საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შპს „-----“მა 2024 წელს არარეზიდენტი იურიდიული პირისგან „LLC ----“ შეიძინა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ლიცენზია, რომელიც არის შპს „-----ის“ ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი. ვინაიდან „LLC-----“ არის უკრაინის რეზიდენტი საწარმო, მან წარადგინა უკრაინის რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა. ასევე წარადგინა წერილი, რომ ამ პროგრამის (ლიცენზიის) ყველა უფლება ეკუთვნის მას ანუ „LLC ------“, რაც წარდგენილ იქნა აუდიტორებისათვის.

შპს „-----მა“, როგორც კეთილსინდისიერმა გადამხდელმა, იხელმძღვანელა 1997 წლის 14 თებერვალს ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენციით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1997 წლის 15 ოქტომბერს და ძალაშია შესული 1999 წლის 1 აპრილს) საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ (მუხლი 12 როიალტი, პუნქტი 1), რის თანახმადაც არ დაბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოში წარმოქმნილი როიალტი. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2024 წლის პერიოდზე ორმაგი დაბეგვრის ფორმა 1 (რეზიდენტობის დამადასტურებელ ცნობასთან ერთად).

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

2025 წლის 13 აგვისტოს №18284 ბრძანებაში შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ „შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების თანახმად, შემოსავალი, რომელიც შეიძლება დაიბეგროს შეუზღუდავად წყარო სახელმწიფოში ნიშნავს, რომ წყარო სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს აღნიშნული შემოსავალი, ხოლო რეზიდენტი სახელმწიფო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების საფუძველზე იღებს ვალდებულებას მის რეზიდენტს ჩაუთვალოს წყარო სახელმწიფოში გადახდილი გადასახადები, რათა არ მოხდეს პირის მიერ მიღებული შემოსავლების ორმაგი დაბეგვრა“.

კონვენციით როიალტი შეიძლება დაიბეგროს როგორც არარეზიდენტი პირის სახელმწიფოში, ასევე იმ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშვა როიალტი. საერთაშორისო კონვენცია აძლევს არჩევის უფლებას ხელშემკვრელ სახელმწიფოების რეზიდენტ პირებს, თვითონ გადაწყვიტონ რომელ სახელმწიფოში დაიბეგრება როიალტი.

კონვენციაში არ არის ცალსახად მითითებული, რომ წყარო სახელმწიფოს შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტოს გადასახადის გადახდის ქვეყანა და ამავე ქვეყნის გადასახადის გადამხდელს დააკისროს როიალტიზე გადასახადის გადახდის აუცილებელი ვალდებულება თავის ქვეყანაში. უგულებელყოფილია უშუალოდ გადასახადების გადამხდელი რეზიდენტ და არარეზიდენტ კომპანიებს შორის შეთანხმება გადასახადების გადანაწილებაში, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება (არანაკლებ როგორც წყარო სახელმწიფოს შემოსავლების სამსახურს) ქონდეთ არჩევანი სად დაბეგრონ როიალტი.

წყარო სახელმწიფო იყენებს რა თავის უფლებამოსილებას „შეუზღუდავად“ დაბეგროს აღნიშნული შემოსავალი, ქმნის ორმაგი დაბეგვრის ფაქტს, რაც არ მოდის კონვენციის დებულებებთან თანხვედრაში.

წყარო სახელმწიფოს უფლებამოსილების გამოყენება და ამოქმედება გამართლებული იქნებოდა, თუ დადასტურდებოდა არარეზიდენტი პირის სახელმწოფოში გადასახადების არგადახდა, რაც შემოსავლების სამსახურს არ აქვს წარმოდგენილი.

ამგვარი უფლებამოსილებით გადასახადის ძირითადი თანხისა და დამატებით ჯარიმა-საურავების დაკისრება არღვევს კონვენციის საფუძვლებს ხელი შეუწყოს სახელმწიფოებს შორის ბიზნესის განვითარებას, აფერხებს კომპანიების საქმიანობას და უკარგავს სურვილს განავითარონ ბიზნეს ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „----ს“ არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობა და ამიტომ უნდა გაუქმდეს დარიცხული გადასახადები და დაკისრებული სანქციები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება როიალტი, თუ როიალტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტია.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, როიალტი არის - საავტორო უფლების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, როიალტი - 5 პროცენტით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

მე-12 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:

1. ერთ მონაწილე სახელმწიფოში წარმოქმნილი როიალტი, რომელიც გადაიხდება მეორე მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს რეზიდენტი არის ამ როიალტის ფაქტიური მფლობელი და ამ როიალტის მიმართ ექვემდებარება დაბეგვრას ამ მეორე მონაწილე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ეს როიალტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე მონაწილე სახელმწიფოში და მისი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც იგი წარმოიშვა, მაგრამ ამგვარად დაწესებულმა გადასახადმა არ უნდა გადააჭარბოს როიალტის საერთო რაოდენობის 10 პროცენტს.

