ბრძანება N 19644
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19644
09 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 30 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 30 იანვრის №78728/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №125-22 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება აქციზში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ არ ემთხვევა აქციზის გაანგარიშების ცხრილი დამატებით გადასახდელად საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ და დარიცხულ თანხებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო საკითხის შესწავლას აუდიტორებთან ერთად.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას. აცხადებს, რომ გაანგარიშების ცხრილებში არის რიგი უზუსტობები და პროპორცია არის გაკეთებული ისეთ საქონელსა და მომსახურებაზე, რომლის გამოყენებაც ხდებოდა მხოლოდ დასაბეგრ ოპერაციებში.
4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №25590 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ამავე თარიღის №33755 ბრძანება და №125–22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 155 911 ლარი, მათ შორის გადასახადი 86 089 ლარი, ჯარიმა 31 477 ლარი და საურავი 38 345 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ დეკლარირებული აქციზით დასაბეგრი ბაზა განსხვავდებოდა შემოწმების მიერ დადგენილისგან. კერძოდ, საწარმოს იმპორტით შემოჰქონდა დაჭრილი თამბაქო (სეს ესნ 2403 19 000 00) აფასოებდა (50-100 გრ. შეფუთვები) და ყიდდა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე, 185-ე და 188-ე მუხლებით და გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი აქციზი. ასევე, საწარმოს განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა სხვადასხვა სახის უძრავი/მოძრავი ქონება. შემოწმებისთვის წარმოდგენილი იყო გაანგარიშება ექსელის ცხრილის სახით, რომლის მიხედვითაც დაკორექტირებული იყო ბუღალტრულ პროგრამაში ასახული მონაცემები. აღნიშნული არ იყო შესაბამისობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ 2018 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსური ანგარიშგებასთან (ატვირთულია დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნასთან ერთად). წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ძირითადი საშუალებების სახით აღრიცხული ქონება აღემატებოდა ბუღალტრულ პროგრამასა და ექსელის გაანგარიშებაში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. შესაბამისად, საწყისი ნაშთის განსაზღვრისთვის შემოწმება დაეყრდნო ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ მონაცემებს, ხოლო დანარჩენი საანგარიშო პერიოდების დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისთვის კი გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ ექსელის ცხრილის გაანგარიშებას. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლით და გადამხდელს გამოვლენილ სხვაობაზე პერიოდების მიხედვით დაერიცხა ქონების გადასახადი. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გააჩნდა დღგ-ის როგორც 18%-ით დასაბეგრი, ისე ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად ჰქონდა ჩათვლილი დღგ-ის თანხები. შემოწმებით, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლისა და 2021 წლიდან მოქმედი 177-ე მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმისათვის (გარდა ამ ნაწილის „გ1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) − თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ ნაწილში აღნიშნული აქციზური საქონელი იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით: თამბაქოს ნაწარმი (დანარჩენი) 1 კგ. - 60 ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 190-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აქციზი გადახდას ექვემდებარება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქონლის იმპორტისას აქციზი გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ასახული ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ დეკლარირებული აქციზით დასაბეგრი ბაზა განსხვავდებოდა შემოწმების მიერ დადგენილისგან.
ამასთან, მომჩივანმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ არგუმენტაცია/მტკიცებულებები სადავო საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აუდიტორთან ზეპირსიტყვიერი გავლისას აღნიშნულ საკითხში დამატებით უნდა დარიცხვოდა არაუმეტეს 12 000 ლარისა 2019 წლის საწყისი საბალანსო ნაშთის ცვლილების გამო. მიუთითებს, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბუღალტრულად აღრიცხული საბალანსო ღირებულების ცვლილება აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან და ითხოვს დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:
ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;
ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.
2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დასაბეგრი პირი საქონელს ან მომსახურებას იყენებს, ისეთი ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საანგარიშო პერიოდის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა განისაზღვრება წინა საგადასახადო წელს ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაფიქსირებული წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც ზუსტდება მიმდინარე საგადასახადო წლის წლიური პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ამავე წლის ბოლო საანგარიშო პერიოდში.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გააჩნდა დღგ-ის როგორც 18%-ით დასაბეგრი, ისე ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად ჰქონდა ჩათვლილი დღგ-ის თანხები.
ამასთან, მომჩივანმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ არგუმენტაცია/მტკიცებულებები სადავო საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება აქციზის, ქონების გადასახადებში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს; დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას; ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებით გამოვლინდა, რომ დეკლარირებული აქციზით დასაბეგრი ბაზა განსხვავდებოდა შემოწმების მიერ დადგენილისგან. კერძოდ, საწარმოს იმპორტით შემოჰქონდა დაჭრილი თამბაქო აფასოებდა და ყიდდა. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი აქციზი და განესაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა სხვადასხვა სახის უძრავი/მოძრავი ქონება. შემოწმებისთვის წარმოდგენილი იყო გაანგარიშება ექსელის ცხრილის სახით. აღნიშნული არ იყო შესაბამისობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ 2018 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსური ანგარიშგებასთან. გადამხდელს გამოვლენილ სხვაობაზე პერიოდების მიხედვით დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.
3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გააჩნდა დღგ-ის როგორც 18%-ით დასაბეგრი, ისე ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად ჰქონდა ჩათვლილი დღგ-ის თანხები. შემოწმებით, დაკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები და ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები პირველ და მესამე სადავო საკითხებთან მიმართებაში განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 184; 185; 188; 201; 177; 269(7); 275; 2021 წლამდე მოქმედი - 174