გადაწყვეტილება №23564/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23564/2/2024
25 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 24.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23564/2/2024).
დავის საგანი:
1. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის №EL250621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის №EL250616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის №007-45 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №16313 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 133 433,23 ლარი.
მათ შორის:
დღგ საბაჟო - 9 802,95
აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 51 200
იმპორტის გადასახადი - 349
საურავი - 8 729,32
ჯარიმა - 2 000 (მუხლი - 176)
ჯარიმა - 61 351,96 (მუხლი - 172)
ფაქტების აღწერა
შპს „-----“ საბაჟო დეკლარაციით საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის (ფილტრიანი სიგარეტი - ----) ნაწილის (20 ყუთი/10 000 კოლოფი) უკანონო განკარგვის გამო, მომჩივანს 2024 წლის 16 მაისის №EL250616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის (ჯარიმა 61 351,96 ლარი), ხოლო საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის 16.05.2024 წლის №EL250621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებულის ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, 2024 წლის 16 მაისს გამოიცა №007-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელები 61 351.96 ლარის ოდენობით (დღგ – 9802.95 ლარი; იმპორტის გადასახადი – 349 ლარი; აქციზის გადასახადი – 51 200 ლარი და საურავი – 8729.32 ლარი).
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №16313 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 52-ე მუხლზე, 70-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „ქ“ პუნქტებზე, ამავე დადგენილების მე-17 მუხლის პირველი ნაწილზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 176-ე მუხლზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 172-ე და 176-ე მუხლებზე, 2019 წლის 16 სექტემბრის № 455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის 8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4, მე-11 და მე-15 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ საბაჟო დეპარტამენტმა არასწორად განსაზღვრა, რომ სახეზე იყო უკანონო განკარგვა, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში უნდა ამოვიდეთ მიზნიდან.
არც მისი დამკვეთის - შპს „-----“ მიზანი, არც მითუმეტეს მისი - საბაჟო საწყობის მიზანი არ ყოფილა, რომ დამკვეთს განეხორციელებინა ტვირთის უკანონო განკარგვა, რაც დასტურდება შემდეგით:
როდესაც, შპს „-----“ შეიტყო საქონლის დანაკლისის თაობაზე 20 ყუთის ოდენობით, მან დაუყოვნებლივ, საკუთარი ინიციატივით აცნობა ამის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს (რომლის გამოკვლევის შედეგები საბაჟო სამსახურს თავის მხრივ უნდა გამოეყენებინა საქმის წარმოებისას, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ითხოვს, გამოითხოვოთ საგამოძიებო ორგანოდან შესაბამისი მასალები) და მოითხოვა მათი მხრიდან რეაგირება, რადგან მას ეგონა, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის მოპარვას.
ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და საქონელი (20 ყუთი, 10 000 კოლოფი) შპს „------“ წარმომადგენლისა და მუშების დაუდევრობის გამო შემთხვევით გადაჰყვა რეექსპორტზე გასატან საქონელს. აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შპს „-----“ დიდი ხანია ახორციელებს საბაჟო პროცედურებს და ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა პირველად, რაც ცალსახად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან იმ პირობებში, როდესაც შპს „-----“ თავად მიმართა ჯერ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და შემდგომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, რათა აღმოეფხვრა აღნიშნული ხარვეზი. ამ კომპანიის მიზანი რომ ყოფილიყო საქონლის უკანონო განკარგვა, ის თავისი ინიციატივით არ მიმართავდა სახელმწიფო ორგანოებს და არ მოითხოვდა აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებას. მითუმეტეს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული საბაჟო დეპარტამენტს, როდესაც ამის საშუალებას თავად კოდექსიც კი აძლევს, კერძოდ სსკ-ს 163 მუხლის 15 ნაწილი და შემოფარგლულიყო გაფრთხილებით.
განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას, ხოლო 172 მუხლი გამოირიცხება რადგან, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს უკანონო განკარგვა, ვინაიდან როგორც ზემოთაც აღინიშნა მსგავსი მიზანი შპს „-----“ და მითუმეტეს შპს „-------“ არ ჰქონია, არ დამდგარა არც მსგავსი შედეგი, არამედ დაუდევრობით/შეცდომით განხორციელდა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა.
ამასთან სახელმწიფოს არ მიადგა ზიანი, რადგან საქონელი უნდა გასულიყო და საბოლოოდ გავიდა კიდეც რეექსპორტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადები საერთოდ თავისთავშივე არ უნდა დარიცხულიყო.
კანონმდებლის მიერ დაწესებული ყოველი სანქციის მიზანი არის კანონის დამრღვევის ქმედების დასჯა და ამავდროულად პრევენცია იმისა, რომ კანონის დამრღვევმა განმეორებით არ განახორციელოს იგივე ქმედება. ვინაიდან შპს „------“ ეს იყო პირველი შემთხვევა, რომელიც განხორციელდა დაუდევრობით და მან დაუყოვნებლივ მოახდინა ამაზე რეაგირება და თავად აცნობა ამის თაობაზე შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, შეუსაბამოა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მით უფრო შპს „-----“ საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების დარიცხვა და დაკისრებული სანქცია, განხორციელებულ ქმედებასთან მიმართებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან და რადგანაც შპს „-----“ და მითუმეტეს შპს „------“ მიერ არ ყოფილა სახეზე უკანონო განკარგვა, აღნიშნული გამორიცხავს, სსკის 176 მუხლის, 172 მუხლისა და 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის 8 მუხლის „რ“ და „ქ“ ქვეპუნქტების გავრცელებას შპს „-----“ მიმართ, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს აღნიშნული ნორმებით დადგენილი სანქციების შპს „-------“ დაკისრებას.
საჭიროა კუმულაციურად მოხდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 176 მუხლის 1 ნაწილისა და 172 მუხლის განხილვა. აქ პირველ რიგში, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ხაზგასასმელია და დასადგენია ის, ადგილი ჰქონდა თუ არა საერთოდ უკანონო განკარგვას და ამის შემდგომ, იმის განსაზღვრა, რომ საბაჟო საწყობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა განსახილველ შემთხვევაში იყო ის, რომ მას უნდა განეხორციელებინა ზედამხედველობა საქონლის გატანის/რეექსპორტის პროცესში, ხოლო უკანონო განკარგვის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნული გამოიწვევდა შპს „------“ დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, სულაც რომ დავუშვათ უკანონო განკარგვის ფაქტი და ამის საფუძველზე სსკ-ს 176 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის შპს „-------“ დაკისრების მართებულობა, საბაჟო საწყობის მიმართ სსკ-ს 172 მუხლის გავრცელება წარმოადგენს არასწორს და უტოპიურს, რადგან საბაჟო საწყობს უკვე შეეფარდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საბაჟო სანქცია 176 მუხლის 1 ნაწილისა და 2019 წლის 16 სექტემბრის № 455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის 8 მუხლის რ და ქ ქვეპუნქტებით დადგენილი პირობების საფუძველზე, ხოლო 172 მუხლით დადგენილი სანქციის დაწესება საბაჟო საწყობის მიმართ არასწორია, რადგან 172 მუხლი არ მოიაზრებს ჯარიმის დაკისრებას საბაჟო საწყობისთვის. აღნიშნული მუხლი საუბრობს მხოლოდ თავად საქონლის მესაკუთრის პასუხისმგებლობაზე მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე და ის არანაირად არ ითვალისწინებს ჯარიმის დაკისრებას საბაჟო საწყობზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, რომც დავუშვათ შპს „-----“ მხრიდან უკანონო განკარგვის ფაქტი, უკანონო განკარგვა შპს „-------“ მხრიდან არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, შესაბამისად, მას ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ქმედებაზე, რაც მას არ განუხორციელებია და მით უფრო არასწორია სსკ-ს 172 მუხლით გათვალისწინებული სანქციის მასზე დაკისრება. ერთადერთი სანქცია რაც შესაძლოა დაეკისროს შპს „------" არის სსკ-ს 176 მუხლით გათვალისწინებული 2000 ლარი, ხოლო 172 მუხლით გათვალისწინებული სანქციის დამატებით დაკისრება, წარმოადგენს ორმაგი სანქციის დაკისრებას ერთი და იგივე ქმედებისთვის და მით უფრო იმ ქმედებისთვის, რაც მისი მხრიდან არ ყოფილა ჩადენილი. ამიტომ, აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და აქედან გამომდინარე 172 მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება საბაჟო საწყობისთვის არ უნდა მომხდარიყო.
