გადაწყვეტილება №25313/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.06.2025
№ დოკუმენტი 25313/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25313/2/2025

27 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------ის“ 15.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25313/2/2025).

 

დავის საგანი:

1. ძირითადი საშუალებების რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. ხელფასის და მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით;

3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აპრილის №077-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10710 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 6 523.25 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 4 188

მოგების გადასახადი - 1 759

საშემოსავლო გადასახადი - 212

ქონების გადასახადი - 2 217

ჯარიმა - 1 433

საურავი - 902.25

 

პროცედურული გარემოებები

საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2000 წლის 20 დეკემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდამდე კომპანიის საქმიანობაა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. საწარმო აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებდა როგორც გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, ასევე კერძო დაკვეთითაც.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 დეკემბრის №26100 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 6 დეკემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 1 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აპრილის №6641 ბრძანება და №077-9 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 6 523.25 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 6 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 27 მაისის №10710 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ძირითადი საშუალებების რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კომპანია 2013 წლის 1 აგვისტოდან საკუთრებაში ფლობდა მსუბუქ ავტომობილს (-----), რომელიც 2023 წლის 6 ნოემბერს გადაფორმებულია საწარმოს დირექტორის შვილზე. აღნიშნულთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები დეკლარირებული არ არის. ასევე, ინფორმაცია არ არის ასახული წარდგენილ საბუღალტრო გაანგარიშებებში. გადაფორმებული მსუბუქი ავტომობილი, 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში, ჩაითვალა საბაზრო ღირებულებით უსასყიდლო მიწოდებად და დაექვემდებარა შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 96-ე, 97-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი საკუთრებაში ფლობდა მსუბუქ ავტომობილს (-----), რომელიც 2023 წლის 6 ნოემბერს გადაფორმებულია საწარმოს დირექტორის შვილზე. აღნიშნულთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები დეკლარირებული არ არის, რის საფუძველზეც პირს შემოწმებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები მოგების გადასახადში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება ძირითადი საშუალებების რეალიზაციაზე დარიცხულ თანხას. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს მოძრავი ქონების შეფასების ანგარიშს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2025 წლის №54419-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კომპანია 2013 წლის 1 აგვისტოდან საკუთრებაში ფლობდა მსუბუქ ავტომობილს (---), რომელიც 2023 წლის 6 ნოემბერს გადაფორმებულია საწარმოს დირექტორის შვილზე. აღნიშნულთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები დეკლარირებული არ არის. ამასთან, ინფორმაცია არ არის ასახული წარდგენილ საბუღალტრო გაანგარიშებებში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლების გათვალისწინებით, --- -----ზე გადაფორმებული მსუბუქი ავტომობილი, 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში, ჩაითვალა საბაზრო ღირებულებით უსასყიდლო მიწოდებად და დაექვემდებარა შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადით დაბეგვრას.

მომჩივანი წარმოადგენს მოძრავი ქონების შეფასების ანგარიშს და ითხოვს მის გათვალისწინებას.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ არ არის წარმოდგენილი შემფასებლის სერტიფიკატი, რაზეც საწარმოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეუძლიათ აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები სადავო საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. ხელფასის და მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით

ფაქტების აღწერა

საწარმოს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე სახელფასო და მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები, რომელიც ზოგიერთ საანგარიშო პერიოდში სრულყოფილად არ არის დეკლარირებული. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოს კუთვნილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

26.07.2022 წელს და 19.06.2023 წელს თანხა გადაერიცხა გაწეულ მომსახურებაზე ი/მ -------ძეს (პ/ნ ----------). იბეგრება მოგების გადასახადით. 30.03.2023 წელს ხელფასი დაერიცხა ---------ს (პ/ნ ---------). სარგებლობს მარტოხელა მშობლის სტატუსით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის №79/N01-18/5 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის №14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. სახელმწიფო განვითარების სააგენტოს 27.02.2023 წლის №2023-59001-00086 გადაწყვეტილება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2025 წლის №54419-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე სახელფასო და მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები, რომელიც ზოგიერთ საანგარიშო პერიოდში სრულყოფილად არ არის დეკლარირებული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით, 1 063 ლარით გაიზრდება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ 26.07.2022 წელს და 19.06.2023 წელს თანხა გადაერიცხა გაწეულ მომსახურებაზე ი/მ -------ძეს (პ/ნ --------), რაც არ უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა მომსახურების გაწევას. ამდენად, დასადგენია იყო თუ არა აღნიშნული პირი რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ.

