გადაწყვეტილება №76015/1/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 76015/1/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№76015/1/2022

2.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „-------“ 7.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №76015/1/2022).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 28.04.2022 წლის №15219/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №068-14 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 129 348 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 58 872

დღგ - 18 677

ქონების გადასახადი - 398

საშემოსავლო გადასახადი - 39 797

ჯარიმა - 29 540

საურავი - 40 936

 

პროცედურული გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 26 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. მეწარმე არ აწარმოებს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას. დეკლარირებული ფასნამატი 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე შეადგენს 2.2%-ს, ხოლო 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე - 5 %-ს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით დადგინდა დოკუმენტური საშუალო ფასნამატი 26%-ის ოდენობით, ხოლო 2 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე - 29%-ის ოდენობით. შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატი.

შედეგად, ერთობლივი შემოსავალი 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე განისაზღვრა 937 339 ლარით, ხოლო 2019 წელს - 967 126 ლარის ოდენობით. მეწარმეს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებით, 2019 წლის საწყისი სმფ-ების ნაშთი შეადგენს 91 088 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი - 121 743 ლარს. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 9 მარტის N6775 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით 2019 წლის სმფ-ების საწყისი ნაშთი შეადგენს 87 375 ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი - 259 734 ლარს. შემოწმების შედეგად, დაკორექტირდა 2019 წლის სმფ-ების საწყისი/საბოლოო ნაშთები.

3. გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია იჯარის ხარჯი, 2018 წელს 17 760 ლარის, ხოლო 2019 წელს 17 400 ლარის ოდენობით. ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით 2018 წელს გაწეული ხარჯი შეადგენს 11 524 ლარს, ხოლო 2019 წელს 14 153 ლარს. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი სხვაობით შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი.

4. 2018 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია შეძენილი სმფ-ების ხარჯი 929 998 ლარის, ხოლო 2019 წლის დეკლარაციაში 92 2137 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე შეძენილი სმფ-ების ხარჯი შეადგენს - 788 134 ლარს, ხოლო 2019 წელს - 922 070 ლარს.

გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 6 აგვისტოდან, ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შეძენილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირებისგან. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი სხვაობით (2018 წელს 141 864 ლარით, ხოლო 2019 წელს 68 ლარით) შემცირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი.

შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2021 წლის №7663 ბრძანება და №068-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18494 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხზე:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.06.2021 წლის №18494 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა 2021 წლის 4 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 13.10.2021 წლის №068-25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.11.2021 წლის №36772 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ამასთან, გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 187 834.82 ლარი, აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანს 2020 წლის 30 დეკემბრის №CB1120061 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა - 18 783 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის №4439 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის №4439 ბრძანებას გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე) გაეცნო ამავე დღეს. ბრძანებით გათვალისწინებული 15 კალენდარული დღის ვადაში გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის დამატებითი მტკიცებულებები არ წარუდგენია, რის გამოც დარიცხული ჯარიმის თანხის კორექტირება არ განხორციელებულა.

მომჩივანმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის NCB1120061 სამართალდარღვევის ოქმთან მიმართებით მოითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8670 ბრძანებით, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 4 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნების გათვალისწინებით, შეესწავლა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის კორექტირება.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8670 ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №10685 ბრძანებით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე ფასნამატი დადგინდა 23,8%, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 4 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით 17%. 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე 17%-ინი ფასნამატის გამოყენებით განხორციელდა შესაბამისი კორექტირება (შემცირება). კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით, 187 834.82 ლარის ნაცვლად, შეადგინა 124 138,38 ლარი, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ჯარიმა 18 783,48 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 12 413,84 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 29.11.2021 წლის №36772 ბრძანების გასაჩივრებისას დავების განხილვის საბჭოს 28.04.2022 წელს მიღებული №15219/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №10685 ბრძანებით განხორციელებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირების (შემცირების) გათვალისწინებით სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის სადავო საგადასახადო ვალდებულებების პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 28.04.2022 წელს მიღებული №15219/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2022 წლის დასკვნის საფუძველზე შემცირდა სულ 13 081 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 8 721 ლარი, ჯარიმა - 4 360 ლარი. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №25521 ბრძანება და 7.10.2022 წლის №068-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

1. დანაკლისის მიწოდებად განხილვისას გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებული უნდა იქნას საქონლის შესყიდვაზე გაწეული ხარჯი ერთობლივი შემოსავლიდან.

2. არ მომხადარა საშემოსავლო გადასახადის შემცირება. ამასთან, ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას, რადგან დარიცხვა უკავშირდება ისეთ გარემოებას, რომელიც ჯერ არ იყო დადგენილი (ფასნამატი), იყო გასაჩივრების ეტაპზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დავების განხილვის საბჭოს 28.04.2022 წლის №15219/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №10685 ბრძანებით განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირების (შემცირების) გათვალისწინებით სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის სადავო საგადასახადო ვალდებულებების პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 28.04.2022 წლის №15219/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა 23.09.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.04.2022 წლის №10685 ბრძანების საფუძველზე (ფასნამატის შემცირების გავლენით) დაკორექტირდა, როგორც სანქცია, ისე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების ოდენობა. კერძოდ, 2019 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 259 734 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 216 130 ლარით, შედეგად გადაანგარიშებით შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 13 081 ლარით, მათ შორის: გადასახადი - 8 721 ლარით, ჯარიმა - 4 360 ლარით.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ შესრულდა საბჭოს 28.04.2022 წლის №15219/2/2021 გადაწყვეტილება და არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. იგი სადავოდ ხდის ისეთ გარემოებას (დანაკლისის მიწოდებად განხილვისას საქონლის შესყიდვაზე გაწეული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინება), რაზეც საბჭოს 28.04.2022 წლის №15219/2/2021 გადაწყვეტილებით არ უმსჯელია, გამომდინარე აქედან, საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მიერ დასახელებულ არგუმენტზე, ვინაიდან, განიხილავს 28.04.2022 წლის №15219/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერებას, თუ რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს საშემოსავლო გადასახადის არ შემცირებასთან დაკავშირებით, აღნიშნული არგუმენტი უსაფუძვლოა, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2022 წლის დასკვნაში ფიქსირდება ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად მითითებულია მოგების გადასახადი, რაც ნათლად იკვეთება აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის №25521 ბრძანების და 7.10.2022 წლის №068-14 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 28.04.2022 წლის №15219/2/2021 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.