აქვე დამატებით ხაზგასმულია, რომ საბაჟო საწყობის ვალდებულება იყო ზედამხედველობის განხორციელება, ხოლო ხარვეზის შემთხვევაში, მასზე სსკ-ს 176 მუხლით სანქციის დაკისრება 2 000 ლარის ოდენობით, შესაბამისად გამორიცხული და შეუძლებელია მასზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. როგორც აღინიშნა უკანონო განკარგვა არ და ვერ მოხდებოდა შპს „------“ მიერ, ხოლო სსკ-ს 172 მუხლი ითვალისწინებს სანქციას უკანონო განკარგვისთვის, ხოლო აღნიშნული კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რამდენად ეწინააღმდეგება კანონს საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია №EL250616-ით საბაჟო სანქციის დაკისრება და მით უფრო ეწინააღმდეგება კანონს საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს „------“ საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული გადასახადების დარიცხვა. მით უმეტეს, რომ ვინაიდან და რადგანაც სსკ-ს 172 მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება ვერ მოხდება შპს „------“, რადგან სსკ-ს 163 მუხლის 4 ნაწილი პირდაპირ გამორიცხავს პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან ქმედების ჩამდენი პირი შპს „------" არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მით უფრო არასწორია და ყოველგვარ აზრს მოკლებულია შპს „------“ საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების დაკისრება, რადგან აღნიშნულის გადახდა (თავისთავად ისევე, როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია №EL250616-ით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისა 61351.96ლარის ოდენობით) ცალსახად წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ შპს „-----“ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, ვინაიდან ის არის საქონლის მესაკუთრე. შეუძლებელია შპს „-------“ დაეკისროს პასუხისმგებლობა სხვისი საქონლისთვის გათვალისწინებული გადასახადების გადახდაზე. გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს იმის მიერ, ვის საკუთრებასაც წარმოადგენს საქონელი და არა საბაჟო საწყობის მიერ, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსს, საბაჟო კოდექსს, საგადასახადო კოდექსს და სხვ., რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ თანხების დაკისრება თავისთავშივე არ უნდა მომხდარიყო, რადგან აღნიშნული საქონელი გავიდა რეექსპორტზე.
- ზემოაღნიშნული საქონლის განკარგვა საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა, არამედ ის გავიდა რეექსპორტზე, შესაბამისად, არც გადასახადების დაკისრება არ უნდა მომხდარიყო, არც შპს „-----“ და მით უფრო არც შპს „--------“, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172 მუხლის თანახმად, რეექსპორტი არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, ხოლო 194 მუხლის 6 ნაწილის თანახმად, რეექსპორტი არ იბეგრება აქციზის გადასახადით, ხოლო ამავე კოდექსის 195-196 მუხლების თანახმად, მოცემული შემთხვევა არ წარმოადგენს იმპორტის გადასახადით დასაბეგრ ობიექტს. აქედან გამომდინარე, ყოველივე აღნიშნული გამორიცხავს იმ გადასახადების დაკისრებას, რაც გათვალისწინებულია საგადასახადო მოთხოვნითა და საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი სერია №EL250616-თ.
ის, რომ სახეზე იყო რეექსპორტი და არა იმპორტი და ის, რომ საქონლის განკარგვა არ მომხდარა საქართველოს ტერიტორიაზე დგინდება იმით, რომ საქონელი დაილუქა საბაჟო საწყობში (ამის დასადასტურებლად წარმოადგენს ვიდეომასალას), გავიდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე და დატოვა ქვეყანა. სახეზე, რომ ყოფილიყო საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ საქონლის განკარგვა, მაშინ უნდა მომხდარიყო ლუქის დაზიანება, რასაც ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონელი ვერ დატოვებდა ქვეყანას, რადგან ლუქის მთლიანობა დეტალურად და გულდასმით მოწმდება საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და მინიმალური ეჭვის შემთხვევაშიც კი საბაჟო ორგანოები იკვლევენ შესაძლო ლუქის დაზიანების შემთხვევებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „------“ პასუხისმგებლობის დაკისრება იმაზე, რაც იყო მის კონტროლს მიღმა და რაზეც ვერ განახორციელებდა ზედამხედველობას, წარმოადგენს ასევე კანონის დარღვევას, რადგან საქონლის გატანის შემდგომ, საწყობი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს რაიმე სახის ზედამხედველობა, მით უმეტეს, რომ მას ამის ვალდებულება კანონით არ აქვს და ვერ ექნება, შესაბამისად, მას ამისთვის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.
- საბაჟო კოდექსის 37 მუხლის 6 ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვითაც, შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი მეთოდებით:
ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი);
ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი);
გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი);
დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი);
ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი);
ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი).
ხოლო ამავე მუხლის 7 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს, შეცვალოს ამ მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა“.
აღნიშნული ნორმა ცხადყოფს იმას, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო გარიგების ფასის მიხედვით, რომელიც წარმოადგენდა პირველ მეთოდს და იგი უპირველესყოვლისა უნდა გამოეყენებინათ. შესაბამისად, აზრს მოკლებულია ის ფაქტი, თუ რატომ მოახდინა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქონლის ღირებულების გამოთვლისას საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, იმ დროს როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა უპირატესი, პირველი მეთოდის გამოყენება და რეალური ღირებულების განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მითითებული ნორმის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული გადასახადებისა და სანქციის სახით 61 351.95 ლარის განსაზღვრა მაშინ, როდესაც წინამდებარე საჩივარზე დართული ინვოისის (რომელიც ადასტურებს იმას, თუ რა თანხაზე შედგა გარიგება შპს „-----“ და სიგარეტის მიმწოდებელ კომპანია ----ს შორის) შესაბამისად, 20 ყუთი სიგარეტის მთლიანი ღირებულება 2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 3 181.30 ლარს (განმარტება: ხარვეზი დადგინდა 20 ყუთთან მიმართებაში, რომელიც შეიცავდა სიგარეტს - ----, რომლის ერთეული ყუთის ღირებულებაც წარმოდგენილი ინვოისით AZ-190-ივნისი-1810 შეადგენდა 207 --ს, რაც 20 ყუთის შემთხვევაში გვაძლევს -----ს - 16.05.2024-ის მდგომარეობით - 3181.30 ლარი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მხოლოდ და მხოლოდ დარღვევის ფაქტის (ე.ი უკანონო განკარგვის) უტყუარად დადგენის შემდეგ საგადასახადო მოთხოვნისა და საბაჟო სანქციის დაკისრება უნდა მომხდარიყო ზემოაღნიშნული თანხიდან, 3181.30 ლარიდან
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება №16313-ში მითითებულია, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 52 მუხლის თანახმად, თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი. ზუსტად ამ მუხლზე აწყობს სსიპ შემოსავლების სამსახური მის პოზიციას და ამ მუხლის საფუძველზე აკისრებს საბაჟო საწყობს სრულ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არც ვალდებულება იყო საბაჟო საწყობისა და შესაბამისად, არც მის პასუხისმგებლობას წარმოადგენს, რასაც დაწვრილებით განვმარტავთ ამ პუნქტშივე. შემდგომ ბრძანებაში კეთდება მითითება 2019 წლის 16 სექტემბრის № 455 დადგენილებით დამტკიცებული საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის 8 მუხლის „რ“ და „ქ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 127 მუხლსა და 163 მუხლზე, სადაც საუბარია საბაჟო საწყობის მიერ სანებართვო პირობების დარღვევაზე და ყოველივე ამის საფუძველზე მიიჩნევს სსიპ შემოსავლების სამსახური, რომ ზემოაღნიშნული აქტების საფუძველზე საბაჟო საწყობისთვის უნდა მომხდარიყო ზემოაღნიშნული სანქციების დაკისრება. რაც კიდევ ერთხელ, ცალსახად არასწორ მიდგომას წარმოადგენს.
სსიპ შემოსავლების სამსახური არასწორად განმარტავს კანონს და უკეთებს მას თავისებურ, არასწორ ინტერპრეტაციას, რადგან საბაჟო კოდექსის 6 მუხლის 1 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულება არის პირის ვალდებულება გადაიხადოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი იმპორტის გადასახადი. საბაჟო საწყობის ვალდებულებას არ წარმოადგენს იმპორტის გადასახადის გადახდა. საბაჟო საწყობის ვალდებულებას წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მის საბაჟო საწყობში განლაგებული ტვირთის ზედამხედველობა, შესაბამისად, თუ შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, საბაჟო საწყობს სოლიდარულად ეკისრება პასუხისმგებლობა საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხოლო საბაჟო კოდექსის მიხედვით, საბაჟო ვალდებულება არის იმპორტის გადასახადი, გამოდის, რომ ის რაც არ წარმოადგენს საწყობის ვალდებულებას, ვერ იქნება მისი პასუხისმგებლობის საგანი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახად იკვეთება, რომ ბრძანებაში განვითარებული მტკიცებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და მითითებული სამართლებრივი ნორმები არ შეესაბამება ერთმანეთს.
ამასთან, ბრძანებაში შემდგომ განვითარებული მტკიცებები იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა მათ დაადგინეს საბაჟო საწყობის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტი, რაც მდგომარეობდა საქონლის უკანონო განკარგვაში, რის საფუძველზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრა საბაჟო საწყობს, არის სრულიად მცდარი და უსაფუძვლო, რაზეც ზემოთ მომჩივნის მხრიდან დეტალურად მოხდა განმარტების გაკეთება, თუმცა განმეორდება და აღნიშნავს, რომ საბაჟო საწყობის ვალდებულება არ და ვერ იქნებოდა იმ გადასახადების გადახდა, რაც კანონით შპს „----“ ვალდებულებას წარმოადგენდა, შესაბამისად არც პასუხისმგებლობის დაკისრება ამასთან დაკავშირებით არ უნდა მომხდარიყო საბაჟო საწყობზე. პასუხისმგებლობა ცალსახად შპს „----“ უნდა დაეკისროს, ვინაიდან ის წარმოადგენს ტვირთის მესაკუთრეს.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5 მუხლის 1 ნაწილი, 53 მუხლის 5 ნაწილი, 96 მუხლის 1 და 2 ნაწილი და 60 პრიმა მუხლის 1 ნაწილი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5 მუხლის 1 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს ნორმის ამ ნაწილს, ადმინისტრაციულ ორგანოებს, როგორც უკრძალავს კანონისგან გადახვევას, ამავდროულად ავალდებულებს კანონის გამოყენებას მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისას. ადმინისტრაციულ ორგანოებს არ აქვთ უფლება მიმართონ ისეთ ღონისძიებებს, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53 მუხლის 5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხოლო 96 მუხლის 1 და 2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამასთან, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქართველოს ზოგადო ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის 1 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა საკითხის სრულყოფილად შესწავლა, განხილვა და შეფასება. მას შეეძლო აღნიშნულ საკითხში ჩაერთო შპს „-----“ და გამოიყენებდნენ ყველა ღონეს, რათა მომხდარიყო რეექსპორტის ფაქტის დადგენა, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული თანხებისა და საბაჟო სანქციების დაკისრებას, მაგრამ რატომღაც საბაჟო სამსახურმა არამც თუ არ ჩართო აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს „------“, არამედ შემდეგ, მოახდინა მასზე იმ ვალდებულებების და პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც არც მისი ვალდებულება ყოფილა, არც პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, საბაჟო