3. ტერმინი როიალტი ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახადს, რომლებიც პირმა მიიღო როგორც გასამრჯელო ლიტერატურული, ხელოვნების ან სამეცნიერო ნაწარმოებზე (კინოფილმების, ნებისმიერი ფილმებისა და ფირების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება რადიომაუწყებლობასა და ტელევიზიაში) საავტორო უფლების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო ნიშნების, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ამ პროცესის ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილებაზე ინფორმაციის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების მიცემისათვის.

შპს „-----მა“ 2024 წელს არარეზიდენტი იურიდიული პირისგან „---------“ შეიძინა პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარების და მხარდაჭერის ლიცენზია. არარეზიდენტ კომპანიას არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. მომჩივანს, არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი როიალტი არ აქვს გადახდის წყაროსთან დაბეგრილი. მომჩივნის პოზიციით სახელმძღვანელო კონვენციით როიალტი შეიძლება დაიბეგროს როგორც არარეზიდენტი პირის სახელმწიფოში, ასევე იმ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშვა როიალტი. საერთაშორისო კონვენცია აძლევს არჩევის უფლებას ხელშემკვრელ სახელმწიფოების რეზიდენტ პირებს, თვითონ გადაწყვიტონ რომელ სახელმწიფოში დაიბეგრება როიალტი. კონვენციაში არ არის ცალსახად მითითებული, რომ წყარო სახელმწიფოს შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტოს გადასახადის გადახდის ქვეყანა და ამავე ქვეყნის გადასახადის გადამხდელს დააკისროს როიალტიზე გადასახადის გადახდის აუცილებელი ვალდებულება თავის ქვეყანაში.

შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში განმარტავს, რომ შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების თანახმად, შემოსავალი, რომელიც შეიძლება დაიბეგროს შეუზღუდავად წყარო სახელმწიფოში ნიშნავს, რომ წყარო სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს აღნიშნული შემოსავალი, ხოლო რეზიდენტი სახელმწიფო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების საფუძველზე იღებს ვალდებულებას მის რეზიდენტს ჩაუთვალოს წყარო სახელმწიფოში გადახდილი გადასახადები, რათა არ მოხდეს პირის მიერ მიღებული შემოსავლების ორმაგი დაბეგვრა. რაც შეეხება შემოსავლებს, რომლებიც იბეგრება მხოლოდ რეზიდენტ სახელმწიფოში, ასეთ დროს წყარო სახელმწიფო ვალდებულია პირის მიერ რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შემთხვევაში, არ დაბეგროს წყარო სახელმწიფოში მეორე სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ 1997 წლის 15 ოქტომბრის კონვენციის თანახმად, წყარო სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს აღნიშნული შემოსავალი მისი კანონმდებლობის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიჩნია, რომ საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციის მე-12 მუხლის გათვალსწინებით, შპს „----ის“ მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის „LLC -----“ პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარების და მხარდაჭერის ლიცენზიისთვის გადახდილი როიალტი საგადასახადო ორგანოს მიერ მართებულად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არარეზიდენტისთვის გადახდილი თანხების (როიალტი) დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიამ 2024 წელს არარეზიდენტი იურიდიული პირისგან შეიძინა პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარების და მხარდაჭერის ლიცენზია. არარეზიდენტ კომპანიას არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. მომჩივანს, არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი როიალტი არ აქვს გადახდის წყაროსთან დაბეგრილი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიჩნია, რომ საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის შემოსავლებსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციის მე-12 მუხლის გათვალსწინებით, კომპანიის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარების და მხარდაჭერის ლიცენზიისთვის გადახდილი როიალტი საგადასახადო ორგანოს მიერ მართებულად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: