გადაწყვეტილება №27090/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.04.2026
№ დოკუმენტი 27090/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

შემოსავლების/ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდითოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები და სამეურნეო ოპერაციების ეკონომიკური გავლენა (73-ე მუხლის მე-9 ნაწილი)რეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავბის ვალდებულებადაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემიპროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთანსაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევასაქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას დასაბეგრი დროის განსაზღვრადასაბეგრი ოპერაციის თანხამიღებული/მისაღები ანაზღაურება (მ.შ. სუბსიდია)საბაზრო ფასი (მ.შ. შესყიდვის ფასი და თვითღირებულება)

📄 სრული ტექსტი

№27090/2/2026

29 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 3.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27090/2/2026).

 

დავის საგანი:

1. რეალიზებულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელების შედეგად დღგ-ის დარიცხვა;

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელების შედეგად დღგ-ის და მოგების გადასახადების დარიცხვა;

4. ფიზიკურ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-606 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6148 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 376 563.46 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 196 534.68

დღგ - 155 756.59

საშემოსავლო გადასახადი - 11 533.53

მოგების გადასახადი - 28 967.56

ქონების (არასასოფლო მიწა) გადასახადი - 277

ჯარიმა - 98 267.9

საურავი - 81 760.88

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი შენობის მშენებლობა და ფართების რეალიზაცია შავი კარკასის მდგომარეობით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2025 წლის №28776 ბრძანება და №006-606 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2026 წლის №6148 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. რეალიზებულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელების შედეგად დღგ-ის დარიცხვა

ფაქტების აღწერა

კომპანიის მიერ -------, ------- (მიწის ს/კ -------) აშენებულ იქნა ორსართულიანი 22 ბინიანი საცხოვრებელი ბინა, აქედან შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს რეალიზებული აქვს 16 საცხოვრებელი ბინა, 5 ბინა მიწოდებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე, 6 ბინა კი რეალიზებულია შესამოწმებელი პერიოდის წინა საანგარიშო პერიოდში. ამასთან, ბინების სარეალიზაციო ფასები მერყეობს ერთ კვ.მ-ზე 206 აშშ დოლარიდან 477 აშშ დოლარამდე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების, საბანკო ამონაწერების და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები (წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის ნულოვანი დეკლარაციები) და 2025 წლის პირველი იანვრიდან არ ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა ინფორმაცია. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად იყო დამახინჯებული და არ ასახავდა გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%- ზე მეტი რეალიზებული ჰქონდა ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობდა დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. ვინაიდან გარიგების ფასები განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან, შემოწმების მიერ განხორციელდა იმავე საანგარიშო პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების გავრცელება საშუალოდ 500 აშშ დოლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე, მე-18, 73-ე, 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად და შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებებიდან მიღებული შემოსავალი ჩართულ იქნა დღგის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 462 118 ლარი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-11 ნაწილებით, მე-19 მუხლის პირველ ნაწილით, 157-ე მუხლის „რ.ა.“ ქვეპუნქტით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-7 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან უძრავი ქონების გარიგების ფასები განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრა იმავე საანგარიშო პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების მიხედვით. ასევე, შემოწმებით მართლზომიერად ჩაითვალა დამატებით დადგენილი ფულადი ნაშთი (საწესდებო კაპიტალის გათვალისწინებით) დირექტორის მიერ შესაბამის პერიოდებში ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა ფასების ხელოვნურ დაწევას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს. ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ კომპანიის მიერ ფართების უმრავლესობა გაყიდული იყო შავი კარკასის და შავ კარკასამდე მიყვანილ მდგომარეობაში მინიმალურ ფასად, რათა სწრაფად მომხდარიყო მათი რეალიზაცია, რაც გამოწვეული იყო კომპანიის სასესხო ვალდებულებით, რომლის ვადაგადაცილებაც დაკავშირებული იყო დამატებით გადასახადთან, რაც ძალიან მძიმედ აისახებოდა კომპანიის ფინანსურ ვალდებულებებზე. კომპანიას არ ჰყავდა ბუღალტერი და არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები (წარდგენილი ჰქონდა დღგ-ის ნულოვანი დეკლარაციები) და 2025 წლის პირველი იანვრიდან არ ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა ინფორმაცია. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად იყო დამახინჯებული და არ ასახავდა გარიგების რეალურ ფასებს. კერძოდ, კომპანიას კონკრეტული პროექტის ფარგლებში მთლიანად რეალიზებული საცხოვრებელი ბინების 10%ზე მეტი რეალიზებული ჰქონდა ხელოვნურად შემცირებული ღირებულებით, რაც საგადასახადო შემოწმების შეფასებით წარმოდგენს საგადასახადო ვალდებულებების ხელოვნურად შემცირებაზე ზემოქმედების არსებით ფაქტს, ხოლო გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ გარიგების მონაწილე სუბიექტებიდან მყიდველი ამ ქონებაზე არ სარგებლობდა დღგ-ის ჩათვლის უფლებით და მის ინტერესს არ წარმოადგენდა დღგ-ის ჩათვლის მოტივით რეალური საბაზრო ღირებულების მითითება. ვინაიდან გარიგების ფასები განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან, შემოწმების მიერ განხორციელდა იმავე საანგარიშო პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების გავრცელება საშუალოდ 500 აშშ დოლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებებიდან მიღებული შემოსავალი ჩართულ იქნა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 462 118 ლარი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ

დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტით წარმოდგენილ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, სადაც მან განმარტა, რომ სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კომპანია იძულებული იყო საცხოვრებელი ფართები საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად გაეყიდა და საგადასახადო შემმოწმებლებთან აღნიშნულზე პრეტენზია არ გააჩნდა, შესაბამისად, ვერ წარმოადგინა რაიმე არგუმენტი ან სათანადო მტკიცებულება, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართები) მიწოდებით მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს, ბიუჯეტიდან დაბრუნებულ თანხასა და მიღებული სესხის თანხების ოდენობას შეუპირისპირდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და მის გარეშე სასაქონლო ზედნადებების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, სესხის ძირისა და პროცენტის თანხები და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები, რის შემდეგაც შემოწმების მიერ განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში ფულის დადებითი ნაშთი 47 553 ლარის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის იურიდიულ მისამართზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სალარო არ გააჩნდა. შემოწმების მიერ გამოვლენილი თავისუფალი სახსრები 47 553 ლარის ოდენობით, დამფუძნებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, შემცირდა საკუთარი კაპიტალის დარჩენილი ნაშთით 15 195 ლარით, ხოლო 32 358 ლარი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

შემოწმებით დადგინდა, რომ არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს, ბიუჯეტიდან დაბრუნებულ თანხასა და მიღებული სესხის თანხების ოდენობას შეუპირისპირდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და მის გარეშე სასაქონლო ზედნადებების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, სესხის ძირისა და პროცენტის თანხები და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები, რის შემდეგაც შემოწმების მიერ განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში ფულის დადებითი ნაშთი 47 553 ლარის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის იურიდიულ მისამართზე ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სალარო არ გააჩნდა. შემოწმების მიერ გამოვლენილი თავისუფალი სახსრები 47 553 ლარის ოდენობით, დამფუძნებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, შემცირდა საკუთარი კაპიტალის დარჩენილი ნაშთით 15 195 ლარით, ხოლო 32 358 ლარი, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტით წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, მან ვერ წარმოადგინა რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელების შედეგად დღგის და მოგების გადასახადების დარიცხვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 16 საცხოვრებელი ბინა, აქედან კომპანიამ ურთიერთდამოკიდებულ პირებს (დამფუძნებელს ფ/პ ------- მიაწოდა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, ხოლო დამფუძნებლის მეუღლეს ------- საცხოვრებელი ფართების გადაცემა მოხდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე და მე-18 მუხლების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემული ფართების ღირებულება გაანგარიშებული იქნა საბაზრო ფასის შესაბამისად. შემოწმებისას განხორციელდა იმავე საანგარიშო პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების გავრცელება საშუალოდ 500 აშშ დოლარის ოდენობით. ფასთა შორის სხვაობა განხილულ იქნა ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ მიწოდებად, რაც საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 97-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ისა და მოგების გადასახადით, ასევე საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე ------- გადაცემული ფართების საბაზრო ღირებულებით, მისი წერილობითი მომართვის საფუძველზე, შემცირდა მის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობა 306 643 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 983 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემული ჰქონდა საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ. საგადასახადო შემოწმებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემული ფართების ღირებულება გაანგარიშებული იქნა საბაზრო ფასის შესაბამისად და ფასთა შორის სხვაობა განხილულ იქნა ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ მიწოდებად, რაც დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით. ასევე, დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გადაცემული ფართების საბაზრო ღირებულებით, მისი წერილობითი მომართვის საფუძველზე, შემცირდა მის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საწესდებო კაპიტალის ოდენობის სწორად გაანგარიშებასთან, კერძოდ, დამფუძნებლის კაპიტალში შეტანილი მიწის ღირებულების 1კვ.მ-ის 150 აშშ დოლარით შეფასებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში და მათ შორის შემოწმებისთვის წარდგენილ განცხადებაში (ახსნა-განმარტება) მითითებულია საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების 1 კვადრატული მეტრის ღირებულება 100 აშშ დოლარის ოდენობით, რაც შესაბამისობაში იყო შესაბამის პერიოდში არსებულ მიწის საბაზრო ფასებთან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები ამ სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დირექტორის სახელზე გადმოტანილი ფართებიდან 2 დღემდე გაყიდული არ არის და დირექტორს რეალიზაციიდან თანხა არ მიუღია. ამასთან, აღნიშნული ბინების გადაფორმება მოხდა კომუნალური გადასახადების შემცირების მიზნით, რადგან ბინები საცხოვრებელი იყო, გადასახადი კი მოდიოდა იურიდიულ პირზე და იყო კაბალურად მაღალი. ბინების მშენებლობა ხდებოდა კომპანიის დირექტორის ------- კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. მიწის ფართი შეადგენს 1 150 მ 2 -ს, ხოლო კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენს 100-150 აშშ დოლარს (ითხოვს გათვალისწინდეს, რომ საწარმოს მიერ გაანგარიშებებში მიწის ღირებულება დათვლილია მინიმალურ ფასში 100 აშშ დოლარში 150 აშშ დოლარის ნაცვლად) ჯამური ღირებულება შეადგენს და ეს თანხა წარმოადგენს დამფუძნებლის შენატანს საწესდებო კაპიტალში ქონების სახით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

საგადასახადო შემოწმებისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 16 საცხოვრებელი ბინა, აქედან კომპანიამ ურთიერთდამოკიდებულ პირებს (დამფუძნებელს ფ/პ ------- მიაწოდა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, ხოლო დამფუძნებლის მეუღლეს ------- საცხოვრებელი ფართების გადაცემა მოხდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე და მე-18 მუხლების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემული ფართების ღირებულება გაანგარიშებული იქნა საბაზრო ფასის შესაბამისად. შემოწმებისას განხორციელდა იმავე საანგარიშო პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების გავრცელება საშუალოდ 500 აშშ დოლარის ოდენობით. ფასთა შორის სხვაობა განხილულ იქნა ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ მიწოდებად, რაც საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 97-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დღგ-ისა და მოგების გადასახადით, ასევე საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე ------- გადაცემული ფართების საბაზრო ღირებულებით, მისი წერილობითი მომართვის საფუძველზე, შემცირდა მის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობა 306 643 ლარის ოდენობით.

დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტით წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, მან ვერ წარმოადგინა რაიმე არგუმენტი ან სათანადო მტკიცებულება, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელების შედეგად დღგ-ის და მოგების გადასახადების დარიცხვის შესახებ მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. ფიზიკურ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ, შორის საბანკო ამონაწერები და სესხის/იპოთეკის ხელშეკრულებები, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირისგან იპოთეკარი ------- გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „-------“-სთან დაკავშირებით, საიდანაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ ------- გადახდილი ჰქონდა სესხის პროცენტი, რომელიც არ იყო ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიურ დეკლარაციებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გადახდილი პროცენტის აგროსილი თანხა, 68 856 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესაბამის პერიოდებში. შედეგად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 131-ე მუხლის პირველ ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ, შორის საბანკო ამონაწერები და სესხის/იპოთეკის ხელშეკრულებები, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 70ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირისგან იპოთეკარი ------- გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „-------“-სთან დაკავშირებით, საიდანაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ ------- გადახდილი ჰქონდა სესხის პროცენტი, რომელიც არ იყო ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიურ დეკლარაციებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, გადახდილი პროცენტის აგროსილი თანხა, 68 856 ლარის ოდენობით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესაბამის პერიოდებში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ 2019-2020 წლებში მოხდა ვალის აღება კერძო პირისაგან, აღნიშნულ პირთან დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში სესხის ოდენობა შეადგენდა 310 000 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი შეადგენდა 119 000 აშშ დოლარს. დღეის მდგომარეობით სასესხო ვალდებულება შეადგენს 164 000 აშშ დოლარს. განმარტავს, რომ ვალის დიდი მოცულობიდნ გამომდინარე, პრიორიტეტს წარმოადგენდა მისი დაფარვა, რაც შეიძლება მოკლე ვადებში პროცენტის სიდიდიდან გამომდინარე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.

შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ, შორის საბანკო ამონაწერები და სესხის/იპოთეკის ხელშეკრულებები, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მესამე პირისგან იპოთეკარი ------- გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „-------“-სთან დაკავშირებით, საიდანაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ ------- გადახდილი ჰქონდა სესხის პროცენტი, რომელიც არ იყო ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიურ დეკლარაციებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გადახდილი პროცენტის აგროსილი თანხა, 68 856 ლარის ოდენობით, საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესაბამის პერიოდებში.

დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტით წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, მან ვერ წარმოადგინა რაიმე არგუმენტი ან სათანადო მტკიცებულება, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საწარმოს ფიზიკური პირისგან აღებული ჰქონდა სესხი, რომელზე გადახდილი პროცენტის შესაბამისი დაბეგვრა და დეკლარირება არ მოუხდენია, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ფიზიკურ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესახებ მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. რეალიზებულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელების შედეგად დარიცხული დღგ;

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემულ ბინებზე საბაზრო ფასის გავრცელების შედეგად დღგ-ის და მოგების გადასახადების დარიცხვა;

4. ფიზიკურ პირზე გადახდილი სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. საგადასახადო შემოწმებამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები გადასახადების შემცირების მიზნით ხელოვნურად იყო დამახინჯებული და არ ასახავდა გარიგების რეალურ ფასებს - გარიგების რეალური საბაზრო ფასი 30%-ით აღემატებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ ფასებს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ

შემოწმებით დადგინდა, რომ არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში ფულის დადებითი ნაშთი, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ბინები ურთიერთდამოკიდებულ პირებზე - დამფუძნებელს მიაწოდა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, ხოლო დამფუძნებლის მეუღლეზე საცხოვრებელი ფართების გადაცემა მოხდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. საგადასახადო შემოწმებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე გადაცემული ფართების ღირებულება გაანგარიშებული იქნა საბაზრო ფასის შესაბამისად. ფასთა შორის სხვაობა განხილულ იქნა ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ მიწოდებად, რაც დაიბეგრა დღგ-ისა და მოგების გადასახადით.

შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ, შორის საბანკო ამონაწერები და სესხის/იპოთეკის ხელშეკრულებები, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირზეზე გადახდილი ჰქონდა სესხის პროცენტი, რომელიც არ იყო ასახული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიურ დეკლარაციებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გადახდილი პროცენტის აგროსილი თანხა, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესაბამის პერიოდებში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 73(5, 9); 983(1); 101; 131; 154; 159; 163; 164;