სამსახურს რომ მოეძიებინა ყველა საჭირო დოკუმენტი და შეესწავლა სრულყოფილად საქმის მასალები, თუნდაც მოეთხოვა შპს „--------“ ვიდეოჩანაწერი იმისა, რომ დალუქული გავიდა საქონელი საბაჟო საწყობიდან და ამის შემდგომ გამოეთხოვა საბაჟო გამშვები პუნქტიდან ინფორმაცია აღნიშნული საქონლის საქართველოს ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით, ის შედეგი, რაც საბოლოოდ სახეზეა, არ დადგებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა არ განახორციელა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებისა და ფაქტის სათანადო, სრული და ჯეროვანი გამოკვლევა/შესწავლა და გათვალისწინება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან, არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „ქ“ პუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 30.08.2024 წლის №-----21-10 წერილის მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის 13 ივლისს შპს „----“ (ს/ნ ----) მიერ №---/-------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა, შპს „----“ (----) საბაჟო საწყობში განთავსებული სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი (1 810 ყუთი), მათ შორის 812 ყუთი (406 000 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტი „----“ (საერთო ღირებულება – 168 084 დირჰამი).
შპს „-----“ (ს/ნ -----) 2023 წლის 15 სექტემბრის №----/21 განცხადებით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული საბაჟო საწყობის დეკლარაციიდან განხორციელდა საქონლის ნაწილის რეექსპორტი (საბაჟო დეკლარაციები: №---------- (19.07.2023); №---------- (05.08.2023)), რა დროსაც რეექსპორტის დეკლარაციებში გაცხადებულ საქონელთან ერთად შეცდომით ჩაიტვირთა და გატანილ იქნა 20 ყუთი (10 000 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტი „----“. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით შპს „----“ (ს/ნ -----) მოითხოვა რეექსპორტის დეკლარაციების კორექტირება (№---------- საბაჟო დეკლარაცია – 18 ყუთი (9 000 კოლოფი); №---------- საბაჟო დეკლარაცია – 2 ყუთი (1 000 კოლოფი)).
უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მომჩივნის საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა №---------- საბაჟო დეკლარაციით არსებული ნაშთი – 20 ყუთი (10 000 კოლოფი; საბაჟო ღირებულება – 4140 დირჰამი (2911.87-ლარი)) ფილტრიანი სიგარეტი „-----“
ვინაიდან აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატებოდა 2 000 ლარს, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილი №21-10/----).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის №----/15-04- 02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება.
საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით 2024 წლის პირველ აპრილს საბაჟო დეპარტამენტის №21-10-21/--- წერილით შპს „-----“ (ს/ნ ----) გამოთხოვილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები (მიმღები კომპანიის „------“ წერილი და მიმღები ქვეყნის (---) საბაჟო დეკლარაცია), რაც შპს „----“ (ს/ნ ---) მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ როდესაც, შპს „-----“ შეიტყო საქონლის დანაკლისის თაობაზე 20 ყუთის ოდენობით, მან დაუყოვნებლივ, საკუთარი ინიციატივით აცნობა ამის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს (რომლის გამოკვლევის შედეგები საბაჟო სამსახურს თავის მხრივ უნდა გამოეყენებინა საქმის წარმოებისას, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ითხოვს, გამოთხოვილ იქნას საგამოძიებო ორგანოდან შესაბამისი მასალები) და მოითხოვა მათი მხრიდან რეაგირება, რადგან მას ეგონა, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის მოპარვას.