ამასთან, მომჩივანი მიუთითებს, რომ 30.03.2023 წელს ხელფასი დაერიცხა ------ს (პ/ნ ----------), რომელიც სარგებლობს მარტოხელა მშობლის სტატუსით. თუმცა, შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

საწარმოს 2022 და 2023 წლის საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციებში დასაბეგრი ქონების ღირებულება ასახული აქვს საბალანსო ღირებულებით, ხოლო 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი არ არის სალიკვიდაციო ქონების გადასახადის დეკლარაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელზე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება ქ. -----ი, ------ის №----ში მდებარე 60 კვ.მ საოფისე ფართი. შემოწმების პროცესში, მომჩივნის მიერ მიწოდებული ქონების ნუსხის მიხედვით, საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება ასევე აღრიცხულია საბალანსო ღირებულებით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და საგადასახადო კოდექსის 201-და 202-ე მუხლების გათვალისწინებით, კომპანიის ქონების ღირებულება უძრავ ქონებასთან მიმართებით განისაზღვრა საბაზრო ფასის საფუძველზე. ასევე, გამოანგარიშებულ იქნა 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე, 205-ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ საწარმოს ქონების ღირებულების უძრავ ქონებასთან მიმართებით საბაზრო ფასის საფუძველზე განსაზღვრა და 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება ქონების გადასახადში დარიცხულ თანხას. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს უძრავი ქონების შეფასების ანგარიშს.

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 922 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის შესაბამისად:

1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2025 წლის №54419-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ საწარმოს 2022 და 2023 წლის საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციებში, დასაბეგრი ქონების ღირებულება ასახული აქვს საბალანსო ღირებულებით, ხოლო 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი არ არის სალიკვიდაციო ქონების გადასახადის დეკლარაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელზე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება ქ. -----ში, ---ს ქ. №--ში მდებარე 60 კვ.მ საოფისე ფართი. შემოწმების პროცესში, მომჩივნის მიერ მიწოდებული ქონების ნუსხის მიხედვით, საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება ასევე აღრიცხულია საბალანსო ღირებულებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს ქონების ღირებულება უძრავ ქონებასთან მიმართებით განისაზღვრა საბაზრო ფასის საფუძველზე. ასევე, გამოანგარიშებულ იქნა 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, დასაბეგრი ქონების ღირებულებამ მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეადგინა 228 251 ლარი. კომპანიას დაერიცხება გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

მომჩივანი არ ეთანხმება ქონების გადასახადში დარიცხულ თანხას, წარმოადგენს უძრავი ქონების შეფასების ანგარიშს და ითხოვს მის გათვალისწინებას.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში არსებულ დავაზე არ ყოფილა წარდგენილი. ამასთან, მიუთითა, რომ აღნიშნულ დასკვნაში შეფასებულია სხვა ქონება. ასევე, არ არის წარმოდგენილი შემფასებლის სერთიფიკატი.

საწარმოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ადგილი აქვს მექანიკურ შეცდომას და წარმოადგენს ახალ შეფასების დასკვნას. ასევე, შეუძლია წარმოადგინოს შემფასებლის სერტიფიკატი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები სადავო საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 მაისის №10710 ბრძანება;

3. პირველ დავის საგანთან დაკავშირებით: - გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები სადავო საკითხთან დაკავშირებით; - დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით: - გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები; - დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

5. მე-3 დავის საგანთან დაკავშირებით: - გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები სადავო საკითხთან დაკავშირებით; - დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ძირითადი საშუალებების რეალიზაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. ხელფასის და მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით;

3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №26100 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 6 დეკემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №6641 ბრძანება და №077-9 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 6 523.25 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი 2013 წლის პირველი აგვისტოდან საკუთრებაში ფლობდა მსუბუქ ავტომობილს , რომელიც 2023 წლის 6 ნოემბერს გადაფორმებულია საწარმოს დირექტორის შვილზე. აღნიშნულთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები დეკლარირებული არ არის. ასევე, ინფორმაცია არ არის ასახული წარმოდგენილ საბუღალტრო გაანგარიშებებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების გათვალისწინებით ფ/პ-ზე გადაფორმებული მსუბუქი ავტომობილი, 2023 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში, ჩაითვალა საბაზრო ღირებულებით უსასყიდლო მიწოდებად და დაექვემდებარა შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადით დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, მომჩივანის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე სახელფასო და მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები, რომელიც ზოგიერთ საანგარიშო პერიოდში სრულყოფილად არ არის დეკლარირებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ პირს 2022 და 2023 წლის საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციებში, დასაბეგრი ქონების ღირებულება ასახული აქვს საბალანსო ღირებულებით, ხოლო 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი არ არის სალიკვიდაციო ქონების გადასახადის დეკლარაცია. ამასთან, გადასახადის გადამხდელზე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება 60 კვ.მ საოფისე ფართი. საგადასახადო შემოწმების პროცესში მომჩივანისს მიერ მოწოდებული ქონების ნუსხის მიხედვით, საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონება ასევე აღრიცხულია საბალანსო ღირებულებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-და 202-ე მუხლების გათვალისწინებით საწარმოს ქონების ღირებულება, უძრავ ქონებასთან მიმართებით განისაზღვრა საბაზრო ფასის საფუძველზე. ასევე, გამოანგარიშებულ იქნა 2024 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №10710 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „გ“.7); 101(1); 154(1 „ა“ და „დ“ .2 „ა“ და „ბ“); 201(1 „ა.ა“); 202(1); 205(1.2);