ასევე აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და საქონელი (20 ყუთი, 10 000 კოლოფი) შპს „-----“ წარმომადგენლისა და მუშების დაუდევრობის გამო შემთხვევით გადაჰყვა რეექსპორტზე გასატან საქონელს. ის, რომ სახეზე იყო რეექსპორტი და არა იმპორტი და ის, რომ საქონლის განკარგვა არ მომხდარა საქართველოს ტერიტორიაზე დგინდება იმით, რომ საქონელი დაილუქა საბაჟო საწყობში (ამის დასადასტურებლად წარმოადგენს ვიდეომასალას), გავიდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე და დატოვა ქვეყანა. სახეზე, რომ ყოფილიყო საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ საქონლის განკარგვა, მაშინ უნდა მომხდარიყო ლუქის დაზიანება, რასაც ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონელი ვერ დატოვებდა ქვეყანას, რადგან ლუქის მთლიანობა დეტალურად და გულდასმით მოწმდება საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და მინიმალური ეჭვის შემთხვევაშიც კი საბაჟო ორგანოები იკვლევენ შესაძლო ლუქის დაზიანების შემთხვევებს. საბაჟო სამსახურს რომ მოეძიებინა ყველა საჭირო დოკუმენტი და შეესწავლა სრულყოფილად საქმის მასალები, თუნდაც მოეთხოვა შპს „----“ ვიდეოჩანაწერი იმისა, რომ დალუქული გავიდა საქონელი საბაჟო საწყობიდან და ამის შემდგომ გამოეთხოვა საბაჟო გამშვები პუნქტიდან ინფორმაცია აღნიშნული საქონლის საქართველოს ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით, ის შედეგი, რაც საბოლოოდ სახეზეა, არ დადგებოდა. მომჩივანი საჩივარს ურთავს ვიდეომასალას.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მოხდა საჩივრის დეტალური განხილვა და მასზე დართული მასალების შესწავლა, მან იგნორირება გაუკეთა წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არც კი მოახდინა მათი გაქარწყლება ბრძანებით. უფრო მეტიც, ბრძანებაში მიუთითა ისეთი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა ეწინააღმდეგება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შემოსავლების სამსახურს არ შეუფასებია მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (ვიდეოჩანაწერები).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის ნაწილის (20 ყუთი სიგარეტი) უკანონო განკარგვის ფაქტი/საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 ივლისის №16313 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და საქონელი (20 ყუთი, 10 000 კოლოფი) კომპანიის წარმომადგენლისა და მუშების დაუდევრობის გამო შემთხვევით გადაჰყვა რეექსპორტზე გასატან საქონელს. ის, რომ სახეზე იყო რეექსპორტი და არა იმპორტი და ის, რომ საქონლის განკარგვა არ მომხდარა საქართველოს ტერიტორიაზე დგინდება იმით, რომ საქონელი დაილუქა საბაჟო საწყობში (ამის დასადასტურებლად წარმოადგენს ვიდეომასალას), გავიდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე და დატოვა ქვეყანა. სახეზე, რომ ყოფილიყო საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ საქონლის განკარგვა, მაშინ უნდა მომხდარიყო ლუქის დაზიანება, რასაც ადგილი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქონელი ვერ დატოვებდა ქვეყანას, რადგან ლუქის მთლიანობა დეტალურად და გულდასმით მოწმდება საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და მინიმალური ეჭვის შემთხვევაშიც კი საბაჟო ორგანოები იკვლევენ შესაძლო ლუქის დაზიანების შემთხვევებს. საბაჟო სამსახურს რომ მოეძიებინა ყველა საჭირო დოკუმენტი და შეესწავლა სრულყოფილად საქმის მასალები, თუნდაც მოეთხოვა შპს „----“ ვიდეოჩანაწერი იმისა, რომ დალუქული გავიდა საქონელი საბაჟო საწყობიდან და ამის შემდგომ გამოეთხოვა საბაჟო გამშვები პუნქტიდან ინფორმაცია აღნიშნული საქონლის საქართველოს ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებით, ის შედეგი, რაც საბოლოოდ სახეზეა, არ დადგებოდა. მომჩივანი საჩივარს ურთავს ვიდეომასალას.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის ნაწილის (20 ყუთი სიგარეტი) უკანონო განკარგვის ფაქტი/საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 176.